Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრებოდა, შერიგებას სთხოვდა, 15 წლისა მომტაცა, 27 წლის მომიკლა - მოკლული მარიტას და


ნიკოლოზ ლაჩაშვილი
ნიკოლოზ ლაჩაშვილი

- თქვენ რას იტყვით?

- რავი, რა უნდა გითხრათ.

- პროკურორი ითხოვს პატიმრობის გამოყენებას.

- აუცილებლად.

- ანუ, ეთანხმებით?

- კი.

ეს დიალოგი ყოფილი ცოლის, მარიტა მაზიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილსა და მოსამართლე თეონა ეპიტაშვილს შორის, 7 ივნისს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში შედგა. 31 წლის კაცს 27 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

რას ჰყვება პროკურორი?

დანაშაულის დეტალები უკიდურესად მძიმეა. ბრალდების განცხადებით, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი 4 ივნისს, მანქანით წაიყვანა კუკიის სასაფლაოს მიმართულებით და იქ მოკლა. შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო:

გია შაიშმელაშვილი
გია შაიშმელაშვილი

„როგორ ჩაიდინა ბრალდებულმა დანაშაული? მანქანაში ჯდომის დროს, მსხვერპლს ყელზე შემოახვია თოკი, მოუჭირა და გაგუდა. ამის შემდეგ, მსხვერპლი კვლავ მანქანაში ჰყავს, მოდის კუკიადან, მიდის სახლთან, ეზოსთან, მანქანაში ჰყავს გვამი. შემდეგ სხვა მანქანაში ათავსებს გვამს და აგდებს თბილისის შემოვლითი გზის მეცამეტე კილომეტრზე, ხევში. ეს არის მტკიცებულებათა განადგურების კლასიკური მაგალითი. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების კლასიკური მაგალითი“, - აი, ასე აღწერა ბრალდებულის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა 7 ივნისს, სასამართლოს დარბაზში.

მის სიტყვას მდუმარედ ისმენდა ბრალდებული. დრო და დრო, ცრემლსაც იწმენდდა.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი
ნიკოლოზ ლაჩაშვილი

ნიკოლოზ ლაჩაშვილის ადვოკატი, ლევან მარსაგიშვილი საქმის დეტალებზე არ ლაპარაკობს. ერთადერთი, რასაც როგორც მედიასთან, ისე სასამართლო დარბაზში იმეორებს, არის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და უახლოეს პერიოდში ის სათანადო ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს:

ლევან მარსაგიშვილი
ლევან მარსაგიშვილი

„ორი-სამი წლის წინ მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, როდესაც დაწესებულება დატოვა, მას ექიმმა დაუნიშნა პრეპარატები და სისტემატურად იღებდა წამლებს. მას აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები... დიაგნოზს არ გავცნობივარ, ამის დრო არ მქონდა, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ გაუჩინარებული მარიტა მაზიაშვილის სამდღიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებულმა სამართალდამცავები თავად მიიყვანა იმ ადგილას, სადაც ყოფილი ცოლის გვამი გადააგდო:

„თავდაპირველად გამოძიება დაიწყო გარდაცვლილის მეგობრის შეტყობინების საფუძველზე. ეს განცხადება ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვას შეეხებოდა. გამოძიების ფარგლებში მოძიებულ იქნა მისი საბოლოო ადგილსამყოფელი და იმ პირთა წრე, ვისთანაც ბოლოს ჰქონდა შეხება. დადგინდა უშუალო შემხებლობაში მყოფი პირის ვინაობა, დადგინდა ის ადგილი, სადაც გარდაცვლილი უკანასკნელად იმყოფებოდა და ამის შემდეგ, უკვე მხილებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული. როდესაც ახლობლები ცდილობდნენ დაკარგულის ადგილსამყოფელის დადგენას, მათ ბრალდებულსაც ჰკითხეს, რა იცოდა მისი ადგილ-სამყოფელის შესახებ, რაზეც ის უთითებდა, რომ არაფერი იცოდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სამ დღეში იქნა აღმოჩენილი ქალის ცხედარი. ბრალდებულმა დაკავებამდე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, თავად მიიყვანა ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გამოძიების სხვა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ“.

პროკურორმა სასამართლოს დარბაზში ახსენა ბრალდებულის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომელიც ნარკოტიკული საშუალებით თრობას შეეხება, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე მან არც ამ შემთხვევაში ისაუბრა. თქვა მხოლოდ ის, რომ აღნიშნული დანაშაული ბრალდებულმა ყოფილი ცოლის მკვლელობამდე ჩაიდინა.

„არ ვისაუბრებთ ამ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ, რაც არის გამოძიების საკითხი. ამ ყველაფერზე საბოლოო პასუხი გვექნება მაშინ, როდესაც საქმე წარმოდგენილი იქნება სასამართლოში“.

გია შაიშმელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის რაიმე წინაპირობა ძალადობის შესახებ ცნობილი არ არის. თუმცა, ამბობს, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც ჩატარდება:

"მოპოვებული იქნება ყველა ინფორმაცია, თუკი რაიმე არის შემხებლობაში წინმსწრებ ძალადობასთან".

რას ეუბნება მარიტას და რადიო თავისუფლებას?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მარიტა მაზიაშვილის უფროს დას, მაია მაზიაშვილს. როგორც ის გვეუბნება, ბრალდებული მის დას შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა:

„მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.

მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და ამიტომ გადიოდა მკურნალობას კლინიკაში:

„ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“.

მოკლული ქალის და ამბობს, რომ მარიტას ყოფილი ქმრის მუქარის თაობაზე სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.

მარიტა მაზიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გაავრცელა. გოგო წერდა, რომ მის მეგობარს ვერსად აგნებდნენ და ჯგუფის წევრებს რჩევას სთხოვდა.

გამოძიება მარიტა მაზიაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

27 წლის მოკლულ ქალს 11 წლის შვილი დარჩა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს - 15 მკვლელობა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის, ხოლო 11 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. 37-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა, საიდანაც 28 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG