Accessibility links

ზელენსკის დებიუტი ბრიუსელში


ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს გაუხარდათ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელი აირჩია თავისი პირველი უცხოური ვიზიტისთვის. ყოფილმა კომიკოსმა თავისი ორდღიანი სტუმრობისას აუდიტორიას ასიამოვნა თავისი სწორად შერჩეული გამოთქმებით დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ა.შ. მაგრამ ღიმილისა და მეგობრული სალმის ფასადის მიღმა მაინც რჩება გაურკვევლობის შეგრძნება იმის თაობაზე, თუ რა მოხდება უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეორე მოქმედებაში.

ყოველთვის მოელოდნენ, რომ ეს ზელენსკისთვის უხერხული ვიზიტი იქნებოდა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გარდა, ყველა ლიდერი, ვისაც ის შეხვდა - ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები, ჟან-კლოდ იუნკერი და დონალდ ტუსკი, ასევე ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი, ე.წ. „კოჭლი იხვები“ არიან. წლის ბოლოსთვის ისინი თანამდებობებზე აღარ იქნებიან და მათ დიდი მნიშვნელობა აღარ ექნებათ უკრაინისთვის. მაგრამ, ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტს საშუალება არ ჰქონდა, დიდი დაპირებები გაეკეთებინა უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მითხრა, „ნამდვილად სწორად ამბობს სათქმელს, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა მისი შეფასება. რთული სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის“.

მერე კიდევ არის „პეტრო პოროშენკოს ფაქტორი“. ზელენსკის წინამორბედს კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბრიუსელთან. გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და იცოდა, ევროკავშირის დედაქალაქში როგორ ეწარმოებინა კულუარული დიპლომატია და რა განცხადებები გაეკეთებინა თავისი დასავლელი კოლეგების თანდასწრებით. ინგლისური კარგად იცოდა და ორგანიზაციის მუშაობაში შესანიშნავად ერკვეოდა.

ზელენსკისთვის ყოველივე ეს სიახლეა. იუნკერთან შეხვედრის შემდეგ ამჯობინა, არ შეხვედროდა პრესას, რამაც ჟურნალისტებს შორის განცვიფრება გამოიწვია. თუმცა მედიისთვის განცხადება წაიკითხა ინგლისურად, ძლიერი აქცენტით, მას შემდეგ, რაც სტოლტენბერგს შეხვდა, და ორ კითხვას გასცა პასუხი, ეს იყო და ეს. ამით კიდევ უფრო გაამყარა უკრაინიდან გამოყოლილი რეპუტაცია, რომ მედიას ძალიან უფრთხის. შეხვედრებზე ხშირად საუბრობდა თარჯიმნის დახმარებით. კონტრასტისთვის შეადარეთ ეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირველ ვიზიტს ბრიუსელში. ზურაბიშვილი ძალდაუტანებლად გადადიოდა სრულყოფილი ფრანგულიდან ლამის მშობლიურ ინგლისურზე და მან მასპინძლებიც მოხიბლა და მედიაც. ერთმა წყარომ მითხრა, რომ ზელენსკი დროდადრო ძალიან ნერვიულობდა. მისი თქმით, მან „ცოტა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ უფრო მეტად ტოვებდეს პრეზიდენტის შთაბეჭდილებას, როცა საქმე ისეთ რამეებს ეხება, როგორიცაა სიარული და ხელის ჩამორთმევა“.

მაგრამ არის ასევე კიდევ ერთი, უფრო დადებითი ასპექტი პოლიტიკური ნეოფიტისადმი დამოკიდებულებაში. ისეთი შეფასებები, რომლებიც მოვისმინე - „უჩვეულოა“, „არ არის ჩარჩოებში მოქცეული“ - არ ატარებდა მაინც და მაინც უარყოფით ელფერს. პირიქით, როგორც ერთმა წყარომ მითხრა, მან შეხვედრებში „სიახლე შემოიტანა“ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „წყვეტს კავშირს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პროფესიონალ პოლიტიკოსებთან, ფაქტობრივად აკეთებს იმას, რასაც წარმოადგენდა გარკვეულწილად ევრომაიდანი“. ყველა შეხვედრაზე ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ იტანჯება ხალხი ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რაც ბრიუსელში მის პარტნიორებს მოეწონათ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ, ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირის აზრით, პოროშენკო ამ საკითხს არასათანადო ყურადღებას უთმობდა თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდში. პოროშენკოსგან განსხვავებით, რომელიც შეხვედრებზე ზოგჯერ ზედმეტად თავდაჯერებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და მოთხოვნებს აყენებდა, ბევრმა აღნიშნა, რომ ზელენსკი კარგი მსმენელია, ის დაინტერესებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და უამრავ შენიშვნას იწერდა. მის მრჩეველთა გუნდმაც ფართო მოწონება დაიმსახურა კომპეტენტურობისთვის. მათ შორის გამოირჩეოდა მისი შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ პრისტაიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ნატოში უკრაინის ელჩი იყო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო შერეული ხასიათის შთაბეჭდილებებით აღსავსე ვიზიტი, რომელსაც ახლდა ერთგვარი გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ რა პოზიციაზე დგანან პარტნიორები ამ მომენტისთვის. შემდეგი ნაბიჯია ევროკაშირისა და უკრაინის სამიტი, რომელიც, როგორც უკრაინის დელეგაციამ მოითხოვა დაჟინებით, 8 ივლისს გაიმართება კიევში. იმ დროისთვის ამაზე ბევრად უფრო მეტი რამ არ გახდება ცხადი, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი შანსი სამომავლო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG