Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა

ელენე ხოშტარია კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების დროს.
ელენე ხოშტარია კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების დროს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომელსაც 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხელისუფლებაში მყოფი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო, სასამართლოს დადგენილ სასჯელს „დისკომფორტად“ მოიხსენიებს. მისი პოზიცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებ და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა - ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო“, - აცხადებს პარტია „დროას“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ის მადლობას უხდის ოპოზიციურ ალიანსს და აღნიშნავს, რომ „არანაირი ვაჭრობა არ იქნება“:

„ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი „ქოცი“, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს...

ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, „ქოცზე“ ბევრად უფრო კარგად!“

1,5-წლიანი პატიმრობა საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო

დღეს, 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით - 2025 წლის 14 სექტემბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: „რუსული ოცნება“.

პროკურორის ცნობით, ზიანი 570 ლარია.

პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მისი მოტივაცია იყო აქტივისტ მეგი დიასამიძის მხარდაჭერა - ახალგაზრდა ქალი ოთხი დღით ადრე, 10 სექტემბერს დააკავეს მსგავსი ფაქტის გამო.

პოლიტიკოსის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს. საპატიმრო ვადა მას დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება. ის რუსთავის, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია.

სხვა ბრალი

მის წინააღმდეგ სხვა საქმეც არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება:

  • საბოტაჟი (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა);
  • უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა);
  • კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერა(321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).

ფორუმი

XS
SM
MD
LG