Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს


მოსკოვის ტერაქტში ეჭვმიტანილი საიდაქრამი რაჩაბალიზოდა, სასამართლო დარბაზში. მოსკოვი, 2024 წლის 24 მარტი.
მოსკოვის ტერაქტში ეჭვმიტანილი საიდაქრამი რაჩაბალიზოდა, სასამართლო დარბაზში. მოსკოვი, 2024 წლის 24 მარტი.

გაფრთხილების მიუხედავად, კრემლმა მოსკოვის ტერაქტი ვერ, ან არ აღკვეთა. ახლა კი ეჭვმიტანილებს სასტიკად უსწორდებიან და წინა წლებისგან განსხვავებით ამას აღარ მალავენ.

ტერაქტს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” 139 ადამიანი შეეწირა, 97 ისევ საავადმყოფოშია.

დაკავებულია ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე. ოთხივე წინასწარ პატიმრობაშია და მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

მათგან ორი დანაშაულს აღიარებს. სასამართლოდან გამოქვეყნებულ კადრებში ოთხივეს წამების კვალი ეტყობა.

2004 წელს დაბადებული მუჰამადსობირ ფაიზოვი სასამართლო დარბაზში თითქმის უგონოდ იყო.
2004 წელს დაბადებული მუჰამადსობირ ფაიზოვი სასამართლო დარბაზში თითქმის უგონოდ იყო.

მუსაჰამადსობირ ფაიზოვი, სასამართლოზე სამედიცინო ეტლით, ხალათმოხვეული, კათეტერით მიიყვანეს და მას თვალები არც გაუხელია. მეორეს, სახელად საიდაქრამი რაჩაბალიზოდას, მარჯვენა ყური თითქმის მთლიანად მოაჭრეს. დანარჩენ ორს სახეზე ჩალურჯებები, შეშუპებები და იარები ეტყობათ.

ძალადობისა და წამების კვალი ოთხივე დაკავებულს ეტყობა
ძალადობისა და წამების კვალი ოთხივე დაკავებულს ეტყობა

ეს არავის გაჰკვირვებია. მათი დაკავებიდან ცოტა ხანში, ტელეგრამარხმა Grey Zone (რომელსაც ადრე გარდაცვლილ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს უკავშირებდნენ) გამოაქვეყნა ეჭვმიტანილთა წამების ამსახველი მასალები.

ერთ-ერთ ვიდეოში კაცს თავი დასისხლიანებული აქვს, მარჯვენა ყური - ნახევრად მოჭრილი. ერთ-ერთი სამხედრო ფორმიანი კი მას ყურის მოჭრილ ნაწილს პირში ატენის და ეუბნება: “ჭამე, ბოზო, ყლ*ს მოგაჭრი და პირში გაგტენი!”.

კიდევ ერთ ვიდეოში, იმავე დაკავებულს სასტიკად სცემენ და თავის მოჭრით ემუქრებიან.

Grey Zone-მა არც სხვების წამება დამალა. გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შამსიდინ ფარიდუნი ატაკზე შარვალჩახდილი წევს. ფოტოს განმარტებაც დაურთო: დაკავებულს გენიტალიებზე მიერთებული აქვს სადენები და დენით აწამებენ.

უფლებადამცველები წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსულ ციხეებში წამების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასტიკი ფორმაა. მაგალითად, სავარაუდოდ, დენით აწამეს ივან კუდრიაშოვი, რომელმაც შარშან მოსკოვის სიახლოვეს სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა.

სიცოცხლისგან განსხვავებით, წამებისგან თავისუფლება არაერთი საერთაშორისო შეთანხმებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ანუ მისი დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კრემლი "კმაყოფილია"

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაკავებულების საჩვენებელ წამებაზე კომენტარი არ გააკეთა.

სხვებმა კი თქვეს, რომ დაკავებულები კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ.

“მოსაკლავები არიან? არიან. მოვკლავთ კიდეც. ვინც გადაუხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველანი უნდა დავხოცოთ”, - დაწერა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.

პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა კი თქვა, რომ დაკავებულები “დანდობას არ იმსახურებენ”.

ნახევრად მოჭრილი ყურის შემხედავი, “კმაყოფილების გარდა ვერაფერს ვგრძნობ”, - ეს სახელმწიფო ტელეარხის დირექტორმა და კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა დაწერა.

კმაყოფილება გამოხატა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მან “ღირსების ორდენით” დააჯილდოვა სამხედროები, რომლებმაც ეჭვმიტანილები დააკავეს.

საჯარო წამება სახიფათო ნიშანია

დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს ეს ყველაფერი ცუდად ენიშნებათ, რადგან აქამდე კრემლი ყოველთვის ცდილობდა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიჩქმალვას.

წამების და მისი შედეგების საჯაროდ და მიზანმიმართულად დემონსტრირება “სპეცსამსახურების მთელი სისტემის სრულ დეგრადაციაზე მეტყველებს”, - უთხრა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ილია როჟდესტვენსკიმ ტელეარხ “დოჟდს”.

ეფესბე და სხვა რუსული სპეცსამსახურები "ჩაფლავდნენ". ამიტომ ემუქრებიან სხვა “ტერორისტებს” და თან საზოგადოებასაც გულს ფხანენ, - დაამატა მან.

ეს ყველაფერი რუსეთში წამების ნორმალიზებას ნიშნავს, - შიშობს ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი.

“პროსახელისუფლებო მედიიდან მოდის მესიჯი - აწამეთ სხვები დენით, მოაჭერით ყურები და ამისთვის არავინ განგიკითხავთ”, - უთხრა ზახვატოვმა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეგრამარხს.

ზოგი კი ამბობს, რომ საჯარო წამებამ თავსახური ახადა პანდორას ყუთს, რომლის დახურვაც მარტივად აღარ გამოვა.

“დღეს მოაჭრიან ყურს ისლამისტ ტერორისტს, ხვალ „ტერორისტულ ლგბტ“ [მოძრაობის წევრს], მაზეგ გადაწყვეტენ ვინმე შამპანურის ბოთლზე დასვან”, - წერს ბლოგერი ალექსანდრ შეტაფანოვი.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა” კი მოუწოდა კრემლს, “არ უპასუხოს ბარბაროსობას ბარბაროსობით”.

დარჩა ბევრი უზუსტობა

რუსეთში ყველა არაა დარწმუნებული იმაში, რომ დანაშაული ნამდვილად დაკავებულებმა ჩაიდინეს.

ოპოზიციური გამოცემა “პოინტმედია” ამ საქმის უცნაურობებზე მიუთითებს.

მაგალითად, კრემლი ტერაქტის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი საკონცერტო დარბაზთან ტერაქტის წინა დღეებში შემთხვევით გადაიღეს - თავად გაუჩერდა ფოტოგრაფს კადრის გასწორებისას.

გარდა ამისა, პოლიცია და მეხანძრეები შემთხვევის ადგილას ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდნენ.

კითხვები არსებობს თავად დაკავებასთანაც. იქიდან მალევე გავრცელებულ დაკითხვის ვიდეოში დაკავებული ამბობს, რომ მკვლელობას 500 ათას რუბლად დათანხმდა.

არადა, ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო. მისი წევრების მოტივაცია კი, როგორც წესი, არა ფული, არამედ იდეოლოგიაა.

ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ კრემლი ჯიუტად ცდილობს თავდასხმაში “უკრაინული კვალის” პოვნას.

ამიტომ ბევრს დაკავებულების წამება არამხოლოდ “ბარბაროსობის” და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო აღელვებს.

ასეთი მეთოდების წყალობით, ისინი “1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის, ბართლომეს ღამის, ასევე ტუტანხამონისა და კენედის მკვლელობის მოწყობასაც აღიარებენ”, - დაწერა რუსეთიდან წასულმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა.

ამასობაში, გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” დაასკვნა, რომ მოსკოვის “კროკუს სიტი ჰოლიდან” გავრცელებულ და ასევე “ისლამური სახელმწიფოს" მიერ ატვირთულ კადრებში თავდამსხმელებს იგივე ტანსაცმელი აცვიათ.

იმავე დასკვნამდე მივიდა გამოცემა "ინსაიდერიც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG