Accessibility links

site logo site logo

ევროპაში „ფაიზერის“ საწინააღმდეგო კამპანიის უკან რუსული ქსელი დგას - რადიო თავისუფლების გამოძიება


იულია სერებრიანსკაია, „რუსული ინიციატივის“ სავარაუდო კანდიდატი 2019 წლის მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისთვის, ესწრება შეხვედრას მოსკოვში. 2019 წლის 1 აგვისტო

კორონავირუსის დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის უკან დგას რუსული მარკეტინგული კომპანიების ქსელი, რომელიც საეჭვო საკვები დანამატებისა და მავნე კომპიუტერული პროგრამების გაყიდვითაა ცნობილი, - დაადგინა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გამოძიებამ.

კვალი იულია სერებრიანსკაიასთან მიდის, მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც კრემლის მხარდამჭერ პოლიტიკურ წრეებში აქტიურობს. გამოძიება ახალ ინფორმაციას გვაძლევს კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურ ადამიანებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად - მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში - და რომელმაც, როგორც იუწყებიან, საფრანგეთის უშიშროების სამსახურების ყურადღება მიიპყრო.

სერებრიანსკაია დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“, პოლიტიკურ კამპანიებში. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „რუსულ ინიციატივას“, რომელიც საკუთარ საქმიანობას ასე აღწერს: ორგანიზაცია წარმოადგენს „რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა მსოფლიო ერთობას“, რომლის მიზანიცაა „ადეკვატურად წარმოჩენა ჩვენი ტრადიციების, ჩვენი სოციალური მიღწევების, ნაცვლად სამშობლოს შესახებ დამახინჯებული იდეების თმენისა“.

დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც მარკეტინგული კომპანიებიც არიან ჩართული, ახალ განზომილებას ჰმატებს რუსეთის ფარულ მცდელობებს, წინ წამოსწიოს საკუთარი ვაქცინა. ამ მცდელობების უკან კი რუსული ფონდი - Russia Direct Investment Fund (RDIF) - დგას.

RDIF აგრესიულად ცდილობს „სპუტნიკის“ რეკლამირებას, ხაზს უსვამს და დროდადრო აბუქებს მის შესაძლებლობებს და, ამავე დროს, ღიად აკრიტიკებს დასავლურ ვაქცინებს - „ფაიზერს“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ RDIF დაკავშირებულია მარკეტინგულ კამპანიასთან, რომელიც, ბოლო რამდენიმე კვირაა, დაიწყო და რომელმაც სამიზნეში ამოიღო „ინფლუენსერები“ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

დასავლური მედიის ცნობით, ფრანგმა ბლოგერებმა მიიღეს ი-მეილები პიროვნებისგან, რომელიც ამბობდა, რომ მარკეტინგულ კომპანია Fazze-ს წარმოადგენდა. ი-მეილში ნათქვამი იყო, რომ კომპანია ფულს გადაუხდიდა ბლოგერებს YouTube-ზე, Instagram-სა და სხვა პლატფორმებზე განთავსებული ვიდეოებისთვის, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინა იქნებოდა გაკრიტიკებული.

ფრანგმა ბლოგერმა ლეო გრასეტმა, რომლის „იუტუბის“ არხსაც 1,2 მილიონი გამომწერი ჰყავს, განაცხადა, რომ მსგავსი წერილი მანაც მიიღო და სკრინშოტები „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

პოპულარულმა გერმანელმა ბლოგერმა მირკო დროჩმანმაც განათავსა სოციალური მედიით ი-მეილის სკრინშოტები, სადაც მას „ფაიზერის“ ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას სთხოვდნენ.

კომპანია Fazze, რომელსაც საიტზე ლონდონური მისამართი აქვს მითითებული, ბრიტანეთში დარეგისტრირებული არ არის, თუმცა სხვა საიტზე ეს ფირმა აღწერილია, როგორც მარკეტინგული სააგენტო AdNow-ს ნაწილი, რომელსაც ოფისები ბრიტანეთსა და რუსეთში აქვს.

ბრიტანული ფირმა Adnow LLP 2014 წელს დააარსეს ბრიტანელმა მამაკაცმა და რუსმა სტანისლავ ფესენკომ. Adnow-ს და Fazze-ს ლონდონში ერთი მისამართი აქვთ - „კორპორაციული საფოსტო ყუთი“, სადაც ათობით კომპანიაა დარეგისტრირებული.

2018 წლამდე AdNow-ს რუსეთის განყოფილებას სერებრიანსკაია ხელმძღვანელობდა.

კომპანიის მოსკოვის ოფისის ოფიციალური მისამართი ვარშავსკოე შოსეზე მდებარეობს. აქვეა დარეგისტრირებული მარკეტინგული ფირმა 2WTrade, რომელსაც ასევე სერებრიანსკაია ფლობს. ონლაინ განთავსებული ჩარტი, რომელიც, როგორც ჩანს, შიდა კორპორაციული დოკუმენტია, დამატებით კავშირებს ავლებს Adnow-ს, 2WTrade-სა და სერებრიანსკაიასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებს შორის.

იულია სერებრიანსკაიამ 2001 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა მათემატიკის განხრით. ის მცირე ხნით მუშაობდა ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიაში, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა, სადაც, თავისივე ცნობით, NTV-სა და „პერვი კანალზე“ მუშაობდა.

როგორც ჩანს, იულია სერებრიანსკაია მუშაობდა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის საარჩევნო კამპანიაში
როგორც ჩანს, იულია სერებრიანსკაია მუშაობდა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის საარჩევნო კამპანიაში

მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს ის დმიტრი მედვედევის, 2012 წელს კი ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ კი მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ პოლიტიკის დეპარტამენტის სარეკლამო მხარეს ხელმძღვანელობდა.

2013 წელს სერებრიანსკაია „ოჯახური მიზეზების გამო“ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ორი წელი დაყო. იქ ყოფნისას, თავისივე თქმით, „კავშირები დაამყარა კალიფორნიაში მცხოვრებ რუსებთან - სახელდობრ, სილიკონის ხეობის ტექნოლოგიურ კომპანიებთან“.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო მისი ამერიკაში ყოფნის საჯარო მონაცემების მოძებნა.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ სერებრიანსკაიამ ჯერ კომპანია 2WTrade დააარსა, შემდეგ კი „რუსული ინიციატივა“.

სერებრიანსკაიას და Fazze-ს ი-მეილებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე არ უპასუხიათ.

ოჯახური კავშირები?

ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც AdNow-ს ერთ-ერთ დამფუძნებლადაა დასახელებული, ბრიტანულ დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც იუან ტოლადეი. ის მანამდე მუშაობდა მავნე კომპიუტერული პროგრამების გამავრცელებელ კომპანია Mottogeek-ში, რომელიც ამჟამად AnnGames-ის სახელითაა ცნობილი. AnnGames-ის ყოფილი თანამფლობელია სტანისლავ ფესენკო, AdNow-ს მეორე დამფუძნებელი.

AdNow-ს მოსკოვის ოფისის კიდევ ერთი თანამშრომელია ვიაჩესლავ უსოლცევი, რომელიც მანამდე მსგავს მარკეტინგულ კომპანიაში, Brand.ad-ში, მუშაობდა. უსოლცევი, ამავე დროს, გახლავთ Fazze.com-ის დირექტორი LinkedIn-ის საკუთარი პროფილის მიხედვით, რომელიც 27 მაისს გაუქმდა. Brand.ad-ის საიტზე ფირმის მფლობელის გვარია მითითებული - სერებრიანსკი. სახელი ან მამის სახელი არსადაა მოცემული.

თუმცა კიდევ ერთ საჯარო მონაცემთა ბაზაში დასახელებულია მიხაილ სერებრიანსკი, რომელსაც მამის სახელი იგივე აქვს, რაც სერებრიანსკაიას.

სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, სერებრიანსკის ეკუთვნის არაერთი სხვადასხვა ფირმა, რომელთაგან რამდენიმე იმავე მისამართზეა დარეგისტრირებული, რომელზეც სერებრიანსკაიასთან ასოცირებული კომპანიები.

ერთ-ერთ საიტზე კომენტატორი წერს, რომ სერებრიანსკაიას ძმა ფირმის „ინვესტორია“.

2018 წლამდე სერებრიანსკაია რეგისტრირებული იყო, როგორც ბრიტანული კომპანია 2WTrade LLP-ს მფლობელი, თუმცა მას შემდეგ ფირმის მფლობელობა გადავიდა გვატემალელი მამაკაცის ხელში. იმავე სახელის მამაკაცია დასახელებული, როგორც სერებრიანსკაიას ორგანიზაციის, „რუსული ინიციატივის“, თანადამფუძნებელი.

გრემ ბეროუმ, ფინანსური დანაშაულების ექსპერტმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სერებრიანსკაია სამი ბრიტანული ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. სავარაუდოდ, სამივე ფირმა ფიქტიური ორგანიზაციებია - ისინი რეალურ კომერციულ აქტივობას არ აწარმოებენ და მხოლოდ აქტივების გამტარად გამოიყენებიან.

კარგი მეცნიერება, ცუდი მარკეტინგი?

სოციალური მედიის ამ კამპანიაში არ ჩანს რუსული საჯარო უწყებების ან მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობის მტკიცებულება, თუმცა შეიძლება დავინახოთ მსგავსებები RDIF-ის მიერ წარმოებულ პიარ აქტივობებთან.

RDIF „ტვიტერზე“ ცდილობდა იმ სამეცნიერო კვლევების წინ წამოწევას, სადაც დასავლური ვაქცინების ნეგატიურ ეფექტებზე იყო ლაპარაკი, თუმცა, როდესაც სლოვაკეთმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მიღებული „სპუტნიკის“ ვაქცინის პარტია განსხვავდებოდა იმისგან, რომელსაც საერთაშორისო მეცნიერები და მარეგულირებლები განიხილავენ, RDIF-მა „სპუტნიკის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიაზე დაიწყო ლაპარაკი.

სექტემბერში რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება ამ ვაქცინის თრომბთან შესაძლო კავშირის გამო. ეს გადაწყვეტილება დროებითი აღმოჩნდა - ამ ქვეყნების მარეგულირებელმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ რისკი მინიმალური იყო.

RDIF-ის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა, განაცხადა, რომ მიესალმებოდა ვაქცინაციის პროცესის აღდგენას, თუმცა ამავე დროს მიანიშნა, რომ ვაქცინა ნაკლოვან სამეცნიერო პლატფორმაზე შეიქმნა.

RDIF-ის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი
RDIF-ის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი

„ცხადად გამოჩნდა, რომ მცდარია მიდგომა, როდესაც ქვეყნები მთლიანად ეყრდნობიან ახალ და გამოუცდელ პლატფორმებს, როდესაც ვაქცინას ირჩევენ ფართო გამოყენებისათვის“, - განაცხადა დმიტრიევმა.

ოქტომბერში The Times Of London-მა აღწერა დეზინფორმაციის ფარული კამპანია, რომელიც „ასტრაზენეკას“ დისკრედიტაციას ცდილობდა. ყალბი ვებსაიტები ავრცელებდნენ ინტერნეტ-მიმებს და ვიდეოებს, თითქოს ეს ვაქცინა ადამიანებს მაიმუნებად აქცევდა.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების შესახებ.

„რუსეთი არავის აწვდის არასწორ ინფორმაციას. რუსეთი ამაყად ლაპარაკობს საკუთარ წარმატებებზე და რუსეთი სხვებს უზიარებს თავის წარმატებებს მსოფლიოში დარეგისტრირებულ პირველ ვაქცინასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG