Accessibility links

ვინ „აღზრდის“ ძიძას?


2020 წლის პირველი ივნისიდან, მთავრობის ინიციატივითა და „ბავშვთა კოდექსში“ შეტანილი ჩანაწერის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროს დაევალა. კრიტერიუმები მათ 2020 წლის მარტისთვის უნდა შეიმუშაონ.

მშობლები ძიძებზე

„ერთხელ ძიძა კატამ რომ გაკაწრა, ამის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს მითხრა და მეორე დღეს დავიწყეთ გამოკვლევა, სად იყო ეს კატა და ხომ არ გაკაწრა ბავშვიც … ანუ ამ საბაზისო სამედიცინო ცოდნას თუ მიიღებენ ძიძები, ძალიან კარგი იქნება. კარგია, თუკი ძიძები ტრენინგებს გაივლიან, მაგრამ არ მაქვს ნდობა, რომ ეს პროცესი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა“.

„რამდენიმე ხანი ტაშკენტში ვცხოვრობდით. ძიძად გვყავდა ახალგაზრდა ქალი, საშუალო განათლებით. თუმცა, გავლილი ჰქონდა ბავშვთა პირველადი დახმარებისა და კვების შესახებ ტრენინგი და სერტიფიკატებიც ჰქონდა. მშვიდად ვანდობდი ბავშვს, რადგან პრაქტიკამ მაჩვენა, ტრენინგი უკვალოდ არ იყო დაკარგული. კარგი იქნება, საქართველოშიც თუ დაინერგება მსგავსი პრაქტიკა და მხოლოდ იმის იმედზე არ ვიქნებით, რომ "საკუთარი შვილები ხომ გაზარდა", "ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული", ახლობელია და "ბავშვს კარგად მოექცევა" და ა.შ.“

„ძიძის არჩევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მის პიროვნულ თვისებებს, ასევე მის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე, ფაქტობრივად, ოჯახის წევრია. მაგალითად, როდესაც დედა აფრთხილებს, რომ მაღალი სიცხის დროს ბავშვს ძმრიანი წინდები არ უნდა ჩააცვას, სასურველია, რომ მასაც იგივე შეხედულება ჰქონდეს. კარგი იქნება, ძიძებმა იცოდნენ პირველადი დახმარების აღმოჩენა, ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული სიმპტომების იდენტიფიცირება“...

ეს გამოცდილებები და მოსაზრებები რადიო თავისუფლებას მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა გაუზიარეს. ისინი ყვებიან იმ ფაქტების შესახებაც, როდესაც თავად გახდნენ მომსწრენი ძიძების მიერ ბავშვებზე ძალადობისა:

„მინახავს, როგორ უყვირიან და სცემენ ბავშვებს. ამ ზაფხულს, საკუთარი ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორც უყვიროდა ძიძა ბავშვს და სცემდა ძაღლს. ის ქალი სოციალურ ქსელში "დავარეპორტე", - იხსენებს 35 წლის ნანა, რომელსაც 3 წლის შვილი ჰყავს და მისთვის სასურველ ძიძას ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაკვლია: „გასაუბრება გვქონდა უამრავ ქალთან. ვინც მოგვეწონებოდა, იმასთან ვიწყებდით ტრენინგს. ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. დავრწმუნდი, რომ გამოცდილება არაფერს ნიშნავდა, რადგან ეს იყო ქართული გამოცდილება: არ გაცივდეს - შევფუთავ. ფეხშიშველმა არ ირბინოს - გაცივდება, ეზოში თამაშისას არ დაისვაროს ბავშვი, ჭამა - გართობით და ა.შ. ისეთი ფორმულები აქვთ გამჯდარი, რომ ამ მიდგომებს ვეღარ გადააკეთებ“.

რას შეცვლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება?

2020 წლის პირველი ივნისიდან, მთავრობის ინიციატივითა და „ბავშვთა კოდექსში“ შეტანილი ჩანაწერის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას.

ამ ჩანაწერის ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეა. ინიციატივის საფუძველი კი მისი თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენციაა.

როგორ უნდა წარიმართოს სერტიფიცირების პროცესი? ვინ უნდა ჩაატაროს ტრენინგები? რა კრიტერიუმების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატები? რას შეისწავლიან ძიძობის მსურველები? შეიქმნება თუ არა სპეციალური ტრენინგ-ცენტრები? - ამის შესახებ კონკრეტული პასუხები ჯერჯერობით, არავის აქვს. არც თავად ინიციატივის ავტორს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი, ის არის, რომ კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროს აქვს დავალებული. კრიტერიუმები კი მათ 2020 წლის მარტისთვის უნდა შეიმუშავონ.

სოფიო კილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება:

„ჩვენ რომ გვეთქვა, რომ აუცილებელია, ყველა ძიძას ჰქონდეს სერტიფიკატი, შესაძლოა, ამას გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყოლოდა, რადგან ეს პროცესი დაკავშირებული იქნება გარკვეულ თანხებთან. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე, სერტიფიცირება იყოს ნებაყოფლობითი. მალე შევიმუშავებთ კრიტერიუმებს, რომლებზე ზედამხედველობასაც სახელმწიფო განახორციელებს. ბუნებრივია, ასპროცენტიან დაცვას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მონდომების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ სწორად განვახორციელებთ ამ კრიტერიუმებს, გარკვეული დაცულობის განცდას მივცემთ მშობლებს. მშობლებს ეცოდინებათ, რომ სერტიფიცირებულ ძიძას ექნება პირველადი დახმარების გაწევის უნარი, ეცოდინება ბავშვის ჯანსაღი კვების კრიტერიუმები, ბავშვთა მოპყრობის წესები და ა.შ".

ეკა შალამბერიძეს ბავშვებთან მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. ფიქრობს, რომ პირადად მას გადამზადება და ბავშვთან ქცევის უნარების დასწავლა აღარ სჭირდება, თუმცა, მიესალმება ძიძების სერტიფიცირების იდეას:

„სამწუხაროდ, არიან ძიძები, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ ბავშვებს, მათ ფსიქოლოგიას, მათ საჭიროებებს. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ხელფასის გამო დაიბრალო ძიძობა. აუცილებელია, რომ ძიძას ჰქონდეს კონკრეტული ცოდნა იმისა, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, როგორ განავითაროს ის. გარშემო ძიძებს რომ ვუყურებ და მათ ურთიერთობებს ბავშვებთან, ხანდახან მიკვირს, როგორ ანდობენ მათ შვილებს. ბავშვთან ურთიერთობა, კვება, ჰიგიენა, მიდგომა, მეცადინეობა, ეს ყველა კრიტერიუმი უმნიშვნელოვანესია და ამ უნარებს აუცილებლად უნდა ფლობდნენ ძიძები“.

სერტიფიცირებული ძიძა - ძვირადღირებული კადრი

ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი არ არის სიახლე. ერთადერთი სიახლე, რაც მთავრობის ინიციატივას ახლავს თან, ეს არის ის, რომ სერტიფიცირების პროცესს სახელმწიფო გააკონტროლებს.

ცხრა წელია „ძიძების დამსაქმებელთა ასოციაცია“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO), USAID -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ძიძებისთვის ატარებს ტრენინგებს და თეორიული და პრაქტიკული ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გასცემს სერტიფიკატებს. ტრენინგები უფასოა და მათი ხანგრძლივობა ორ კვირას მოიცავს.

თამარ ფარულავა, ასოციაციის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცხრა წლის განმავლობაში, მათ რამდენიმე ათასი ძიძა ჰყავთ გადამზადებული:

„ძიძები სწავლების პროცესში ეცნობიან ბავშვთა ფსიქოლოგიის საწყისებს, ბავშვთა უფლებებს, ბავშვთა პედიატრიის მიმართულებით პირველადი დახმარების გაწევის უნარებს. ბოლო ერთი წელია ძიძები ეუფლებიან ბავშვთა ანიმატორის უნარებსაც, ანუ როგორ უნდა გაართოს ძიძამ ბავშვი ისე, რომ გართობის პროცესი უსაფრთხოსთან ერთად იყოს სასიამოვნო და შემეცნებითიც. რაც შეეხება ძიძებს, რომლებმაც ახალშობილ ბავშვებთან უნდა იმუშაონ, ისინი დამატებით პრაქტიკულ ტრენინგებს გადიან სამშობიაროებში“.

როგორც „ძიძების დამსაქმებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, სერტიფიცირებული ძიძა ძვირადღირებული კადრია და ამგვარ კადრებზე მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან არც ისეთი დიდია. ძიძების ანაზღაურება 700-დან 1300 ლარამდე მერყეობს. სერტიფიცირებული ძიძების შემთვევაში კი მათი მომსახურეობის საფასური მინიმუმ 100 ლარით ძვირდება.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG