Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისრის ნდობის საკითხი


გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრის თანამდებობაზე უნგრელი ოლივერ ვარჰელის კანდიდატურა ბევრს მიაჩნია სადავოდ: ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში მრავალთათვის პრობლემურია. მაგრამ ნოემბრის შუა რიცხვებში ვარჰელიმ ევროპის პარლამენტის დეპუტატებს საკუთარი პროგრამა წარუდგინა და შეეცადა, უკიდურესად დამაჯერებელი ყოფილიყო.

სიმართლეს თვალებში შევხედოთ: მისი უნგრული პასპორტი რომ არა, მნიშვნელოვან პოსტზე მისი დანიშვნა არავის დააეჭვებდა. ვარჰელი იდეალურად ფლობს ინგლისურს, მისი ფრანგულიც ქებას იმსახურებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან რამდენიმე წელი იმუშავა ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენლად, ზუსტად იცის, რაზეც ლაპარაკობს.

მნიშვნელოვანია ვარჰელის შენიშვნები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის განვითარების შესახებ.

ვარჰელიმ არაორაზროვნად განაცხადა: ოქტომბრის გადაწყვეტილება, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ძირითადად საფრანგეთის პოზიციის გამო იქნა მიღებული, „შეცდომა“ იყო. ვარჰელიმ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა სურვილი, ტირანასა და სკოპიესთან მოლაპარაკებებს „მწვანე შუქი აენთოს“ ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთს შორის სამიტამდე, რომელიც მაისში გაიმართება ზაგრებში. ვარჰელი ვერ ხედავს წინააღმდეგობას ევროკავშირის გაფართოებასა და მის მონაწილეთა ინტეგრაციის გაღრმავებას შორის. განსხვავებით საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ემანუელ მაკრონი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია მხოლოდ ისეთი პროექტებით, რომლებიც გაზრდიდა ფედერალიზაციას და, შესაბამისად, ევროპულ საქმეებზე პარიზის გავლენას.

ევროკომისრობის კანდიდატმა გამოხატა იმედი, რომ სერბეთსა და კოსოვოს შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა რთულ მოლაპარაკებებში, თანაც მიმდინარე წელს. ევროკავშირის კულუარებში მეც გამიგია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ასეთი შედეგი შესაძლებელია: მომავალი შეთანხმების ჩარჩოები განსაზღვრულია, არ არის მხოლოდ მხარეების პოლიტიკური ნება. ვარჰელიმ ღიად ივარაუდა, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის შეთანხმებას ხელი შეიძლება შეუწყოს ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამ კოსოვოს მოქალაქეებისთვის (ასეთი კავშირი ბრიუსელში აქამდე არ უღიარებიათ). შემდეგ ვარჰელიმ განაცხადა: 2024 წელს, როცა კომისრის პოსტზე მისი მანდატი ამოიწურება, სერბეთი შეიძლება მზად იყოს ევროკავშირში შესასვლელად.

მნიშვნელოვანია ვარჰელის შენიშვნები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის განვითარების შესახებ: თუკი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურთ სხვადასხვა სფეროში (მაგალითად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში), მაშინ ბრიუსელში ამისთვის მომზადებული უნდა იყონ. ევროპარლამენტის დეპუტატებმა ვარჰელის გამოსვლისას წამოჭრეს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების დელიკატური საკითხი კიევის განათლების ახალ კანონთან დაკავშირებით და ახსენეს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კავშირი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან. ვარჰელიმ პირობა დადო: მისთვის უკრაინა „ყოველთვის იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი“, ევროკავშირი კი „მხარს დაუჭერს და დაიცავს უკრაინას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხში, თუკი პროგრესს ვერ დავინახავთ მინსკის პროცესში“. ყველაფერი ეს შეიძლება მხოლოდ სიტყვები აღმოჩნდეს, მაგრამ, ზოგის შიშის მიუხედავად, ვარჰელის არ დაუტოვებია „ორბანის საბრძოლო ძაღლის“ შთაბეჭდილება.

ზოგის შიშის მიუხედავად, ვარჰელის არ დაუტოვებია „ორბანის საბრძოლო ძაღლის“ შთაბეჭდილება.


მიუხედავად ამისა, „ბუდაპეშტის აჩრდლი“ მომავალშიც სდევს თან ვარჰელის. ვინაიდან როცა ის ევროკავშირში უნგრეთს წარმოადგენდა, მთელი ძალით ცდილობდა დაეცვა ბუდაპეშტი საყვედურებისგან პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. უხერხული იქნება, თუკი ადამიანი, რომელსაც საკუთარმა მთავრობამ დაავალა დაბლოკოს ევროკავშირის ძალისხმევა, მიმართული უნგრული უმცირესობის თაობაზე კიევთან სადავო საკითხების მოგვარებისკენ, ახლა უკრაინის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის იქნება პასუხისმგებელი. ბოლოს და ბოლოს, ირონიითაა აღსავსე თავად ის გარემოებაც, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის პასუხისმგებელი იქნება უნგრეთის წარმომადგენელი, ქვეყნისა, რომელიც ცნობილია რუსეთის, პეკინისა და თურქეთისადმი სულ უფრო და უფრო მეტად თბილი დამოკიდებულებით. ეს ქვეყნები კი, როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ევროპაში გავლენისთვის იბრძვიან.

ევროპის პარლამენტში გამართული მოსმენისას ვარჰელის შანსი მიეცა, დისტანცირებულიყო უნგრეთის მთავრობის პოლიტიკისგან. მან რამდენჯერმე მკაფიოდ ახსნა, რომ „სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედებს“ და „მიჰყვება ევროკავშირისა და მხოლოდ ევროკავშირის ხაზს“. მაგრამ ვინც ვარჰელისგან თავისი ყოფილი პოლიტიკური ხელმძღვანელის გაკრიტიკებას ელოდა, იმედგაცრუებული დარჩა... თავის ახალ თანამდებობაზე ვარჰელიმ უნდა შეასრულოს დაპირებები და კვლავ აქციოს ევროკავშირი თავისი აღმოსავლელი პარტნიორების სანდო პარტნიორად, რომელსაც კვლავ სერიოზულად ენდობიან მეზობლები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG