Accessibility links

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს


„ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე საუბარი სისულელეა. ეს თემა დღის წესრიგში ერთხელაც არ დამდგარა და დარწმუნებული ვარ, არც დადგება“ - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. გურასპაულმა ამ განცხადებით უპასუხა იმ ხმაურს, რომელიც მის მიერვე გუშინ გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევრობასკეტის მისაღებად დიღომში სპორტის სასახლე აღარ აშენდება და გეგმაში ოლიმპიური სასახლის რესტავრაციაა.

დღეს, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან - შალვა გოგოლაძესთან ერთად შეხვდა. მათ გარდა, ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისზე ისაუბრეს ვეტერანმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა და კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა, რომელიც ამავდროულად, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის (FIBA) ბორდის წევრიცაა.

თბილისი 2021

საქართველომ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების მასპინძლის სტატუსი ხუთი თვის წინ მოიპოვა - ივლისში მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჩატარების მსურველი შვიდი ქვეყნიდან ფიბამ არჩევანი ოთხზე შეაჩერა. გამოცხადდა, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ კი შეჯიბრება მხოლოდ გერმანიაში გაგრძელდება.

ბორდის სხდომას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისი უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს. პარალელურად კი, დამსწრეთ სპეციალური ვიდეორგოლიც აჩვენეს, საქართველოს შესახებ. მიუნხენის ქართულ დელეგაციაში იყვნენ ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

დიღმის სპორტის სასახლე

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიღებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო სპორტის სასახლე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ამჟამად, ამ რანგის შეჯიბრებებისთვის საჭირო სპორტული დარბაზი საქართველოში არ არსებობს და მშენებლობის დაწყებას კალათბურთელების გარდა სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც დიდი ინტერესით ელოდნენ, მაგრამ... ახლა უკვე მოლოდინის ობიექტი სულ სხვა სასახლეა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ სასახლე, რომლის მთავარი არენის ტრიბუნებიც დაახლოებით ორი ათას მაყურებელს იტევს. იანვრიდან ოლიმპიურ სასახლეში ახალი მშენებლობა დაიწყება. წელიწად-ნახევარში კი მზად იქნება დაახლოებით ათიათასკაციანი დარბაზი, რომელშიც ფიბას ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.

მეორე პრესკონფერენცია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტისთვის მზადებასთან დაკავშირებით ორ დღეში ორი პრესკონფერენცია ჩაატარა. ჟურნალისტებთან მეორედ შეხვედრის მიზეზი უფრო ის იყო, რომ დარბაზის საკითხი საგანგაშო თემა არ უნდა გახდეს.

„ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძლის სტატუსის მიღებისთანავე შევუდექით. მას შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ინტერვიუ მივეცი. სულ ვამბობდი, რომ მიმდინარეობდა მუშაობა. კითხვის ნიშანი კი არასოდეს დამისვამს. დარბაზის საკითხზე კი, გუშინ და დღეს ისეთი უიმედო კომენტარები მოვისმინე და წავიკითხე, არანაირი საფუძველი რომ არ აქვს. თურმე შეიძლება მასპინძლის სტატუსი ჩამოგვართვან და ავსტრიას გადასცენ. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება და არა პანიკა. საგანგაშო არაფერია. ისეთი დარბაზი აშენდება, რომელიც კალათბურთის გარდა, სხვა სახეობებშიც არაერთ დიდ შეჯიბრებას უმასპინძლებს“ - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

შალვა გოგოლაძემ თქვა, რომ ოლიმპიური სასახლის რესტავრაციის საკითხი დღის წესრიგში თავიდანვე იდგა და ამ ვარიანტზე არჩევანი ფიბას წარმომადგენლების რჩევით და მათთან შეთანხმებით შეჩერდა.

„ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი. თუნდაც ტერიტორიული თვალსაზრისით. უმაღლესი რანგის შეჯიბრების მასპინძლობისას უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორი, რომ მაყურებელმა ადვილად შეძლოს დარბაზამდე მისვლა. საქართველოს მთავრობა საორგანიზაციო საკითხებში აქტიურადაა ჩართული და გარწმუნებთ, ახალ, მულტიფუნქციურ არენაზე უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს“ - გვითხრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

შალვა გოგოლაძისვე განცხადებით, ახალი პროექტის საორგანიზაციო დეტალებს საზოგადოება იანვარში შეიტყობს. იანვარშივე დაიწყება სამშენებლო სამუშაოებიც და განახლებული ოლიმპიური სასახლე 2021 წლის ივნისისთვის ჩაბარდება.

დაწერეთ კომენტარი

მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:44:50 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG