Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერმა, სარალიძის საქმის კომენტირების გამო, თანაშემწეს საყვედური გამოუცხადა


გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვლმა თავის თანაშემწეს, კახაბერ ბლიაძეს, წერილობითი საყვედური გამოუცხადა. ორი კვირის წინ მერიამ ბლიაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საქმე თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბლიაძის ფეისბუქპოსტს ეხებოდა.

მერის თანაშემწემ დაღუპული დავით სარალიძე და მისი მამა, ზაზა სარალიძე, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია. ამის შემდეგ გორში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა ბლიაძის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ამ თემაზე კომენტარი ზაზა სარალიძემაც გააკეთა და გორის პროკურორს ბლიაძის კომენტარით დაინტერესება მოსთხოვა, რადგან მერის თანაშემწე აცხადებდა, რომ იცოდა, ეს ინციდენტი საიდანაც დაიწყო.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ მერიაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყებოდა. მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმა განაცხადა, რომ საქმე მერის თანაშემწისთვის წერილობითი საყვედურის გამოცხადებით დასრულდა.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბექა ქორჩილავა მიიჩნევს, რომ მერმა საკუთარ თანაშემწეს ხელი დააფარა, რადგან ის გათავისუფლებას იმსახურებდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლექსო ვალიაური კი ამბობს, რომ ბლიაძეც და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც თბილისში განვითარებული პროცესებისა და სახალხო პროტესტის დისკრედიტაციას საერთო მესიჯბოქსით ახორციელებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მერის მიერ თანაშემწისთვის საყვედურის გამოცხადება არასაკმარისი ღონისძიებაა, თუმცა ფიქრობენ, რომ პრეცედენტი სოციალურ მედიაში არაეთიკური გამონათქვამების გამო უკვე დაფიქსირდა, ორი წერილობითი საყვედური კი შეიძლება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG