Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება


ცხინვალის ციხეში პატიმარ ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის, ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზას მამამ, მიხეილ გახელაძემ, უთხრა. მისი თქმით, სასოწარკვეთილმა ქალმა მაისის ბოლოს  თავის მოკვლა სცადა, მაგრამ რძალმა გადაარჩინა. 

„ჩავიფიქრე ერგნეთში გადასვლა, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვიტანდი ჩემი შვილიშვილების ყურებას, რა მდგომარეობაში იყვნენ, საჭმელს არ ჭამდნენ, სასმელს არ სვამდნენ. როდესაც ველოდებოდით 31-ში ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა, მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა - შევიდა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა, მაგის გულისთვის გადავწყვიტე აქციებიც".

მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ ზაზას დაბადების დღეს, 23 ივნისს, ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს. მისი თქმით, ოჯახის წევრების ერთი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებს და როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ამ გზით შეეცდება.

ირმა ბუთხუზი
ირმა ბუთხუზი

ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, აცხადებს, რომ 11 თვის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხოლოდ დაპირებებს ისმენდნენ და ოჯახიც ამის გამო თავს იკავებდა ქუჩაში გასვლისგან, თუმცა ახლა, ირმა ბუთხუზის თქმით, ღარიბაშვილის მთავრობამ ნდობის რესურსი ამოწურა.

ერგნეთის შეხვედრის შემდეგ, 17 ივნისს, გახელაძეების ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი ესტუმრა. ამ დღეს ცხინვალის ციხიდან ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს, თუმცა გახელაძეები მიიჩნევენ, რომ ამ გათავისუფლებაშიც საქართველოს ხელისუფლების დამსახურება მინიმალური იყო, რადგან ხეთერელი თითქმის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ამოწურვის შედეგად გათავისუფლდა. საბედაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა გახელაძეებისთვის საპროტესტო აქციები გადაეფიქრებინა. 353 დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცხინვალის ციხის პატიმარს მალე გაათავისუფლებდნენ და ოჯახს არწმუნებდნენ, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციების გამართვა და შესაძლო პროვოკაცია გათავისუფლების პროცესს დააზიანებდა.

ოჯახში კი თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ აცხადებენ, რომ ლოდინმა, დუმილმა და თმენამ ზაზა გახელაძის პრობლემა ვერ გადაჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც შესაძლო პროვოკაციისა და პროცესზე ნეგატიური ზეგავლენის შესაძლებლობაზე გააკეთა აქცენტი

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც დაეხმარება ამ პროცესის წარმატებით დაასრულებას, მაქსიმალურად არის გამოყენებული. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.

ამასთან, ზალკალიანი ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

ვიცი, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს. პროვოკაციამ შესაძლებელია მისცეს შემდგომი ზემოქმედების და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იგივე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის, იმიტომ რომ არ მოხდეს გათავისუფლება. ზაზა გახელაძის ოჯახმა მინდა იცოდეს, რომ ყველა ზომას მივმართავ, მათ შორის არსებული ფორმატებით და, ასევე, ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ მოხდეს გათავისუფლება. არსებობს რუსეთზე სხვადასხვა ზემოქმედების მექანიზმები და ბერკეტები, ამიტომ ესეც გააქტიურებული არის ჩვენი პარტნიორების დამხარებით , - განაცხადა ზალკალიანმა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეების მიერ დაგეგმილ აქციას უკვე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქცია 23 ივნისს სოფელ ქვემო ჭალაში დაიწყება და ერგნეთისკენ მსვლელობით საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG