Accessibility links

დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი?


მმართველმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კარგა ხანს ალოდინა, სანამ ოფიციალურად დაუდასტურებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერასა და თანადგომას. სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ელოდა „ქართული ოცნების“ ღია თანადგომას და სხვადასხვა საჯარო გამოსვლაში სულაც არ მალავდა, რომ ჰქონდა მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი. იმასაც ამბობდა, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი გარანტი იქნებოდა.

კანონიერი გზა დამოუკიდებელი კანდიდატის დასახმარებლად

კანონმდებლობის თანახმად:

  • „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში პირდაპირი წესით ვერ დაეხმარება და ვერ გაუნაწილებს საკუთარ ფინანსურ რესურსს.
  • პარტიას ეკრძალება შემოწირულების განხორციელება. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები და, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი ვერ შესწირავს ფინანსებს დამოუკიდებელ კანდიდატს.
  • ერთადერთი შესაძლებლობა, რასაც კანონმდებლობა უშვებს, ეს არის მხარდაჭერა პოლიტიკური გზავნილების სახით.

„აბსურდი იქნება ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ მექნება, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი მხარს დამიჭერს“, - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 15 აგვისტოს გააკეთა, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პრეზიდენტობის კანდიდატს მოლოდინი 9 სექტემბერს დაუფასდა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ამცნო მმართველი გუნდის მხარდაჭერის შესახებ და იქვე დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას ძალუძს გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

„მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა პოლიტსაბჭოდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ და ამით საბოლოოდ გაამართლა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.

და მაინც, რას ნიშნავს, როდესაც ხარ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი და, ამასთანავე, მხარს გიჭერს მმართველი გუნდი? შეგიძლია თუ არა ასეთი მხარდაჭერის პირობებში დამოუკიდებლობის შენარჩუნება? რისი უფლებამოსილება აქვს მსგავს სიტუაციაში პარტიას, ანუ, ამ შემთხვევში, მმართველ გუნდს? შეუძლია თუ არა მას, რომ მხოლოდ სიტყვიერად კი არა, ფინანსურადაც დაგიდგეს გვერდში და, შესაბამისად, დიდი უპირატესობა მოგაპოვებინოს არჩევნებში?

რეალურად, კანონმდებლობის თანახმად, მმართველ გუნდს ამის უფლება არ აქვს. ანუ, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში პირდაპირი წესით ვერ დაეხმარება და ვერ გაუნაწილებს საკუთარ ფინანსურ რესურსს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, პარტიას ეკრძალება შემოწირულების განხორციელება. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები და, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი ოფიციალურად ვერ შესწირავს ფინანსურ სახსრებს დამოუკიდებელ კანდიდატს. თუმცა კანდიდატის დასახმარებლად პარტიას სხვა გზაც გააჩნია. ერთადერთი შესაძლებლობა, რასაც კანონმდებლობა უშვებს, ეს არის მხარდაჭერა პოლიტიკური გზავნილების სახით.

სალომე ზურაბიშვილის, როგორც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ფინანსურ მხარდაჭერას მმართველი გუნდი, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასე აპირებს:

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

„იმ შემომწირველებს, რომლებიც თანხას „ქართულ ოცნებას“ სწირავენ და წინასაარჩევნოდ აფინანსებენ, მოვუწოდებთ თავიანთი მხარდაჭერა მიმართონ სალომე ზურაბიშვილის ფონდისკენ“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოწოდებები პირდაპირ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, თუმცა ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გაუგებარი იქნება „ქართული ოცნების“ შემომწირველების სურვილი და ინტერესი, მხარი დაუჭირონ ისეთ კანდიდატს, რომელიც არ არის მათი ფავორიტი პარტიის იდეოლოგიის გამტარებელი და ოფიციალური კანდიდატი. ნინო რიჟამაძის აზრით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:

ნინო რიჟამაძისავე თქმით, არსებობს რისკი, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსსაც. სწორედ ამიტომ ის ამბობს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს საკითხიც დარეგულირებულია კანონმდებლობით და მათ მხოლოდ მოხალისეობრივი ფორმით შეუძლიათ ჩაერთონ კამპანიაში.

აი, მაგალითად, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს:

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, მე აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე“.

და სანამ მმართველი გუნდი საკუთარ შემომწირველებს მოუწოდებს ფინანსები სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად მიმართონ, საქართველოს სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ფონდში სულ 40 ლარის შემოწირულებაა განხორციელებული, თუმცა, ამავე დეკლარაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე „პროკრედიტბანკში“ ფიქსირდება თანხა 40 000 ლარის ოდენობით, რომლის წარმომავლობაც დეკლარაციაში არ არის მითითებული. როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, დეკლარაციის შევსებისას ამ თანხასთან დაკავშირებით დაშვებულია შეცდომა, რომლის შესახებაც ცნობილია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის. ანუ არსებობს თუ არა რეალურად ეს თანხა ფონდის ანგარიშზე, ამ ეტაპზე აუდიტის სამსახური ვერ ადასტურებს. აუდიტის სამსახურის განმარტებით, განახლებული დეკლარაცია სამსახურის საიტზე უახლოეს დღეებში აიტვირთება და სწორედ იქ გამოჩნდება ინფორმაცია როგორც ამ 40 ათასი ლარის წარმომავლობის, ისე ახალი შემომწირველებისა და შემოწირულებების შესახებ, თუკი ასეთი შემომწირველები იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG