Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ!“


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ 2011 წლიდან მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება. უცნობი მამაკაცი ურეკავს და მოითხოვს მისგან ქონებისა და ფულის დაბრუნებას, მოითხოვს შვილის ნახვას. ინგა გრიგოლიას თქმით, მან არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ძალადობა არ შეწყვეტილა.

ინგა გრიგოლია: „მემუქრებოდა. ჩემთვის სრულიად გაუგებარი მუქარები იყო: „შვილი მაჩვენე“, „ფული დამიბრუნე“, „ქონება დამიბრუნე“... თავიდან ჩავთვალე, რომ ფსიქიკურად ვერ იყო ჯანმრთელი, მაგრამ მერე, როცა ძალიან შემაწუხებელი გახდა, მივმართე პოლიციას. დავდიოდი პოლიციაში, ვაძლევდი ჩვენებას. პოლიციელებმა მაჩვენეს მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც ასევე ამტკიცებდა, რომ იყო ჩემი შვილის მამა.

ეს ადამიანი, როგორც მე ვიცი, ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლები და საპატიმრო დატოვა 2013 წლის შემდეგ. ...საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის! მაინტერესებს ერთადერთი რამ: დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ! ეს ადამიანი არის სულ ხაზზე. ჩემ სახლთან არის დაცვა, კორპუსის დაცვა, რომლის თანამშრომლებს ასევე ჰყავთ ნანახი. მთელი უბედურება ის არის, რომ წერილში, რომელიც მან დამიტოვა სამსახურში, მითითებულია ჩემი ბინის მისამართი. მან იცის ყველაფერი ჩემ შესახებ, მე კი არაფერი ვიცი მასზე. ქუჩაში ისე გადავადგილდები, რომ არ ვიცი ვინ არის. ამ ადამიანმა კი იცის ჩემი მშობლების მისამართი, მისული იყო მათ სახლთან. მოკლედ, ვარ მართლა მძაფრსიუჟეტიან ფილმში.

თუ ამჯერადაც ვერ ვნახე, რომ ვინმე პასუხს აგებინებს ამ ადამიანს, მაშინ პირდაპირ კამერების წინ ვამბობ, სულ არ მადარდებს დანაშაული იქნება თუ - არა, ვიზრუნებ საკუთარი ხელით ჩემი თავის დაცვაზე. მე არ მჭირდება „ბოდიგარდები“ და არ მჭირდება ჩემ გვერდით მოსიარულე მცველები! ვარ თავისუფალი ადამიანი, მგონია, რომ ვცხოვრობ ნორმალურ ქვეყანაში, თუმცა ეს არის ის ქვეყანა, სადაც ორ კვირაში ერთხელ მთავარ თემად ვაშუქებთ იმას, თუ როგორ კლავენ ქალებს. არ ვიცი, ხვალ ვინ შეიძლება დამხვდეს სადარბაზოში და ჩამარტყას რამე თავში ან გამომჭრას ყელი. არ ვიცი!“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG