Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ცხოვრებაძე: ვინ უნდა დაგაძალოს ომში წასვლა, სადაც შეიძლება მოგკლან?!


ზაზა ცხოვრებაძე
  • რა ვითარებაა უკრაინის ქალაქ ბახმუტში, რომლის აღებასაც რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს?
  • როგორ განიცადეს უკრაინაში მყოფმა ქართველმა მეომრებმა ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა?
  • და შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის რჩევამ ან მოწოდებამ მოახდინოს გავლენა სასტიკ ომში მოხალისის წასვლის გადაწყვეტილებაზე?

ამ შეკითხვებს უპასუხებს პროფესიონალი ქართველი ჯარისკაცი ზაზა ცხოვრებაძე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში რუსეთის ინტერვენციამდე ბევრად ადრე გაწევრიანდა.

კობა ლიკლიკაძე: ზაზა, პირველ ყოვლისა, თუ შეიძლება, რომ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს უამბო, თუ რა ხდება ქალაქ ბახმუტში, უკრაინის ფრონტის ამ ყველაზე უფრო ცხელ წერტილში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ 6 ქართველი მეომარი დაეცა?

ზაზა ცხოვრებაძე: ვითარება საკმაოდ რთულია, უფრო ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთულიც. რატომ ამოიჩემეს [რუსებმა] ეს ქალაქი, ვერ ვხვდები. რაიმე სტრატეგიული, განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ გააჩნდეს ამ ქალაქს, ასეთი რამ არ არის. მაგრამ რატომღაც ამოიჩემეს და თუ რამე არსებობს მათ არსენალში, ისვრიან აბსოლუტურად ყველაფერს. ბახმუტი არის მიწასთან გასწორებული. მაგ ქალაქს დიდი ხანია ვიცნობ. 2017 წლიდან, პოზიციებზე როცა ვიდექით ხოლმე, ხშირად დავდიოდით იქ და ახლა ფაქტობრივად განადგურებულია ქალაქი. მიწასთან არის გასწორებული.

კობა ლიკლიკაძე: მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ლაპარაკობს, განიცდის, ძალიან დამწუხრებულია განსაკუთრებით ამ ბოლო ფაქტით - ექვსი ჯარისკაცის დაღუპვით. თქვენი გრძნობები როგორია, როცა შეიტყვეთ ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ?

ზაზა ცხოვრებაძე: პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გეტყვით, ჩვენ უკვე წლებია აქ ვართ. მეორე ტალღა როცა დაიწყო, 24 თებერვალს, მას მერე ძალიან ბევრი ქართველი მოხალისე ჩამოვიდა. სამწუხაროდ, ყველას პირადად ვერ ვიცნობთ, რადგან სხვადასხვა დანაყოფებში ვართ. მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვიცნობ ადამიანს თუ არა; ჩემთვის მთავარია ის, რომ ის არის პატრიოტი და ის არის გმირი, ადამიანი, რომელმაც ჩათვალა საჭიროდ, რომ იარაღით ხელში უნდა დაუდგეს უკრაინას გვერდით, იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რაც ჩვენ გამოვცადეთ წლების წინ და არაერთხელ. უკრაინელები საკმაოდ გვეხმარებოდნენ თუნდაც აფხაზეთის ომში, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომში... და ჩვენც ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით კიდეც

კობა ლიკლიკაძე: ზაზა, თქვენ ბრძანეთ, რომ 2017 წელს ჩახვედით უკრაინაში. ანუ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რუსეთი ამ ფართომასშტაბიან ომს გააჩაღებდა. მინდა გკითხოთ, რამ განსაზღვრა თქვენი ეს არჩევანი? ეს იყო თქვენი შინაგანი დამოკიდებულება, თუ იყო, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში ამბობს, - რომელიმე პოლიტიკოსის გავლენა თუ რჩევა, რომ იქ წასულიყავით?

ზაზა ცხოვრებაძე: ჩემი სამხედრო გამოცდილება არ დაწყებულა უკრაინიდან, მე ვმონაწილეობდი 1998 წლის ე.წ. გალის მოვლენების დროს. გახსოვთ კარგად, რაც ხდებოდა მაშინ. მე მეგობრები დავკარგე მაშინ, ისევ რუსეთის ჩარევით და ისევ რუსეთის გაფუჭებით. რუსეთი რომ არ ჩარეულიყო, არც ის გალის მოვლენები არ მოხდებოდა, ხომ თავისთავად ფაქტია. ასე რომ, არავისი რჩევა და არავისი დარიგება მე არ დამჭირვებია. ომის დაწყების დღიდან ვეძებდი კავშირებს. უბრალოდ მაშინ ინფორმაცია არ არსებობდა, ვინმე თუ იყო უკრაინაში. ეგრე არ არის, რომ უკრაინაში ჩავედი, მოვკიდე ავტომატს ხელი და წავედი საომრად, ეგრე არ არის! ეს კანონთან შეუსაბამობაშია, ხომ გესმით. ამიტომ ვეძებდი გზებს და როცა გავიგე, დავკვალიანდი, ჩამოვედი, ოფიციალურად მოვაწერე კონტრაქტს ხელი და 2017 წლიდან ვარ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ვინ უნდა დამაძალოს, ვინ უნდა მითხრას, რომ მოდი, შენ წადი ომში, სადაც შენ შეიძლება მოგკლან? რა სისულელეა ეს?! მაგაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. სისულელეა და მეტი არაფერი!

კობა ლიკლიკაძე: ზაზა, მე ვიცი თქვენი მეგობრებისგან, ერთ-ერთი თქვენი თანამებრძოლისგან, რომ საბრძოლო ჭრილობა მიღებული გაქვთ თქვენც, უკრაინის დაცვის საქმეში. აი, ეს ეპიზოდი თუ შეიძლება, რომ გაიხსენოთ?

ზაზა ცხოვრებაძე: ეს მოხდა 31 მარტს. კრემენოესთან არის პატარა დასახლება, სტარაია კრასნიანკა, მანდ დავიჭერი მხარში. არტილერიის ჭურვის ნამსხვრევი მომხვდა.

კობა ლიკლიკაძე: თავს ახლა როგორ გრძნობთ? საბრძოლო ფორმაში ხართ?

ზაზა ცხოვრებაძე: კარგად! დაახლოებით ერთ თვეში უკვე ფორმაში ვიყავი და ისევ წინა ხაზზე დავდექი. მას მერე უკან არ გავსულვარ, სულ წინა ხაზზე ვარ. ასე პერიოდულად რამდენიმე დღით შესვენებას ვახერხებთ ხოლმე, გვაძლევენ ხოლმე ამის საშუალებას, რომ ამოვისუნთქოთ. გამოვდივართ და მერე ისევ ვბრუნდებით წინა ხაზზე.

კობა ლიკლიკაძე: ზაზა, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ ინტერვიუსთვის და ვიდრე დაგითანხმებდით, იმიტომ, რომ არ იყო ეს იოლი, - თქვენ მითხარით, კარგი, რაღაც მაკავშირებს რადიოსთან და ჟურნალისტიკასთან და ამიტომ თანახმა ვარო. და ახლა გახსენით ბრჭყალები - რა იგულისხმეთ ამაში? რა გაკავშირებთ?

ზაზა ცხოვრებაძე: არ ვიცი, ეგ წლები არის ჩემი ცხოვრების ალბათ ყველაზე ბედნიერი, ხალისიანი და ლამაზი წლები იმიტომ, რომ 1999 წელს - ყველამ ვიცით, რომ არც შუქი არ იყო, მით უმეტეს, რომ ჭიათურიდან ვარ და ჭიათურაში შუქი სად იყო, - ჩემს მეგობარს აჩუქეს რადიოგადამცემი, რომელიც ფმ 104-ზე იყო აწყობილი. ვითათბირეთ და გავაკეთეთ პატარა რადიოსადგური, ჩვენი არხი, ჩვენი სტუდია გვქონდა. მაშინ არ იყო დისკები და რაღაცები და კასეტებს ასე ვახვევდით ხოლმე ორი კალმისტრით. ძალიან მაგარი დრო იყო მართლა.

კობა ლიკლიკაძე: აბა, კოლეგებიც ვყოფილვართ მაშინ, ზაზა. და ბოლო შეკითხვა, საქართველო ახსენეთ, ჭიათურა ახსენეთ. თან ახალი წლები მოდის. როგორია თქვენი თვალით დანახული, უკრაინიდან დანახული საქართველო? როგორი გინდათ, რომ საქართველო იყოს მომავალში, თქვენი თვალით დანახული იდეალური საქართველო?

ზაზა ცხოვრებაძე: იდეალური საქართველო ჩემთვის არის ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაში და თავისუფალი საქართველო, რომ არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რუსეთს რა მოეპრიანება. როდის მოეპრიანება, შუქს გათიშავს, როდის მოეპრიანება - გაზს გათიშავს, როდის მოეპრიანება - გადმოვა, ვინმე სამოქალაქო პიროვნებას მოიპარავენ და მერე მიდის რაღაც მოლაპარაკებები. აი, ამის გარეშე მინდა საქართველო. ბედნიერი და გაჭირვების გარეშე მინდა საქართველო. ეს არის ჩემი მიზანი!

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG