Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერეკლეს შვილიშვილები“ - ვინ  ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში


"კონსერვატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის თანახმად, ლევან ბერძენიშვილის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება მათი ორგანიზებით ჩაიშალა.
"კონსერვატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის თანახმად, ლევან ბერძენიშვილის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება მათი ორგანიზებით ჩაიშალა.

პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 15 იანვარს ყვარლის „ევროკლუბში“ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება მათი ორგანიზებით ჩაიშალა.

„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს”, - დაწერეს პარტიის ფეისბუკის გვერდზე, სადაც ბერძენიშვილის ჩაშლილი ლექციისადმი მიძღვნილ რამდენიმე პოსტში ხაზგასმულია, რომ "არავის შერჩება ქართველი გმირი წინაპრების შეურაცხყოფა და სიწმინდეების შებღალვა".

2022 წლის ზაფხულში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მოჰყვა ერთ-ერთ საჯარო ონლაინლექციაზე ერეკლე მეორის შესახებ მის კრიტიკულ ფრაზას.

„ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდნენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს. მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ ამიერიდან, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, - ნათქვამია კონსერვატიული პარტიის ფეისბუკპოსტში.

„ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე "ილია და აქტივიზმი". შენობაში ბევრი ბავშვი, მათ შორის, არასრულწლოვანი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. ყვიროდნენ, რომ ერეკლე პაპას შვილიშვილები იყვნენ“, - ამბობს ევროკლუბის ხელმძღვანელი ნიკა გურინი.

ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები 15 იანვარს იმდენად აგრესიულები იყვნენ, შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, მას ფიზიკურადაც გაუსწორდებოდნენ. ბერძენიშვილი, რომელსაც ყვარლის დატოვება ისე მოუწია, მანქანიდანაც ვერ გადმოვიდა, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სულ მცირე, ის უნდა შეესწავლა, რატომ შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

„...ვინ უნდა დაიწყოს გამოძიება, როცა თავად გააკეთეს ეს ყველაფერი. 30 ადამიანი იყო და სამი პოლიციელი. მათ ჩემთვის არც კი უკითხავთ, რა მოხდა, არ უთქვამთ და არ ურჩევიათ, როგორ მოვქცეულიყავი - წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი; ერთი წამით არ უფიქრიათ რამე გაეკეთებინათ, უბრალოდ იდგნენ. ეს ხალხი გამოძიებას არ დაიწყებს!“ - ამბობს ლევან ბერძენიშვილი და დარწმუნებულია, რომ მომხდარი წინასწარი იყო ორგანიზებული ხელისუფლების მიერ.

„ისინი (კონსერვატიული მოძრაობა) ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილებით, მე არ უნდა ჩავიდე კახეთში, არ აინტერესებდათ ლექციის თემა და არც არაფერი, იმეორებდნენ, რომ მე ერეკლე ცუდად მოვიხსენიე, არ მიყვარს პატრიარქი და ვარ ლგბტ თემის გულშემატკივარი. მე არ მჯერა, რომ ეს იყო თვითორგანიზებული, ეს იყო სპეციალურად შეგროვებული ხალხი მთელ კახეთში და ჩამოყვანილი პროვოკაციის მოსაწყობად, ასეთი რამ ხელისუფლების გარეშე არ ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ლექციები აღარ უნდა ჩავატარო, მათ შორის ყვარელში. უნდა აღიკვეთოს ეს ჯგუფები, ან აღვკვეთოთ ხელისუფლება, და უნდა მოვიყვანოთ ის ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბერძენიშვილმა.

რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრეს ყვარლის მერიაში. ასევე კითხვებზე არ პასუხობენ „კონსერვატიული მოძრაობის" თელავის ოფისის ხელმძღვანელები - გიორგი კარჭაული და ილია მეგრელიშვილი - ორივე ყვარლის 15 იანვრის ინციდენტში მონაწილეობდა.

ყვარლიდან გავრცელებული კადრებიდან კარჭაული ამოიცნო მწერალმა ლაშა ბუღაძემაც, რომელსაც „კონსერვატიულმა მოძრაობამ” ამ ზაფხულს ევროინტეგრაციის თემაზე ლექციის ჩატარების საშუალება თელავში არ მისცა.

„გუშინდელ ყვარლის კადრებში ვიცანი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მყვირალა კაცი [გიორგი კარჭაული, კონსერვატიული მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - რ.თ.], რომელიც თელავშიც იყო. აქციის სხვა მონაწილეებში თუ გარკვეული უხერხულობა ჩანდა, ეს თავგამოდებული აგრესიით გამოირჩეოდა. შს სამინისტროს ჩვენთვის არც მაშინ უკითხავს, საერთოდ რა მოხდა. არც გამოძიება დაწყებულა. ფაშისტურმა, პრორუსულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ თითქოს მათ გააკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად ამას აკეთებს ხელისუფლება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ხელისუფლებას დასჭირდება, ასე გამოყრის ხოლმე...“ - ამბობს ლაშა ბუღაძე. ისიც დარწმუნებულია, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" უკან ხელისუფლება დგას.

„ერეკლე პაპას გაიძახდნენ... იმიტაცია იქმნება, რომ თითქოს ხალხი არის აღშფოთებული ლევან ბერძენიშვილის რაღაც გამონათქვამით, ან ჩემი და ბუკა პეტრიაშვილის ლექციით. ეს სისულელა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ლევან ბერძენიშვილის ლექციის მოსმენა. ეს არის უნიჭო და სახიფათო სპექტაკლი...

30 ივნისს თელავის ისტორიულ მუზეუმში მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ დაგეგმილი ლექციის ჩაშლაში, "კონსერვატიული მოძრაობის" გარდა, მონაწილეობდნენ თელავის საკრებულოს მოქმედი წევრები "ქართული ოცნებიდან" - ლევან კოჭლოშვილი და ალექსანდრე შათირიშვილი.

ლექცია ევროინტეგრაციის თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს და ბუკა პეტრიაშვილს უნდა ჩაეტარებინათ.

"კონსერვატიულ მოძრაობას" დაუკავშირეს 2022 წელის 15 მარტს საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა. ამას წინ უსწრებდა წინა დღით "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართული აქცია, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდა. მაშინ აქციის მონაწილეები პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 160-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვის საკუთრებაში უნებართვო შესვლას და ნივთის განადგურებას გულისხმობს. მომხდარიდან 10 თვის შემდეგ რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს. სამინისტრო ამ დრომდე არც იმას ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება ყვარელში მომხდართან დაკავშირებით.

ლექციის ორგანიზატორი, ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელი, ნიკა გურინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს და მზად არის, სამართალდამცველებს ოფისის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიც გადასცეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG