Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი ქალების გარეშე - ფემიციდი 2022 წელს


„ეს ის ბავშვია, დედა რომ მოუკლა მამამ“, - სკოლაში, 6 წლის ემილიას დანახვაზე ჩურჩულს იწყებენ ბავშვები. ეს ამბავი ემილიამ ცოტა ხნის წინ მოყვა სახლში. მის უმცროს ძმას, 4 წლის საბას, საბავშვო ბაღში ჰკითხეს - „შენ მართლა მოგიკლა მამამ დედა?“...

როცა ემილიას დედა ენატრება, ბებიას უმცროს ძმებთან ერთად, იქვე, სახლის მოპირდაპირედ, დედის საფლავზე მიჰყავს. ისე თამაშობენ ბავშვები საფლავზე, როგორც სათამაშო მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, იციან, რომ მამამ დედა მოკლა. დროთა განმავლობაში, ისე, რომ მათთვის ამის შესახებ ოჯახის წევრებს არაფერი უთქვამთ, 6 წლის ემილია და 4 წლის საბა ჯერ თავად მიხვდნენ, შემდეგ კი სხვებისგანაც გაიგეს, რომ შვიდი თვის წინ დედა „მუცლის ტკივილის“ გამო არ მოკვდა.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს ამ ამბავზე ყურადღება არ გავუმახვილოთ, თუმცა, ინფორმაციისგან ბოლომდე ვერ დაიცავ. სკოლაში დადიან, ბაღში. იქ კი ბავშვები ხან რას ეკითხებიან და ხან რას. ფსიქოლოგთანაც გავიარეთ კონსულტაცია. მისი თქმით, ბავშვების ემოციური მდგომარეობა ნორმალურია. დედაჩემიც და მეც, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არაფერი მოაკლდეთ, მაგრამ დედას ვერ შევუცვლით. როგორც ჩანს, ახლა გაუჩნდათ მოთხოვნა, რომ ვინმეს დედა დაუძახონ. საბა ბაღის აღმზრდელს ეძახის დედას“, - გვიყვება ბავშვების დეიდა ლორიტა ყალიჩავა.

ბავშვებს ბებია და ლორიტა ზრდიან. ლორიტას და, 26 წლის როზეტა ყალიჩავა, მაისის ბოლოს მოკლა ქმარმა. ცოლ-ქმარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამ შვილთან ერთად, პოლონეთში ცხოვრობდა. მკვლელობაც იქ მოხდა.

როზეტას ოჯახმა არ იცოდა, რომ ის ქმრის მხრიდან წლების განმავლობაში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო.

„ნელ-ნელა ბავშვებმა თვითონ დაიწყეს ლაპარაკი. საბა ხშირად ახსენებს, მამა დედას სცემდა და აწვალებდა. მერე დედა ტიროდა და ჩვენ ცრემლებს ვწმენდდითო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვითქვამს ბავშვებისთვის, რომ დედა მამამ მოუკლა, მაგრამ საბამ თვითონ თქვა, ვიცი, რომ მამამ მოკლა დედაო. აღმოჩნდა, რომ ბავშვები არაერთხელ შესწრებიან სცენას, როგორ ემუქრებოდა ჩემს დას ქმარი მოკვლით და თან ხელში დანა ეჭირა. საბა ამბობს, რომ მამა ციხეშია და იქ უნდა მოკვდეს. უმცროსი ბავშვი ორი წლისაა. ცხადია, ჯერ არაფერი ესმის. ტელეფონში ჰკოცნის ხოლმე დედის ფოტოებს და სასაფლაოზე რომ მივდივართ, საფლავის ქვას ეფერება”.

26 წლის როზეტა ყალიჩავას მკვლელობა 2022 წელს, საქართველოში მოკლული ქალების სტატისტიკაში არ მოხვდა, რადგან ქმარმა ის პოლონეთში მოკლა.

თუმცა, წელს, საქართველოში მოკლული ქალების რიცხვი და ამბები, როზეტას მკვლელობის მიღმაც შემაძრწუნებელია.

21 ქალის მკვლელობა - 2022 წლის სტატისტიკა

2022 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოში 19 ქალი მოკლეს. დეკემბერში, სანამ სტატია მზადდებოდა, საქართველოში კიდევ ორი ქალის მკვლელობა მოხდა. ერთი, ხანდაზმული ქალი, მაზლმა მოკლა. მეორე ქალი კი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქმართან ერთად, ანგარების მიზნით მოკლა.

2022 წლის 11 თვეში მოკლულ 19 ქალს შორის, ოჯახში დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით 10 ქალი მოკლეს. არა ოჯახური ნიშნით - 9 ქალი.

ვინ, როგორ, სად და რატომ კლავს ქალს? - ბოლო 5 წლის ანალიზი

2018-2022 წლებში საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 56 ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია და მისი „ღირსება დასაცავია“.

როცა იმიტომ კლავ, რომ ქალია
please wait

No media source currently available

0:00 0:08:25 0:00

ფემიციდის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, რომლებიც 2022 წელს პროკურატურამ გააანალიზა, აჩვენებს, რომ ქალების უმეტესობა, მხოლოდ იმიტომ მოკლეს და იმიტომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რომ მისგან ითხოვდნენ მორჩილებას, მასზე კონტროლს და მკვლელობამდეც მას სისტემატურად ამცირებდნენ.

ბოლო ხუთ წელში, 18 ქალი მოკლეს ან მათი მკვლელობა სცადეს კაცებმა „ღირსების დაცვის“ საბაბით. ხუთ ქალს მხოლოდ იმიტომ მიაყენა ქმარმა სასიკვდილო დაზიანებები, რომ არ თანხმდებოდა განქორწინებას. სამი ქალი შერიგებაზე უარის, ორი კი დაქორწინებაზე უარის გამო მოკლეს კაცებმა.

ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები კლავენ.

ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის მსხვერპლების უმეტესობა 18-დან 30 წლამდე ასაკისაა.

რაც შეეხება მათ ეთნიკურ და ეროვნულ კუთვნილებას, 30 ქალი ქართველი იყო; 15 - აზერბაიჯანელი; ოთხი - ტაილანდელი.

როგორც წესი, უმეტესწილად, ქალების მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის ადგილი სახლია. თუმცა, ფემიციდის მონაცემების ანალიზის თანახმად, კაცები ქალებს კლავენ სახლს გარეთაც.

ქალებს უმეტესად კლავენ დანით

ფემიციდში ბრალდებულთა ასაკი უმეტეს შემთხვევაში, 30-დან 40 წლამდე მერყეობს. თუმცა, ასევე მაღალია იმ ბრალდებულთა რიცხვი, რომელთა ასაკიც 18-დან-30 წლამდე.

როგორ გეგმავს პროკურატურა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების შემცირებას?

სალომე შენგელია, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი, საქართველოში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის შემთხვევების ანალიზზე წლებია მუშაობს.

მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისას, 2022 წელს მისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოიკვეთა.

სალომე შენგელიას თქმით, წლევანდელი ტენდენციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ თუკი წინა წლებში ხშირი იყო სახლში ჩადენილი ფემიციდი, ახლა თითქოს ერთმანეთის მიბაძვით, ეს შემთხვევები ხდება საჯარო სივრცეებში:

სალომე შენგელია
სალომე შენგელია

„ქალს კლავენ ავტობუსში, ჭრილობებს აყენებენ ავტობუსის გაჩერებაზე, კლავენ მაღაზიაში. ერთია, როცა დანაშაული ხდება სახლში, მაგრამ მეორეა, როცა, საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასაც. დამნაშავე აღარ ერიდება არავის. არ ერიდება საჯარო სივრცეს, არ ერიდება სხვა ადამიანებს, სხვის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს, თუნდაც ავიღოთ ფემიციდის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც თერჯოლაში ქმარმა ქალი მაღაზიაში გამოკეტა, იმ სივრცეში, სადაც სხვა ადამიანებიც იყვნენ და ასე მოკლა“.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელმაც წელს ფემიციდის შემთხვევებისას პროკურორების ყურადღება მიიქცია, იყო ის, რომ სამართალდამცავებს მკვლელობამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალები სისტემატური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, ისინი პოლიციას არ მიმართავდნენ, არ ამხელდნენ, რომ მუქარის, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ:

„წელს იყო შემთხვევები, როდესაც ყველანაირი წინარე ისტორიის გარეშე, პირდაპირ მკვლელობები დაფიქსირდა…სამართალდამცავებისთვის მანამდე არ იყო ცნობილი ძალადობის ფაქტების შესახებ…ფაქტია, რომ მკვლელობა ერთ მშვენიერ დღეს, მოწმენდილ ცაზე არ ხდება და ამას წინ აუცილებლად უძღვის ძალადობის ეპიზოდები. რატომ არ მოგვმართა მსხვერპლმა? რამ შეუშალა ხელი? ეს კითხვები სულ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ მკვლელობის შემდეგ, ფემიციდის მსხვერპლების ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, თუნდაც მეზობლები, ამბობენ, რომ მათ ძალადობის შესახებ იცოდნენ, მაგრამ არ განაცხადეს“.

რას ამბობენ უფლებადამცველები?

სიტყვა ფემიციდი საქართველოში აქტუალური 2014 წელს გახდა. იმ წელს, ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. მათ შორის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელიც ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში მოკლა.

ამ მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე, საქართველოში უპრეცედენტო მანიფესტაციის დღედ იქცა ქალებმა მანიფესტაციები ერთდროულად საქართველოს 23 ქალაქში ჩაატარეს.

ამ რვა წლის განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მოხდა: 2017 წელს საქართველო „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციისა (სტამბულის კონვენცია) შეუერთდა, გამკაცრდა სისხლის კანონმდებლობა - ფემიციდი 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობის ისჯება. 2014 წლიდან მოყოლებული, 25-ზე მეტ საკანონმდებლო აქტში შევიდა ცვლილება. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, საპროცესო კოდექსში, ფემიციდის შემთხვევაში დამნაშავესთან არ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მაინც ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების უცვლელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა ვერ გადაიჭრა.

ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, ფემიციდზე საუბრისას, იურისტები და ქალთა უფლებების დამცველები თვლიან, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ უკანასკნელ წლებში, დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისა, პრევენციის მიმართულებით ან ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერი კეთდება. მათი თქმით, ამაზე მეტყველებს ბოლო წლების ფემიციდის სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის „თანასწორობა ახლა“ ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი, იურისტი თამარ დეკანოსიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმწიფო უწყებები მუდმივად, ერთმანეთთან კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ და იკვლევდნენ, რატომ ვერ აიცილა სისტემამ ფემიციდის მორიგი შემთხვევა. რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა? - თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ სისტემა ამ კითხვებს საკუთარ თავს არ უსვამს.

ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, თუკი ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების სახელმწიფოს მიდგომას გადავხედავთ, ის შეიძლება სწორედ ასე დახასიათდეს - არა პრევენციაზე, არამედ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

იდა ბახტურიძე, ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს მიდგომა თავდაპირველად ეფექტიანი და მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს უნდა ეჩვენებინა, რომ მკაცრი იქნებოდა ამ ტიპის დანაშაულების მიმართ, თუმცა, მისი თქმით, რადგან გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულს საფუძვლად უდევს პატრიარქალური კულტურა, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ამართლებს და აუცილებელია - პრევენცია.

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„კი, ისინი მუდმივად უნდა უსვამდნენ საკუთარ თავს ამ შეკითხვებს. იცოდა თუ არა, ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს, რომ ქალს ემუქრებოდა საფრთხე? რა ზომები მიიღეს და რა ზომები არ მიუღიათ მის დასაცავად? სამწუხაროდ ამ საკითხებს სახელმწიფო არ იკვლევს. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ, მაგალითად, მარტო პროკურატურამ გამოიკვლიოს, ან ცალკე შსს-მ და ცალკე ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება, რა ხარვეზები დაუშვეს და რატომ ვერ აიცილეს კიდევ ერთი ქალის მკვლელობა თავიდან. ეს უნდა იყოს კოორდინირებული მოქმედება“.

საქართველოში ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკაში პირველ ადგილს ქურდობა იკავებს, მეორეზე კი ოჯახში ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაულებებია. დანაშაულების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, პრობლემა ზუსტად ისეთივე სიმწვავით დგას ქვეყანაში, როგორც ეს წლების წინ იყო.

ამას ადასტურებს სალომე შენგელიაც.

“ფემიციდის ყველა შემთხვევის დროს ბრალდებული პირის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, სახელმწიფო ოჯახში დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს არ მივყავართ ფემიციდის დანაშაულების შემცირებისკენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, სადღაც დარჩენილია სივრცე, რომელიც უნდა ამოივსოს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, [დანაშაულის] პრევენცია“.

სწორედ ამ მიზნით დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ კამპანია “არა ფემიციდს”, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის 6 ოქტომბრიდან მოყოლებული, სპეციალიზირებული პროკურორები ხვდებიან მოსახლეობას და უხსნიან, რა არის ფემიციდი, ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობა და როგორ სჯის კანონი დანაშაულის ჩამდენ პირებს.

“სანამ საზოგადოებაში იქნება სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომ განქორწინება არ არის გამართლებული, განქორწინების შემდეგ ქალის დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია, რომ ქალი შეიძლება დააშანტაჟო მისი პირადი ცხოვრების გამო, რომ კაცს აქვს ინტიმური პარტნიორის ყოლის უფლება და ქალს არ აქვს, მანამდე აუცილებლად გვექნება გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულების მაღალი მაჩვენებელი. ამ დანაშაულების მთავარი საფუძველი გენდერული უთანასწორობაა. რომ ქალს მოეთხოვება აი ასე და ასე მოქცევა და თუ ქალი ისე არ იქცევა, როგორც მას მოეთხოვება, მაშინ მასზე ძალადობა, მისი მოკვლა გამართლებულია, მის მიმართ ემპათია ნაკლებია, სამაგიეროდ კი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ბრალდებულის გამართლების გზებს ეძებს, რომ ქალმა აიძულა, ქალმა გამოიწვია, აეჭვიანა“...

„არა ფემიციდის“ კამპანიის დროს სალომესთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი ქალის ამბავი, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში საბავშვო ბაღების აღმზრდელებიც უნდა ჩართულიყვნენ:

„ქალმა, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, ერთ-ერთი შეხვედრის დასრულებისას გვითხრა, თქვენ საუბრობთ გეგმებზე, რომ უნდა ჩაატაროთ საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მანდატურებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან და ა.შ. მაგრამ მე მაქვს შემოთავაზება, რომ ეს პროცესი ბაღის აღმზრდელებიდან დაიწყოთო. აღმოჩნდა, რომ ერთ დღეს, როდესაც მისი უმცროსი შვილი დაბრუნდა საბავშვო ბაღიდან, დედას უთხრა, რომ ის, რასაც მას მამა უკეთებდა, იყო ძალადობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ბაღის აღმზრდელმა ილაპარაკა ბავშვებთან ოჯახში ძალადობის შესახებ. ამ ქალისა და ამ ერთი საბავშვო ბაღის ისტორია, ჩვენთვის გახდა ინსპირაცია, დავუკავშირდით ბაღების გაერთიანებას და თბილისის მასშტაბით გადავამზადეთ ბაღის 189 აღმზრდელი, რომლებიც თავის მხრივ, სხვა აღმზრდელებს ჩაუტარებენ ტრენინგებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ. ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე უნდა გააცნობიერონ, რომ ყვირილი, ცემა, ეს არ არის სიყვარული, ეს არ არის პატივისცემა, მამა რომ დედას ურტყამს, ეს არ არის ზრუნვა. ბავშვებმა ამ საქციელს სახელი უნდა დაარქვან“.

როგორც სალომე შენგელია ამბობს, ოჯახში ძალადობის საქმეებზე ის სპეციალიზირებული პროკურორები მუშაობენ, რომლებსაც გავლილი აქვთ გადამზადების როგორც სამართლებრივი, ისე ფსიქოლოგიური ასპექტები.

„ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნის გარეშე პროკურორი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად ვერ შეაფასებს საკითხს. მაგალითად დაზარალებული რომ მოდის, ტირის და სახეზე ეტყობა დანაშაულის შედეგად მიყენებული კვალი, ყვება, რომ მთელი ცხოვრება ძალადობის მსხვერპლია, აძლევს გულწრფელ ჩვენებას, მაგრამ ერთ კვირაში მოდის და ამბობს, რომ იცით, კედელს დავეჯახე, ან არ უნდა განმეცხადებინა…უმრავლესობა ამ ტიპის ძალადობის შემთხვევებისა, სწორედ ასე გრძელდება, მსხვერპლი უარს ამბობს თანამშრომლობაზე. აი, სწორედ აქ არის საჭირო პროკურორის პროფესიონალიზმი, თუკი პროკურორმა არ იცის, რა წნეხს განიცდის ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან, პატრიარქალური გარემოსგან, ის, რომ მას არსად აქვს წასასვლელი, ის, რომ არ აქვს შესაბამისი განათლება, სამსახური, არ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი, იძულებულია, რომ დაბრუნდეს ძალადობრივ გარემოში…პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ ამ დანაშაულს ახასიათებს განმეორების რისკი, რომ ეს ხდება ოჯახში, დახურულ სივრცეში, რომ ეს რიგითი ძალადობა არ არის და ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო მძიმე დანაშაულში“.

სალომე შენგელია ყურადღებას ამახვილებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებაც და ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლე ვერ ავლენს გენდერულად სენსიტიურ დამოკიდებულებას კონკრეტულ საქმეებზე, რაც შემდგომ უფრო მძიმე დანაშაულის რისკებს წარმოშობს და რისი დამადასტურებელი მაგალითიც რამდენიმე თვის წინ, თელავში მოხდა, როდესაც 26 წლის ქალი, სამი შვილის თანდასწრებით მოკლა პარტნიორმა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა:

„წინა წლებშიც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა. როგორც წესი, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოც ძალაში ტოვებს ხოლმე. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსამართლეებთან მუდმივი მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებისთვისაც არსებობდეს სპეციალიზაცია. ისინი არ არიან სპეციალიზირებულნი მაგალითად ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე და მათ უწევთ ყველა კატეგორიის დანაშაულის განხილვა. ამ დანაშაულს კი ახასიათებს ნიუანსები, რომლებიც აუცილებელია, რომ მოსამართლემ საქმის განხილვის პროცესში გაითვალისწინოს“.

სალომე შენგელიას საქართველოში მოკლული ქალების საქმეების შესწავლა პირადად უწევს და როგორც ის ყვება, ფემიციდის ყველა შემთხვევა მძიმე და ხშირად, განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. არის საქმეები, რომლებიც მას დღემდე, ყოველ დღე ახსენებს თავს.

„ორი-სამი წლის წინ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ვმუშაობდით. ახალგაზრდა ქალი მაღალი სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. მანამდე ის გააუპატიურეს. საქმეში მისი დღიური იდო, სადაც წერდა, რომ ძალიან უნდოდა, რიყეზე, თეთრი საჰაერო ბურთით გასეირნება და საკუთარ თავს პირდებოდა, რომ ერთ დღესაც ამ ოცნებას აიხდენდა“, - ყვება სალომე შენგელია:

„ყოველდდღე, სახლიდან სამსახურისკენ და უკან, მიწევს იმ გზის გავლა, საიდანაც ეს თეთრი საჰაერო ბუშტი მოჩანს და როგორც კი ამ ბურთს მოვკრავ თვალს, მაშინვე ეს გოგო მახსენდება. ასეთი ისტორიები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ეს საქმეები ჩემთვის და სხვა პროკურორებისთვისაც უბრალოდ მშრალი სისხლის სამართლის საქმეები არ არის. როცა კითხულობ მოკლული ქალის საქმეს, სადაც ფიგურირებენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, ემოციურად ამის გადახარშვა ადვილი არ არის. მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, საქმეს რაციონალურად, პრაგმატულად უყურებ და აანალიზებ, მაგრამ როგორც კი სახლში მიდიხარ, თავისუფლდები ჩარჩოებისგან, სწორედ მაშინ იყრის თავს ერთად ყველა ემოცია“...

* ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 116 006.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG