Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედა, მამა, 10 ბავშვი და მიკროავტობუსი ფშავიდან


დედა, მამა, 10 ბავშვი და მიკროავტობუსი ფშავიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:38 0:00

შუაფხოში, უკანა ფშავში, ყველაზე ცოცხალი და ხმაურიანი ადგილი სკოლაა. ამ სკოლის 16 ბავშვიდან თითქმის ნახევარი, 7 მოსწავლე, სკოლის დირექტორის, ირმა ცქიფაშვილის შვილია. ირმას და მის მეუღლეს, ზაზა ჯაბანიშვილს, რომელიც შუაფხო-თბილისის რეისის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც ტრანსპორტით ის ემსახურება, 10 შვილი ჰყავთ. უფროსი უკვე პირველი კურსის სტუდენტია, უმცროსები კი ჯერ 3 და 4 წლისები არიან. როცა ირმას და ზაზას შვილები (თავიანთ კლასელებთან ერთად) სკოლას დაამთავრებენ, შუაფხოს სკოლაში შეიძლება ცალ ხელზე ჩამოსათვლელი მოსწავლეც აღარ დარჩეს. დღესაც სკოლას არ ჰყავს მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. ხეობა თითქმის დაცლილია. შუაფხოში არ არის მაღაზია, არც აფთიაქი. ამიტომ ყველას და მათ შორის ირმას და ზაზას ოჯახსაც, მუდმივად მარაგის კეთება უწევს. ძირითადად - თბილისში წამოსულ ზაზას აბარებენ ხოლმე აუცილებელ პროდუქტს, წამალს თუ სხვა საჭირო ნივთებს. მათი, ორივეს ხელფასი მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. ხშირად - გაჭირვებით. ირმა შუაფხოს სკოლაში ბავშვებს კომპიუტერზე მუშაობას ასწავლის. წლების წინ იქ შრომის მასწავლებლად მივიდა და დარჩა. მერე კი სკოლას სათავეშიც ჩაუდგა. გული იმაზე სწყდება, რომ ბავშვების სიმცირის გამო, სკოლაში სახელოვნებო წრეები არ არის და მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას ვერ იღებენ - შორი გზიდან მხოლოდ რამდენიმე ბავშვისთვის პედაგოგი ვერ მოდის.  ამბობს, რომ სკოლაზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვას და სხვა ათასი წვრილმანი პრობლემის მოგვარებას მისი დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. თავისუფალი დრო კი თითქმის არ რჩება. და ყველაზე დილა ასე იწყება - 3 წუთი სარკესთან და ისევ სკოლისკენ. 5 ოქტომბერს მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს. ეს დღე - ირმას დღეცაა.

XS
SM
MD
LG