Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში სტუდენტების ნაწილი მერს თანაშემწის გადაყენებას სთხოვს


აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან თბილისში
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან თბილისში

გორის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. სტუდენტებმა ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. ახალგაზრდები მერის თანაშემწეს სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების და შვილმკვდარი მამის ზაზა სარალიძის მიმართ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ.

კახაბერ ბლიაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკში მართლაც დაწერა ასეთი კომენტარი. „მედალს ორი მხარე აქვს - პირველი, ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე - არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგავიწყდება ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა და არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებთან, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა, ვინც ეს აქციები წამოიწყო“. - ეს კომენტარი ბლიაძემ ზაზა სარალიძის და მისი დაღუპული შვილის მიმართ დაწერა.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. 1 ივნისი
გორის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. 1 ივნისი

ამ ყველაფერს კი გორში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. ბლიაძე ჟურნალისტებს დაემალა, კომენტარი წაშალა და ახალი კომენტარი დაწერა, სადაც ამბობს, რომ გაღიზიანებული იყო ეს ყველაფერი ზედმეტი ემოციით მოუვიდა - „სხვადასხვა ძალების და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში აღელვების ნიადაგზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდდამხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის პოზიცია აღელვების და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული“. ამ კომენტარის მიუხედავად ახალგაზრდები ქალაქის მერს ბლიაძის გადაყენებას მაინც სთხოვენ.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საათზე მეტხანს ესაუბრა. თავზარაშვილი პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებას ბლიაძესთან დაკავშირებით ოთხშაბათს მიიღებს.

სტუდენტები ახლა მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათი აზრით, კახაბერ ბლიაძეს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, რომ თანამდებობაზე დარჩეს. მარიამ ისპირიანი მერთან შეხვედრას ესწრებოდა. მისი აზრით, ახალგაზრდები ჯერ თავზარაშვილს ელოდებიან, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას ჯგუფის შიგნით მიიღებენ.

ცენტრალურ ქუჩებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს წარწერები და ასე დაუჭირეს მხარი ზაზა სარალიძეს. 3 ივნისი
ცენტრალურ ქუჩებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს წარწერები და ასე დაუჭირეს მხარი ზაზა სარალიძეს. 3 ივნისი

საჯარო მოხელის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელიც გამოეხმაურა. ალექსი მერებაშვილი მიიჩნევს, რომ მერიის თანამშრომლის კახაბერ ბლიაძის უცენზურო კომენტარი, უწყების ხელმძღვანელის მხრიდან სულ მცირე, დისციპლინარულ შენიშვნას იმსახურებს.

სტუდენტების გარდა სოციალური ქსელებით რამდენიმე ათეული ადამიანიც ითხოვს ბლიაძის გადადგომას. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამის ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციები დაიწყო, გორის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და პარტია ქართული ოცნების აქტივისტები ათობით კომენტარს და პოსტს აქვეყნებენ აქციების პოლიტიკური ელფერის და მიზნების შესახებ. მათ უპირისპირდებიან ოპოზიციის მომხრე კომენტატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG