Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზით სიკვდილი ნაქირავებ სახლებში


არასწორად დამონტაჟებული გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების 80%, „ყაზტრანსგაზის“ ცნობით, გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებზე მოდის. ბუნებრივი აირის გაჟონვასა და CO-თი მოწამვლის შემთხვევების მაქსიმალურ უმრავლესობას, სწორედ წესების დარღვევით დამონტაჟებული დანადგარები იწვევს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში „ყაზტრანსგაზმა“ 4 933 არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ჩახსნა. გასულ წელს კი ჯამში 69 133. რამდენად უსაფრთხოა გაქირავებულ ბინებში ცხოვრება, დღესდღეობით, თბილისში ამ კონკრეტულ საკითხს არავინ სწავლობს.

სიკვდილს გადარჩენილები

ნათია ზარიძე სამი წელია ქმართან ერთად ქირით ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, მეტრომშენის დასახლებაში, კერძო სახლი იქირავეს. სახლის პატრონმა უთხრა, რომ სახლში გამათბობელი ყველა წესის დაცვით იყო დამონტაჟებული და არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა ოჯახს. თუმცა, სახლის დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ნათიამ და მისმა ქმარმა ოთახში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და 114-ში დარეკეს. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა კი მათ უთხრეს, რომ სახლში ბუნებრივი აირი ჟონავდა:

„როდის გაიგუდებით, არავინ იცისო. სახლი მაშინვე დავცალეთ და კახეთის გზატკეცილზე, მრავალსართულიან კორპუსში ვიქირავეთ ბინა. ბინის პატრონმა გვითხრა, რომ გაზის გამათბობელი კარგად მუშაობდა, თუმცა, ისიც გვითხრა, თუ გინდათ, თქვენც გადაამოწმეთო. გადავამოწმეთ და დაზიანებული იყო დეტალი, რომლის გამოც ბინაში გაზი ჟონავდა. სახლის პატრონმა იყიდა ეს დეტალი და ახლა უსაფრთხოდ ვართ“.

ნათიას ამბობს, რომ ბინის გამქირავებლები ხშირად არაკეთილსინდისიერად იქცევიან და იმის გამო, რომ უსაფრთხო მოწყობილობების დამონტაჟებაზე თანხას ზოგავენ, დამქირავებლების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ:

„ვერ ვანდობთ ბინის პატრონებს ჩვენს სიცოცხლეს. დამქირავებელმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს, რამდენად უსაფრთხოდაა დამონტაჟებული გამათბობელი. სამწუხაროდ, ისინი ხშირად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ზოგავენ თანხებს“.

ბუნებრივი აირის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიების ქრონიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა თათია კოკაიას ნაქირავებ სახლში წყლის გამათბობელი პირველად ორი წლის წინ შეამოწმეს. თათია გააფრთხილეს, რომ ბინაში დამონტაჟებული იყო ე.წ. ერთკამერიანი, აკრძალული დანადგარი და მას პლომბი დაადეს. თუმცა, როგორც თათია ამბობს, კომპანიის თანამშრომლებმა ისიც უთხრეს, რომ თათიას, მათი წასვლის შემდეგ შეეძლო პლომბის ახსნა. თათია ასეც მოიქცა: „უბრალოდ, მას შემდეგ, როდესაც წყლის გამათბობელს ვრთავდი, სარკმელს ყოველთვის ღიას ვტოვებდი“.

ორი კვირის წინ, თათიას კორპუსში ისევ მივიდნენ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. ბუნებრივი აირის ონკანს კვლავ დაადეს პლომბი და თათია მკაცრად გააფრთხილეს, რომ პლომბის ახსნის შემთხვევაში, ის დაჯარიმდებოდა და მას წყლის გამათბობლის გამოცვლა მოსთხოვეს:

„როგორც მივხვდი, ამ მიმართულებით პოლიტიკა შეიცვალა და გამკაცრდა. ბინის პატრონს შევუთანხმდი. წყლის ახალ, უსაფრთხო გამათბობელს, ხვალ ვამონტაჟებთ“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) რეგლამენტის თანახმად, კომპანია „ყაზტრანსგაზი“ აბონენტებს თბილისის მასშტაბით ამოწმებს წელიწადში ერთხელ, მარტიდან მარტამდე, წინასწარ შემუშავებული გრაფიკით. რაც შეეხება ჯარიმას, რომელიც პლომბის ახსნის გამო დაეკისრება აბონენტს, კანონმდებლობის თანახმად, ის მხოლოდ 5 ლარს შეადგენს. როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამჟამად სემეკი მუშაობს კანონის გამკაცრებასა და ჯარიმის 100 ლარამდე გაზრდაზე.

​ბინების გამქირავებლების პასუხისმგებლობის წილი

ზურაბი ბინას ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რვასართულიან კორპუსში, 90-იანი წლებიდან აქირავებს. 30 წლის განმავლობაში არაერთი დამქირავებელი შეიცვალა. მოწყობილობა, რომელიც ბინაში სითბოსა და ცხელ წყალს უზრუნველყოფს, მისმა მდგმურმა დაამონტაჟა.

„ჩემს ბინაში, წლების განმავლობაში, მდგმურები სხვადასხვა გამათბობლებს იყენებდნენ. ელექტროღუმელით დაწყებული, გაზის გამათბობლით დამთავრებული. ბოლო ექვსი წელია ბინაში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ გაზის გამათბობელი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ექნებათ დამონტაჟებული. რამდენჯერმე ვიყავი მისული, ვნახე სისტემა და ასე, ერთი შეხედვით, თითქოს ნორმალურად არის დამონტაჟებული. მაგრამ მე სპეციალისტი არ ვარ. სამწუხაროდ, ეს ბოლო პერიოდია, ხშირად მესმის, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვით ადამიანები ძირითადად გაქირავებულ ბინებში იღუპებიან და იწამლებიან. ვაპირებ, რომ ამ დღეებში მივაკითხო ჩემს მდგმურებს და შევამოწმებინო დანადგარი. მართალია, ის მათი დამონტაჟებულია, მაგრამ რაკიღა ბინა ჩემია, ალბათ მეც მეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა“.

უძრავი ქონების სააგენტო werent.ge 2013 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მანასიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამქირავებლებმა მათი მეშვეობით მაქსიმალურად უსაფრთხო ბინები იქირაონ. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტო ძირითადად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ოპერირებს, მათ მიერ გაქირავებულ ბინებში ნაკლებად ხვდებიან წესების დარღვევით დამონტაჟებულ მოწყობილობებს, თუმცა, შემთხვევები მაინც არის:

„თუკი ვამჩნევთ, რომ ბინაში გამათბობელი არასწორად არის დამონტაჟებული და მას არ აქვს, მაგალითად, შიდა წვის კამერა, აუცილებლად ვაფრთხილებთ გამქირავებელს, რომ მოაგვაროს ეს საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინის გაქირავებაზე უარს ვამბობთ“.

გიორგი მანასიანის თქმით, საქართველოში, ბინების გაქირავების მიმართულებით არსებული მოთხოვნები, ხშირად ჩამორჩება ევროპულ სტანდარტებს, სადაც გამქირავებელმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბინაში უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის, დამონტაჟდეს სპეციალური დეტექტორები და ა.შ.

გაქირავებული ბინების აღრიცხვისა და შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი. მისი თქმით, დღესდღეობით არ არსებობს კონკრეტული მონაცემი იმისა, თუ რამდენი საცხოვრებელი ფართია თბილისში გაქირავებული. ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ბინების ჩრდილოვანი გაქირავება, პირველ რიგში, უკავშირდება ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საკმაოდ მაღალ, 5%-იან დაბეგვრას. ის ფიქრობს, რომ თუკი შემოსავლის დაბეგვრა 1%-მდე დაიწევს, მაშინ, შესაძლებელი გახდება როგორც ამ ბიზნესის „დღის სინათლეზე გამოსვლა“, ისე გაქირავებული ბინების უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაც:

„უნდა ვიცოდეთ რამდენი ბინა ქირავდება და რა მდგომარეობაშია ეს ბინები. უნდა ხდებოდეს გარკვეული დონის ინსპექტირებაც. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით, ყურს იყრუებს, რადგან პოლიტიკურად წამგებიანი თემაა. დღესდღეობით, ჩემი გათვლებით, თბილისში დაახლოებით 25-30 ათასი ბინაა გაქირავებული. ვფიქრობ, რომ ამ ბინების შესწავლა უნდა ხდებოდეს, თუმცა, ცხადია, ეს შემოწმება არც ხარჯთან უნდა იყოს დაკავშირებული და არც კორუფციის წყაროდ უნდა იქცეს. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ადამიანი, რომელიც ბინას აქირავებს, ცდილობს, ეს ბინა იაფად მოაწყოს და დაამონტაჟოს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც დიდ ხარჯს არ მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ის გაქირავებული ბინები წინასწარ რომ შეემოწმებინათ, სადაც ადამიანები გაზის გაჟონვის გამო დაიხოცნენ, ასეთი ტრაგედიები აღარ დატრიალდებოდა“.

გაზი რომ არ აფეთქდეს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

სიკვდილისა და აფეთქებების ბოლო ქრონიკა

2018-19 წლების ზამთრის სეზონზე, ანუ გათბობის სეზონზე, ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. CO-თი მოწამვლის შედეგად 2019 წლის იანვარ-თებერვალში 16 ადამიანი დაიღუპა, მათგან 7 ერთ ბინაში.

ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქების ბოლო შემთხვევა 7 აპრილს, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოხდა. აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 7 თვის ჩვილი.

იანვრის ბოლოს, 7 ადამიანი დაიღუპა ისანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. ისინი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებულნი და ერთ ბინაში ცხოვრობდნენ.

კიდევ ერთი ტრაგედია თბილისში 16 იანვარს, დიდ დიღომში დატრიალდა. ახალაშენებულ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG