Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის უღებენ სინჯს კორონავირუსზე და გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტესტები?


დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად საკმარისი რაოდენობის ტესტი არსებობს. პირველი, 2000 ტესტი საქართველოში თებერვლის დასაწყისში, გერმანიიდან ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, დამატებითი ტესტები შეიძინეს დიდი ბრიტანეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ამერიკიდან. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ტესტებით მოამარაგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ცენტრში უახლოეს მომავალში ელოდებიან ახალი ტიპის ტესტებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, რომ ანალიზების პასუხისათვის საჭირო 5-6 საათიანი ვადა კიდევ უფრო შეამცირონ.

ვის უღებენ სინჯებს კორონავირუსზე?

ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად უტარდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უვლინდებათ ვირუსისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ დასნებოვნებულ ქვეყნებში - ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტი აჩვენებს უარყოფით პასუხს, მაშინ პირი გადადის ან კარანტინში ან თვითიზოლაციაში.

რატომ არ უტარებენ ტესტს კორონავირუსზე ყველას, ვინც დასნებოვნებული ქვეყნებიდან ჩამოდის?

პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის დასადგენი ტესტის ჩატარებას ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მან შეიძლება ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანოს საზოგადოება:

„თუკი ადამიანი იმყოფება ინკუბაციურ პერიოდში და ვიცით, რომ ეს პერიოდი მოიცავს 14 დღეს, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ტესტი იძლევა უარყოფით პასუხს. ანუ, ის დამშვიდდება, იფიქრებს, რომ მისი ანალიზი უარყოფითია და დაარღვევს მაგალითად კარანტინის ან თვითიზოლაციის პირობებს. სწორედ ასე მოხდა იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე, როდესაც მგზავრებმა ტესტირების შედეგად მიიღეს უარყოფითი პასუხები, ისინი დამშვიდნენ, დაარღვიეს კარანტინის წესები და შემდეგ ლაინერზე 500-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ინკუბაციის პერიოდში ტესტის უარყოფითი პასუხი არაფერს ნიშნავს. საჭიროა აუცილებელი დაკვირვება და სწორედ ამიტომ გადადიან დასნებოვნებული ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები ან კარანტინში ან თვითიზოლაციაში“.

დღესდღეობით, კორონავისურის გამოსავლენად აღებული ყველა სინჯი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მუშავდება. თუმცა, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ტესტების დამუშავება დაიწყონ ცენტრის ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებშიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით:

  • იანვრიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა იქნა გამოკვლეული;
  • 2 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი გამოუვლინდა 3 პირს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;
  • კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი;
  • სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 40 პირი;

კორონავირუსი და მსოფლიოს სტატისტიკა

  • 2 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული;
  • დაავადება გამოუვლინდა 88 ათასზე მეტ ადამიანს. მათ შორის, 80 174 შემთხვევა გამოვლენილია ჩინეთში;
  • ჩინეთში გარდაცვლილია 2915 ადამიანი;
  • დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 140 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შეადგენს 44 518-ს;
  • ჩინეთს შემდეგ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG