Accessibility links

"სახელმწიფო სულ ცოტა ძალისხმევას თუ გამოიჩენს, საკითხის გადაწყვეტა შეიძლება საათების განმავლობაში"


ვიტალი გიორგაძე, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარე

უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება 24 საათიანი საპროტესტო აქცია ელმავალმშენებელ ქარხანასთან. თანამშრომლები ადმინისტრაციისგან 7 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ ქარხნის ადმინისტრაციას.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ "დილის საუბრებში" სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ თუ დღესვე არ დაკმაყოფილდება დასაქმებულთა მოთხოვნები, ორშაბათიდან პროტესტის უფრო მძიმე ფორმაზე გადავლენ:

"თუ უახლოეს საათებში არ იქნება სახელფასო დავალიანება მთლიანად დაფარული, ორშაბათიდან აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო რადიკალური გახადონ პროტესტის ფორმა და არ გამორიცხავენ დაიწყონ შიმშილობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ იქნება აუცილებელი".

პროფკავშირები პროტესტში ერთი თვის წინ ჩაერთო ელმავალმშენებელში დასაქმებულთა მიმართვის საფუძველზე:

"მათ 7 თვეა არ აუღიათ თავიანთი სახელფასო სარგოები და ადმინისტრაცია მათ ყოველდღე ატყუებს, რომ ხელფასები იქნება მომდევნო დღეს. პროფკავშირმა მივმართეთ შრომის სამინისტროს, მოვთხოვეთ მათ გამოეყოთ მედიატორი და მოლაპარაკების ფარგლებში გაგვერკვია რა მიზეზებია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანებს ხელფასს არ აძლევენ. ქარხნის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოლაპარაკებებში ჩართვაზე და მხოლოდ ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციებს მიცემოდა პერმანენტული ხასიათი".

ვიტალი გიორგაძის თქმით, ელმავალმშენებლ ქარხანას დიდი ხანია სრული დატვირთვით არ უმუშავია. იქ სულ 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან მეხუთედი ადმინისტრაციაშია. უდიდესი ნაწილი კი უშუალოდ ქარხანაში. ქარხნის მეპატრონე რუსეთის მოქალაქეა და ის ახლა საქართველოში არ იმყოფება. მისი დაპირება, რომ 17 მარტამდე აანაზღაურებდა სახელფასო დავალიანებას, შეუსრულებელია.

"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარე თვლის, რომ მთლიანი თანხა დიდი არ არის და დამსაქმებელს შეუძლია მისი დაფარვა:

"1000-მდე ადამიანი 7 თვის განმავლობაში შემოსავლის გარეშეა დარჩემილი. ისინი იძულებულები არიან სხვა ქვეყანაში ეძიონ სამუშაო. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს და ჩაერთოს ამ პროცესებში. ამ ხნის განმავლობაში არც პარლამენტიდან და არც სამთავრობო უწყებებიდან არ ყოფილა გამოხმაურება. ამ ადამიანებთან არავინ მოსულა. 1000-მდე ოჯახი არის გაუსაძლის მდგომარეობაში. გამოსავალს ვერ პოულობენ ეს ადამიანები და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციებით მივაწვდინოთ ხმა ყველას".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG