Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიჭერენ თუ არა პუტინს, თუკი სომხეთში ჩავა?


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და სომხეთის პრემიერი ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერი, 2022 წ.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და სომხეთის პრემიერი ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერი, 2022 წ.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო რომის წესდების რატიფიცირებას.

რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი შეუერთდება ჰააგის სასამართლოს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

  • რატომ უერთდება სომხეთი რომის სტატუტს?
  • დააკავებს თუ არა სომხეთის ხელისუფლება ვლადიმირ პუტინს, თუკი იგი სტრატეგიულ პარტნიორს ეწვევა?

ICC, წესდება და დაკავების ორდერი

რომის წესდება (იგივე რომის სტატუტი) იტალიის დედაქალაქში 1998 წელს მიიღეს და ძალაში 2002 წელს შევიდა.

წესდება, რომელიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს, მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერაა რატიფიცირებული.

ჰააგის სასამართლო, - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), - მეოცე საუკუნის ბოლოს შეიქმნა და იძიებს მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევებს. მაგალითად, გენოციდს, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

წესდებას სომხეთმა 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წესდება წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონთან.

ვლადიმირ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა. 9 მარტი, 2022
ვლადიმირ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა. 9 მარტი, 2022

2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

თუკი ვლადიმირ პუტინი რომის სტატუტის ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება პუტინზე ძებნის გამოცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, 24 მარტს გამოიტანა.

რისთვის სჭირდება სომხეთს წესდება?

სომხეთის მთავრობამ 2022 წლის 29 დეკემბერს განაცხადა, რომ წესდების რატიფიცირების პროცედურა დაიწყებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ რატიფიცირების ბარიერი საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილება იყო, ხოლო სომხეთის კონსტიტუცია ამ პერიოდში ორჯერ - 2005 და 2015 წლებში - შეიცვალა, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს დეკემბრის ბოლოს ისევ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის საპარლამენტო გუნდის მიერაა წარდგენილი.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. 24 მარტი, 2023
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. 24 მარტი, 2023

დეკემბერში სომხეთის მთავრობა მიუთითებდა, რომ რომის წესდების რატიფიცირების საჭიროება განპირობებული იყო „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესიით“.

იუსტიციის მინისტრ გრიგორ მინასიანის განცხადებით, რომის სტატუტის რატიფიცირება ქვეყანას მისცემს საშუალებას, იჩივლოს ჰააგის სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2021 წლის მაისში და 2022 წლის სექტემბერში „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის“ გამო.

მორიგი ომის მოლოდინში მყოფ სომხეთს ჰააგის სასამართლოში გაწევრიანება, ყველაზე მეტად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტის გასაძლიერებლად სჭირდება.

მინისტრმა მინასიანმა ასევე მიუთითა, რომ სომხეთისთვის რომის წესდების რატიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან „ღრმა და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების“ (CEPA) ფარგლებში.

სომხეთის მთავრობის სხდომა 2022 წლის 29 დეკემბერს, სადაც რომის სტატუტის საკითხი განიხილეს
სომხეთის მთავრობის სხდომა 2022 წლის 29 დეკემბერს, სადაც რომის სტატუტის საკითხი განიხილეს

თამამი ნაბიჯი?

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა.

ჰააგის სასამართლოს მიერ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გამოცემის ფონზე, ქვეყანაში დაიწყო დისკუსია, უნდა გაეგრძელებინა თუ არა ქვეყანა წესდების რატიფიცირების პროცესი.

საკონსტიტუციო სასამართლომ 24 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით მწვანე შუქი აუნთო სომხეთის პარლამენტის მიერ რომის წესდების რატიფიცირებას.

სასამართლოს თავმჯდომარემ, არმან დილანიანმა განაცხადა, რომ რომის წესდების მოთხოვნები შესაბამისობაშია სომხეთის კონსტიტუციასთან.

შესაბამისად, პროცესი არ შეჩერებულა. ახლა ჯერი - და საბოლოო სიტყვა - პარლამენტზეა.

რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას ოფიციალურად აღიარებს და მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს.

„ჯერ მივიღოთ, შემდეგ გადავწყვიტოთ“

ვლადიმირ პუტინი ერევანში ბოლოს 2022 წლის 23 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხოს - ОДКБ-ის) სამიტზე ჩავიდა. მანამდე ის იქ იმყოფებოდა 2019 წელს, მანამდე კი - 2015 წელს.

სტატუტის რატიფიცირების შემთხვევაში, დააკავებენ თუ არა ვლადიმირ პუტინს სომხეთში ჩასვლისას? სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტების კითხვას ამ საკითხზე ასე უპასუხა:

„მოდით, ჯერ მოვახდინოთ რომის წესდების რატიფიცირება და შემდეგ გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ“.

ეს კომენტარი 20 მარტით თარიღდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საკითხზე რაიმე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ცდილობს კომენტარების მოპოვებას სომხეთის პარლამენტის წევრებისაგან ამ საკითხზე.

ალან სიმონიანი, სომხეთის პარლამენტის მოქმედი სპიკერი
ალან სიმონიანი, სომხეთის პარლამენტის მოქმედი სპიკერი

20 მარტსვე, ჟურნალისტებთან იმავე საუბარში, პარლამენტის თავმჯდომარემ სკეპტიციზმი გამოხატა სხვა ქვეყნების მიერ დაკავების ორდერის აღსრულებისადმი:

„საინტერესოა, როგორ მოიქცევიან სხვა ქვეყნები, თუკი იგი [პუტინი] მათთან ჩავა. მე ეს ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ამის იმპლემენტაცია, მაგალითად, კანადაში. ჯერ მათ გააკეთონ ეს, და ჩვენც გავაკეთებთ დიდი სიამოვნებით. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური, და, ვიტყოდი, ისტორიული განცხადებაა. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ვერ წარმომიდგენია [აღსრულება]“, - განაცხადა მან.

რას ფიქრობენ ერევანში?

ვლადიმირ პუტინს, მართალია, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ ელის დაპატიმრება, თუმცა, როგორც სამართალმცოდნეები ამბობენ, დაპატიმრების ორდერს უკან აღარავინ გაიწვევს და ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - აჩვენებს, რომ „არავინ დგას საერთაშორისო სამართალზე მაღლა“ და „პუტინი გარიყული, განდეგილი ხდება“.

„რომის სტატუტის“ მონაწილე ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლოს და განაცხადა, რომ იგი გამოხატავს კოლექტიურ ვალდებულებას, ებრძოლონ ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულისთვის დაუსჯელობას. პრეზიდიუმი „რომის სტატუტის“ მონაწილე ყველა ქვეყანას მოუწოდა, პატივი სცენ სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას.

„ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის“ ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი, არტურ საკუნცი მიიჩნევს, რომ რატიფიცირების პროცესის შეჩერებით სომხეთი საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნის გზავნილს, რომ ის არ არის საიმედო პარტნიორი.

სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, წლების განმავლობაში ითვლებოდა მისი უსაფრთხოების გარანტორად (სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარეობს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა), რჩება მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ა.შ.. თუმცა მათს ურთიერთობებში ბოლო პერიოდში ნაპრალები ჩნდება. მაგალითად:

  • ერევანი შეშფოთებულია 2022 წლის შემოდგომაზე, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთის უარით, მის გარშემო შეკრული ალიანსის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, პროცესში ჩართვაზე;
  • სომხეთში შესვლა აეკრძალათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს;
  • პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს;

მეორე მხრივ, არსებობს რისკები. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ერევნიდან, გურგენ პეტროსიანი მიიჩნევს, რომ „თუკი ჰააგის სასამართლოს შევუერთდებით, რუსეთი ჩვენს დასასჯელად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრა ერევანში. 2022 წლის ნოემბერი
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრა ერევანში. 2022 წლის ნოემბერი

რუსეთისგან დასჯა კი სომხეთის მოქმედი მთავრობისთვის არახალია - სწორედ ამას უკავშირებენ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში რუსეთის ფედერაციის დაგვიანებულ მედიაციას აზერბაიჯანთან.

იმ ფონზე, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანისგან თავდასხმის მოლოდინზე საუბრობს, რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ერევანს დამატებით თავის ტკივილს გაუჩენს.

პოლიტიკის ანალიტიკოსი არტიომ ტონოიანი, ავტორი წიგნისა, „ცეცხლმოკიდებული შავი ბაღი“ („ყარაბაღი“ ქართულად შავ ბაღს ნიშნავს), წერს, რომ ამჟამად ვერცერთ შესაძლო სცენარს ვერ გამორიცხავს:

  1. სომხეთის პარლამენტი რომის წესდების რატიფიცირებას გადადებს უფრო შესაფერის (ნაკლებად სენსიტიურ) დრომდე [თუმცა, ეს შესაფერისი დრო შესაძლოა არც დადგეს - პარლამენტს მხოლოდ სამი თვე აქვს რატიფიცირებისათვის - რ.თ]
  2. პარლამენტმა მოახდინოს რატიფიცირება, თუმცა დაკავებაზე უარი განაცხადოს;
  3. რატიფიცირების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი არ ჩავიდეს სომხეთში;
  4. რატიფიცირების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინმა გამოცადოს დაკავების ორდერის ეფექტურობა სომხეთში ვიზიტის დაინიცირებით.

შეილა პაილანი, საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტი, გაეროს ყოფილი მრჩეველი EVN Report-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „რუსეთი ხდება პარია სახელმწიფო, სომხეთი ვეღარ ახერხებს მასთან აფილირების გამართლებას, განსაკუთრებით მის მიერ სომხეთის წინაშე კუხოს ფარგლებში არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე“.

იგი ასევე მიუთითებს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს სომხეთს, აზერბაიჯანის აგრესიაა, და „ამისგან თავდაცვის საშუალება შეიძლება იყოს არა სხვა მტრულად განწყობილი „აუტსაიდერის“ მხარეს დადგომა, არამედ რომის სტატუტის რატიფიცირება, რათა სომხეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების და პროკურორების არჩევაში“.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტების კითხვაზე, „დააზუსტა თუ არა ერევანმა თავისი პოზიცია“ ამ საკითხზე, პესკოვმა უპასუხა: „ჯერ არა. ამას პარტნიორებთან განვიხილავთ“.

XS
SM
MD
LG