Accessibility links

დაბრუნდებიან თუ არა „რუსთავი 2“-ელები „რუსთავი 2“-ში?


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის დაკომპლექტების აქტიურ ფაზაში გადადის.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვინ ჩაიბარებს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებისა და პროდაქშენის მიმართულებების ხელმძღვანელობას. დაწყებულია მოლაპარაკებები ჟურნალისტებთან, მათ შორის , „რუსთავი 2“-ის ყოფილ ჟურნალისტებთანაც, რომლებმაც ტელეკომპანია საკუთარი სურვილით დატოვეს.

თამილა გველესიანი, რუსთავი 2-ის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები საინფორმაციო სამსახურის სავარაუდო ხელმძღვანელთანაც და მის ვინაობას საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს:

„სავარაუდოდ, დღეს, ხვალ, ეს საკითხიც გადაწყდება და ოფიციალური ინფორმაციაც გვექნება. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებთან მოლაპარაკებებიც დასასრულისკენ მიდის. დაინიშნებიან საინფორმაციო გამოშვებისა და პროდაქშენის მიმართულებების დირექტორები. მათ გვარებსა და სახელებს ამ წუთას ვერ გეტყვით, რაკიღა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა“.

დღეს, ტელეკომპანიაში 800-მდე ადამიანი მუშაობს. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებამდე, „რუსთავი 2“-ში მუშაობდა 862 ადამიანი.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობას, უფრო ზუსტად კი არხიდან წასულ და დარჩენილ თანამშრომელთა რაოდენობას ეხება, თამილა გველესიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს, ტელეკომპანიაში 800-მდე ადამიანი მუშაობს და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ში მისულ ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი იმნაიშვილს 800 ადამიანი დახვდა, სრული სიმართლეა:

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანების თვლასა და რაოდენობაზე მიდის ბჭობა. დიახ, დღეს, ტელეკომპანიაში 800-მდე ადამიანი მუშაობს. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებამდე, „რუსთავი 2“-ში მუშაობდა 862 ადამიანი. მათგან 62-დან 67-მდე თანამშრომელმა ტელეკომპანია საკუთარი სურვილით დატოვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმცირესობა წავიდა და უმრავლესობა დარჩა. არც იმას ნიშნავს, რომ გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრები წავიდნენ და ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანები დარჩნენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ეს პროცესი ასე. ეს ტელეკომპანია თითოეულ ადამიანზე დგას და თითოეული ადამიანი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, როგორც წასული თანამშრომლები, ისე ისინი, ვინც დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს“.

თამილა გველესიანის თქმით, ამ ეტაპზე, ტელეკომპანია მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ „რუსთავი 2“-დან წასული თანამშრომლები კვლავ ტელეკომპანიაში დაბრუნდნენ:

"ვერცერთ ჟურნალისტს ვერ შევკადრებ იმას, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ზეწოლის ნიადაგზე მიიღეს. დიახ, ემოციური განწყობა ნამდვილად იყო, მაგრამ ზეწოლა არა. ჩვენ შევეცდებით, რომ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“-ელები კვლავ დაბრუნდნენ „რუსთავი 2“-ის კედლებში“.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს „რუსთავი 2“-ში უკვე სხვა მდგომარეობაა.

როგორც ტელეკომპანიის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამსახურში დაბრუნების თაობაზე, არის კონფიდენციალური, თუმცა, დადასტურებით შეუძლია თქვას, რომ მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაწყებულია:

„გიდასტურებთ, რომ მზაობა არის ყველა იმ თანამშრომელთან კომუნიკაციისა, რომელმაც დატოვა სამსახური. არის მცდელობაც მათთან მოლაპარაკებებისა და კონკრეტულ შედეგებსაც უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს „რუსთავი 2“-ში უკვე სხვა მდგომარეობაა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო სამუშაო პროცესი და შედეგებსაც მალე ვნახავთ“.

თამილა გველესიანის თქმით, ამ ეტაპზე, ტელეკომპანიისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საინფორმაციო დეპარტამენტის დროული დაკომპლექტება. როგორც ის ამბობს, ჯგუფი უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება. რაც შეეხება იმას, თუ როდის გავა საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ტელეკომპანიის ეთერში, მისი თქმით, მათი ამოცანაა „კურიერი“ საზოგადოების წინაშე წარსდგეს ხარისხიანი პროდუქტის სახით და როდესაც ეს მიზანი იქნება მიღწეული, საინფორმაციო გამოშვება სწორედ მაშინ გავა ეთერში: „ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ ხარისხიანი მაუწყებლობა და შევეცდებით, რომ ეს იყოს უმოკლეს ვადებში“.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, უკანასკნელად 20 აგვისტოს, 21 საათზე გავიდა. თუმცა, ის სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. იმ დღეს „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამ ფაქტს კი რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, დაკავებული პოზიციებიდან გაეთავისუფლებინა „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.

20 აგვისტოს შემდეგ, ნელ-ნელა განახევრდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის რეიტინგიც. რადიო თავისუფლების მიერ მოძიებული მონაცემების თანახმად, თუკი 20 აგვისტომდე ტელეკომპანიის რეიტინგი ყოველდღიურად 24-დან 30%-მდე მერყეობდა, 20 აგვისტოს შემდეგ, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-12%-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რუსთავი 2“ - ის ცნობილ სახეებს შორის, ტელეკომპანიაში რჩება გადაცემა „პროფილის“ წამყვანი მაია ასათიანი, საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი ანუკა ქინქლაძე, გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გვანცა დარასელი.

„რუსთავი 2“-ში რჩება „კომედი შოუს“ ძირითადი შემადგენლობაც. სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ში დარჩება პროდიუსერი და ჟურნალისტი ნანა ინწკირველი, რომელიც ამ დროისათვის შვებულებაში იმყოფება.

გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას “რუსთავი 2”-ის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ ისინი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაფუძნებული “მთავარი არხის” თანამშრომლები ხდებიან. მათ შორის არიან “კვირის აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე. შეგახსენებთ, სამივე ჟურნალისტი 20 აგვისტოს გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

„მთავარ არხზე“ სამუშაოდ გადავიდნენ „კურიერის“ კორესპონდენტები გიგლა თუმანიშვილი და ნინო სამყურაშვილიც. ასევე "კურიერის" პროდიუსერი თეო გილიგაშვილი.

დათანხმდებიან თუ არა „რუსთავი 2“ - იდან წასული სხვა ჟურნალისტები კვლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნებას, ამის შესახებ საუბრისაგან ისინი, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, არხის აღმასრულებელ დირექტორად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი.

ირაკლი იმნაიშვილი 2006 წლიდან, მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა. ლონდონში წასვლამდე ის იყო ტელეკომპანია „მზის“ ტოკ-შოუს წამყვანი. ამჟამად ირაკლი იმნაიშვილი მუშაობს BBC-ის რუსულენოვან სამსახურში და არის ვიდეო-მიმართულების პროდიუსერი.

ირაკლი იმნაიშვილმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „აქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG