Accessibility links

ვახუშტი მენაბდე: პროპორციული სისტემა სამართლიან შედეგებს უზრუნველყოფს


ვახუშტი მენაბდე

პროპორციული სისტემა წარმომადგენლობით ორგანოში გაცილებით სამართლიან შედეგებს უზრუნველყოფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღების ფაქტს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე. მისი თქმით, ორგანიზაცია სრულად პროპორციულ სისტემას ემხრობოდა, თუმცა „სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა და მხოლოდ და მხოლოდ იმ შეთანხმებას უნდა დავჯერდეთ, რომელიც არსებობს“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

გადაცემაში იგი მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მონაწილეობა არ მიუღიათ, ცვლილების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება:

„ხშირად საუბრობენ ლეგიტიმაციის საკითხზე, რამდენად არის ლეგიტიმური. მიუხედავად იმის, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა, ფორმალურად აქ ლეგიტიმაციის კითხვა არც კი დგას, ფორმალურად 113 ხმა სჭირდებოდა და ეს 113 ხმა მოაგროვა ამ კანონპროექტმა. აქ ლაპარაკია პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, მაგრამ ლეგიტიმაციას განსაზღვრავს არა იმდენად ის, საბოლოო კენჭისყრაზე ვინ დაუჭერს მხარს, ლეგიტიმაციას განსაზღვრავს შინაარსი, ანუ საზოგადოება რამდენად მომხრეა ამ ცვლილებების. შეიძლება პირიქითაც ყველამ დაუჭიროს მხარი, მაგრამ საზოგადოება იმდენად წინააღმდეგი იყოს ამ ცვლილებების, რომ 150-ვე დეპუტატის მხარდაჭერილი კანონი მაინც არალეგიტიმურად მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე არ დაუჭირა მხარი ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსტიტუციის აღნიშნულ რედაქციას, თორემ შინაარსობრივად, ცხადია, ეს შეთანხმების ნაწილი იყო. ყველა მონაწილე მომხრეა, ყველა აღიარებს რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რის გამოც არ დგას კონსტიტუციის ამ შესწორების ლეგიტიმაციის შესახებ კითხვის ნიშანი“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე დაიწია საარჩევნო ბარიერმა. ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ეს ცვლილება საშუალებას აძლევს საზოგადოების ყველა ჯგუფს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს:

„პარლამენტი არის ორგანო, რომელიც უნდა ასახავდეს საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებს. ახლა ჩვენ 3 მილიონი ადამიანი ვერ შევიკრიბებით და ვერ დავდგებით თავისუფლების მოედანზე გადაწყვეტილების მისაღებად, რაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა დემოკრატიის თვალსაზრისით. ამიტომ საჭიროა შევქმნათ წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ამ პოლიტიკურ ლანდშაფტს მოზაიკურად გადაიტანს და ასახავს საკანონმდებლო ორგანოში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა. საზოგადოებაში რა განწყობებიც არის და 3 მილიონი კაცი რომ შევკრებილიყავით იქ რა პოზიციებსაც დავიკავებდით, იმ პროპორციით უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული ჩვენი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი საარჩევნო სისტემისთვის და ჩვენ სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ 1% -იან ბარიერს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებში დაახლოებით 20 % დარჩა წარმომადგენლის გარეშე:

„ანუ 5 % -იანი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, მათი ხმების საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით 20%. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად დღეს საქართველოში ყოველ მე-5 ამომრჩეველს წარმომადგენელი არ ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში. ჰაერში გასროლილ ხმებს ეძახიან ასეთ ხმებს. ჰაერში გასროლილი ხმების პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ 1% ამას შეამცირებს და არა მგონია ძალიან ბევრი ხმა დაიკარგოს. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითს და უფრო მეტად ლეგიტიმურს გახდის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა „დილის საუბრებში“ ვახუშტი მენაბდემ.

მან გადაცემაში ისაუბრა ასევე საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტზეც:

„ეს საკმაოდ დიდი პაკეტია. ეს არის ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი. ამაზე მთელი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანების ჯგუფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი იყო ეს ჯგუფი, ჩართული იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. სადღაც 7 შეხვედრა გაიმართა მთელი ამ ხნის განმავლობაში. რამდენიმე დღეც კი გრძელდებოდა ეს განხილვები. ჩვენ დეტალურად შევიმუშავეთ ვიმსჯელეთ თითოეულ იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს-დღეობით არსებობს და ეუთო-ოდირის რეკომენდაციებში იყო. სამწუხაროდ მათგან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ არის ისე მოგვარებული, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა შევეცდებით, რომ პარლამენტში ეს საკითხები კიდევ ერთხელ დავაყენოთ. დღეს არის პირველი მოსმენა ამ პროექტის და არის საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია და ჩვენ მივესალმებით ამას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, საიასთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალში მთავარი ამომრჩევლის ნების კონტროლის პრობლემაა:

„წლების განმავლობაში გამოწვევა გახლდათ საარჩევნო უბანი. უბნის შიგნით რაც ხდებოდა, კენჭისყრის ოთახი. სადაც იყო გაყალბების საფრთხეები, ბიულეტენების ჩაყრა, შუქის ჩაქრობა და ასე შემდეგ. ეს იყო სისტემური პრობლემა. დღეს ეს აღარ არის სისტემური პრობლემა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სადამკვირვებლო მისიების გამოცდილების გათვალისწინებით. ეს პრობლემა არ აღმოფხვრილა, თუმცა ის აღარ არის სისტემური პრობლემა. ჩვენ დავაკვირდით არჩევნების დღეს სად გადაინაცვლა სიმძიმის ცენტრმა და აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. პარტიები და უპირველესად ხელისუფლება აღრიცხავენ კოორდინატორების მეშვეობით ამომრჩევლებს. ვინ მოვიდა და ვინ არა. და ეს კეთდება ისეთი ფორმით, რაც ამომრჩეველზე ზეწოლას წარმოადგენს. ის ხედავს, რომ როდესაც შედის უბანზე ვიღაც დგას, ინიშნავს, აღრიცხავს. ჩნდება თვალთვალის განცდა, რომ მერე შეიძლება მისი საარჩევნო აქტივობა მის წინააღმდეგ გამოიყენოს ვინმემ. აქვე არიან უბანზე მობილიზებული კრიმინალური ელემენტები და სხვა და სხვა. და იქმნება საბოლოო ჯამში ისეთი გარემო, რომელიც ზეწოლას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე. ამას ემატება მუდმივი დაძაბულობა, კონფლიქტები, დაპირისპირება ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი ფაქტები, რაც არჩევნების დღეს ქმნის დაძაბულ და ფორსმაჟორულ გარემოს, რა დროსაც ცხადია ამომრჩეველს უკვე აღარ შეუძლია თავისუფლად გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს ამას თვალთვალის პრობლემა ემატება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მის არჩევანზე ახდენს გავლენას და ამახინჯებს საბოლოო ჯამში ელექტორალურ განწყობებს არჩევნების დღეს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. მისივე განმარტებით, პრობლემაა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება. მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტებული უნდა იყოს პროფესიული ნიშნით ისე, რომ კომისიის ყველა წევრზე პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდეს.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG