Accessibility links

ვირუსი, სახელად კორონა - ინტერვიუ ვირუსოლოგ ალექსანდრე ანჯაფარიძესთან


ვირუსი, სახელად კორონა
please wait

No media source currently available

0:00 0:10:20 0:00

ვირუსი, სახელად კორონა

რატომ გაჩნდა კორონავირუსი ჩინეთში და რა არის ის, რაც ამ ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ? იცით, რომ ის ბულბულებსაც კი აქვთ? რას აზიანებს ეს ვირუსი? მართლა ასეთი გამძლეა? რა არის ის ორი გზა, რომლითაც კორონა გავრცელდა? რატომ არის მთავარი რეკომენდაცია მაინც და მაინც ხელების დაბანა?

ეს კითხვები რადიო თავისუფლებამ დაუსვა ვირუსოლოგ ალექსანდრე ანჯაფარიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, რომელიც 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და მას თავად აქვს აღმოჩენილი ორი ვირუსი - ადამიანის ჰეპატიტის E ვირუსი და მაიმუნების ჰეპატიტის A ვირუსი.

ალექსანდრე ანჯაფარიძე 1984 წლიდან არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ-კონსულტანტი ვირუსოლოგიაში. 1990-2000 წლებში იყო ჯანმო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის მრჩეველი გადამდები დაავადებების საკითხებში, 2000-2008 წლებში ჯანმო-ს მისიის ხელმძღვანელი ტიმორში, 2008-2010 წლებში ჯანმო-ს მისიის ხელმძღვანელი ნეპალში. 2011-2013 წლებში კი ჯანმო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონული დირექტორის უფროსი მრჩეველი.

რადიო თავისუფლება: როგორ და სად გაჩნდა კორონავირუსი?

ალექსანდრე ანჯაფარიძე: კორონავირუსი აქამდეც არსებობდა. მაგალითად, ცხოველებში - ღორებში, ძაღლებში, ძროხებში - ეს ვირუსი იწვევს დიარეას (კუჭის აშლას), კატებში იწვევს მაღალ სიცხეს, ცხენებშიც იწვევს დიარეას, თაგვებსა და ვირთხებში იწვევს ფილტვების შეშუპებას, ეს ვირუსი არის ფრინველებშიც. მაგალითად, არსებობს ბულბულ კორონავირუსი, რომელიც ბულბულებს ემართებათ. ეს ვირუსი ემართებათ ასევე ბეღურებს, სხვა ფრინველებს და ქათმებსაც. ადამიანების შემთხვევაში უკვე ცნობილია 7 კორონა ვირუსი. და ეს კორონავირუსები სხვადასხვა კლინიკურ სიმპტომებს იძლევიან ცხოველებსა და ადამიანებში.

30-40 % სურდოსი, როგორც მას საქარველოში ეძახიან, გამოწვეულია სწორედ ამ კორონავირუსებით. და ეს, ვიმეორებ, არ არის ახალი ვირუსი. ახალი ის არის, რომ ეს ვირუსი ღამურებიდან გავრცელდა. ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ეს ვირუსი თავად ღამურებს არ აავადებს. ღამურები არიან ამ ინფექციის ჯანმრთელი მატარებლები. ისე, როგორც აქლემები - როდესაც მათში იყო SARS ვირუსი, აღმოჩნდა, რომ თავად აქლემებს არანაირი კლინიკური სიმპტომები არ ჰქონდათ, მაგრამ ვირუს მათგან კი გავრცელდა.

საინტერესო როგორ და რატომ გავრცელდა ეს ვირუსი სწორედ ჩინეთიდან?

ორი თეორია არსებობს. ერთი ის, რომ ღამურებმა შეიძლება შარდის ან განავლის მეშვეობით დაასნებოვნეს ბაზარზე არსებული გარემო, ვირუსი მოხვდა სხვა ცხოველებზე, შემდეგ ეს ცხოველები გამოიყენეს საკვებად და ვირუსიც ასე გავრცელდა. იყო მეორე თეორიაც, რომ ქალაქ უჰანთან ძალიან ახლოს მდებარე ლაბორატორიაში ხდებოდა გარკვეული მანიპულაციები, საიდანაც გავრცელდა ვირუსი. თუმცა ეს თეორია არ დადასტურდა.

ერთ-ერთი კითხვა არის ის, თუ რა გზებით გავრცელდა კორონავირუსი

კორონავირუსი გავრცელდა და ვრცელდება წვეთოვანი ინფექციით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გავრცელების მეორე გზა არის ფეკალ-ორალური ტრაქტით მისი გადაცემა. წინა კორონავირუსების (SARS და MERS) გავრცელების დროსაც, 2003, 2009 და 2012 წლებში ეს ინფექცია გადაეცემოდა არა მხოლოდ რესპირატორული გზით, არამედ ფეკალ-ორალური გზებით. რას ნიშნავს ეს? ეს არის ის, რომ ეს ვირუსი გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად. ანუ დაბინძურება შესაძლოა მოხდეს ტუალეტშიც.

რამდენ ხანს და სად ძლებს კორონავირუსი?

ზოგადად კორონავირუსი არის საკმაოდ გამძლე ვირუსი. ალუმინის ზედაპირზე 21 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში 8 საათს ძლებს. რკინის ზედაპირზე - 48 საათი. ქაღალდზე - 4-5 დღე. შუშაზე - 5 დღე. +4 გრადუსიდან მინუს ტემპერატურამდე კი თავის ინფექციურ თვისებებს ეს ვირუსი ინარჩუნებს 28 დღის განმავლობაში - ასე ძლებდა წინა კორონავირუსები.

როდესაც ფეკალ-ორალური ტრაქტით გადაცემის გზაზე ლაპარაკობთ, თქვენ ხაზს უსვამთ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებში ჰიგიენის დაცვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხელების კარგად დაბანის ასე გამოკვეთილი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება?

ასეა, თუ ხელი არ დაიბანე წესიერად, ვირუსი რჩება. მე მგონია,რომ ჩინეთში ვირუსის ასე მასობრივი გავრცელება სწორედ საზოგადოებრივი ტუალეტების მოხმარებამ გამოიწვია. თუ იქ ხელს ძალიან კარგად არ დაიბან - ეს აბინძურებს შემდეგ გარემოს, აბინძურებს ნივთებს რომელსაც ვეხებით. აი, მაგალითად, ცნობილია, რომ ერთ-ერთი აფეთქება (ლაბორატიული) ისევ ჩინეთში, ჰონკონგში, გამოიწვია მობილური ტელეფონის ხმარებამ. ხელთათმანი კი ეკეთათ, მაგრამ მობილურების დეზინფექცია არ ხდებოდა და ასე გავრცელდა. დღეს უკვე ლაბორატორიებში სხვა წესებია - მობილურები სპეციალურ ცელოფნის პარკებში თავსდება და მუშავდება. საკმარისია ხელი არასწორად და არასაკმარისად დაიბანო, შემდეგ შეიმშრალო პირსახოცზე - ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელდება.

როგორ შეაფასებდით კორონოვარუსის გავრცელების სისწრაფეს, ასევე იმ სტატისტიკას, რომელიც ვრცელდება როგორც დაინფიცირების, ისე ლეტალური შემთხვევების შესახებ?

ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ, დანარჩენი წყალქვეშაა, რაც ასე ხილულად არ ჩანს. იმას ვგულისხმობ, რომ ვინც ამ ვირუსით უკვე დაიღუპა, ეს არის აისბერგის მწვერვალი. შემდეგ მოდის ის ხალხი, ვისაც კლინიკური სიმპტომები აქვთ. ხოლო სულ ქვემოთ არიან ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ ამ ვირუსის ასიმპტომატური ფორმები, მაგრამ ეს არავის აღურიცხავს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩინეთში კორონავირუსმა ნელ-ნელა უკან დაიხია? ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვირუსს უკვე აღარ შეუძლია მეტი ადამიანის დაავადება. ბევრი ადამიანი შეხვდა ამ ინფექციას, გადაიტანა საბკლინიკური ფორმა, თუმცა არ მომხდარა მისი რეგისტრაცია.

ვის ვნებს ეს ვირუსი ყველაზე მეტად და რისთვის არის საშიში?

ეს, მე მგონი, ძალიან სწორად ახსნეს ქართველმა სპეციალისტებმაც - კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე ასთმა, ფილტვის პათოლოგიები. კორონავირუსი, პირველ რიგში, მათ აზიანებს. რაც შეეხება ასაკობრივ მომენტს, რომ ხანში შესულ ადამიანებს ვირუსი მეტად ემართებათ, ამის ახსნა მხოლოდ თეორიით შეიძლება, თუმცა პირველ რიგში, ეს არის დაუძლურებული ორგანიზმის რეაქცია. რეკომენდაცია ყველასთვის ისევ და ისევ ერთნაირია - ჰიგიენის დაცვა, ხელების ძალიან კარგად დაბანა. რაც შეეხება ნიღბების ტარებას, ეს იმ ადამიანმა უნდა გაიკეთოს, ვინც თავად არის ვირუსის მატარებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG