Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო": მერიამ არ შეასრულა "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისას დადებული პირობები


“სითი პარკისთვის” კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარის გადახდას „ევროპული საქართველო“ ეხმიანება და კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა. სასამართლო დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მერიამ კომპანიას თბილისში პარკირების სივრცეების მოწყობა-მომსახურების კონტრაქტი შეუწყვიტა. პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენის რამდენიმე ასპექტზე:

პირველი - მერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურებასა და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა.

მეორე - კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, მერიას არ აუშენებია/მოუწყვია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე, ისეთივეა დღეს.

„კახი კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში“, - ამბობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც, ადვილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG