Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოს კლიმატის სამიტი: სანამ იმედი გადაიწურებოდეს


გლაზგოს სამიტი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვის ბოლო შანსია, შეათანხმონ ზომები, რომელთა გატარებამ შეიძლება გლობალური დათბობა შეაჩეროს.
გლაზგოს სამიტი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვის ბოლო შანსია, შეათანხმონ ზომები, რომელთა გატარებამ შეიძლება გლობალური დათბობა შეაჩეროს.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას, სახელწოდებით „COP26“, გაერო მართავს და მას 200 ქვეყნის 25 ათასი დელეგატი ესწრება. მათი ამოცანაა დედამიწის გადარჩენა გლობალური დათბობისგან და მრეწველობის წინა პერიოდთან შედარებით ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვა.

გლაზგოში 1 ნოემბერს გახსნილი თავყრილობის მთავარი მიზანია კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება.

გლობალური დათბობისა და მასთან ბრძოლის მიმართ ყურადღების მიზიდვის მიზნით, ანტარქტიკის ერთ-ერთ მყინვარს, რომელიც ძალიან სწრაფად დნება, „გლაზგო“ უწოდეს, არა უბრალოდ შოტლანდიის ქალაქის, არამედ იმ ადგილის სახელი, სადაც კლიმატის კონფერენცია იმართება.

მყინვარების დნობა გლობალური დათბობის ერთ-ერთი სიმპტომია და ეს პროცესი მხოლოდ ანტარქტიკაში არ ხდება. როგორც ქართველი მკვლევარი, უელინგტონის უნივერსიტეტის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ლევან ტიელიძეც დაუღალავად იმეორებს, კავკასიონის ბევრი მცირე ზომის მყინვარი უკვე გაქრა. კვლევის მიხედვით, კავკასიონმა ბოლო ოც წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს არის სასმელი წყლის უზარმაზარი მასა, რადგან მყინვარი წყალია, სასმელი წყლის მარაგი.

ამ და მსგავსი პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევას ემსახურება საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სისტემატურად იმართება ევროპის ქალაქებში. არც გლაზგოს კონფერენციაა გამონაკლისი. შოტლანდიაში ჩავიდნენ ბუნების დამცველების ჯგუფები, რათა პროტესტი გამოხატონ, მათ შორის იმის გამოც, რომ გლობალური დათბობის შესაჩერებლად სახელმწიფოები ნელა მოქმედებენ. გარემოს დაცვის აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა, კლიმატის სამიტის, COP26-ის, დაწყებისას, „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, კლიმატის დასაცავად პროტესტის უფრო რადიკალური ფორმებიც მისაღებია. მთავარია არავინ დაშავდეს, თორემ ვინმეს გაბრაზება საჭიროც კია, თვლის შვედი ბუნების დამცველი.

გლაზგოს სამიტი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვის ბოლო შანსია, შეათანხმონ ზომები, რომელთა გატარებამ შეიძლება გლობალური დათბობა შეაჩეროს.

კონფერენციის პირველ დღეს დიდი ოცეულის წევრი, ეკონომიკურად უდიდესი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა იყო დაგეგმილი. ისინი ერთმანეთის და მსოფლიოს წინაშე წარდგნენ ერთგვარი ანგარიშით, თუ როგორ შეასრულეს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების მიზნით პარიზში შეთანხმებული პირობები.


გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გლაზგოს სამიტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-დან 2021 წლამდე მონაკვეთი შეიძლება ყველაზე ცხელი გამოდგეს კლიმატზე მეთვალყურეობის პერიოდში. ანგარიშის ავტორები კაცობრიობას აფრთხილებენ, რომ სათბურის აირების გამოყოფით გამოწვეული გლობალური დათბობა საფრთხეს წარმოადგენს დღევანდელი და შემდეგი თაობებისთვის შორს მიმავალი შედეგებით, პლანეტა აუთვისებელ ტერიტორიაზე შედის.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ მსოფლიოს ლიდერები შეთანხმებას ვერ შეძლებენ და მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან გარემოს დაბინძურების მხრივ ოთხ უდიდეს ქვეყანას შორის სამი - ინდოეთი, რუსეთი და ჩინეთი - არ ემხრობა სათბურის გაზების გამოყოფის სრულ შემცირებას 2050 წლისთვის, ისინი ამას 2060 წლისთვის აპირებენ, ხოლო ინდოეთს ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჯერ არც კი გამოუცხადებია.

ამიტომ, მოულოდნელი არც იყო, რომ მათი ლიდერები სამიტზე არ ჩასულან.

აშშ-ს სურს, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი როლი ითამაშოს. ამ ქვეყნის მთავრობას აქვს ერთობ ამბიციური მიზანი: შესაძლებელი გახდეს დათბობის 1,5 გრადუსამდე შეჩერება, - განაცხადა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა კლიმატის საკითხებში, ჯონ კერიმ გლაზგოში. კერის თქმით, აშშ შოტლანდიაში ერთობ წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩავიდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მთავრობის სხვა წევრების გარდა, კლიმატის კონფერენციას აშშ-ის კონგრესის 50 წევრი ესწრება.

გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გლაზგოს სამიტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-დან 2021 წლამდე მონაკვეთი შეიძლება ყველაზე ცხელი გამოდგეს კლიმატზე მეთვალყურეობის პერიოდში.
გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გლაზგოს სამიტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-დან 2021 წლამდე მონაკვეთი შეიძლება ყველაზე ცხელი გამოდგეს კლიმატზე მეთვალყურეობის პერიოდში.

ბაიდენის წარმომადგენლის კოვიდ-19-ით ინფიცირებამ თავდაპირველად სათუო გახადა გლაზგოში პრეზიდენტის ჩასვლა. მაგრამ PCR-ის ტესტის ნეგატიურმა შედეგმა მას სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გლაზგოში შეკრებილებს მოუწოდა, იმოქმედონ: „ჩვენ მსოფლიოს ისტორიის გზის გასაყარზე ვართ“, - თქვა ბაიდენმა. მისი თქმით, მცირე დროა დარჩენილი და მიმართავს სამიტის მონაწილეებს, რომ „გლაზგო უნდა გახდეს ამბიციების და გადაწყვეტილების ათწლეულის დასაწყისი“. ამერიკის პრეზიდენტი აფრთხილებს შეკრებილებს, რომ უმოქმედობის ყოველი დღისთვის საფასური იზრდება. ბაიდენმა სამიტის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ პარიზის ხელშეკრულების დატოვების გამო (2019 წელს, ოფიციალურად კი 2020 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში) და აღნიშნა, რომ აშშ კონკრეტულ მიზნებს მიაღწევს - რაც იმას გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისია ერთ გიგატონაზე მეტით, ანუ 50-52 %-ით შემცირდება.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

ბაიდენის სიტყვებით, აშშ არა მხოლოდ უბრუნდება შეთანხმების მაგიდას, არამედ წამყვან როლს იკისრებს „მაგალითის მიცემით“. ბაიდენის მთავრობა, მისი თქმით, მხოლოდ სიტყვებს არ დასჯერდება და იმოქმედებს.

ცნობილი მკვლევარი, გერმანიის კლიმატის კვლევის კონსორციუმის ხელმძღვანელი, მოჯიბ ლატიფი პესიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ დადებით შედეგებს გლაზგოს შეხვედრიდან არ მოელის. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კლიმატის 26-ე კონფერენციაა. უკვე მეოთხედი საუკუნეა იკრიბებიან და ვერაფერს მიაღწიეს“, - უთხრა მან გერმანიის მეორე საზოგადოებრივ ტელეარხს და დასძინა, რომ სათბურის გაზების გამოყოფა გრძელდება, ამიტომ არაფერს მოველი, „კვლავ იქნება ლამაზი სიტყვები, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“-ო.

ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

კლიმატის კონფერენციის მასპინძელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოუწოდებს სტუმრებს, თავის კოლეგებს, იმოქმედონ: კაცობრიობისთვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დრო წავიდა, „შუაღამემდე ერთი წუთია დარჩენილი“, ამბობს ჯონსონი თავის გამოსვლაში, სამიტის გახსნისას. „დღეს თუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ სერიოზულად არ ვიბრძოლეთ, ხვალ ჩვენი შვილებისთვის გვიან იქნება“, თვლის ჯონსონი, რომელმაც მანამდე იმედგაცრუება გამოხატა „დიდი ოცეულის“ მიერ კლიმატის ცვლილების თაობაზე რომში გასულ კვირაში მიღწეული კომპრომისით. ეს, მისი შეფასებით, არის „მხოლოდ წვეთი სულ უფრო გამთბარ ოკეანეში“.

გერმანია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმძლავრესი ეკონომიკა, ამავე დროს წამყვანი სახელმწიფოა საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების და პოლიტიკაში „მწვანეთა“ გავლენის მხრივ.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

კანცლერმა ანგელა მერკელმა გლაზგოში წარმოადგინა ნახშირორჟანგის გამოყოფისთვის „ფასის დადების“ წინადადება - ზომა, რომელიც გერმანიაში უკვე მოქმედებს. მერკელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სახელმწიფოების აქტიურობით საქმე წინ ვერ წავა. მისი „მწვანე“ იდეა კი იმას გულისხმობს, რომ კლიმატის ცვლილების შესაყოვნებლად არა მხოლოდ გადასახადების გზით მიღებული სახელმწიფო თანხები იქნეს გამოყენებული, არამედ მოიძებნოს „ეკონომიკურად გონივრული გზები“ და ეს არის ფასების დაწესება იმგვარი საწვავის გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა მოჰყვება.

გლაზგოში 1 ნოემბერს გახსნილი თავყრილობის მთავარი მიზანია კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება
გლაზგოში 1 ნოემბერს გახსნილი თავყრილობის მთავარი მიზანია კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება

კლიმატის პოლიტიკის სფეროში გერმანიამ „ხიდები უნდა ააგოს“, უთხრა ამ ქვეყნის გარემოს მინისტრმა, სვენია შულცემ „რაინიშე პოსტს“. „გვაქვს ექსპერტიზა, გამოცდილება და ნდობის საფუძველი იმისთვის, რომ ასეთ შეკრებებზე წინსვლა შესაძლებელი იყოს“. შულცეს თანახმად, გერმანიას შეუძლია კლიმატის ცვლილების სფეროში სხვა ქვეყნებს ფინანსურად და გამოცდილების გაზიარებით დაეხმაროს. „გერმანია გლაზგოში ჩავიდა ახალი და იურიდიულად გამართული მიზნით კლიმატის სფეროში: 2045 წელს, ევროკავშირზე ხუთი წლით ადრე, გერმანია ნახშირორჟანგის გამოყოფის მხრივ ნეიტრალური იქნება“, თქვა მან და დასძინა, რომ გერმანიის მიზანია, ბანაკებს „შორის ხიდები ააგოს“. ნახშირორჟანგის გამოყოფის მხრივ ნეიტრალურობა გულისხმობს ან ნახშირორჟანგის გამოყოფის სრულ შემცირებას, ან გამოყოფილი ნახშირორჟანგის კომპენსირებას.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომში „დიდი ოცეულის“ მიერ მიღწეულ კომპრომისს დადებითად უყურებს, თვლის, რომ ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებს შორის ამ საკითხებში დაახლოება მოხდება. თუმცა იქვე აღიარებს, რომ პარიზის 2015 წლის შეთანხმების მიზნის მისაღწევად, აუცილებელია მეტის გაკეთება, რათა ტემპერატურის საშუალო მატება 1,5 გრადუსზე ან მასზე დაბლა შენარჩუნდეს.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დაიცვა მოსკოვის მიერ დასახული მიზანი, ნახშირორჟანგის გამოყოფაში რუსეთმა წონასწორობას - ნეიტრალიტეტს - მიაღწიოს 2060 წლისთვის. „ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 2060 წლამდე ვერ მივაღწევთ CO2-ნეიტრალიტეტს... ეს არის ჩვენი დასახული ვალდებულება და მისი ერთგული ვიქნებით“, თქვა ლავროვმა, რომლის ქვეყანა მეოთხეა გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობის მხრივ. პრეზიდენტი პუტინი, ისევე როგორც ჩინეთისა და თურქეთის ლიდერები, გლაზგოში არ ჩასულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG