Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭიპაშვილი - გარემოს დამცველი


კვირა, 15 აპრილი

კვირა დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. EMC-ს ორგანიზებით პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა ხეობაში დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ ყოფილა პანკისში, თუმცა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებდა, რა კონკრეტული ზეგავლენა, რა კონკრეტული საფრთხეები დავინახეთ დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ეს შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად წამოვიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ზემო სვანეთიდან, ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან, ასევე მწვანე აქტივისტები, მათ შორის, „აუდიტორია 115“-ის წევრები. ეს შეხვედრა დახურული უნდა ყოფილიყო, იმისათის რომ გულღია საუბარი შემდგარიყო ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეხვედრაზე თავი მოიყარა არა მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ, არამედ ანტიტერორისტული ცენტრისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც. 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელიც მედიისთვისაც კი არ უნდა ყოფილიყო ღია. მართალია, მედიაში ფართოდ არ გაშუქებულა, მაგრამ შეხვედრას ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა მაინც მიეძღვნა. ასეთი „დახურული“, თუმცა საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ადგილობრივებს, მოვისმინეთ მათი პრობლემები. მთავარი, რაც მათ აშინებთ, ეხება სასმელ და სარწყავ წყალს, აგრეთვე ჰიდროელექტროსადგურების ზემოქმედებას ხეობის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ხეობაში უკვე აშენებულია ორი ჰიდროელექტროსადგური. კიდევ სამის მშენებლობა აქვთ დაგეგმილი და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თვალნათლივ ხედავს, რომ ხადორის ულამაზესი ხეობა, მდინარე ალაზანი თავისი ჩანჩქეროვანი შენაკადებით პრაქტიკულად აღარც არსებობს. ზედა ნაწილში დარჩენილია ერთი ჩანჩქერი და იქაც უკვე დაგეგმილია კიდევ ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენება. პანკისელების მთავარი წუხილიც სწორედ ის იყო, რომ, თუ ეს ჰესებიც აშენდა, მათთვის შეუძლებელი იქნება ადგილზე ცხოვრება, რის დანახვასაც დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. ორი მცირე ჰესის გამო პრაქტიკულად მთლიანად დამშრალია ალაზნის კილომეტრობით მონაკვეთი და მთავარი სანახაობა - ულამაზესი ხეობა - პრაქტიკულად დღეს აღარც არსებობს. ორი კვირის წინ პანკისელებთან შეხვედრა ჰქონდათ კომპანია „ფერის“ წარმომადგენლებს, კომპანიისა, რომლის „აშენებულიცაა“ „დარიალი-ჰესი“, „ლარსი-ჰესი“ ყაზბეგში და, მოხევეების მსგავსად, პანკისელებსაც ოქროს კოშკებს ჰპირდებოდნენ. როდესაც საკუთარი თვალით ხედავ, რა ზეგავლენა იქონია უკვე აშნებულმა „ხადორი-2-ჰესმა“ საცხოვრებელ გარემოზე, ძალიან ძნელია მოსახლეობას დაუმტკიცო, რომ „ხადორი-3-ჰესი“ ისეთსავე ზეგავლენას არ მოახდენს და რომ ეს არის მათი სოფლის აყვავების საშუალება. „ხადორი-3-ჰესის“ მშენებლობისგან პირდაპირი საფრთხე ექმნება პანკისის ხეობის სოფლების - ბირკიანის, ჯოყოლოს - სასმელი წყლით მომარაგებას, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელი იქნება ამ ხეობაში ცხოვრება და ეს არის მათი ძირითადი და მთავარი წუხილი, რომ აღარაფერი ვთქვათ საძოვრებზე, ნაკრძალთან სიახლოვეზე და ა.შ.. შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი იმამიც, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც, ჰესის მომხრეებიც. გაიმართა მწვავე დისკუსია როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. გვიან ღამით დავბრუნდით უკან.

ორშაბათი, 16 აპრილი

ორშაბათი არანაკლებ დაძაბული დღე იყო ჩემთვის. ზემო სვანეთიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 18-ში იგეგმებოდა „მესტია-ჭალა-ჰესზე“ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან. ძალიან მთხოვეს, რომ ის შენიშვნები, ის პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა „მესტია-ჭალა-ჰესთან“ დაკავშირებით, გამეცნო ამ შეხვედრაზე დამსწრეთათვის და მიმეღო დებატებში აქტიური მონაწილეობა. საინტერესო იყო ის, რომ ამ შეხვედრის წაყვანა ითავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით ცდილობდნენ მესტიაში შესვლას, შსს მინისტრის მოადგილემ პირობა მისცა მოსახლეობას, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართებოდა თბილისში და თუ კომპანიის წარმომადგენლები ვერ დაარწმუნებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და ასევე მათ მიერ მოწვეულ ადამიანებს, რომ ეს პროექტი არის სასარგებლო ქვეყნისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებს მოსახლეობის წინააღმდეგ აღარ გამოიყენებდნენ. სწორედ ეს შეხვედრა ჩაინიშნა 18 აპრილს, 13 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანია აპირებდა ავსტრიელი ექსპერტის მოყვანასაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსახლეობის მხრიდან არგუმენტები ყოფილიყო უფრო მეტად დამაჯერებელი, „ქვას რომ გახეთქავდა“, ისეთი. შესაბამისად, მომიწია ჩემი დღის წესრიგი კიდევ ერთხელ გადამეწია გვერდზე. „მესტია-ჭალა-ჰესზე“ შენიშვნები „მწვანე ალტერნატივას“ მანამდეც გვქონდა გადაგზავნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად პროექტისთვის გზაში კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი და არგუმენტები დამეზუსტებინა. ისე სწრაფად გაირბინა დრომ, ფანჯარაში რომ გავიხედე, უკვე ბნელოდა.

სამშაბათი, 17 აპრილი

გადავწყვიტე ამჯერად მთელი დღე მიმეძღვნა ჩემი დღის წესრიგით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურისა და მაისში დაგეგმილი შეხვედრის მზადებისთვის. იორდანიაში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ შეხვედრაა და, შესაბამისად, საჭიროა მომზადდეს ნარკვევი, რომელშიც ასახული იქნება პროექტის პრობლემური და განახლებული მონაცემები. ეს მონაცემები უნდა მივაწოდოთ ბანკს და კიდევ ერთხელ დავუსაბუთოთ, რომ, დამტკიცების მიუხედავად, კომპანიას სესხი არ მიეცეს. სამშაბათი დღის ორი მესამედი ამ ნარკვევის წერას მივუძღვენი და საკმაოდ წინ წავიწიე, თუმცა გვერდი ვერ ავუქციე მესტია-ჭალას, რადგან ამ დღესაც რამდენიმე ზარი იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან. აზუსტებდნენ, ხომ ნამდვილად დავესწრებოდი შეხვედრას, მქონდა თუ არა რეალური არგუმენტები, ხომ არ მოხდებოდა პოზიციების დათმობა და ა.შ. გადავწყვიტე საღამოს სეისმოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ქალბატონ თეა გოდოლაძისთვის დამერეკა და დამეზუსტებინა დეტალები. ჩემი ინფორმაციით, ისიც აპირებდა შეხვედრაზე დასწრებას და საკმაოდ მწვავე პოზიციის დაფიქსირებას, რაც დამიდასტურა ტელეფონით საუბრისას. ამიტომ ვიფიქრე, რომ მოსახლეობის ეჭვები პოზიციის დათმობასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობას უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე რეალობას. გარდა ამისა, გვქონდა საკონფერენციო მსჯელობა და დიალოგი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ამ ზაფხულს ჟურნალისტებთან ერთად აპირებენ ჭუბერში ჩამოსვლას, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა ტერიტორიების დატბორვასა და განადგურებაზეა საუბარი და გააკეთონ ვრცელი სიუჟეტი „ნენსკრა ჰესზე“. მათაც აინტერესებთ ბევრი დეტალი ლოგისტიკური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ამ მოლაპარაკებებისა და წერის პროცესში გაილია 17 აპრილი.

ოთხშაბათი, 18 აპრილი

ბოლო ორი-სამი კვირაა, ჩემი ოჯახი პრაქტიკულად ვერ მხედავს. ჩემი 8 წლის ბიჭი არ მელაპარაკება. დიდი ხანია, გაბუტულია. ვერ ხვდება, რატომ აღარ მივყვები რაგბიზე შაბათს მაინც. ჩემს მეუღლეს ეკითხება, მისი თამაში არ მომწონს თუ, ზოგადად, რაგბი აღარ მაინტერესებს. ჩემი ლილე (4 წლის გოგო) ასეთი მკაცრი არ არის, თუმცა ისიც სულ მახსენებს, რომ გასეირნება მოენატრა. სამწუხაროდ, მათთვის ვერც შემდეგ ორ შაბათ-კვირას მოვიცლი, რადგან მომავალ შაბათს ძალიან გვიან ჩამოვალ ჭუბერიდან, შემდეგ კი უკვე პრაღაში მიწევს წასვლა.

დილიდან იწყება ზარები ჩემს ტელეფონზე იმის დასაზუსტებლად, ხომ ნამდვილად მივდივარ შეხვედრაზე. ჩანს, რომ ძალიან ნერვიულობს ადგილობრივი მოსახლეობა. ფეისბუკითაც ჩანს, რამდენი ადამიანი აპირებს ამ შეხვედრაზე დასწრებას. როგორც იტყვიან, ნამდვილი ბრძოლაა დაგეგმილი „მესტია-ჭალა-ჰესთან“ დაკავშირებით. მოსვლას აპირებენ აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის, საიას წარმომადგენლები, მედია. შეხვედრამდე წავედი ოფისში, რომ ამეღო წერილობით მომზადებული შენიშვნები, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები, რათა დოკუმენტურად დამესაბუთებინა „მესტია-ჭალა-ჰესის“ უსარგებლობა ენერგეტიკული თვალსაზრისით. საცობების გამო ოდნავ შემაგვიანდა შეხვედრაზე მისვლა, რაც დამატებითი ზარების მიზეზი გახდა. როცა მივედი, ეროვნული ბიბლიოთეკის შეხვედრის ოთახი ხალხით იყო სავსე, თუმცა არ ჩანდნენ კომპანიის წარმომადგენლები და, შესაბამისად, არც შეხვედრა იყო დაწყებული. უკვე ისმის დარბაზში შეძახილები, რომ კომპანია თავს არიდებს მოსვლას. არა მარტო ისინი, არც სამინისტროდან იყო ვინმე მოსული. ორს რომ აკლდა 5-10 წუთი, მაშინ გამოჩნდა კომპანიის მფლობელი გაჩეჩილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა ორ საათზე იცოდა და არა პირველზე, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა დარბაზში. ყვირილამდე მივიდა სიტუაცია. ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოსულები სამსახურებიდან, მათ შორის, სეისმოლოგები, გეოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, „მწვანეთა მოძრაობა“ და ა.შ., კომპანიამ ალოდინა ერთი საათი. დააგვიანა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც, რომეო მიქაუტაძემ, რომელიც სამის ოც წუთზე გამოცხადდა შეხვედრაზე და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის მიერ მოწვეული რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის, სეისმოლოგი, რომელსაც გათვლა ჰქონდა, რომ თავისი არგუმენტების გაცნობას კომპანიისთვის თავისუფლად მოახერხებდა დღის მეორე ნახევრამდე, როცა სხვა შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. დაგვიანებამ ლამის ჩაშლამდე მიიყვანა შეხვედრა. ანერვიულდნენ ჟურნალისტებიც, მათაც აგვიანდებოდათ სიუჟეტების მომზადება. საბოლოოდ, შეხვედრა დაიწყო და დაიწყო საკმაოდ არეულად, რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გადაწყვიტა, რომ შეხვედრა ეძღვნებოდა ზოგადად ჰესების საჭიროების საკითხს და ლაპარაკი დაიწყო იმაზე, თუ რამდენ ჰესს აშენებენ, რატომ აშენებენ, როგორია ქვეყნის ენერგეტიკა და ა.შ.. ამან კიდევ ერთხელ ააღელვა ხალხი, რადგან შეხვედრა დანიშნული იყო „მესტია-ჭალა-ჰესის“ და არა, ზოგადად, ენერგეტიკის შესახებ სალაპარაკოდ. აღმოჩნდა, რომ არც კომპანიას სურდა დიდად ჰესებზე საუბარი. გამოვიდა, რომ შეხვედრა გაიხსნა ჩვენი შენიშვნებითა და კითხვებით და შეხვედრის ფორმატმა კითხვა-პასუხის სახე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მოყვანილი ჰყავდათ ავსტრიელი ექსპერტი, მათ დასაბუთებულად ვერც ერთ პრინციპულ შეკითხვას ვერ უპასუხეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის „მხარდამჭერი“ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრა ჩაეშალათ. იყო ძალიან ცუდი და უხეში გამონათქვამები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ - რომ მათ არ ჰქონდათ საიმისო ცოდნა, გაეგოთ რაზე ლაპარაკობდა კომპანია და ა.შ., რამაც გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოჩნდა, რომ ვერც კომპანიამ და ვერც საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელიც „მესტია-ჭალა- ჰესის“ გზშ-ს ავტორია, ვერ შეძლო რეალურად პასუხის გაცემა და დასაბუთება, რომ მართლა ჰქონდათ ყველაფერი შესწავლილი, როგორც ამას ამბობდნენ მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებით. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კომპანიას არც კი წაეკითხა გზშ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა არის გზშ. შეხვედრა სრულიად გაუგებრად დასრულდა. არც მორიგი შეხვედრის დაპირება ყოფილა და არც იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები აღარ გაგრძელდებოდა, არც ის განუცხადებია ეკონომიკის სამინისტროს, რომ ძალა აღარ იქნებოდა გამოყენებული სამუშაოების დასაწყებად. სრულიად ბუნდოვანი შედეგით დასრულდა შეხვედრა და ყველამ დაინახა, რომ კომპანიამ ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი.

ხუთშაბათი, 19 აპრილი

დღის პირველ ნახევარში „მესტია-ჭალა-ჰესის“ გამო მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ ტელეარხზე, ამჯერად ონის კასკადზე. ამის შემდეგ მთელი დღე გავატარე ოფისში და გავაგრძელე „ნენსკრა ჰესის“ ნარკვევზე მუშაობა, რაც სამშაბათს დავიწყე. დღის მეორე ნახევარი მიეძღვნა 20-21 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის ლოგისტიკურ საკითხებს და ჭუბერში დაგეგმილ აქციას. გადავწყვიტეთ აქციის წინა დღეს თბილისიდან წაგვეყვანა გადამღები ჯგუფი ვიდეოკამერებითა და დრონის საშუალებით ნენსკრას საპროექტო არეალის გადასაღებად, რომ გვქონოდა ფოტო და ვიდეომასალა იმ ტერიტორიებისა, რომელთა დატბორვასაც ითვალისწინებს პროექტი. აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია ნენსკრას წინააღმდეგ როგორც ბანკებთან ურთიერთობის, ისე ბერნში ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრის დასასაბუთებლად, ვინაიდან სამინისტროსა და ბანკის წარმომადგენლები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ საპროექტო არეალის ეკოლოგიური ღირებულება არ იყო მაღალი, რამდენადაც იქ თითქოს მიდიოდა ხე-ტყის მასობრივი ჩეხა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი იმისათვის, რომ ორ ბანკს პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიეღო.

პარასკევი, 20 აპრილი

დილიდანვე გავუარეთ გადამღებ ჯგუფს და გავემართეთ სვანეთისკენ. მანქანაში ოთხნი ვართ. ცოტათი მაშფოთებს ამინდის პროგნოზი - წვიმაა მოსალოდნელი იქ, სადაც გადაღებას ვაპირებთ. ზოგიერთი ადგილი დღეს უნდა გადაგვეღო. გზაში ვართ. ქუთაისში საკმაოდ მზიანი ამინდია და არც წვიმის ღრუბლები ჩანს ჩრდილოეთის მიმართულებით.

... იმდენად დაძაბული გრაფიკით მიწევს ცხოვრება ბოლო ხანს, ჰესების გარდა სხვა რამეზე ფიქრის დროც არ მრჩება. ჩემი მეუღლე, შვილებისგან განსხვავებით, გაგებით ეკიდება ამ ამბავს…

სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზი გამართლდა... თუმცა არცთუ ისე ძლიერი წვიმაა. გადავწყვიტეთ ჰესის მიმდებარე ტერიტორია მაინც დავათვალიეროთ და იქნებ შევძლოთ გადაღება და დაგეგმილის ნაწილის მაინც შესრულება, ვინაიდან გადასაღები ბევრია, დრო კი მეორე დღეს - ცოტა (3 საათზეა აქცია ჭუბერში ჩანიშნული). დრონის ოპერატორმა, რომელსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებია, გადაწყვიტა გარისკოს და წვიმაში გაუშვას დრონი საკმაოდ მაღლა. ჩვენდა გასაოცრად, 100 მეტრამდე ასვლა დრონმა საკმაოდ კარგად შეძლო, თუმცა ძლიერი ქარისა და წვიმის მომატების შემდეგ ნათელი გახდა, რომ დრონის მართვას პრობლემები ექმნებოდა. გადავწყვიტეთ აღარ გაგვერისკა და დავბრუნებულიყავით ხაიშში და გადაგვეგეგმა მეორე დღის გადაღებები. ძალიან მონდომებულები არიან ბიჭები და ყველა ჩემს იდეას, თუნდაც გვიანობამდე გადაღებისა და ღამე წამოსვლის თაობაზე, ეთანხმებიან, რაც ძალიან მსიამოვნებს. მალე დასრულდა ეს დღე, რათა გამოვიძინოთ და ადრიანად შევუდგეთ გადაღებას.

არ წყდება ზარები ჩემს მობილურზე - მირეკავენ ჟურნალისტები და აზუსტებენ აქციის ადგილსა და დროს. მირეკავენ ადგილობრივებიც... დასრულდა დღე...

შაბათი, 21 აპრილი

ამ შემთხვევაშიც გამართლდა პროგნოზი და, წინა დღისგან განსხვავებით, მშვენიერი მზიანი დღე გამოდის. დილიდანვე გავედით საპროექტო ტერიტორიის გადასაღებად. ამ ადგილზე მობილური არ იჭერს და, შესაბამისად, ჩემი ტელეფონიც დუმს. დრონი კი დაფრინავს სხვადასხვა სიმაღლეზე და იღებს ყველაფერს, თუმცა მოულოდნელად აპარატმა გადაწყვიტა ავარიული დაშვება განეხორციელებინა. მართალია, კოორდინატები ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დრონი მდინარის მიერ წარმოქმნილ კუნძულზე დაჯდა. წყალი ყინულივით ცივია, გარშემო თოვლი დევს, დრონი კი გამოსაყვანია და, რაც მთავარია, ვკარგავთ ძვირფას დროს. მოულოდნელად ჩვენმა 18 წლის ოპერატორმა გადაწყვიტა არავის დალოდებოდა და პირდაპირ შევიდა გაყინულ მდინარეში. სანამ აზრზე მოვედით, ის უკვე კუნძულზე აღმოჩნდა და დრონს დაუწყო ძებნა. შემდეგ ისეთივე წარმატებით გადმოლახა მდინარე და გააგრძელა გადაღება. ფოტო-ვიდეოგადაღება გაგრძელდა მიწაზეც მეორე ოპერატორის მიერ იმ დრომდე, სანამ დრონს საბოლოოდ სამივე ელემენტი არ დაუჯდა. გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით ჭუბერში და დაგვეტენა ელემენტები... ჯერ კიდევ ბევრი რამაა გადასაღები, მათ შორის, აქცია.

პარალელურად კი თურმე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები თავად ჭუბერში. სავარაუდოდ, კომპანიის მიერ (ერთი ხელწერა - კაზრეთის, ტყიბულის და ა.შ.) მობილიზებულ იქნა პროექტში დასაქმებულ ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელმაც ხეობაში შემოსასვლელი გზა გადახერგა, რომ თბილისიდან და სვანეთიდან მომავალი სტუმრები არ შემოეშვათ ჭუბერის ცენტრში. აშკარად იგრძნობა დაძაბულობა და დაპირისპირების ნიშნები ხეობაში. საინტერესო კი ის არის, რომ „მომხრეებმა“ ხმა გაავრცელეს, თითქოს ეს აქცია საერთო სასვანეთო ლალხორის კი არა, ჭიპაშვილის ორგანიზებულია, რომელიც მათ იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის (პოლიტიკოსიც გავხდი) და იშველიებენ თურმე ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის გააქტიურებას ამ საკითხებზე.

სამის ნახევარზე ჭუბერს ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის, ხევის წარმომადგენელთა და თბილისიდან წამოსული აქტივისტების კოლონა მოადგა, თუმცა გზის გადახერგვის გამო გაჩერდნენ საგერგილის ხიდთან. ჭუბერის ცენტრში კი თავს იყრიან პროექტის მოწინააღმდეგეები. თან გამუდმებით ისმის ზარები ჩემს ტელეფონზე, რომ მარტო აღარ გადავაადგილდე, ვინაიდან, შესაძლოა, ჰესის მომხრეებმა რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. საინტერესოა, რომ პოლიცია საერთოდ არ ჩანს. ჩახერგილ გზასთან კი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სვანეთის ლალხორი ცდილობს მშვიდობიანად მოაგვაროს ჩახერგილი გზის გახსნის საკითხი. უკვე ოთხის ნახევარია და „მომხრეები“ აშკარად პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ, პოლიცია კი კვლავ არ ჩანს. საბოლოოდ, სადღაც 4 საათისკენ მომხრეების მიერ ჩახერგილი გზა გაიხსნა, პოლიციაც გამოჩნდა და ჩამოსულ სტუმრებს ხეობაში შესვლის საშუალება მიეცათ.

ამ შეფერხებამ დადებითად იმოქმედა გადაღებაზე, ვინაიდან ამ პერიოდში ყველა დრონის ყველა ელემენტი დაიტენა და თავისუფლად გადავიღეთ აქცია. მიუხედავად შებინდებისა, გადავიღეთ თავად ჰესის ტერიტორია სოფელ ლეკალმახეში და გავემართეთ 45 კმით დაცილებულ ნაკრას თემშიც. შებინდების მიუხედავად, დრონით გადავიღეთ ნაკრას ტერიტორიაც და ნაკრაში არსებული მთავარი ღვარცოფიც, შეძლებისდაგვარად.

მართალია, 100 %-ით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ საკმაო ვიდეო-ფოტომასალა მოგვიგროვდა. გადაღების შემდეგ პირდაპირ გამოვემართეთ თბილისისკენ.

დათო ჭიპაშვილის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:16:33 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG