Accessibility links

დასაფლავება მარტოობაში - ტრანსგენდერი ქალის დასასრული


24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. სიკვდილამდე თვე-ნახევრის განმავლობაში მას ბაბუა, მამის მამა, და ბებია, დედის დედა, ედგნენ თავზე. მშობლები დაშორებულები იყვნენ. ტრანსგენდერი ქალი, სახელად ლიკა, წლების განმავლობაში მარტო, ოჯახისგან შორს ცხოვრობდა. შვილის ავადმყოფობის შესახებ დედამ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე შეიტყო.

ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება:

“ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში გარდაცვლილი 24 წლის ტრანსგენდერი ქალის ბებიამ, თუმცა, მისივე თქმით, გარდაცვლილს არა სახლიდან, არამედ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან გაასვენებენ და დაკრძალავენ.

გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი აჭარის ექსპერტიზის ბიუროში 19 ივლისს გადაასვენეს. მისმა ბებიამ ექსპერტიზის ბიუროდან გასვენების მიზეზად რადიო თავისუფლებას ის დაუსახელა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობს „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლში სწორედ ამიტომ არ მიასვენებენ. ბებია ამბობს, რომ მას და ტრანსგენდერი ქალის მშობლებს არასდროს უთქვამთ უარი შვილსა და შვილიშვილზე, თუმცა „ცხედრისგან მომდინარე საფრთხის გამო“ მიცვალებულს პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებენ.

თავად გადაწყვიტა ასე. მისი ავადმყოფობის შესახებ რომ შევიტყვე, პირადად წამოვიყვანე თბილისიდან. ტყუილია, რომ მას მხოლოდ ბაბუა უვლიდა...
ტრანსგენდერი ქალის ბებია

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის საავადმყოფოს ფიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი ცეცხლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ტრანსგენდერისგან „ბაქტერიების გავრცელების საშიშროება არსებობდეს“ და ქალის ცხედარი საშიში შეიძლება იყოს ჭირისუფლისა და სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ხალხისთვის. მისი განმარტებით, გარდაცვლილი დაავადებული იყო აივ ინფექცია/შიდსით და ჰქონდა ტუბერკულოზის ის ფორმა, რომელიც გადამდები არ არის.

ტრანსგენდერი ქალი ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში 19 ივლისს გარდაიცვალა. როგორც დიმიტრი ცეცხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ცენტრში ის 8 ივნისიდან მკურნალობდა. მისივე თქმით, ტრანსგენდერ ქალს ბებია და ბაბუა პატრონობდნენ, მკურნალობის ხარჯები კი სრულად იყო ანაზღაურებული აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების ფარგლებში.

როგორც ტრანსგენდერი ქალის ბებია უამბობს რადიო თავისუფლებას, მისი შვილიშვილი 14 წლის იყო, სახლიდან რომ წავიდა: „თავად გადაწყვიტა ასე. მისი ავადმყოფობის შესახებ რომ შევიტყვე, პირადად წამოვიყვანე თბილისიდან. ტყუილია, რომ მას მხოლოდ ბაბუა უვლიდა“.

ლგბტ აქტივისტები იმ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რომელთა წინაშეც საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები დგანან. ეს პრობლემები, მათი თქმით, განსაკუთრებით სწორედ ჯანდაცვის სისტემას უკავშირდება.

ნინო ბოლქვაძე, ლგბტ აქტივისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია აივ/შიდსის პრევენციისა და კონტროლის ეროვნულ სტრატეგიაში ცალკე გამოიყოს ტრანსგენდერ ადამიანთა ჯგუფი და მათი საჭიროებები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG