Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ უნდა დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან


ევროპის მთავარმა ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან და შეიმუშაოს მდინარეების დაცვის ეროვნული გეგმა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს, რომელმაც ბერნის კონცენციას საჩივრით 2016 წელს მიმართა, როდესაც საქართველოს მთავრობამ „ზურმუხტის საიტების“ კანდიდატების სიიდან ამოიღო „სვანეთი 1“, რადგან იმ ტერიტორიაზე ნენსკრა ჰესის აშენება გადაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება საჩივრის დახურვას ითხოვდა, თუმცა ბიურომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ (ბერნის) კონვენციის მმართველი ორგანო საქართველოს სთხოვს, დაიცვას დიდი მდინარეები და ისინი შეიყვანოს ქვეყნის ბუნებისდაცვითი ტერიტორიების ქსელში - „ზურმუხტის ქსელში“. ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ ეს გადაწყვეტილება მიიღო 7-8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ერთხელ კიდევ განიხილა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბალკანეთის ველური ბუნების საზოგადოებასთან“ (Balkani Wildlife Society) ერთად მოამზადა.

ბერნის კონვენციამ გაიზიარა „მწვანე ალტერნატივის“ არგუმენტები, რომ საქართველოში „ზურმუხტის ქსელის საიტების“ რაოდენობა და ფართობი შემცირებულია, ბუნებისდაცვითი ტერიტორიებიდან ამოღებულია ადგილები, სადაც იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების აშენება, დიდი მდინარეები დაუცველია და ეს ყველაფერი განპირობებულია ჰიდროენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობით.

მაგალითად, მდინარე რიონი ვერ მოხვდა საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“, ისევე როგორც ის ვერ მოხვდა დაგეგმილი რაჭის ეროვნული პარკისა და აღკვეთილის ფართობში, ვინაიდან ხელისუფლებამ ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების აშენება გადაწყვიტა.

ბერნის კონვენციის წევრი საქართველო 2002 წელს გახდა. კონვენციის წევრი ქვეყნების ვალდებულებაა, საკუთარ ტერიტორიებზე ჩამოაყალიბონ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე არეალებისგან შემდგარი ბუნებისდაცვითი ქსელი - „ზურმუხტის ქსელი“. ქსელის მიზანია ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნება. „ზურმუხტის ქსელის“ ჩამოყალიბების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს. ის 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG