Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გათხარა თემირლანის ჭა?


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის წინააღმდეგ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „იმედის“ და „პრაიმტაიმის“ მიერ აგვისტოში მომზადებულ იმ მასალებზე დავობს, რომლებიც 2017 წელს, პანკისში, სპეცრაზმის მიერ მოკლული მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სასმელი წყლის ჭის გახსნას ეხება. წყარო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაფინანსებით, ორგანიზაცია "living heart"- მა ბანგლადეშში გახსნა.

„იმედსა“ და „პრაიმ-ტაიმში“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყარო გახსნა, ინტერპოლითაა ძებნილი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაახლოებული პირია.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებული სიუჟეტი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს, რითიც დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არაერთი პრინციპი. მისივე თქმით, მათ განზრახ დაამახინჯეს ფაქტები იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოეყვანათ:

„ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხში გაიტანონ ბინძური და მცდარი ინფორმაცია თემირლანისა და ჩვენი ოჯახის შესახებ. ვითმინე ეს ყველაფერი. არასდროს ამ ჟურნალისტებისათვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. თემირლანის საპატივცემულოდ მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველაზე მადლიანი საქმე გაგვეკეთებინა და მისი სახელობის წყარო გაგვეხსნა იმ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით უჭირთ და სჭირდებათ წყალი. მგონია, რომ ამ წყაროს გახსნა ბანგლადეშში, დიდი მადლი და საქმეა და ამას ასეთი ბინძური მეთოდებით მიუდგნენ „იმედისა“ და „პრაიმ-ტაიმის“ ჟურნალისტები. იმ საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რომელმაც გახსნა თემირლანის სახელობის წყარო, ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია მოიძებნება. ორგანიზაციის ანგარიში გახსნილია დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ გავლენიან ბანკში. ადვილად იპოვით თავად ორგანიზაციის სახელსაც და იმას, თუ რას საქმიანობს ეს ორგანიზაცია. ჟურნალისტებმა ეს კეთილი საქმე უკუღმა შეატრიალეს. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ სჯერათ იმ ინფორმაციის, რა სახითაც ეს ინფორმაცია მათ მიაწოდეს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს სიუჟეტი და სტატია გამესაჩივრებინა ქარტიაში“.

ქარტიის საბჭო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მაჩალიკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. ორგანიზაცია და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპის დარღვევას ედავებიან:

  • პირველი პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;
  • მეშვიდე პრინციპი - ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე;
  • მეთერთმეტე პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს ისრაელ ახმედნაბიევის, იგივე უმარ სასითლინსკის საქმიანობასთან და მის ამჟამინდელ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაავრცელებს ინფორმაცია, რომ ის ტერორიზმის ბრალდებით იძებნება და ამჟამად ნიგერიაში იმყოფება.

როგორც EMC-იში განმარტავენ, რუსეთის ფედერაციის დატოვების შემდეგ, ახმედნაბიევი ცხოვრობს ნიგერში, დასავლეთი აფრიკის ნაწილში მდებარე ფრანგულენოვან სახელმწიფოში და არა ნიგერიაში, როგორც ეს „იმედის“ სიუჟეტში, „პრაიმ-ტაიმის“ სტატიაზე დაყრდნობით ითქვა.

EMC-ის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ისრაელ ახმედნაბიევის ვითომ ნიგერიაში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, განზრახ იქნა გამოყენებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“ მისი პიროვნების დაკავშირების მიზნით, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საინფორმაციო მანიპულაციის მაგალითია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ახმედნაბიევი რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით ინტერპოლითაა ძებნილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მასალებში არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რა საქმიანობის გამო გამოაცხადა 2014 წელს ინტერპოლით დევნა მასზე რუსეთის ფედერაციამ. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ინტერნეტში მარტივად მოიძებნება გაზეთ „ჩერნოვიკის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებული ვიდეო-ინტერვიუ ახმედნაბიევთან, სადაც ის ხსნის, მისი რუსეთიდან განდევნის მიზეზს და ამასთანავე, იმავე ვიდეოში რუსი ექსპერტი საუბრობს ახმედნაბიევის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდების აბსურდულობაზე.

EMC-ის თანახმადვე, ქართულ მედიაში გავრცელებული მასალების ავტორებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაურკვეველია, როგორ მოახერხა მაჩალიკაშვილების ოჯახმა ორგანიზაციასთან დაკავშირება, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ააშენა ბანგლადეშში. EMC-ის განცხადებით, ორგანიზაცია „living heart“-ს აქვს ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია სხვადასხვა პირის სახელობის ჭების გახსნის შესახებ. ვებ-გვერდზე მითითებულია ასევე საკონტაქტო ნომერი სასმელი წყლის ჭის დაფინანსების მსურველთათვის.

როგორც EMC წერს, ორგანიზაციას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს დიდ ბრიტანეთში, „ლოიდ ბანკში“, რაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, ართულებს იმის ალბათობას, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ეძლევა გადარიცხვები აწარმოოს ბრიტანული საბანკო სისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მიერ.

ორგანიზაცია, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს ქარტიაში, ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედით“ გასულ სიუჟეტში, ჟურნალისტმა რესპონდენტებს მისცა საშუალება თემირლან მაჩალიკაშვილი წარმოეჩინათ ექტრემისტულ ტერორიზმთან კავშირში მყოფი ორგანიზაციის მიერ დაფასებულ გმირად.

EMC-იში აცხადებენ, რომ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში განზრახ იყო დამახინჯებული ფაქტები. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით: „ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ჯეიმსთაუნის ფონდის“ გამოკვლევის თანახმად, თემირლან ცარნაევის, ბოსტონის ტერორისტული აქტის ორგანიზატორის რადიკალიზაცია გამოწვეული იყო ისრაილ ახმედნაბიევის ქადაგებებზე დასწრებით. ის, რასაც ისინი კვლევას უწოდებენ, რეალურად არის მხოლოდ მცირე სტატია, რომლის მოსაზრებებიც კონკრეტულ ავტორს, მაირბექ ვაჩაგაევს ეკუთვნის. ჟურნალისტები კი ამ ინფორმაციას, როგორც დადასტურებულ ფაქტს, ისე აწვდიან მაყურებელს, რათა ახმედნაბიევი წარმოაჩინოს ისეთ სასულიერო პირად, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების რადიკალიზაციას და განაწყობს ძალადობისკენ, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას წარმოადგენს“.

ალექსანდრე კვახაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედით“ გასულ სიუჟეტს. მისი სიტყვებით, საქმე ეხება ჰიბრიდული ომისა და ინფორმაციით მანიპულაციის ნათელ მაგალითს. ალექსანდრე კვახაძე, მისი სიტყვებით, მიუთითებს იმ უზუსტობებზე, რაც შეგნებულად იქნა დაშვებული ტელეკომპანია „იმედით“ გასულ სიუჟეტში:

  • "აბუ უმარ სასითლინსკი (ისრაილ აჰმედნაბიევი) ცხოვრობს არა ნიგერიაში, არამედ ნიჟერში (ფრანგულენოვანი ქვეყანა აფრიკაში). სიტყვა ნიგერია შეგნებულად გამოიყენეს, რათა მსმენელს ის დაეკავშირებინა ტერორისტულ ორგანიზაცია ბოკო ჰარამთან.
  • სასითლინსკი არასდროს ყოფილა არც ISIS-ისა და არც იმარატ კავკაზის წევრი. იმ დროს, როდესაც დოკუ უმაროვის მეთაურობით მიმდინარეობდა პარტიზანული ომი ჩეჩნეთსა და დაღესტანში, სასითლინსკი ირჩევდა მშვიდობიან პოზიციას და თავის მრევლსაც მშვიდობისკენ მოუწოდებდა. იგი სალაფიტური ისლამის მქადაგებელი იყო, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა სუფიური (ეწ "ტრადიციული") ისლამის მომხრე იმამებთან სხვადასხვა მრგვალ მაგიდებსა და ფორუმებში და აქტიურად ცდილობდა მათთან საერთო შეხების წერტილების პოვნას, რათა მომხდარიყო დიდი შერიგება, რაც რუსეთის გავლენას კავკასიაში მნიშვნელოვნად შეასუსტებდა. სასითლინსკი აგრეთვე ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდების სირიაში წასვლას. ფსბ-ს ზეწოლის შემდეგ, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა დაღესტანი და გადასახლებულიყო ნიჟერში, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მისი ექსტრადირების რისკი.
  • ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ სასითლინსკის მოსწავლეები იყვნენ ცარნაევები. თუმცა სინამდვილეში, ისინი უბრალოდ მეჩეთში დადიოდნენ. სასითლინსკის მრევლს შორის შეიძლება ნახოთ დაღესტნის მთავრობის ბევრი წევრი და თვით „ბრძოლა წესების გარეშეს“ ჩემპიონი ნურმაგომედოვიც. ისინიც ტერორისტები არიან?
  • სასითლინსკის მიერ დაარსებული ორგანიზაცია არის"ცოცხალი გული". ადრე მას ერქვა "ცოცხალი გული მუჰაჯირუნ". „იმედმა“ სპეციალურად გაუსვა ხაზი სიტყვას მუჰაჯირუნ, რათა ისლამში ჩაუხედავ ადამიანს ეფიქრა რომ ეს არის იგივე, რაც მუჯაჰედი. თუმცა, მუჰაჯირუნ არაბულად ნიშნავს "ემიგრანტებს", რადგან ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები მართლაც ემიგრანტები არიან. და მისი ძირითადი საქმიანობა წყლის დეფიციტის მქონე მუსლიმურ ქვეყნებში არტეზიული ჭების მშენებლობაა. ნებისმიერ მსურველს რამდენიმე ასეულ დოლარად შეუძლია ამ ფონდის მეშვეობით საკუთარი სახელობის ჭა გახსნას ნიჟერსა თუ ბანგლადეშში. აი საქართველოში რომ არის "გიას წყალი", მაგალითად, იგივეა. და რუსეთის გარდა არავინ აღიარებს ამ ორგანიზაციას ტერორისტულად. მისი საბანკო რეკვიზიტები არის ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ბანკ Lloyd Bank-ში. როგორ გგონიათ, ეს რომ მართლა ტერორისტული ორგანიზაცია ყოფილიყო, MI6 არ დაბლოკავდა მის ანგარიშებს?
  • და ბოლოს, ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც თქვა, რომ "აბუ უმართან ასე მარტივად არ ხდება დაკავშირება". ესეც სიცრუეა. Исраил Ахмеднабиев - აი ეს არის სასითლინსკის პროფილი. პირადად მე არაერთხელ დავკავშირებივარ და მასაც ჩემთვის მოუწერია, მეც ტერორისტი ვარ?

ერთი სიტყვით, სანამ ჩვენს მედიას კავკასიის საკითხი მხოლოდ ტერაქტების დროს ახსენდება, და სხვა დროს ამ რეგიონს აიგნორებენ, სულ მივიღებთ ასეთ არაობიექტურ სიუჟეტებს“, - წერს ალექსანდრე კვახაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული სიუჟეტის შესახებ.

რადიო თავისუფლებას ტელეკომპანია "იმედში" განუმარტეს, რომ კომენტარს მაჩალიკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მის სარჩელს განიხილავს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

წელიწადნახევარია პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე იძიებს საქმეს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. თემირლანის მშობლებისა და ადვოკატების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG