Accessibility links

ედიტ ზგუტი: უნგრეთი არალიბერალური მმართველობის ძალიან წარმატებული ლაბორატორიაა


ედიტ ზგუტი

საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პოლიტიკური ძალაუფლების შემდგომი კონცენტრაციის შესაძლებლობას აძლევს. ევროკავშირში უნგრეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მემარჯვენე ძალები მართავენ. ავტორიტარული და ანტილიბერალური ტენდენციების გაძლიერება ევროპისათვის სერიოზულ გამოწვევად მიაჩნიათ სამოქალაქო აქტივისტებს. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ედიტ ზგუტი, „პოლიტიკური კაპიტალის“, ბუდაპეშტში მდებარე კვლევითი ინსტიტუტის, ანალიტიკოსი.

ედიტ ზგუტი: არჩევნებში ხმების ორი მესამედით გამარჯვება, რომელიც ვიქტორ ორბანმა მოიპოვა, ცხადყოფს, რამდენად შორს არის წასული ბოლო შვიდ წელიწადში არალიბერალური მმართველი რეჟიმის შექმნაზე მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთში შეიქმნა არალიბერალური მმართველობის ძალიან წარმატებული ლაბორატორია. ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან მასზე თვალს ხუჭავს ევროკავშირი.

რადიო თავისუფლება: ევროკავშირი მართლა თვალს ხუჭავს?

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც პარლამენტი გადადგამს, იქნება კანონპროექტ „შეაჩერე სოროსის“ („სტოპ სოროს“) განხილვა, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას...
ედიტ ზგუტი

ედიტ ზგუტი: აქამდე ორბანი წარმატებული იყო - ყოველთვის ახერხებდა მანევრირებას უნგრეთში პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციაზე მუშაობისას, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისას და ა.შ. და, როგორც ჩანს, ევროკავშირი ჯერ ვერ პოულობს გზას ამ მთავრობაზე გავლენის მოსახდენად ან მის შესაკავებლად. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რაც პოლონეთში ხდება: ზოგჯერ ამბობენ, რომ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი, თითქოს, ცდილობს, მიბაძოს ვიქტორ ორბანს. მაგრამ მთლად ასე არ არის: ჯერ კიდევ სანამ უნგრეთში ხელისუფების სათავეში „ფიდესი“ მოექცეოდა, კაჩინსკის უკვე მოფიქრებული ჰქონდა, როგორ უნდა მოეხდინა პოლონეთში პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია. თუმცა აშკარაა ის, რომ პოლონეთში უნგრეთის მსგავსი ზომები მიიღეს, ოღონდ გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით 2015 წლის არჩევნებში კაჩინსკის პარტიის გამარჯვების შემდეგ. ასე რომ, უნგრეთი, შესაძლოა, მართლაც ახდენდეს გავლენას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რუმინეთშიც ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც შეშფოთებას იწვევს: იქ ცდილობენ შეასუსტონ კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევა. ახლა ვერ ვიტყვით, შეძლებენ თუ ვერა რუმინეთში სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციას, მაგრამ უნგრეთში მოსალოდნელია, რომ სისტემა კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც პარლამენტი გადადგამს, იქნება კანონპროექტ „შეაჩერე სოროსის“ („სტოპ სოროს“) განხილვა, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. და, რაც მთავარია, ორი მესამედის უმრავლესობით მმართველი ძალა შეძლებს პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს სასამართლო სისტემა, რომელიც ბოლო წლებში, მთლიანობაში, დამოუკიდებელი იყო“.

რადიო თავისუფლება: იცით, ედიტ, ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ უნგრეთში და სხვა ქვეყნებშიც - „ვიშეგრადის ქვეყნებს“ ვგულისხმობ - ჟურნალისტები კონსერვატიულ ძალებს უფრო ემხრობიან, აქტიურად ავრცელებენ კონსერვატიული და ნაკლებად ლიბერალური ძალების მესიჯებს. ზოგჯერ ასეთი კონსერვატიული მეინსტრიმის ნაწილიც კი არიან.

შიშის დათესვით შეძლო ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საზოგადოების პოლარიზება. რეგიონებში მოსახლეობა, ინფორმაციის მიღების მხრივ, გეტოში იყო მოქცეული. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეგიონებში ძირითადი საინფორმაციო წყაროა, ფაქტობრივად, ერთადერთ თემას აშუქებდა - სულ მიგრაციასა და ტერორიზმზე ლაპარაკობდა: მიგრანტები სახლში შემოგიცვივიან, ქალებს გაგიუპატიურებენო. მართლაც საშინელ სურათს ხატავდნენ...
ედიტ ზგუტი

ედიტ ზგუტი: არა მგონია, სწორი იყოს ამ მთავრობის „კონსერვატიულ მეინსტრიმად“ მოხსენიება. ის, რამდენიმე წელია, ცდილობს უნგრეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში ულტრამემარჯვენე პოზიციის დაკავებას. არის რადიკალური, პოპულიზმის კუთხით. ცდილობს საზოგადოებიდან გარიყოს გარკვეული ჯგუფები, ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება და, პრაქტიკულად, ყველა, ვინც მთავრობას აკრიტიკებს. თუ ულტრამემარჯვენედ წინათ ითვლებოდა „იობიკი“, მომცრო ოპოზიციური პარტია, 2010 წლიდან „ფიდესი“ თანდათან შეუდგა „იობიკის“ პარტიული პროგრამის დიდი ნაწილის, ფაქტობრივად, ასლის გადაღებას და მის განხორციელებას. იგივე ეხება რიტორიკას, განცხადებების ტონს. თუ ერთმანეთს შევადარებთ „ფიდესისა“ და „იობიკის“ რიტორიკას, „ფიდესისა“ გაცილებით უფრო რადიკალურია.

რადიო თავისუფლება: ეს კონსერვატიული, არალიბერალური ძალები აქტიურდებიან მაშინ, როცა ლიბერალების პოზიცია სუსტდება. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ მხრივ რამე შეიცვალოს? ვის შეუძლია ვითარების შეცვლა?

ედიტ ზგუტი: ჩემი აზრით, ბოლო წლებში ევროპაში რამდენიმე დადებითი მაგალითი ვნახეთ. მაგალითად, საფრანგეთში ემანუელ მაკრონი წარმატებით დაუპირისპირდა ანტიდემოკრატიულ ძალებს და შეძლო მარინ ლე პენის დამარცხება. ანუ ვნახეთ, რომ ასეთი რამ შეუძლებელი არ არის - საქმე ისე არ არის, თითქოს ევროპას აღარაფერი ეშველება და მთლიანად ხელში ჩაუვარდება ულტრამემარჯვენეებსა და რადიკალურ ელემენტებს. მაგრამ კი, ეს არის ძალიან ძლიერი ტენდენცია რეგიონში, ნაწილობრივ, მიგრაციის გამო და იმის გამო, თუ როგორ წარმოსახავენ მიგრაციის საკითხს პოლიტიკოსები, როგორ უკავშირებენ მიგრაციას ტერორიზმს. ასე, შიშის დათესვით შეძლო ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საზოგადოების პოლარიზება. რეგიონებში მოსახლეობა, ინფორმაციის მიღების მხრივ, გეტოში იყო მოქცეული. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეგიონებში ძირითადი საინფორმაციო წყაროა, ფაქტობრივად, ერთადერთ თემას აშუქებდა - სულ მიგრაციასა და ტერორიზმზე ლაპარაკობდა: მიგრანტები სახლში შემოგიცვივიან, ქალებს გაგიუპატიურებენო. მართლაც საშინელ სურათს ხატავდნენ. მაჩვენებლები, რომლებიც უნგრეთში ქსენოფობიის მასშტაბს ასახავს, მართლაც მრავლისმეტყველია: გამოკითხულთა 54 პროცენტი ამბობს, რომ სასურველია, უნგრეთში არავინ იყოს უნგრელების გარდა! (12:42) მოკლედ, ბოლო წლებში მშვენივრად იმუშავა შიშის დათესვამ, ქსენოფობიის კამპანიამ.

რადიო თავისუფლება: მაგრამ როგორ ფიქრობთ, იმიგრაცია საერთოდ არ არის პრობლემა, უკანონო იმიგრაცია?

მთავრობის ყოველი მესიჯისა და მთელი რიტორიკის ცენტრში დგას მოწოდება: აქ ნუ ჩამოხვალთ, მიგრანტები არ გვჭირდებაო! უნგრეთში უცხოელების, მიგრანტების იდეალური რაოდენობა, ვიქტორ ორბანის გაგებით, არის ნული...
ედიტ ზგუტი

ედიტ ზგუტი: უნგრეთი არ არის სამიზნე ქვეყანა, სატრანზიტო ქვეყანაა! აქ ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლების უმრავლესობას სურს უნგრეთის გავლით ჩავიდეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მთავრობის მონაცემებით, უნგრეთმა დააკმაყოფილა 1240-მდე თავშესაფრის მაძიებლის თხოვნა - მათ მიანიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, რაც დაცვის ყველაზე სუსტი ფორმაა. მიანიჭა იმიტომ, რომ ვალდებულია, როგორც საერთაშორისო შეთანხმებების ხელმომწერი ქვეყანა. მაგრამ, ამავე დროს, მთავრობის ყოველი მესიჯისა და მთელი რიტორიკის ცენტრში დგას მოწოდება: აქ ნუ ჩამოხვალთ, მიგრანტები არ გვჭირდებაო! უნგრეთში უცხოელების, მიგრანტების იდეალური რაოდენობა, ვიქტორ ორბანის გაგებით, არის ნული.

რადიო თავისუფლება: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა? შეინიშნებოდა რუსული დეზინფორმაციის კამპანია?

ედიტ ზგუტი: უნგრეთში მისი არსებობა საჭირო არ იყო, რადგან მთავრობის მხარდამჭერი მედია სავსეა რუსეთის დეზინფორმაციის, რუსული ნარატივის მთავარი მესიჯებით. მთავრობის მხარდამჭერი მედია ავრცელებს შეთქმულების თეორიებს... ავიღოთ, თუნდაც, ინგლისში მოწამლული სკრიპალის საქმე. მედიაში დომინირებდა შეფასება, რომ ბრიტანეთის მთავრობის ინტერესებში იყო ის, რაც მოხდა. ან ავიღოთ უკრაინის მაიდნის მოვლენები - უნგრეთის მედიაში მას მოიხსენიებდნენ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ოპერაციად. წარმოიდგინეთ, მედია, რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, სავსეა ასეთი ცნობებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG