Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი ჟიგალოვი: ევროკავშირი არ რეაგირებს პროტესტებზე ცალკეულ ქვეყანაში


რუსეთის ოკუპაცია სიახლე არ არის, ის მრავალი წელია გრძელდება საქართველოში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი და ნატო ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეიძლება თუ არა საქართველოში მიმდინარე აქციებმა, რომლებიც მიმართულია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ბრიუსელისგან? ჩვენს შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი, გრიგორი ჟიგალოვი.

გრიგორი ჟიგალოვი: აქ ორ რამეს ვიტყოდი, თუ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ: ახლა ევროკავშირს თავისი ძალიან ბევრი შიდა პრობლემა აქვს, რაც ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. ეს არის ბრექსიტთან დაკავშირებული პრობლემა. კვლავ გაუგებარია, იქნება ეს მკაცრი ბრექსიტი, თუ მსუბუქი, რამდენად ძლიერ დარტყმას მიაყენებს ის ევროკავშირის ეკონომიკას. ამით ყველა შეშფოთებულია ბრიუსელში. და ეს არის ასევე შიდა დაპირისპირება, მაგალითად, იტალიასა და საფრანგეთს შორის ან პოლონეთ-უნგრეთ-იტალიის დაპირისპირება ევროკავშირის ძირითად ინსტიტუციებთან.

და მეორეა ევროკავშირის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემა. მიმდინარე წლის მაისში, გაგახსენებთ, გაიმართა ევროპარლამენტის არჩევნები და ახლა ყველა იმაზეა კონცენტრირებული, თუ ვინ მიიღებს მთავარ პორტფელებს ბრიუსელის კაბინეტებში.

ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი საერთოდ აღარ აქცევდეს ყურადღებას იმას, რაც რეგიონში ხდება.

რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც და ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებშიც თვალს ადევნებენ იმას, რაც თბილისში ხდება. ამ დღეებში ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება, რომელიც საქართველოსთან ფრენების აკრძალვას უწოდებს შეუსაბამო და დაუსაბუთებელ ნაბიჯს და ასევე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზეთთან 27 ივნისს, რაც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთან, ბრიუსელში კვლავ მოუწოდებენ რუსეთსა და საქართველოს, რომ ჟენევის ფორმატი გამოიყენონ დაძაბულობის განსამუხტავად. და რომ დავუბრუნდეთ გარდამავალ პერიოდს, ევროკავშირში წამყვანი მოხელეები უახლოეს ხანებში დატოვებენ თანამდებობას. ისინი, როგორც ამბობენ, ახლა „კოჭლი იხვები“ არიან. ამიტომ ბრიუსელში, ცხადია, შეუძლიათ გააკეთონ მოხდენილი განცხადებები, მაგრამ რეალურ პოლიტიკას მომდევნო წლებში უკვე სხვა ხალხი განსაზღვრავს.

კობა ლიკლიკაძე: საქართველოს მსგავსად, მოგვიანებით მსგავს პრობლემას შეეჩეხა უკრაინაც - რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია და დონბასში მიმდინარე კონფლიქტი მაქვს მხედველობაში. როგორ ფიქრობთ, როგორც ჟურნალისტი, რომელიც ბრიუსელში მუშაობთ, მზად არის ევროკავშირი თვალსაწიერ მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოსა და უკრაინის დეოკუპაციის პროცესში?

გრიგორი ჟიგალოვი: როგორც ვთქვი, ახლა ძალიან არახელსაყრელი ვითარებაა საიმისოდ, რომ საქართველომ და უკრაინამ დამატებითი ყურადღება მოითხოვონ ევროკავშირისაგან, რომელიც ჩაფლულია თავის შიდა პრობლემებში. ამასთანავე, ევროკავშირი რჩება ერთგული იმ პოლიტიკისა, რომელსაც ბოლო წლებში ატარებს: ესაა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპაციისარაღიარება, ფსევდორესპუბლიკების დამოუკიდებლობის არაღიარება. და, როგორც ჩანს, დიპლომატიური მხარდაჭერა ასეთი ფორმულირებით მომავალშიც გაგრძელდება.

უკრაინასთან დაკავშირებით ლაპარაკია ანტირუსული სანქციების მნიშვნელოვან პაკეტზე, რომლის გაუქმებასაც, რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების მიუხედავად, ევროკავშირში არავინ აპირებს. მაგრამ ბრიუსელისგან უფრო მეტის მოლოდინი უკრაინასა და საქართველოს არ უნდა ჰქონდეს.

დახმარება - კი, მაგრამ ევროკავშირი მათ პრობლემებს არ მოაგვარებს. თუ გულწრფელები ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვან საკითხად რჩება, ამ ვითარებაში არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრიუსელისთვის. დღეს აქ უფრო მეტად საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულნი.

კობა ლიკლიკაძე: ჩვენ დავინახეთ მრავალი საპროტესტო აქცია - იქნებოდა ეს საფრანგეთში, ჰონკოგნსა თუ პლანეტის სხვა წერტილში. ის, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან არ ჩანს აქტიური რეაქცია, ხომ არ არის განპირობებული იმით, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ევროკავშირის წევრები?

გრიგორი ჟიგალოვი: ისევ და ისევ საჭიროა გვესმოდეს, რომ, მთლიანობაში, ევროკავშირი არ რეაგირებს პროტესტებზე თითოეულ ცალკეულ ქვეყანაში და ცალკეულ შემთხვევაში. ეს კონკრეტული ქვეყნის პირადი საქმეა. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი დუმილს ინარჩუნებდა ესპანეთში - კატალონიაში - მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას, საფრანგეთში - "ყვითელი ჟილეტების“ ან როგორც ადრე იყო საბერძნეთსა თუ სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გარშემო. ეს ქვეყნების შიდა საქმეა და ევროკავშირი ამაში არ ერევა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს საქართველოში, უკრაინასა თუ ჰონკონგში,გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირი მათ ყურადღებით აკვირდება, მაგრამ, ამავე დროს, ბრიუსელი არ აპირებს ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და ის ამ პოლიტიკის ერთგული რჩება. და, საერთოდ, უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ევროკავშირი წარმოვიდგინოთ მსოფლიო პოლიციელად, რომელიც ადგება და სადმე წესრიგს დაამყარებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG