„2025 წლის 7 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, იმავე დღეს „გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოკითხვაზე მყოფი ა.ყ. მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში“.
თბილისში ერთ-ერთ რესტორანთან ჩხუბის მონაწილე 38 წლის კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, შსს-ის თანახმად, ის „გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა“, კლინიკაში გადაყვანიდან ორ დღეში კი გარდაიცვალა.
ჩხუბი 7 ივნისს მოხდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. შსს-ის გამოძიების ვერსიით:
- რესტორანში დაწყებული შელაპარაკება იმავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
- დაპირისპირებაში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი. შსს მხოლოდ მათს ინიციალებსა და დაბადების წლებს ასახელებს.
- დაღუპულია 38 წლის კაცი, ინიციალებით ა.ყ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ჩხუბის მონაწილე სამი ადამიანი დაკავებულია. კადრებში სულ შვიდი ადამიანი ჩანს. შსს-ის ცნობით, ჩხუბში ოთხი მათგანი მონაწილეობდა - ორი ორის წინააღმდეგ.
დაპირისპირების შესახებ გამოძიების ვერსია ასეთია:
27 წლის ს.უ.-მ და 29 წლის დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში, დაზიანებები მიაყენეს აწ გარდაცვლილ ა.ყ.-ს, მან კი ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მათ.
დაღუპულის თანმხლებმა პირმა, - მისი ინიციალებია ი.ტ., - „ფიზიკურად იძალადა“ დანარჩენ ორზე - ს.უ.-სა და დ.ს.-ზე.
ჩხუბის შემდეგ, შსს-ის თანახმად, „როგორც კონფლიქტში მონაწილე, ისე შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს“, მოგვიანებით კი ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მიიყვანეს.
„საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს... სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში ა.ყ. გარდაიცვალა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 11 ივნისს.
ფორუმი