Accessibility links

site logo site logo

ესაა ყველაზე მაგარი ანტინარკოტიკული სიმღერა


არადა, თავის დროზე ინგლისში ამ სიმღერის აკრძალვას ითხოვდნენ - განსაცდელის პროპაგანდას ეწევაო. სულელები იყვნენ. კი, სიმღერაში პროტაგონისტი ნარკოტიკს ნამდვილად იღებს და მერე არც კვდება და არც არაფერი. სათაურიც თითქოს პროვოკაციული ქვია - Sorted For E’s and Wizz. ანუ, თავისუფალ თარგმანში - „ექსტაზი და სპიდი, იცოცხლე, გვაქვს“. მაგრამ, მარტო სათაურზე ხომ არაა? სიმღერაში რაზეა ლაპარაკი მაგასაც ხომ უნდა დაუგდო ყური?

სიმღერაში კი აი, რა ხდება. ტიპი 90-იანი წლების ინგლისურ რეივზე მიდის. ჯერ მეკობრული რადიოსადგურიდან გაიგებს - აქა და აქ ვიკრიბებით ძმებოო. ქემდენში ბილეთებს დაითრევს და, სადღაც ჰემშირის მინდვრებისკენ წავა, სადაც 20 ათასამდე ადამიანი შეკრებილა.

„მითხარი, სად მთავრდება ღამე?“ - კითხულობს სიმღერის გმირი. (ცხადია, მაგას არ კითხულობს. აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მთელი დღე ეგ სიმღერა მაქვს აკიდებული და მინდა თქვენც გადმოგდოთ. მითხარიი, შენ მითხარი რამეეეე.)

„მითხარით, როდის დაჯდება კოსმოსური ხომალდი, ამ ყველაფერს რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდესო“ - აი ამას კი ნამდვილად კითხულობს სიმღერის ნარკოტიკებით გაჭყეპილი გმირი და იქვე ხვდება, რომ მთელ ამ პონტს - ათასობით გადახსნილ ახალგაზრდას, რომლებიც მინდორში უაზროდ იქნევენ ხელფეხს, მთელ ამ ვითომ ერთიანობის განცდას - არანაირი აზრი არა აქვს.

ტყუილია.

„ღამე კარგად გრძნობ თავს, მაგრამ, აი, დილას ატხადნიაკი დაიწყება - ოოო, რა დაიწყებაო“ - თითქოს დასცინის ამ ჩვენს გმირს ჯარვის კოკერი - სიმღერის ავტორი.

გამთენიისას ტიპი მეგობრებს დაკარგავს, მარტო ცეკვავს და ვიღაც გარშემომყოფებს ებაზრება, მაგრამ ლაპარაკი „კი, ძმა-ს“ და „გაასწორას“ არ ცდება. შიგნით კი სიცარიელის განცდა ჩნდება და მერე იზრდება და იზრდება და იზრდება, ვიდრე არ მოუნდება რომ დედას დაურეკოს და იტიროს.

მეტი, პრინციპში არაფერი ხდება. სიმღერაა, მოთხრობა ხომ არა. დანარჩენს უნდა მოუსმინო, განწყობა და დამოკიდებულება რომ იგრძნო.

არც ჭკუას ასწავლის ჯარვის კოკერი ვინმეს და არც მოძღვრავს. სიმღერაც ავტობიოგრაფიულია - მომღერალი არაერთ მსგავს რეივზე ყოფილა, რომელიც, ერთი შეხედვით მაგარი პონტი ჩანს - ყველა ერთადაა, ძმები და დები არიან, ცეკვავენ, რამე.

ღამე კარგად გრძნობ თავს, მაგრამ, აი, დილას...

თუმცა, ამ სიმღერაში ღამეც მაინცდამაინც არ ასწორებს.

კომენტარებში თქვენი საყვარელი მსგავსი სიმღერებიც დაგვიწერეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG