თეირანში, იმ შენობის ნანგრევებს, სადაც ხამენეი და სხვა მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირები დაიღუპნენ, 1 მარტს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა. შენობა წინა დღით ისრაელის საჰაერო იერიშმა გაანადგურა.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის უზენაეს ლიდერს ქვეყნის მართვაში უნიკალური როლი უკავია - იგი სახელმწიფოს მეთაურიცაა და ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი. ძალაუფლების ვაკუუმი სათავეში მთელი რეჟიმის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის.
ახლა ირანის ხელმძღვანელობა ცდილობს ქვეყნის მმართველი სტრუქტურებია ფუნქციონირება უზრუნველყოს - ამისთვის მათ ხამენეის მემკვიდრის სწრაფად შერჩევა სჭირდებათ.
ადამიანი, რომელიც ქვეყნის მესამე უზენაესი ლიდერი გახდება, ქვეყნის სათავეში ჩადგება იმ დროს, როცა აშშ-ის ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ 1979 წლიდან მოქმედი თეოკრატიული მთავრობის დამხობაზე.
როგორ მუშაობს სისტემა?
ოფიციალურად, ორგანო, რომელსაც უზენაესი ლიდერის არჩევა და ფორმალურად ზედამხედველობა ევალება, არის ექსპერტთა ასამბლეა. ასამბლის 88 არჩეული წევრისგან უმრავლესობა მკაცრი ხაზის გამთარებელია თეოლოგია.
მსოფლიოში ამგვარი სტრუქტურის პირდაპირი ანალოგი არ არსებობს, თუმცა გარკვეული მსგავსება შეიძლება დავინახოთ კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიასთან: ორივე ელიტური სასულიერო ორგანოა, რომელიც უმაღლესი ლიდერის არჩევაში მონაწილეობს, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით, წევრთა შერჩევის განსხვავებული წესებითა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის არსებითად სხვაგვარი ტრადიციით.
ასამბლეის შემადგენლობა და მუშაობა პირველად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა 2014 წელს, როდესაც ხამენეიმ პროსტატის ოპერაცია გაიკეთა.
ოპერაციის შემდეგ გავრცელდა ხმები მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე - ყოფილი პრეზიდენტი ალი რაფსანჯანი, რომელიც იქამდე, 2007-2011 წლებში ასამბლეის თავმჯდომარეც იყო, საჯაროდ საუბრობდა ხამენეის შესაძლო მემკვიდრეზე.
მკაცრი ხაზის მიმდევარმა სასულიერო პირებმა ის ასამბლეიდან გვერდზე 2009 წლის „მწვანე მოძრაობის“ დემონსტრაციების მხარდაჭერის გამოც გასწიეს.
რაფსანჯანი, რომელიც ხამენეის მეტოქედ მიიჩნეოდა, 2017 წლის იანვარში გარდაიცვალა, თუმცა მისმა დაპირისპირებებმა ხამენეისთან ირანის მმართველ ორგანოებში არსებული გაუმჭვირვალე პოლიტიკური ინტრიგების ჯაჭვის გარკვეული სურათი აჩვენა.
მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ასამბლეის შიგნით მოქმედი სამკაციანი კომიტეტი წლების განმავლობაში ადგენდა შესაძლო მემკვიდრეთა სიას, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა წევრებს ნანახიც კი არ ჰქონდა.
ბოლოს ხამენეის მემკვიდრედ, მისი პროტეჟე, პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მიიჩნეოდა, თუმცა რაისი 2024 წლის მაისში ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა, რამაც მემკვიდრეობის პროცესი გაართულა.
ანუ ექსპერტთა ასამბლეა თავად გადაწყვეტს, ვინ გახდება ხამენეის მემკვიდრე?
ოფიციალურად - დიახ.
რეალურად, საქმე გაცილებით რთულადაა.
ირანის კონსტიტუციის მიხედვით, როდესაც უზენაესი ლიდერის პოსტი ვაკანტური ხდება, დროებითი ხელმძღვანელობის - ერთგვარი „საომარი საბჭო“ — იღებს გადაწყვეტილებებს, სანამ ახალი ლიდერი დაინიშნება.
პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც სასულიერო პირი არ არის, ამ დროებითი საბჭოს წევრია, ისევე როგორც ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ღოლამ ჰოსეინ მოჰსენ-ეჟეი.
1 მარტს კიდევ ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ, რომელიც მიზანშეწონილობის საბჭო სახელითაა ცნობილი, გამოაცხადა, რომ ალირეზა არაფი დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს მესამე წევრი გახდება.
არაფი, სასულიერო პირი და ხამენეის ახლო მოკავშირე, ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილეა.
2020 წელს ხამენეიმ იგი ქვეყნის ყველა სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელად დანიშნა. ეს ნაბიჯი, მიანიშნებდა, რომ არაფი რელიგიურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა უზენაესი ლიდერის პოსტისთვის. არაფი კიდევ ერთ - 12-წევრიან მცველთა საბჭოშიც შედის, რომელიც ამოწმებს, შეესაბამება თუ არა კანონები კონსტიტუციას და ამტკიცებს საარჩევნო კანდიდატებს.
ნიშნავს ეს, რომ არაფი მემკვიდრე გახდება?
აქაც არ არის ასე მარტივად.
2018 წელს ხამენეიმ თავისი კონსერვატორი მოკავშირე სადეღ ლარიჯანი მიზანშეწონილობის საბჭოში დანიშნა და ასევე ადგილი მისცა მცველთა საბჭოში. ეს ნაბიჯები აღიქმებოდა, როგორც მცდელობა ზომიერთა გავლენის შესუსტებისა და კონსერვატორების გაძლიერებისა.
არსებობს კიდევ ერთი ფიგურა — მოჯთაბა ხამენეი, გარდაცვლილი ლიდერის ერთ-ერთი შვილი. 2009 წლის პროტესტების დროს გავრცელდა ხმები, რომ იგი მემკვიდრეობის რეალურ კანდიდატად განიხილებოდა.
იგი კულისებს მიღმა გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.
თუმცა რაისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მემკვიდრეობის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, ექსპერტთა ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ხამენეი დინასტიური მმართველობის წინააღმდეგი იყო, რაც, როგორც ჩანს, მოჯთაბას კანდიდატურას გამორიცხავდა.
დამატებითი გაურკვეველი ფაქტორია IRGC, რომელიც საკუთარ ფართო ინტერესებს დაიცავს. კორპუსი ხამენეის ერთგული მხარდამჭერი იყო.
თუმცა ხამენეის გარდაცვალებასთან ერთად, ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო იერიშებმა, როგორც ჩანს, იმსხვერპლა მრავალი — შესაძლოა ათეულობით — მაღალი რანგის სამხედრო პირი, მათ შორის IRGC-ის წამყვანი ფიგურები.
ფორუმი