Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით რაქვიაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი


კვირა, 21 ოქტომბერი

შაბათი დაღამდა. ტექნიკურად, უკვე კვირაა და დღიურის შევსება შემიძლია დავიწყო. ვიწყებ და პირველივე სიტყვებიდან ვხვდები, თუ რა შარში გამხვია ნათია ზამბახიძემ. ახლგაზრდობაში მიცდია წერა. ის განცდაც მახსოვს, როგორ გეხუთება სული, სანამ სიტყვებს არ გაათავისუფლებ, მაგრამ ახლა მუზაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ვიძინებ ხვალინდელ დღეზე დადარდიანებული და ზამბახიძეზე გაბრაზებული.

დილით მაღვიძებს სოფო: აბაშიშვილი მანქანის მეგაფონში გეძახის, “რაქვიაშვილი, დანებდიო”. გიორგი, თეა და ქეთი სულ ცოტა ხნის წინ დაგვიმეზობლდნენ საგურამოში. ახლაც დილიდან ფუსფუსებენ - გიორგის მამა, რამაზი, და მისი მეგობარი ჰყავთ სტუმრად.

აბაშიშვილის ანცობასთან ერთად, დილა ორი ნიუსით იწყება: რობინზონი დამწუხრებული მიყვება, რომ ნაცნობებმა დაურეკეს და უთხრეს, ჯერიკა ვნახეთ ქათმით პირში, სადღაც გარბოდაო. არა, ასე პირდაპირ რობინზონი, ჭეშმარიტი იმერელი, არ ამბობს ცუდ ამბავს (სხვათა შორის, არც კარგს). "თქვენს ძაღლს წააგავდო ძალიან", ასე თქვესო, თუმცა თვითონ ეჭვი არ ეპარება, რომ ჯერიკაა ამ სამარცხვინო საქმის ფიგურანტი.

მეორე ნიუსი ტრამპის განცხადებაა: აშშ ბირთვული შეიარაღების შეთანხმებიდან გავა, თუ რუსები გონს არ მოეგნენო. ჩემს საქმიანობაში მთავარი პრიორიტეტების სწრაფად განსაზღვრაა. ამიტომ, ვიდრე ახალი კარიბის კრიზისის განვითარების შესაძლებლობებს გავეცნობი დეტალებში, რობინზონთან ერთად სტრატეგიას ვსახავ, თუ როგორ ავიცილოთ ადგილობრივი ყოფითი კონფლიქტი მეზობლებთან, რომელთაც უდავოდ აქვთ ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში გადაზრდის პოტენციალი, თუ ჯერიკა (სამართლიანად) დაისაჯა განრისხებული ქათმის პატრონის მიერ.

შუადღისთვის ავდივარ აბაშიშვილებთან. ვზივართ მისი ქოხის წინ, შემოდგომის მზით და ქისით გამთბარნი. ვსაუბრობთ არჩევნებზე და განვიხილავთ, ღირს თუ არა გორული მწვანე და ციცკა ცოლიკაურის რქაწითელთან კუპაჟი. ამასობაში ნატანჯი, მაგრამ ამაყი რობინზონი და ყურებჩამოყრილი ჯერიკა გვიერთდებიან. კრიზისი განმუხტულია. ქეთო ბედნიერია - უყვარს ჯერიკა და განიცდიდა მის დაკარგვას.

დავით რაქვიაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
please wait

No media source currently available

0:00 0:18:02 0:00

ჩრდილოეთით მყინვარწვერამდეა ხედი გაშლილი. ქვემოთ დევნილების დასახლება ჩანს, ჩრდილო-დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიებს ვუყურებთ. აი, ზუსტად ასე, მშვიდობიანად, თავიანთ აშენებულ სახლებში ისხდნენ ჩვენი თანამემამულეები და, თვალებში მეოცნებე ღიმილით, საუბრობდნენ თავიანთი შვილებზე, შვილიშვილებზე, ძაღლებზე, მეგობრობაზე, მომავალზე. მერე შეუცვივდნენ, გამოყარეს და სახლები დაუწვეს.

არ შეიძლება შეგუება ოკუპაციასთან. როგორც კი შევეგუებით, შემდეგ ნაბიჯს გადადგამს რუსული ჩექმა და, ბოლოს, აუცილებლად ყოველი ჩვენგანის სახლში შემოვა.

ორშაბათი, 22 ოქტომბერი

ორშაბათი იწყება სიზმრით. უშბის ერთ-ერთი მეექვსე კატეგორიის მარშრუტზე - არა წარსულში, არამედ ახლა, ამ ფიზიკურ კონდიციაში, მივცოცავ რთულ, ჩაყინულ დამრეც ბუხარში. ვისთვისაც ეს კომბინაცია - უშბა, მეექვს კატეგორია, ჩაყინული ბუხარი ნაცნობია, მიხვდება, რა კოშმარია ეს სიზმარი, მით უმეტეს, თუ ამ გარემოში ხვდები 25-წლიანი წყვეტის შემდეგ ამდენივე კილოგრამი ზედმეტი წონით. მთა ხშირად მესიზმრება. მესიზმრება სრულიად ფანტასტიკური ასვლები. მესიზმრება თოვლის სუნი, ყინულის ჩხრიალი. მესიზმრება ის ადამიანები, ვისთან ერთადაც დავდიოდი მთაში - ლოვა სარქისოვი, ნიკა ერქომაიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე. განსაკუთრებით ხშირად ბიძინა მესიზმრება - ჩემი მასწავლებელი და მეწყვილე. წლების განმავლობაში ჩვენი სიცოცხლე ხშირად ერთმანეთზე იყო დამოკიდებული. მთის გამოცდილება მთელი ცხოვრება მომყვება და ყველა გადაწყვეტილებაში მონაწილეობს. როდესაც მიჭირს, ჩემი შეუცვლელი დასაყრდენი ისევ სარქისოვია. სადღაც, კედელზე, უკიდურესად მტრულ გარემოში, პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუსაბამო პირობებში, ყველა ინდიკატორით უპერსპექტივო მდგომარეობაში, ლოვა აუღელვებლად იტყოდა: რაც უნდა, ის უქნია, დათუნჩიკ.

დილიდან ვიწყებთ სემინარს ეროვნული მედეგობის საკითხებზე. დღეს მთელი მსოფლიო რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ლპარაკობს. იქმნება კანონები, სტრატეგიები და ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის ცენტრები. ამ დროს, ეს ის ომია, რომლის მეთოდების საცდელი ლაბორატორია რუსეთმა საქართველოში მოაწყო. 90-იანი წლებიდან ჩვენს მოსახლეობაზე იტესტება ჰიბრიდული ომის ის ვირუსები, რომლებიც შემდეგ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ლოგიკური და აუცილებელია, რომ აქ, საქართველოში, შეიქმნას საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს დაეხმარება ამ ეპიდემიის შეჩერებაში. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს უნიკალური ნიშის შექმნის შესაძლებლობა, რაც თვისებრივად გაზრდის საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საბჭოთა საქართველოში ჩვენ საფუძვლიანად დავივიწყეთ ყველანაირი ცოდნა და უნარი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვას სჭირდება: ეკონომიკური პოლიტიკა, ჯარის მშენებლობა, დიპლომატია და ასე შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ თანამედროვე გამოწვევების პირობებში, როდესაც მთლიანად შეიცვალა საფრთხთეების ხასიათი, მხოლოდ მთავრობისა და ხელისუფლების მეცადინეობით ვეღარ ხერხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აუცილებელი გახდა ფართო საზოგადოების ჩართულობა. დღეს, ხშირ შემთხვევაში, 15 წლის გოგონას, რომელსაც კარგად ესმის საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამშობლოსთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ჯავშანტექნიკას.

სამშაბათი, 23 ოქტომბერი

საგურამოდან გავდივართ 8:10 წუთზე. გია, ჩემი მძღოლი და ახლა უკვე მეგობარი, ნამდვილი ჯადოქარია, როდესაც საქმე ქალაქში ნავიგაციას შეეხება. გზად მე და გია ერთად ვიბარებთ ნატალიასგან რუსულ ენაში საშინაო დავალებას. ვცდილობ ავუხსნა შვილს, რომ ჩემზე "ვისოკი" არ ითქმის. ნატალიას ეზარება კამათი და მეუბნება "ვოთევერ". შემდეგ ვუზიარებ ჩემს სადარდებელს ჩემს საშინაო დავალებასთან - დღიურების წერის ვალდებულებასთან -დაკავშირებით. ნატალია მირჩევს დავწერო 6 არგუმენტირებული გვერდი მასზე, როგორც მსოფლიოში საუკეთესო შვილზე. სკოლაში მისვლამდე განუწყვეტლივ დამცინის.

მირეკავს თემურ იაკობაშვილი ამერიკიდან და მიყვება, როგორ ასწავლის ქართულს მისი შვილი, მირი, თავის ამერიკელ თანაკლასელებს. თემურთან ვმეგობრობ უკვე 20 წელიწადია. ყველაზე რთულ პერიოდში ვიყავით ერთად სახელმწიფო სამსახურში - 2008 წლის ომის დროს, შემდეგ ამერიკაში, საქართველოს საელჩოში. მახსოვს, როდესაც თემურმა შემომთავაზა თავისი მოადგილეობა რეინტეგრაციის სამინისტროში, ასე მეგონა, სამყარო ამოტრიალდა, იმდენად ემოციური იყო იმის გააზრება, რომ შენი სამსახური, სადაც ყოველდღე მიდიხარ, დღეიდან გახლეჩილი სამშობლოს გამთლიანებაა. სულ რამდენიმე თვეში სამყარო კიდევ ერთხელ ამოტრიალდა. აგვისტოს ომამდე არასდროს ასეთი მძაფრი, ყოვლისმომცველი განცდა არ მქონია და ასე ღრმად არ დავუდარდიანებივარ სიტყვებს „სამშობლო განსაცდელშია“. 9 აპრილი და 90-იანი წლების ომებს ასაკის, გამოუცდელობის, არაინფრომირებულობის გამო ცალკეულ ტრაგედიებად აღვიქვამდი, რომელთაც დასაწყისი და დასასრული ჰქონდა. 2008 წელს სრულიად და ნათლად დავინახე განსაცდელის მასშტაბი და დავინახე დრო. დავინახე, რომ ილუზიაა, თითქოს არსებობდეს რუსეთთან ურთიერთობის „ერთხელ და სამუდამოდ“ მოგვარების პერსპექტივა. დავინახე, რომ ერთადერთი სწორი გზა არის განეწყო შენც და განაწყო მომავალი თაობებიც მუდმივი ბრძოლისთვის - თავისუფლება არასდროს არ იქნება „ერთხელ და სამუდამოდ“ მოპოვებული. განგების მადლობელი ვარ, რომ 2008 წელს მეც ვიყავი ამ ომში.

უკვე მეორე სრული დღეა ვმუშაობთ ეროვნული მედეგობის საკითხებზე უსაფრთხოების თემასთან ერთად.

საღამოს კლუბში ვუკრავ ვოვა მოგელაძესთან ერთად. ვოვა მთელი ცხოვრება ერთ ღმერთს ემსახურება - ბლუზს. ამიტომაც არის შეუდარებელი. სიმღერა ახალი დაწყებული მაქვს, ხმის რეგისტრი ძალიან შეზღუდული და ამიტომ სიმღერების ტონალობებს დაბლა ვწევ. ვოვა მაგულიანებს და საოცარ რამეს მეუბნება, რომ ტონალობის შეცვლა აადვილებს სიმღერას, მაგრამ, სამაგიეროდ, გაშორებს იმ ემოციას და, შესაბამისად, შინაარსს, რომლითაც ავტორმა სიმღერა ორიგინალურ ტონალობაში იმღერა. საინტერესო დაკვირვებაა. ალბათ, პოლიტიკაშიც ასე შორდები კომპრომისების ხარჯზე იდეალებს. დაკვრა, ალბათ, ერთადერთია, რაც მხოლოდ ჩემია. სხვა ყველაფერი ვიღაცას ან რაღაცას ეკუთვნის: ოჯახს, მეგობრებს, სამშობლოს. როდესაც მაქვს შესაძლებლობა და ვუკრავ, დანარჩენი ყველაფერი გაცილებით უკეთ გამომდის. დიდი ძალა აქვს როკენროლს!

ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი

მე და გიორგი აბაშიშვილი დილის რეისით მივემგზავრებით პოლონეთში. განვლილ წლებში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პოლონეთის ტრადიციულად დიდი მხარდაჭერა. პოლონელები პირველები გამოეხმაურნენ მარგველაშვილის ინიციატივას საქართველოში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული მედეგობის ცენტრის დაარსების შესახებ. მათ ზუსტად დაინახეს, თუ რამდენად აქტუალურია საქართველოს, როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფორპოსტის, გაძლიერება.

ვარშავაში მეგობრების სახლში ვჩერდებით. შესასვლელში გვხვდება კატა, მაგიდაზე - წერილი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ შეგვიძლია თავი ვიგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში, მათ შორის გამოვიყენოთ ღვინის მარაგი. მასპინძლები ერთადერთ რამეს გვთხოვენ - ვაჭამოთ და ყურადღება მივაქციოთ კატას.

მივემგზავრებით ჩემს კოლეგასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, შესახვედრად. პაველ სოლოხთან 2 წლის განმავლობაში ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა, რომელიც უკვე საინტერესო თანამშრომლობასა და მეგობრობაში გადაიზარდა. ევროპის ამ დედაქალაქში, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნებში, ძალიან კარგად ესმით და ახსოვთ რითი მთავრდება აგრესორის დაყვავების პოლიტიკა, ამიტომ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის სახით საქართველოს ხმამაღალი ადვოკატები ჰყავს ევროკავშირსა და ნატოში.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ვმართავთ მრგვალ მაგიდას უსაფრთხოებისა და ეროვნული მედეგობის საკითხებზე. საღამოს ვესწრებით გალა სადილს, რომლის მენიუზე გაკეთებული, დღიურში გადასატანი ჩანაწერი ასე ჟღერს: ვუსმენ გამომსლელებს და მახსენდება ჩემი ბავშვობისდროინდელი გათვლა: ოპა ოპა ოპა, ამერიკა - ევროპა - ანგლია - კიტაი: ჩტო ტი ხოჩეშ ვიბირაი”. გეოპოლიტიკური ვითარება, მართლაც, რთულია, თუმცა მე არ მჯერა, რომ ამერიკის ჰეგემონიისა და ევროატლანტიკური ერთობის შესუსტება შეუქცევადი პროცესია და რომ ავტორიტარული ქვეყნები მიაღწევენ გლობალურ დომინაციას. ის, რაც ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემის კრიზისად არის მიჩნეული, კანონზომიერი ევოლუციური ფაზაა, რომლის გავლის შემდეგ დასავლეთი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა. ამ მოჩვენებით ბუნდოვანებაში საქართველომ აუცილებელია შეინარჩუნოს სწორი ორიენტირები და არ დაიწყოს “ქანქარი”.

ვბრუნდებით სახლში. ვთანხმდებით, რომ, პირველ რიგში, ვურეკავთ მარგველაშვილს და ვუამბობთ შედეგებზე; შემდეგ ვწრუპავთ ღვინოს და ვეცნობით სამშობლოს პოლიტიკურ ამბებს. მიუხედვად იმისა, რომ ეზოს განათება ამ გეგმაში არ შედის, სახლში შესვლისთანავე ორივე ერთად ვაწკაპუნებთ ყველა ჩამრთველს, რის შედეგადაც მთელ სახლში ქრება შუქი, ირთვება სიგნალიზაცია და კატა იწყებს კნავილს. ელექტრომომარაგების აღდგენის ყველა მცდელობა ფუჭად მთავრდება. პრეზიდენტთან დასარეკად უკვე გვიანია. ტელეფონების შუქზე ვპოულობთ ღვინოს, ვწრუპავთ და განვიხილავთ მომავალს. ძილის წინ, სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ვერაგულად, ვცდილობთ კატა, რომელიც, როგორც ჩანს, საწოლზე იძინებს, ერთმანეთის ოთახში განვაწესოთ. მცდელობებს შორის მეძინება.

ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი

ვიღვიძებ - რა თქმა უნდა, კატასთან ერთად. ვსაუზმობთ გიორგის მომზადებული ომლეტით. ვურეკავთ პრეზიდენტს. თბილისში საარჩევნო ტემპერატურა ყოველდღე იმატებს.

ვრეკავ დანიელთან, რომ გავარკვიო სიგნალიზაციის საკითხი. საუბრისას შევახსენებ, რომ მისი ღვინო არაფრად არ ვარგოდა. ბრიტანული შეშფოთებული აქცენტით დანიელი მეკითხება - hmm, which wine did you drink? ირკვევა, რომ აბაშიშვილი-რაქვიაშვილის სტუმრობა უფრო მაოხრებელი შემოსევაა - ღვინო 20 წლისაა და რამდენიმე ასეული ევრო ღირს.

ამით პრობლემები არ მთავრდება. მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება. სახლიდან გასვლისას კატა გარეთ გარბის და მანქანის ქვეშ ძვრება. ჩვენს მცდელობას გამოვიტყუოთ „ვისკასის“ პაკეტითა და ყველით უპასუხებს მტრული მზერითა და კნავილით. ბოლოს კი, ძვრება ხეზე, ხტება მეზობლის ბაღში და საერთოდ გარბის.

სასწორზე დგება ეროვნული და პიროვნული ინტერესები. კატის დაკარგვამ, 300-ევროიანი ღვინის დალევის ფონზე, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩემი და დანიელის ურთიერთობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრის ჩაგდებამ - ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს. ვიღებთ მძიმე გადაწყვეტილებას: მივდივართ შეხვედრაზე და ვიჭერთ თადარიგს - დანიელისთვის ვიგონებთ ისტორიას, თუ როგორ გაიპარა კატა საძინებლის ღია ფანჯრიდან.

აბაშიშვილის კოლეგასთან ვსაუბრობთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში თანამშორმლობაზე. პოლონელებთან ერთად წელს საქართველოში ჩავატარეთ „კრინიცის ფორუმი“, განვიხილავთ მისი გაგრძელების პერსპექტივებს.

შეხვედრის შემდეგ ვხვდებით პოლონელ და ქართველ სტუდენტებს. ვსაუბრობთ უსაფრთხოების საკითხებისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლობაზე. მომყავს საქართველოს მაგალითი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავზე არაერთი კატასტროფული სიმძლავრის ქარცეცხლი დატეხილა, ჩვენ დღესაც ვარსებობთ. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ უფრო მეტი ბრძოლა გვაქვს მოგებული, ვიდრე წაგებული. როგორ ვიგებდით ამ ბრძოლებს? რის ხარჯზე? ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ - დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად - მთელი ერი დამდგარა ჯარის გვერდით და დამპყრობლის წინააღმდეგ; ჩვენი კულტურული, ტრადიციული, არქიტექტურული მემკვიდრეობა დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ერთვებოდა ერი და ბერი, მშვიდობიანი მოსახლეობა თუ მხედრობა სამშობლოს დაცვაში. ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი ერთიანობაა იმის მიზეზი, რის დღეს კიდევ ვარსებობთ. სწორედ ერთიანობაშია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვარსებობთ დღემდე, რატომ ვიგებდით ბრძოლებს. ვერც ერთი არმია ვერ ამარცხებს ერს და ჩვენ ამის საუკეთესო მაგალითი ვართ.

სახლში დაბრუნებულებს ჭიშკართან ატუზული და გაბუტული კატა გველოდება. კრიზისი განმუხტულია. გულდამშვიდებულები მივემგზავრებით თბილისში.

პარასკევი, 26 ოქტომბერი

ამ დღეს, ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 26 ოქტომბერს, დავიწყე მუშაობა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე.

როგორც 2008 წელს, ამჯერადაც პრეზიდენტის შემოთავაზებამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. ამჯერად, 2008 წლისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთ მესმოდა, თუ რა პასუხისმგებლობას ვიღებდი და რა თავისუფლებებს ვკარგავდი. ორივე - პასუხისგებლობის აღებაც და თავისუფლების დათმობაც - გადამაწყვეტინა მარგველაშვილის ფაქტორმა. ერთი მხრივ, ეს იყო მისი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, უპირობო მტკიცე პოზიცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და მტერ-მოყვარესთან დამოკიდებულების საკითხში და, მეორე მხრივ, ეს იყო მასთან ერთად შემოქმედებით პროცესში ყოფნის ხანგრძლივი და პოზიტიური გამოცდილება.

ეს ორი წელი პოლიტიკური ცხოვრების ბუნებრივი სირთულეებითა და სტრესებით იყო გაჯერებული. ვიბრძოდით ინსტიტუციის შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, უშედეგოდ - რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედებული ახალი კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭო შეწყვეტს არსებობას. ასეთია სამწუხარო რეალობა, თუმცა ასეთი მდგომარეობა არ არის მდგრადი. მთავრობა იძულებული იქნება მოიფიქროს ამ გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის შემცირების გზები.

თუკი რამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული ქვეყნის ხელისუფლება და ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია - ასეთი იყო პრეზიდენტის მიერ ჩემთვის მოცემული მანდატი, ასეთი იყო ჩემი რწმენა.

მეტიც - მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გარშემო პოლიტიკური ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება საფრთხეებს და ვერ შეძლებს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას.

შაბათი, 27 ოქტომბერი

სამწუხაროა, რომ ასეთ საინტერესო პროექტში მონაწილეობა სრულ ცაიტნოტში მყოფს მომიწია. დილიდან ვცდილობ თავი მოვუყარო სავიზიტო ბარათებზე, ხელსაწმენდებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე გაფანტულ ფრაზებს და სიტყვებს, რომ წაკითხვად დღიურად ვაქციო. საღამოს 9 საათია. ვხვდები, რომ მისია შეუსრულებელია - დღიურის ნაცვლად რამოდენიმე საათში დაწერილი ჩემი ცხოვრების ეპიზოდებიდან ამონარიდები გამომივიდა. ახლა ამაზეც უკვე გული მწყდება - რამდენი რამის თქმა შემეძლო, თუნდაც ამ 6 დღის განმავლობაში მომხდარ თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ცხოვრების ხარისხის განმაპირობებელ ეპიზოდებზე; ახლა თანდათანობით მეტი და მეტი მინდება. მინდება ვისაუბრო მშობლებზე, შვილებზე, ძალიან სასაცილო და უზომოდ საყვარელ შვილიშვილზე - რატიზე. ჩემს მთავარ დასაყრდენზე - სოფოზე. მაღლაკელიძეებიან და გულედანებიანი საგურამოს ერთიან დიდ ოჯახზე, რომელსაც აბაშიშვილები შემოუერთდებიან სულ მალე. მინდება ვილაპარაკო მეგობრებზე - ცოცხლებზე და წასულებზე. მინდება ვილაპარაკო მარგველაშვილზე და ჩვენს მეგობრობაზე, რომელმაც 3 ათწლეულს გაუძლო, მათ შორის უკანასკნელ ორ წელიწადს.

რა გაეწყობა - ვერ შევაფასე რისკები სათანადოდ. დროც აღარ დარჩა. ამიტომ, შევეცდები ამ ერთი კვირის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს შევეხო.

ხვალ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი არჩევნები იქნება. კიდევ ერთი გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ. მე, როგორც საგურამოელი, დილით მივალ სკოლის შენობაში განლაგებულ საარჩევნო უბანზე და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ.

თუ კი რამე ვიცით ჩვენი ისტორიიდან, თუკი შევეცდებით გამოვყოთ ერთი ფაქტორი, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა, ეს იქნება ჩვენი ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრივობისთვის და თავისუფლებისთვის. შეიძლება ხვალ საქართველოს ბედი არ გადაწყდეს, მაგრამ უდავოდ, ხვალინდელი დღე ამ ბრძოლის ნაწილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG