Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ერჩის რუსეთს დაჯგუფება "ხორასანი", რომელმაც მოსკოვის ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა?


მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

22 მარტის ტერაქტს მოსკოვის გარეუბანში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ხორასანმა“, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ერთ-ერთმა ჯგუფმა.

მაგრამ კრემლი მაინც ამტკიცებს, რომ თავდასხმაში უკრაინაც მონაწილეობდა.

რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში უმსხვილესი ტერაქტი მოხდა.

22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები მოსკოვის გარეუბანში საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ შეიჭრნენ და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. შემდეგ კი შენობაში ხანძარი გააჩინეს.

დაღუპულია 137 ადამიანი, დაახლოებით ამდენივეა დაჭრილი.

მომდევნო დღეს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. უფრო სწორად, მისმა ერთ-ერთმა დანაყოფმა, რომელსაც „ხორასანი“ ჰქვია.

სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვას მათ ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება.

ამ ტექსტში აგიხსნით, რა მოტივი აქვს „ხორასანს“ რუსეთში ტერაქტის მოწყობისთვის.

რა არის “ხორასანი”?

„ხორასანი“ ისტორიული რეგიონია, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ირანის, ავღანეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებს.

„ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ კი 2015 წელს ავღანეთში შეიქმნა, და მალევე ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში მათ ასეულობით ადამიანის მკვლელობაზე აიღეს პასუხისმგებლობა. მაგალითად, იანვარში ირანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

2021 წლის აგვისტოში, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტზე („ხორასანის“ მტკიცებით, მათ) თავდასხმას 175 მშვიდობიანი მოქალაქე და 13 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2022 წლის სექტემბერში კი, სავარაუდოდ, მათმა წევრმა თავი აიფეთქა ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან. საელჩოს ორი თანამშრომელი დაიღუპა.

რატომ ერჩის რუსეთს?

იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებას კავშირები აქვს თალიბებთან, რომლებიც ახლა ავღანეთს აკონტროლებენ. „ისლამური სახელმწიფო“ და თალიბანი კი დაუძინებელი მტრები არიან.

მართალია, თალიბანი რუსეთში ფორმალურად აკრძალულია, მაგრამ თალიბები ხშირად სტუმრობენ მოსკოვს, - ეუბნება სამხედრო ექსპერტი სერგეი მიგდალი გამოცემა „ქარენთ თაიმს“.

„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთში ხედავს „თავისი მთავარი მტრების, ირანის აიათოლას რეჟიმისა და ავღანეთის თალიბანის რეჟიმის მთავარ დასაყრდენს“, - განმარტავს იგი.

არის სხვა მიზეზებიც. „ხორასანი ბოლო ორი წელია რუსეთს ერჩის, აკრიტიკებს პუტინსა და მის პროპაგანდას“, - წერს როიტერსი. „ისლამურ სახელმწიფოს“ მიაჩნია, რომ რუსეთში „უსამართლოდ და გამუდმებით ჩაგრავენ მუსლიმებს“, - ციტირებს გამოცემა ამერიკელ მკვლევარ მაიკლ კუგელმანს.

მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ცენტრალურ აზიაში მცხოვრებ ზოგ მუსლიმს მოსკოვთან ანგარიშსწორება სურდეს.

ტერაქტს ელოდნენ

7 მარტს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ეფესბემ, განაცხადა, რომ აღკვეთა „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული თავდასხმა სინაგოგაზე, რომელიც მოსკოვის სიახლოვეს მდებარეობს.

„საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები გეგმავდნენ, ცეცხლი გაეხსნათ სინაგოგის მრევლისთვის“, - ნათქვამია ეფესბეს განცხადებაში.

იქიდან რამდენიმე საათში, რუსეთში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკელებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებით კი კონცერტებს, რადგან „ექსტრემისტები“ მათზე შეტევას გეგმავენ.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღეში ამ გაფრთხილებას „პროვოკაციული“ უწოდა და დასავლეთი რუსების „დაშინების“ მცდელობაში დაადანაშაულა.

აშშ-მა ნამდვილად გააფრთხილა კრემლი, თუმცა არ დაუკონკრეტებია მოსალოდნელი ტერაქტის დეტალები, - დაწერა 23 მარტს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“, ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

კრემლი “უკრაინულ კვალზე” ლაპარაკობს

მაგრამ რუსეთი არ ჩქარობს „ისლამური სახელმწიფოს“ დადანაშაულებას. ეფესბემ 23 მარტს განაცხადა, რომ დააკავა ოთხივე თავდამსხმელი და მათ დახმარებაში ეჭვმიტანილი კიდევ შვიდი ადამიანი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოთხივე თავდამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

ეფესბე კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მათი დაკავება მოხერხდა ბრიანსკის ოლქში, რომელიც ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრება.

„დამნაშავეები აპირებდნენ გადაეკვეთათ რუსეთ-უკრაინის საზღვარი, უკრაინულ მხარესთან კი შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“, - აცხადებს ეფესბე.

„უკრაინულ კვალზე“ ალაპარაკდა ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც თავდასხმის შემდეგ 16-საათიანი დუმილი დაარღვია.

უკრაინა ტერაქტთან კავშირს უარყოფს.

ამ მასშტაბის ტერაქტი რუსეთში ბოლოს 2004 წლის სექტემბერში, ქალაქ ბესლანში მოხდა. სკოლაში მძევლების აყვანასა და სკოლის შემდგომ შტურმს სულ 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG