Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეს ომი დამთავრდება მაშინვე, როდესაც უკრაინელები მოსკოვს ამოიღებენ მიზანში“ - ფელშტინსკი 


იური ფელშტინსკი
იური ფელშტინსკი

“თუ უკრაინელები ვერ მოიგებენ ამ ომს, მაშინ ამ ომს წააგებს ევროპა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკის მოქალაქე, ცნობილი რუსი ისტორიკოსი და ავტორი, იური ფელშტინსკი. 2000-იანების დასაწყისში ფელშტინსკიმ, ალექსანდრ ლიტვინენკოსთან ერთად იმუშავა დოკუმენტურ ფილმსა და წიგნზე - “როგორ აფეთქებდა რუსეთს FSB". ლიტვინენკომ ამის გამო საკუთარი სიცოცხლით ზღო, და ფელშტინსკიზეც კარგა ხანს “ნადირობდნენ”. 2015 წელს კი, რუსეთის უკრაინაში პირველი შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, გამოსცა წიგნი - “უკრაინის აფეთქება - რუსული ტერორის დაბრუნება და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე”. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის კვლავ მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული საფრთხეების შესახებ საუბრობს - მისი აზრით, არ არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც დასავლეთმა არ უნდა გადააბიჯოს.

ვაჟა თავბერიძემ მას პირველი კითხვა ომამდელ პროგნოზებზე დაუსვა.

რადიო თავისუფლება: „თუ პუტინი ამ ავანტიურას წამოიწყებს, ეს რუსეთისთვის სუიციდის ტოლფასი იქნება“ - ეს ომის დაწყებამდე თქვით. როგორც ვნახეთ, პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა - გამოდგა კი იგი სუიციდი რუსეთისათვის?

იური ფელშტინსკი: რა თქმა უნდა. რუსეთმა უკვე მოიკლა თავი, პუტინმა უკვე ჩაიდინა თვითმკვლელობა. პრობლემა ისაა, რომ თავად მათ ამის შესახებ ჯერ არ უწყიან. ისევე, როგორც ჰიტლერმა ფაქტობრივად 1939 წლის პირველ სექტემბერს მოიკლა თავი, მაგრამ რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა უშუალოდ, თავისი ხელით გაეკეთებინა ეს. იგივე ემართება პუტინსაც - არ ვიცი, თავისი ხელით მოიკლავს თავს თუ ცოცხალი დარჩება, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

საუბედუროდ, ის, რასაც ვხედავთ, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია - 24 თებერვალი ისტორიის სახელმძღვანელოებში მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად ჩაიწერება.

რადიო თავისუფლება: მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შედეგი სულაც არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი - მთელ მსოფლიოს დაადგა ჯაფა, რომ ის ისე დამთავრებულიყო, როგორც დამთავრდა. ანალოგიურად, შეიძლება ითქვას, რომ არც რუსეთის უკრაინაში მარცხია წინასწარ გადაწყვეტილი. რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთის ეს თეორიული სუიციდი რეალურ სუიციდად იქცეს?

იური ფელშტინსკი: კარგი კითხვაა და პასუხის გასაცემად სჯობს, ისევ ისტორიას დავესესხოთ. როდესაც ჰიტლერი პირველ სექტემბერს პოლონეთს დაესხა თავს, გვერდში ედგა იტალია, იაპონია, უნგრეთი და საბჭოთა კავშირიც - 1941 წლის 22 ივნისამდე ისინი აქტიურად ეხმარებოდნენ ჰიტლერს. 17 სექტემბერს შეიჭრნენ პოლონეთში და მალევე, გერმანიასთან ტანდემში, პოლონეთი გაანადგურეს. პოლონეთს ვერავინ დაეხმარა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საფრანგეთი და ბრიტანეთი მზად არ იყვნენ გერმანიასთან საბრძოლველად. შევადაროთ ეს იმას, რასაც დღეს ვხედავთ - რუსეთი პრაქტიკულად მარტოა, თუ არ ჩავთვლით ბელარუსს, რომელიც [პრაქტიკულად] ოკუპირებულია რუსეთის მიერ 2021 წლიდან. ახლახან ორი ახალი „მოკავშირე“ გამოუჩნდა ამ ომში - ირანი და ჩრდილოეთი კორეა. მაგრამ ეს არის და ეს - შევადაროთ ეს იმ დახმარებას, რომელსაც დასავლეთი უწევს უკრაინას, იქნება ეს სამხედრო, ფინანსური თუ ლტოლვილების მიღების კუთხით - მათ ყველამ გაუღო კარი. მე მწამს, რომ, საუბედუროდ, ის, რასაც ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისია მესამე მსოფლიო ომისა. მჯერა, რომ 24 თებერვალი მომავალი თაობის ისტორიის სახელმძღვანელოებში მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად ჩაიწერება. ვფიქრობ, პუტინი სხვა არჩევანს არ დაგვიტოვებს. ისე არაა, თითქოს ევროპას ან ამერიკას სურდეს ამ ომში მონაწილეობა - სულაც არა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს, განსაკუთრებით კი ევროპას, არაფერი გაახარებდა ისე, როგორც ამ ომის მალევე დამთავრება, თუნდაც ეს უკრაინას ტერიტორიის დათმობად დაუჯდეს. საქმე ისაა, რომ უკრაინელებს არ უნდათ ამის გაკეთება და მეორე და მთავარი: პუტინი არ აპირებს უკრაინით დაკმაყოფილდეს. ომის დაწყებიდან 10 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნები უცვლელი რჩება. ის ისევ გეგმავს აღმოსავლეთ ევროპის ხელში ჩაგდებას და ღია კონფლიქტს ნატოსთან. იმედოვნებდა, რომ ბლეფითა და შანტაჟით გაიტანდა თავისას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ასე რომ, მიმართა შემდეგ გზას - ძალას, ომი დაიწყო. და არაფერზე ეტყობა, გაჩერებას აპირებდეს.

როდესაც [პუტინმა] გაიაზრა, რომ საქართველოში შეჭრა „შერჩა“ და არავინ დასაჯა, იცოდა, რომ ყირიმიც შერჩებოდა. და გარკვეულწილად ჰქონდა კიდეც ამის ფიქრის საფუძველი: რადგან ისევ ყველა უღიმოდა, ლანჩზე მასთან ერთად ისხდნენ, ხელს ართმევდნენ...

რადიო თავისუფლება: თუ რუსეთი უკრაინაში ვერ იგებს ომს - და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვერ იგებს - ნატოს, ევროპის, დასავლეთის წინააღმდეგ რა შანსები აქვს? რანაირად აწყობს ეს პუტინს?

იური ფელშტინსკი: ამაზე პასუხი მარტივია. იმას, რაც ხდება, ჩვენ ჩვენი, დასავლეთის, რაციონალური გადმოსახედიდან ვუყურებთ და ვხედავთ: ის ბრძოლის ველზე აგებს უკრაინასთან, უკვე გახარჯა თავისი თავდაპირველი არმია. და, სხვათა შორის, დაკარგა მეორე არმიაც, სექტემბერში: 300 000-ზე მეტმა ადამიანმა იმ ხალხიდან, ვისაც გაწვევას უპირებდა, თავს უშველა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა რუსეთიდან. ახლა ცდილობს, მესამე არმიას მოუყაროს თავი. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, დაუსრულებელი ადამიანური რესურსით, ადამიანის სიცოცხლე აქ ძალიან იაფია. ასე რომ, ის თავს მოუყრის მესამე არმიასაც, ამას ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ მაინც. კიდევ ერთხელ - ჩვენ ამ ომს ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებების გადმოსახედიდან ვუყურებთ და ამ გადმოსახედიდან, პუტინმა ომი პირწმინდად წააგო. მაგრამ მისი, პუტინის გადმოსახედიდან, ის სხვა სიტუაციას ხედავს: მე უფლება მომცეს, უკრაინა მიწასთან გავასწორო. მას არ ადარდებს რამდენ ჯარისკაცს დაკარგავს უკრაინაში, მისთვის ეს უბრალოდ დროის საკითხია - რა დროს მოანდომებს უკრაინის ბოლომდე მიწასთან გასწორებას და როდის დანებდება, ბოლოს და ბოლოს, უკრაინა. მისი გადმოსახედიდან, ის ამ ომს არათუ არ, ვერ წააგებს, რადგან ბირთვული შეიარაღება აქვს და თუ დასჭირდება, გამოიყენებს. აი, ასე უყურებს ამ ყველაფერს პუტინი. ჩვენი გადმოსახედიდან, პუტინმა წააგო. პუტინის გადმოსახედიდან - მან ეს-ესაა დაიწყო მოგება. არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება - პუტინი ახლახან ეწვია ბელარუსს, და ეს არ იყო პირველი დისკუსია პუტინსა და ლუკაშენკას შორის, სადაც მათ ბირთვული თემა განიხილეს - მანამდე ლუკაშენკა ეწვია მოსკოვს ამ საკითხებზე სასაუბროდ და გაისმა ავისმომასწავებელი ფრაზა: თანამშრომლობა რუსეთსა და ბელარუსს შორის ბირთვულ პროექტებში. თუ ამ ყველაფერს ომის პრიზმიდან შევხედავთ, თუ გავიხსენებთ, რომ ლუკაშენკამ ბელარუსს [ბირთვული] იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დაატოვებინა 2022 წლის მარტში, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ლუკაშენკამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსზე თავდასხმას გეგმავენ, თუ გავითვალისწინებთ ე.წ. ბირთვულ რიტორიკას, რომელიც გვესმის პუტინისგან, პატრუშევისგან, შოიგუსგან, ლავროვისა და მედვედევისგან, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, არსებობს შემდეგი სცენარის რისკი: რუსეთი გადაიტანს თავისი ბირთვული შეიარაღების ნაწილს ბელარუსში, რომელიც, ფორმალურად, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რომელსაც შეეძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც მოესურვება. პასუხისგება ამაზე ბელარუსს კი მოუწევს, მაგრამ რადგანაც ბელარუსი არის პატარა ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ევროპის სიღრმეში, დასავლეთი არ გარისკავს ბელარუსზე ბირთვული შეტევის მიტანას, რადგან რადიაცია ბელარუსის საზღვრებს გადასცდება. ეს არის სცენარი, რომლისაც, გონივრული იქნებოდა, გვეშინოდეს. და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც დატოვა პუტინმა ბელარუსი დამოუკიდებელ ქვეყნად. პუტინის გადმოსახედიდან, მან მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას, სანამ დასავლეთს სხვა გზა აღარ დარჩება და კაპიტულაციაზე დათანხმდება. აი, ეს არის მისი საბოლოო მიზანი. მისი ხედვა ასეთია: ომი უკრაინაში დავიწყეთ? დავიწყეთ. რადგან დავიწყეთ, ბოლომდეც მივიყვანთ და მთლიანად მიწასთან გავასწორებთ უკრაინას, გავანადგურებთ, თუნდაც ამისთვის თითოეული უკრაინელის ამოხოცვა მოგვიწიოს. შემდეგ კი დასავლეთს ვკითხავთ - მზად ხართ იმავე რისკებისთვის ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში? თუ მზად ხართ, კი ბატონო, იმათაც დავარტყამთ და მოგიწევთ, იბრძოლოთ. თუ არ ხართ მზად, დაგვნებდით.

ჩვენი გადმოსახედიდან, პუტინმა ომი პირწმინდად წააგო. მაგრამ მისი გადმოსახედიდან, ის სხვა სიტუაციას ხედავს: მე უფლება მომცეს, უკრაინა მიწასთან გავასწორო.

რადიო თავისუფლება: უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თქვენი ეს ანალიზი უფრო ჰოლივუდის თრილერის სცენარს წააგავს, ვიდრე რეალურ, პოლიტიკურ სცენარს. ზოგი ალბათ უფრო შორსაც წავიდოდა და იტყოდა, რომ ეს სპეკულაციაა, ანდაც - შეთქმულების თეორია. სხვა რომ არაფერი, ვინ იწყებს ასეთ აღებ-მიცემობას ბირთვული იარაღით, თითქოს ბაზარში იყვნენ? რუსეთის მხრიდან ბელარუსისთვის ბირთვული იარაღის მიცემა განა თავად რუსეთსაც არ შეუქმნის საფრთხეს? და ასევე, ბელარუსიდან უკრაინაზე ტაქტიკური ბირთვული შეტევის შემთხვევაში, მისი შედეგები, ნაწილი მაინც, შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. თუ რამეს ვერ დასწამებ ლუკაშენკას, ეს გადარჩენის ინსტინქტის არქონაა - რატომ წავა ის ასეთ სუიციდურ ნაბიჯზე?

იური ფელშტინსკი: ​რამდენიმე შეკითხვა მესროლეთ და ყველას ვუპასუხებ, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი მართებულია. მაგრამ ნება მიბოძეთ, ერთი კითხვა მეც დაგისვათ - 2013 წელს რომ მოვსულიყავი თქვენთან და მეთქვა, რომ რუსეთი გეგმავს ყირიმი მიიტაცოს და ომი დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ - დაიჯერებდით ამას? თუ ისევ მეტყოდით, რომ ეს ჰოლივუდის თრილერს ჰგავს?

რადიო თავისუფლება: საქართველოს გამოცდილების ფონზე, ალბათ გეტყოდით, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

იური ფელშტინსკი: ​მაშინ გეტყვით, რომ გამონაკლისი იქნებოდით. 2014 წლამდე არავინ ფიქრობდა, რომ რუსეთი ყირიმს მიიტაცებდა. ისევე, როგორც 1939 წელს არავინ ფიქრობდა, რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, ომისა, რომელიც მსოფლიოს 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდებოდა. 24 თებერვლამდეც ბევრს არ სჯეროდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და სრულმასშტაბიან ომს წამოიწყებდა. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ მიზერული უმცირესობისგან, ვისაც სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ პუტინი ამაზე წავიდოდა. ასე რომ, თუ კონკრეტული სცენარი დაუჯერებელი გვეჩვენება, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის არ მოხდება. ბელარუსი რუსეთმა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიპყრო. ლუკაშენკა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი აღარაა, დამოუკიდებელ დიქტატორობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დიახ, თქვენ მართალი ხართ - მას არ აქვს მიდრეკილებები თვითმკვლელობისკენ. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას მუსოლინიზეც - რომელიც საბოლოოდ გაეხვია მეორე მსოფლიო ომის ქსელში და მალევე გადმოკიდეს კიდეც თავდაყირა. ის ფაქტი, რომ ლუკაშენკა ცოცხალია და ჯერ კიდევ ფორმალურად დამოუკიდებელი, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. როდესაც მეუბნებით, რომ ბირთვული ბომბით აღებ-მიცემობა მარტივი არაა - შეგახსენებთ, რომ სწორედ ამიტომ გამოიყვანა ლუკაშენკამ ბელარუსი შეიარაღების გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და ამის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სთხოვოს, ბელარუსს ბირთვული შეიარაღება დაუბრუნოს, რომელიც ბელარუსმა ბუდაპეშტის ხელშეკრულების შედეგად დათმო. ასე რომ, აქ ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და არა ბელარუსზე. ამას გარდა, რუსეთისთვის ბირთვული შეიარაღების ნაწილის ბელარუსში გადატანა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ შეიარაღებაზე კონტროლს დათმობენ. მე არ ვფიქრობ, რომ ბელარუსიდან უკრაინას დაარტყამენ. რუსეთს ბელარუსი არ სჭირდება ამისთვის, თავადაც მოახერხებენ, თუ ასე გადაწყვეტენ. შეუძლიათ ბირთვული ჭურვების სროლის ნაცვლად უბრალოდ [ზაპოროჟიეს] ატომური სადგური დააზიანონ, რაც იმავე მასშტაბის რადიაციას გამოიწვევდა. როდესაც ვსაუბრობთ ბელარუსიდან დარტყმაზე, აქ სამიზნეში ლიეტუვა და პოლონეთია ამოღებული და იმაზე, რომ პუტინს შესაძლოა ჰქონდეს ასეთი განზრახვა, რომ ბირთვული იარაღით ბელარუსიდან დაესხას თავს პოლონეთსა და ლიეტუვას.

რადიო თავისუფლება: ნატოს წევრ ქვეყნებს?

იური ფელშტინსკი: ​სწორედაც რომ. თუ [ნატო] საპასუხოდ ბელარუსს დაარტყამს, ეს პუტინს არ ადარდებს, ეს რუსეთის ფედერაცია არაა. ამას გარდა, საეჭვოა, რომ ნატო საპასუხოდ ბელარუსის წინააღმდეგ ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს, მაგრამ, ვთქვათ, გამოიყენა: პუტინს ეს არ ანაღვლებს. რაც მას სჭირდება, არის ის, რომ ამის შემდეგ, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის ლიდერებს ჰკითხავს: აბა, გააგრძელებთ ბრძოლას თუ მზად ხართ კაპიტულაციისათვის?

საფრანგეთსა და გერმანიას ისე არაფერი გაახარებდათ, როგორც ამ ომის დღესვე დამთავრება, თუნდაც უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.

რადიო თავისუფლება: დღემდე, დასავლეთი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ეს ომი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. თქვენი სცენარის მიხედვით, გამოდის, რომ მათი ყველა მცდელობა განწირულია. მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა?

იური ფელშტინსკი: ​მე ვიტყოდი, რომ ეს ომი დამთავრდებოდა ერთ დღეში, თუ ნატო გადაწყვეტდა მასში ღიად ჩაბმულიყო. დღეს უკვე ვიცით, ცხადი გახდა, რომ უკრაინის არმია იმდენად ძლიერია, რომ მას ნატოს ჯარისკაცები არ სჭირდება, მაგრამ მას სჭირდება ნატოს შეტევითი შეიარაღება. ეს ომი დამთავრდება მაშინვე, როდესაც უკრაინელები მოსკოვს ამოიღებენ მიზანში, და აი, რატომ: რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ მხოლოდ ერთი ქალაქია, რომელიც სახელმწიფოსთვის შეუცვლელია - ეს მოსკოვია. დანარჩენი რუსეთი წყალსაც წაუღია ხვალვე, არავინ იდარდებს. რა ხდება მოსკოვში - აი, რა არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, უკრაინელები ამ ომს ვერ მოიგებენ, თუ მიზანში არ ამოიღებენ თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, „ლუბიანკის“ შენობას, ოსტანკინოს ტელევიზიის სადგურს. იმისათვის კი, რომ მათ ეს მოახერხონ, დასჭირდებათ სათანადო შეიარაღება და ეს შეიარაღება დასავლეთიდან უნდა შემოვიდეს. დასავლეთის აკვიატებული იდეა, რომ პუტინის პროვოცირება უდრის ესკალაციას - მცდარია. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, სწორედ ეს უბიძგებს პუტინს ესკალაციისკენ. დასავლეთი უფლებას აძლევს რუსეთს, უკრაინა დაუსჯელად დაბომბოს ჰაერიდან. და თუ ასეც გაგრძელდება კიდევ შემდგომი რამდენიმე თვე, უკრაინის ჯარი შეიძლება ცოცხალი იყოს, მაგრამ ქვეყანა „მოკვდება“ - მთლიანად განადგურდება. პუტინის გადმოსახედიდან კი, ის ამ ომს მოიგებს, რადგან როდესაც უკრაინას მიწასთან გაასწორებს, შემდეგ სხვა ქვეყანას ამოიღებს მიზანში და ეს შემდეგი ალბათ მოლდოვა იქნება.

რადიო თავისუფლება: და უკრაინა თუ მოსკოვს დაარტყამს - ეს არ გაზრდის რუსეთის მხრიდან ბირთვული პასუხის ალბათობას?

იური ფელშტინსკი: ​მე მესმის, რომ რასაც ვამბობ, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალურად ჟღერს, ექსტრემალურია, მაგრამ ამას, ნაწილობრივ, განზრახ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებ მოსკოვის დაბომბვით - დაიწყებ ლოკალური სამხედრო სამიზნეებით, სადაც რუსული ძალებია კონცენტრირებული, მოსკოვის დაბომბვით [ომი] უნდა დაამთავრო. ესკალაციაზე ვსაუბრობდით: ომის დაწყების პირველი დღიდანვე პუტინისგან გვესმის, - ეს არ გააკეთოთ, ის არ გააკეთოთ, თორემ ჩვენ ამ ომის ბირთვულ ესკალაციაზე წავალთ. და უკვე ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ის, რასაც პუტინი „გვიკრძალავდა“, მაგრამ ის მაინც არ იყენებს ბირთვულ შეიარაღებას. მე არ მჯერა, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც დასავლეთმა არ უნდა გადააბიჯოს, წითელი ხაზი, რომლის გადაბიჯების შემდეგაც პუტინი ბირთვულ პასუხზე დაფიქრდება.

დღეს უკრაინას ევროპის უძლიერესი არმია ჰყავს. ნატოსაც კი არ გააჩნია ისეთი ეფექტური არმია ევროპაში, როგორიც უკრაინას ჰყავს.

რადიო თავისუფლება: მოსკოვის დაბომბვის შემთხვევაშიც კი? ესეც არ იქნებოდა მისთვის წითელი ხაზი?

იური ფელშტინსკი: ​თუ ეს ბომბი მოდის კიევიდან, უკრაინიდან, ეს ომის წესების დარღვევა არ არის. ესვრის თუ არა პუტინი უკრაინას ბირთვულ ბომბს, თუ კიევი, მაგალითად, ოსტანკინოს დაბომბავს? მეეჭვება. აქ საქმე ის არაა, რას აკეთებს უკრაინა, რით გამოიწვევს პუტინს, არამედ ის, რომ მას სულ სხვა მიზეზების გამო შეუძლია ეს [ბირთვული იარაღის გამოყენება] და არა იმიტომ, რომ უკრაინა თამაშის იმავე წესებს იყენებს ომში, რასაც თავად.

რადიო თავისუფლება: რა სხვა მიზეზებს გულისხმობთ?

იური ფელშტინსკი: ​გულწრფელად გითხრათ, საერთოდ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს. პუტინი ისედაც ანადგურებს უკრაინას, კი, ამას მეტ დროს ანდომებს, ვიდრე თვითონ ფიქრობდა, მაგრამ ეს დიდად არ ანაღვლებს. მისი გადმოსახედიდან, შეუძლებელია, მან ეს ომი წააგოს. გამოიყენებს თუ არა ის ბირთვულ შეიარაღებას, თუ დაინახავს, რომ უკრაინა იმარჯვებს? ვნახოთ. მაგრამ პრობლემა ამ კითხვასთან დაკავშირებით შემდეგშია: თუ ვივარაუდებთ, რომ პუტინი, როდესაც გააცნობიერებს, რომ ომს აგებს, ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს, მაშინ ერთადერთი გზა, რითაც თავიდან ავირიდებდით ამ სცენარს, არის ის, რომ მან ეს ომი მოიგოს. ეს ნაცრისფერი ზონაა. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს გავრისკოთ, მიუხედავად ბირთვული დარტყმისა თუ ტაქტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეებისა, იმიტომ რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ამის [საფრთხეების] თავიდან აცილების ერთადერთი გზა უკრაინის კაპიტულაციაა. და მე შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ უკრაინა არ დანებდება, მაშინაც კი, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მის წინააღმდეგ. პრობლემა ისაა, რომ ეს ჩვენ კი ვიცით, მაგრამ პუტინმა არ იცის... არის მეორე პრობლემაც: საფრანგეთსა და გერმანიას ისე არაფერი გაახარებდათ, როგორც ამ ომის დღესვე დამთავრება, თუნდაც უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე. მაგრამ ეს არაა ცივი ომის რეალობა, ეს არის პოსტსაბჭოთა რეალობა, და ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, სიკვდილი ურჩევნიათ „საბჭოთა კავშირ 2.0“-ში დაბრუნებას. ესაა ახალი რეალობა, რომელსაც საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმაც თვალი უნდა გაუსწორონ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ერთადერთი გზა ამ ომის დასამთავრებლად ამ ომში გამარჯვებაა. და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს უკრაინა და უკრაინელები, რომლებმაც დასავლეთს ამ ომის მოგების შანსი მისცეს. დღეს უკრაინას ევროპის უძლიერესი არმია ჰყავს. ნატოსაც კი არ გააჩნია ისეთი ეფექტური არმია ევროპაში, როგორიც უკრაინას ჰყავს. უკრაინელები მზად არიან იბრძოლონ, მზად არიან თავი შესწირონ ამ ბრძოლას. და უკრაინელებს აქვთ ტერიტორია, ფართობი, რომ იბრძოლონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ბალტიის ქვეყნები შესაძლოა, მზად იყვნენ ომისათვის, მაგრამ არც სამყოფი ტერიტორია და არც საკმარისი მოსახლეობა გააჩნიათ ამისათვის. უკრაინის ჩვენს მხარეზე ყოფნა დიდი უპირატესობაა - ერთადერთი, რაც დასავლეთმა უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ეს ომი უკრაინის საზღვრებს არ გადასცდეს, ამისთვის კი საჭიროა უკრაინას მისცეს ის შეიარაღება, რაც მათ ამ ომში გამარჯვებისთვის სჭირდებათ. რადგან თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, მაშინ ამ ომს წააგებს ევროპა. იმ შემთხვევაშიც კი - ეს არ მოხდება, რადგან უკრაინა არ დანებდება, მაგრამ მაინც განვიხილოთ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა კაპიტულაციაზე ხელს მოაწერს და პუტინი მას დაიპყრობს, ამით ომი არ დამთავრდება. ომი გაგრძელდება - ის გადაინაცვლებს ჯერ მოლდოვაში, შემდეგ, როდესაც მოლდოვას „მორჩებიან“, ბალტიის ქვეყნებს მიადგებიან, შემდეგ რუსული ჯარი კალინინგრადში შევა და გერმანიის საზღვრებს მიადგება. ამ დროისათვის აღმოსავლეთი ევროპა ალყაშემორტყმული იქნება რუსეთით და რუსეთის კონტროლის სფეროდ იქცევა. სწორედ ეს იყო პუტინის გეგმა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ ეს გეგმა უკრაინელებმა ჩაუშალეს. აი, ამიტომაცაა, რომ დასავლეთს არჩევანი არ აქვს.

რადიო თავისუფლება: თუ არ სურთ, რომ ომმა მათ კარზეც მიაკაკუნოს.

იური ფელშტინსკი: ​დიახ. ეს უნდა გაიაზრონ. იმედი მაქვს, ახლა მაინც გაიაზრებენ ამას. არასოდეს ესმოდათ - 2014-ში, 2022-ის თებერვალში, მარტში...

რადიო თავისუფლება: და ალბათ არც 2008-ში. აგვისტოს ომზე თქვენს სტატიაში გვხვდება ასეთი ფრაზა: „ეს ზედმეტად რთული გასაგები იყო მათთვის და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიაქციეს”. დღევანდელი გადმოსახედიდან - უნდა მიექციათ მეტი ყურადღება საქართველოსთვის 2008-ში?

იური ფელშტინსკი: ​რა თქმა უნდა. მარტივად რომ ვთქვათ - 2014-ში რომ იმ მასშტაბის სანქციები მიეღოთ რუსეთის წინააღმდეგ, როგორიც 2022-ში ვნახეთ, რუსეთი უკრაინაში აღარ შეიჭრებოდა. 2008-ში რომ მიეღოთ ისეთი სანქციები მაინც, როგორც 2014-ში, ყირიმის ანექსიას ვერ ვიხილავდით. ყველაფერი ეს მოხდა იმიტომ, რომ პუტინი, პატარა ბავშვივით, ფრთხილად ცდილობდა წყლის სიღრმე მოესინჯა [was testing the waters]. და როდესაც გაიაზრა, რომ საქართველოში შეჭრა „შერჩა“ და არავინ დასაჯა, იცოდა, რომ ყირიმიც შერჩებოდა. და გარკვეულწილად ჰქონდა კიდეც ამის ფიქრის საფუძველი: რადგან ისევ ყველა უღიმოდა, ლანჩზე მასთან ერთად ისხდნენ, ხელს ართმევდნენ... ამიტომაც მივიდა 2022 წლის თებერვლამდე.

რადიო თავისუფლება: და შემდეგ უეცრად წყალი ძალიან გაღრმავდა.

იური ფელშტინსკი: ​დიახ. წყალი გაღრმავდა.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG