Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემიგრანტი ქალების პირველი დღეები იტალიურ კარანტინში


ნონა გედენიძე 5 წელია იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ავტობუსით წავიდა სამსახურში. ავტობუსში მასთან ერთად მხოლოდ ორი მგზავრი იჯდა. ორივე უცხოელი.

კორონავირუსის გავრცელების გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, - „io resto a casa" (მე სახლში ვრჩები).

ნონა ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში ხალხის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ოჯახში, სადაც ნონა მუშაობს, დღეს უთხრეს, რომ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დაელოდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებს თუ არა მათთან სიარულს. ამ ეტაპზე, ოჯახისგან მითითება მიიღო, რომ სახლში შესვლისთანავე, დეზინფექცია უნდა ჩაუტაროს ყველაფერს:

„იმ ოჯახის წევრები, სადაც ვმუშაობ, საკმაოდ შეშინებულები არიან. განსაკუთრებით ქალიშვილი, რომელიც ცალკე, ქმართან ერთად ცხოვრობს. მითხრა, რომ ცდილობენ პროდუქტების შესაძენად იშვიათად და ცალ-ცალკე გავიდნენ. მისი მეზობლები აღმოჩნდნენ ინფიცირებულები და ამის გამო კიდევ უფრო მეტად შეშინდნენ. გუშინდელ დღემდე, თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა ცხოვრება. ჩემს გარშემო, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ნამდვილად არ უყურებდნენ ამ საკითხს სერიოზულად. აი, დღეს კი მართლა შეიცვალა ყველაფერი. შიში გაჩნდა. ქართველებისა არ იყოს, იტალიელებსაც ძალიან უყვართ თავშეყრის ადგილები, გადაკოცნა, თუმცა, მგონი, გააცნობიერეს, რომ საქმე მარტივად არ არის. მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და ადამიანებთან ვიკონტაქტოთ ერთი მეტრის დისტანციაზე. 3 აპრილამდე მთელ ქვეყანაში დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები. კარანტინში 60 მილიონი ადამიანი მოექცა. 3 აპრილამდე გადაიდო სპორტული ღონისძიებები, საფეხბურთო მატჩები. ბარები და რესტორნები დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. 3 აპრილამდე ყველა ტაძარში შეწყდა წირვა. ტაძრები ღიაა, ვისაც უნდა შეუძლია მივიდეს სალოცავად, თუმცა, წირვები არ ტარდება“.

ნონას თქმით, სუპერმარკეტებსა და ბანკებში მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდნენ. მარკეტში მყიდველებს ნაწილ-ნაწილ უშვებენ:

„მცირე რაოდენობის ხალხს უშვებენ მარკეტებში. დანარჩენი ნაწილი, დისტანციის დაცვით გარეთ ველოდებით. ყველა სუპერმარკეტსა და დაწესებულებაში სადეზინფექციო ხსნარები კიდია. ყველა თანამშრომელი ნიღბითა და ხელთათმანებით გვემსახურება. როგორც ყველგან, აქაც, აფთიაქებში ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტია. რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აფთიაქებმა კარგი გადაწყეტილება მიიღეს - ხალხს, ვისაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლის შეძენა სურთ, შეუძლიათ დარეკონ აფთიაქებში და კურიერები ამ წამლებს უფასოდ აწვდიან“.

ნონა გედენიძე ამბობს, რომ რომში მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც მათი კორპუსის მცხოვრებლებს პროდუქტების შეძენაში ეხმარებიან:

„ძალიან კარგი ინიციატივა წამოიწყეს. ხანდაზმულები, რომლებსაც არ სურთ გარეთ გასვლა, ნაცნობ ახალგაზრდებს აძლევენ თანხას და მოხალისეებს საჭირო პროდუქტი მათთან სახლში მიაქვთ. დღეს დილით ეს ამბავი ტელევიზიებმა გააშუქეს და აპირებენ, რომ მათი გამოცდილება სხვა ქალაქებმაც გაიზიარონ“.

ნონა ამ ეტაპზე, საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობს. ამბობს, რომ იტალიაში მეტად დაცულად გრძნობს თავს.

„მინდა, ემიგრანტ ქალებს ვუთხრა, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, ნუ შეშინდებიან“

ხათუნა კილაძე 11 წელია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ მანტუაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, ის და მისი ქმარი სამსახურებში სიარულს აგრძელებენ. მათი სამი შვილი კი, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან, სახლში რჩებიან. იტალიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. უფრო ზუსტად კი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან გადასულები.

ხათუნა ხანდაზმულ ქალს უვლის: „მისი შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ის ახლა მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. ამ მოხუცს მხოლოდ მე ვყავარ ახლა აქ და მისი ყველაზე დიდი იმედი მე ვარ. ჩვენს ქალაქში განსაკუთრებული პანიკა არ შეინიშნება. სამსახურები აგრძელებენ მუშაობას. არც სუპერმარკეტებშია განსაკუთრებული რიგები. რამდენიმე დღის წინ, როცა იფეთქა კორონავირუსის შემთხვევებმა, ჩვენც შევშინდით და ცოტა პროდუქტი მოვიმარაგეთ, მაგრამ დღესდღეობით, ამ შიშმაც გადაიარა. სიმართლე გითხრათ, შორიდან უფრო რთულად ჩანს სიტუაცია, ვიდრე რეალურად არის. საქართველოდან ყოველ დილით მირეკავენ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, შეშინებულები არიან. საფრთხე, რა თქმა უნდა, არის და გასათვალისწინებელია ის ზომები, რაც მთავრობამ დააწესა და უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს, თუმცა, ამ წუთას, მეც და ჩემი ქმარიც ვმუშაობთ. ნამდვილად არ არის ის სიტუაცია, რომ მხოლოდ კორონავირუსზე ვიფიქროთ და სხვა არაფერი ვაკეთოთ“.

ხათუნა კილაძე ამბობს, რომ ქალაქის მცხოვრებნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ წესებს, რომლებიც სახელმწიფომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით შემოიღო. მათ შორისაა, ადამიანებს შორის უსაფრთხო, მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

ხათუნა კილაძის თქმით, მის რეგიონში ბევრი ემიგრანტი ქალი ცხოვრობს საქართველოდან. იმასაც ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ზოგი მათგანი დაბნეული და შეშინებულია, თუმცა, ქალები აცნობიერებენ იმ პრობლემებსაც, რომლებიც მათ საქართველოში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს: „მე ალბათ ისიც მაძლიერებს, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ და ამიტომ უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ სიტუაციას. მართალია, უმეტესობა აქ მომუშავე ქალებისა, ძალიან ძლიერები არიან. მაგრამ ახლა მათთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ისინი ძირითადად მოხუცებთან მუშაობენ და თავად მოხუცები საკმაოდ შეშინებულები არიან იმ ინფორმაციის ნაკადის გამო, რაც ტელევიზიით ვრცელდება. ახლა, ამ სიტუაციაში, კიდევ უფრო გართულებულია მუშაობა, მაგრამ ამ ქალებმა კარგად იციან, რომ თუკი ისინი იტალიიდან წამოვლენ, შესაძლოა მათ ოჯახებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. მინდა, ამ ქალებს ვუთხრა, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, ნუ შეშინებიან და გვქონდეს, როგორც ერთმანეთის იმედი“.

10 მარტის დილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაავადდა სულ 9170 ადამიანი, 463 გარდაიცვალა, 724 გამოჯანმრთელდა.

იტალია ევროპაში პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG