Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის


პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ დეპუტატს შორის, რომლებმაც ხმა მისცეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, ახალი ინიციატივით გამოდის. ხუნდაძე ამბობს, რომ სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად. დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარუდგენს იმ იმედით, რომ ამ სისტემაზე ქვეყანამ გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს. ინიციატივის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.

სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.

ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები. ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება“, - ასე ასაბუთებს დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარული სისტემის უპირატესობას. მისი თქმით, ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატთა წრეშია მომწიფებული და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან განხილული არ ყოფილა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შეძლებს თანაგუნდელების დარწმუნებას ამ ინიციატივის „მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“.

დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივის სოციალურ ქსელში წარდგენისას პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც პასუხობს, პრეზიდენტის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებას და მის თანმხლებ დებატებს იხსენებს და ოპოზიციას ორმაგი სტანდატებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

„რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“. ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ეგრედ წოდებული ოფინიონ-მეიქერები, ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ“, - წერს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემა 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მისი თქმით, ამ ფაქტში საამაყო არაფერია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს“.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი 14 ნოემბერს ჩააგდო. საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG