Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო კვირტია - მწერალი


30 სექტემბერი

ამ ორიოდე დღის წინ, ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნამდვილი ლიტერატურა უყვარს, სამწუხარო ამბავი მოხდა: 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი და ჭეშმარიტი მამულიშვილი - თამაზ ჭილაძე. წუთისოფელი ჩუმად, ძილში, შეუმჩნევლად დატოვა. ისევე უხმაუროდ, როგორიც თავად იყო. თუმცა სიტყვა, პოზიცია და სულისკვეთება ჰქონდა იმდენად ძლიერი და, თუ საჭირო იყო, ხმაურიანიც, რომ ბევრი ვერ დაიკვეხნიდა მის დარ პატრიოტიზმსა და ვაჟკაცობას. თამაზ ჭილაძე ჩემი უფროსი მეგობარი, კოლეგა, მასწავლებელი და გულშემატკივარი გახლდათ. რა ვთქვა?.. დავობლდი და დაცარიელდა ჩემი სული თითქოს, კიდევ უფრო გაბითურდა ბევრი საგანი და მოვლენა ჩემ ირგვლივ. მაგრამ დამრჩა მდიდარი მოგონება, მადლიერებისა და მშობლიურობის განცდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან დაკავშირებით - კაცთან, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი და რომელთან გატარებული წლები - სტუდენტობისა იქნება თუ მისი შემდგომი - ჩემი ცხოვრების ერთი უმდიდრესი და დაუვიწყარი ნაწილია. ერთ ამბავს გავიხსენებ ბატონ თამაზთან დაკავშირებით, მისსავე ნაამბობს ჩვენთვის: გასული საუკუნის 80-იანი წლებია. თამაზ ჭილაძეს, საკუთარი ინიციატივით და მწერალთა კავშირისა თუ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსებულ ახალგაზრდა დრამატურგთა სემინარის ფარგლებში, მწერლებისა და დრამატურგების ჯგუფი წაუყვანია ბიჭვინთაში, სადაც 1981 წლიდან 1988 წლამდე წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ, ისვენებდნენ და ატარებდნენ სემინარებს, განიხილავდნენ ერთმანეთის მიერ დაწერილ ახალ პიესებს; მიმდინარეობდა დისკუსიები, შეფასებები და ა.შ. ერთი სიტყვით, რომელიღაც დაბოღმილ კოლეგას, რომელიც არ გახლდათ ამ ჯგუფში, საჩივარი დაუწერია და მწერალთა კავშირში მიუტანია. საჩივრის შინაარსი ასეთი გახლდათ: თამაზ ჭილაძე აცხადებს, რომ სემინარებს ატარებს, მაგრამ ამის ნაცვლად 19-20 წლის ახალგაზრდები მიჰყავს ბიჭვინთაში, სადაც ისინი სვამენ, ზღვაში ბანაობენ და გოგონებს დასდევენო, და განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ამხანაგებოო. ბატონ თამაზს ამის პასუხად მიუწერია თუ განუცხადებია, ზუსტად ვერ ვიხსენებ: მეგობრებო, 19-20 წლის ბიჭი რომ ზღვაში არ შევა, ღვინოს არ დალევს და გოგოს არ გაეკიდება, განგაშის ზარი მაშინ უნდა შემოკრათო... ასე იყო ეს ამბავი. დღეს კი მდუმარებაა ჩემ ირგვლივ, იმიტომ რომ ბატონი თამაზი აღარ მყავს...

ბაჩო კვირტია - თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:25:01 0:00

1 ოქტომბერი

ზუსტად 2 თვეში წელიწადი შესრულდება იმ შემზარავი ტრაგედიიდან, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოხდა. დღემდე არ მასვენებს ფიქრი ამ უსასტიკეს, არაადამიანურ მკვლელობაზე; დღემდე ვფიქრობ შვილმკვდარ მშობლებზე, ზაზა სარალიძეზე, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულით ხორცამდე თანავუგრძნობ და მასავით ვიჭამ მაჯებს, მასთან ერთად ვგლოვობ, მასავით მინდა სამართლის აღსრულება და არ ნელდება ჩემში ის უმძიმესი რეკვიემი, კათარზისი, რომელსაც მომხდარის გამო განვიცდი.

ამასთან ერთად, არ მასვენებს შეკითხვა: რატომ მოხდა ეს ყველაფერი?..

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრება მომაკვდინებლად უსიცოცხლო, უშინაარსო, უღიმღამო, გაბითურებული და გაუფასურებულია.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ჯერ ისევ სუნთქავს დიდი სატანების, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას მიერ ჩანერგილი საზარელი, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ფენომენი, რომელმაც არსებობის დღიდან ვიდრე დღემდე უთვალავი ადამიანის, ქალისა და მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მისმა ჰიპერტროფირებულმა აღქმამ, ხალხის მასებში ტოტალურად დანერგვამ, გაფეტიშებამ და, ამის შედეგად, თაობების აზროვნების, მენტალიტეტის გადაგვარებამ კი ჯერ ჩვენი მამებისა და ბაბუების თაობა მიიყვანა სავალალო შედეგებამდე, ახლა კი ჩვენი შვილები იმკიან ამ სიმახინჯის, უგვანობისა და იდიოტიზმის „სიკეთეს“.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ დღევანდელი ახალი თაობის უდიდეს უმრავლესობას წიგნი ეზიზღება, არ აქვთ წაკითხული ქართული ხალხური ზღაპრები, ან რაღას წაიკითხავენ მას მერე, რაც კომბლე სადისტად მონათლეს და წიგნის ნაცვლად ბავშვებს ვაშლები დააჭერინეს ხელში... დღევანდელი მოზარდების დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს მხატვრული ლიტერატურა, პოეზია; კარგი, ნამდვილი მუსიკა, კინო, თეატრი, მხატვრობა, რელიგია, ხუროთმოძღვრება, ტრადიციები და ჩვენი ქვეყნის ისტორია. ეს ყველაფერი, მათი აღქმით, არქეოპტერიქსივითაა – უხსოვარი წარსულიდან შემორჩენილი ნაშთივით, ძვლებისა და ბუმბულების ნარჩენებივით, რომელიც, უბრალოდ, იციან, რომ ოდესღაც იყო, რომელსაც მათი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები კითხულობდნენ, უსმენდნენ, უყურებდნენ, სწავლობდნენ.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ, პირდაპირ ვიტყვი, გამოუსწორებელი გოიმები, სნობები, კონფორმისტები და ქაჯები ვართ. არ დაგვადგა საშველი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ – ფასეულია არა ის, თუ რა ოხრობა გაცვია, გახურავს, რა დონის ავტოთი გადაადგილდები, რომელი მოდელის ტელეფონი გიჭირავს საგანგებოდ გამოსაჩენად ფოტოების გადაღებისას უკანალში ბუმბულგაყრილი ტიპის ე.წ. ივენთზე, ვინ გყავს საყვარელი და რატომ ხარ საყვარელი, არამედ ის, თუ რამდენად კეთილი, უანგარო, განათლებული, გულისხმიერი და გონიერი ადამიანი ხარ... და შენთვის სულ სხვა რამ არის ჭეშმარიტება, სიმდიდრე და ნეტარება.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ აღარ დამთავრდა, უკვე 28 წელიწადზე მეტია დასასრული არ უჩანს ერთმანეთის ჭამას, ლანძღვა-გინებას, მანქანებში ჩაცხრილვას, ტყვიის დახლას, ძირის გამოთხრას, ცემა-ტყეპას პარლამენტში, საკრებულოში, სატელევიზიო გადაცემებში, ქუჩასა და ოჯახში. აღარ დამთავრდა ერთმანეთისთვის წყლიანი ჭიქის სროლა და ენაწყლიანი პასკვილების, ცილისწამებების, დემაგოგიის ღაღადი.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ დღევანდელი მოზარდები აღარავის ახსოვს - დაწყებული სკოლის დამრიგებლიდან, დამთავრებული მშობლებით. აღარავის სცალია ჩაიხედოს დღევანდელი მოზარდის გულში, გონებაში და მობილურ ტელეფონში – თუ რას უყურებენ, რას უსმენენ, რას თამაშობენ და რას სწერენ ერთმანეთს.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ქართული განათლების სისტემაში ჰამლეტის მამის აჩრდილივით ჯერ კიდევ დაეხეტება კომუნისტური ეპოქისდროინდელი გაფხორილი, დაშტამპული, ძირგამომპალი, დაბოღმილი მასწავლებლის ხატება; ჯერ კიდევ სულდგმულობს დღევანდელ ჩვენს სკოლებში აღებმიცემობა მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის; მასწავლებლის მიერ მოსწავლე ჯერ ისევ აღიქმება აბეზარ, აუტანელ არსებად, რომელიც, მისთვის ნერვების მოწამვლის გარდა, არაფრის მაქნისია; ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის, მათი ზოგადი და პროფესიული განათლების დონის ამაღლება, მათი ადეკვატური ხელფასით უზრუნველყოფა და მათი პროფესიონალიზმის სათანადოდ დაფასება.

იქნებ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გვინდოდა ასე – ჩვენი უმეცრებით, გულგრილობით, დაუნდობლობით, დაუკვირვებლობით, წინდაუხედაობით, სიბრმავით, სიყრუით, სიბრიყვითა და მცონარობით. მოკლეს – ცოდვათა ჩვენთა გამო...

2 ოქტომბერი

პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა (თუ არ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა) კონტრასტი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ირგვლივ ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში, ტელეეთერებში ხდება. შესაძლოა ბევრი ვერც ამჩნევს ამას, მაგრამ ვინც ამჩნევს, მათთვის გასაზიარებლად ვწერ ამ სიტყვებს და, კაცმა რომ თქვას, მათთვისაც, ვინც დღემდე ვერ ამჩნევდა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ამიერიდან შესამჩნევი გახდება ყველაფერი. ეს ყველაფერი კი არაფერიც არ არის. უფრო სწორად, არარაობაა, უგვანობა და უსამართლობაა, რომელიც ყოველდღე თავს დაგვტრიალებს, ჩვენი გონება, ნერვები, მოთმინება, წამები, წუთები, საათები და, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მიაქვს, სანაცვლოდ კი აბსოლუტურად არაფერს გვიტოვებს. უმადურია, უზნეოა, უსირცხვილოა... არ იცის, რა არის სულიერება, სასოება, გულისხმიერება და მიმტევებლობა. თუ მაინც გაუგებარია, რაზე ან ვისზე ვლაპარაკობ, გეტყვით – ჩვენს ამაო ფაციფუცზე შინ და გარეთ, საზოგადოებაში და მეტადრე – ტელეეთერებში.

იქნებ ჯობდეს ჩვენი საამაყო ტელეარხების ეთერი მთლიანად ხალხის გაჭირვებასა და მათ თავისტკივილს, ქვეყნის გადაუჭრელ პრობლემებსა და საფრთხეებზე საუბარს დაეთმოს, ვიდრე ათასი ოხერისა და ვიგინდარას პირად ცხოვრებას, მათ კარადებსა და გარდერობებში შენახული საცვლების ფერისა თუ რაოდენობის გაცნობა-გამოცნობას; იქნებ გადაცემები, სიუჟეტები და რეპორტაჟები იმაზე მომზადდეს, თუ როგორ შია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საზოგადოების გარკვეულ ფენას და ყოველგვარი სირცხვილისა თუ მორიდების გარეშე ნაგვის კონტეინერებში საკვებს ეძებს, ჩვენ კი ისე მივეჩვიეთ ამ სურათს, რომ უკვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად აღვიქვამთ და სრულიად გულგრილად ავუვლით ხოლმე ამ ადამიანებს გვერდს. იქნებ მათ შესახებ ვიდარდოთ, ვიზრუნოთ და ვილაპარაკოთ გამოსავალზე სწორედ იმ ტელეეთერებში, სადაც დაუსრულებლად ქაქანებენ, კამათობენ, წივიან და კივიან აბსოლუტურად უაზრო თემებზე, საკითხებსა და ვითომ პრობლემებზე. იქნებ 3 წლისწინანდელ თბილისის ტრაგედიაზე გავამახვილოთ უფრო მეტად ყურადღება და ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორ ცხოვრობენ წყალწაღებული და გაუბედურებული ჩვენი თანამოქალაქეები, შვილმკვდარი დედები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომელთა წევრები ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, ან შემთხვევით მოყვნენ წყალდიდობაში და თავი ვერ გადაირჩინეს, ნაცვლად ვიღაც გომბიოს მოსმენისა, რომელიც დიდი სიამაყით გვიყვება, რომ უკვე 4 ქმარი გამოიცვალა, მაგრამ ოთხივესთან იდეალური ურთიერთობა აქვს და საუკეთესო მეგობრები არიან. მაპატიეთ, მაგრამ ოთხ და მეტ მამაკაცთან ცხოვრებისა და დაშორების შემდეგ იდეალური ურთიერთობა და მეგობრობა მხოლოდ კახპას აქვს. ეს დიდი ოტია იოსელიანის ერთი რეპლიკის ერთგვარი პერიფრაზია და აქაც არაფერია საკამათო.

და ბოლოსთვის რომ გითხრათ: „ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“, და კიდევ: „ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“ – ეკლესიასტედან ამ ორი ბრძნული გამონათქვამით დავასრულებ ამ მართლაც ამაოებას. ეცადეთ, კარგად ბრძანდებოდეთ!

3 ოქტომბერი

ამ რამდენიმე დღის წინ ღამის საათებში მოვხვდი ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე. დაახლოებით 10-11 საათი იქნებოდა. იქ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა... მოლოდინი კი იმისა იყო, რაც ზოგადად აქამდე ვიცოდი და მინახავს ღამის ვაგზალზე, ოღონდ - რამდენიმე წლის წინ. იმის თქმა მინდა, რომ ვაგზლის მოედანი ყოველთვის იყო ერთგვარი სოციალური ფსკერი, ჩვენდა სამწუხაროდ, სადაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული, სასოწარკვეთილი და, მეტსაც გეტყვით, გაბოროტებული ფენა იყრის თავს. თუმცა იმაზე უარესს თუ ვნახავდი, რაც რამდენიმე წლის წინ იმავე ტერიტორიაზე ვნახე, არაფრით არ მეგონა.

საოცრად საინტერესო, თუ არა სამწუხარო, სანახავია ვაგზლის მოედნისა და ახლომახლო ტერიტორიების ხილვა შეღამებისას, როცა ბაზარი იშლება, მაღაზიები, საცხობები და სხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები იხურება. ხალხიც თანდათანობით მცირდება, თხელდება. ნელ-ნელა უკაცრიელდება ვაგზლის მოედნის ტერიტორია და მათ ადგილს იკავებენ მანამდეც მდგარი თუ მოხეტიალე საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები, ტაქსისტები, უსახლკარო ლოთები, მოწყალების მთხოვნელი სხვადასხვა ეროვნების, სქესისა და ასაკის ადამიანები, მეძავები და კიდევ ვინ იცის, რა ჯურისა და ზნეობის სუბიექტები. სწორედ შეღამებისას იწყებენ უსახლკაროები მზადებას – აკითხავენ წინასწარ შერჩეულ, მათთვის მეტნაკლებად კომფორტულ და უსაფრთხო ადგილებს, სადაც იმზადებენ ქვეშაგებს, ხოლო ვინც ამ ბედნიერებასაც მოკლებულია, მუყაოს დაშლილ ყუთებზე წვება... და იძინებენ უკვე მთვლემარე ქალაქთან ერთად, რომ ხვალ ისევ ადგნენ, ზოგი მოწყალების სათხოვნელად წავიდეს, ზოგიც შავი მუშაა, ზოგი საერთოდ არაფრის მაქნისია და 100 გრამი არყის შოვნის გარდა არაფერი ადარდებს. თუმცა ახლა ყველას სძინავს. თითქმის ყველას. ზოგი შფოთავს. ზოგი საშინელ ხმაზე ხვრინავს. ზოგს არც სძინავს და, უბრალოდ, წევს, ისვენებს – ცივ ბეტონზე, ტანქვეშ ამოდებულ ტელევიზორის მუყაოს ყუთზე.

შეგნებულად არ მოვყვები რიტორიკას იმაზე, თუ რას არ აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ, დედაქალაქის მერიამ, რომ ასეთი სამარცხვინო, უზომოდ გულისმომწურავი რამ არ ხდებოდეს თბილისის ქუჩებში, რომ არ იყოს ამდენი უსახლკარო, ღატაკი, მიუსაფარი და გაუბედურებული ადამიანი...

სხვათა შორის, მსოფლიო ოკეანოლოგიაში არის ასეთი ფენომენი – აბისალი, რომელიც ეწოდება ზღვებსა და ოკეანეებში 2000 მეტრზე ღრმა ზონას. იქ წყლის დინება ძალიან ნელია, მუდმივად დაბალი ტემპერატურაა და სრული წყვდიადია. რაც შეეხება ცოცხალ ორგანიზმებს, არსებობენ წყალმცენარეები, ბაქტერიული ფორმები, უხერხემლოები და, თქვენ წარმოიდგინეთ, თევზებიც, რომლებიც ზღვებისა თუ ოკეანეების ზედა ფენებიდან ჩამოცვენილი მკვდარი თევზების, მოლუსკებისა და სხვა ორგანული თუ არაორგანული ნარჩენებით იკვებებიან.

ეს ისე, ცნობისა და შედარებისთვის – გამგებმა რომ გაიგოს და დაფიქრდეს. ჰო, ზუსტად – აბისალის თევზები.

4 ოქტომბერი

რა უნდა იღონოს მოსახლეობამ იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონემ, უკვე კარგა ხანია, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, სადაც დედაქალაქის მთავარ პროსპექტებსა და ქუჩებზე არსებულ ბრენდულ მაღაზიებში სრული სიცარიელე სუფევს – იქ არავინ შედის რაიმეს შესაძენად; რა ღონე იხმაროს საქართველოში ახალგაზრდა ოჯახმა, სადაც ორი, სამი ან უფრო მეტი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება და თითოეულ მათგანს საკვები, სითბო ზამთარში, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები და სკოლის გადასახდელი ფული სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვების სხვა საჭიროებებზე? ზოგადად, როგორ გააგრძელოს ცხოვრება ქართველმა მოქალაქემ, მისმა ოჯახმა, როგორ განვითარდეს, მომავალი როგორ დაგეგმოს, ვის ან რის იმედზე იყოს, საკუთარი თავის გარდა... ქვეყანაში დაცულად როგორ, რა გზით იგრძნოს თავი? - ამ შეკითხვებზე დღეს ცალსახა, მტკიცე, ზუსტი პასუხი არ არსებობს ან, თუ არსებობს, ეს არის ფარისევლობა, ტყუილი, ფიქცია – შეკითხვის დამსმელის თავიდან მოშორების მიზნით. და სწორედ ესაა, რაც დღეს სიცარიელის, უპერსპექტივობის შეგრძნებას მიჩენს. თუ ვცდები?

არა, არ ვცდები, იმიტომ რომ, ახალი - გნებავთ ყოფილი - ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენლისგან განსხვავებით, შესანიშნავად ვიცი, რა ხდება დღევანდელ საშუალოსტატისტიკურ ქართულ ოჯახში; ვიცი, როგორი გარემოა ჩვენი ქვეყნის ქალაქების ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოფლად, მთაში, ბარში და, თუნდაც, საზღვარგარეთ, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ემიგრაციაში არიან; ისიც ძალიან კარგად ვიცი, ყველაზე მეტად ვისი იმედი აქვთ ამ ადამიანებს სასტიკი და შეუბრალებელი ცხოვრების პირისპირ – მხოლოდ საკუთარი თავის! და ის თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ ჩვენი რიგითი, ჩვეულებრივი თანამოქალაქეები ოჯახში, ქუჩაში, ავტობუსში, მეტროში, სოფლის გზაზე, მთის ფერდობზე და ტყეში, შეშის მოსაგროვებლად წასულები... არ გეტყვით. იმიტომ რომ, თუ ეს არ იცით, არც იმსახურებთ, რომ ვინმეს დახმარებით გაიგოთ.

წინ ცივი, უამრავი სირთულით აღსავსე ზამთარია – მოსალოდნელი კიდევ უფრო დამძიმებული ცხოვრებისეული ნიუანსებითა და მოულოდნელი სიუპრიზებით, რომელიც არავინ იცის, სასიამოვნო იქნება თუ უსიამო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უკანდასახევი გზა აღარ არსებობს. ბრძოლა და წინ, თუნდაც კუს ნაბიჯებით, სვლა გრძელდება. ჩვენ ხომ გვყავს ის, ვისი იმედითაც დღეს ვცხოვრობთ, ვისაც ვეყრდნობით და ვისი წყალობითაც დღეს, ავად თუ კარგად, თავს დაცულად ვგრძნობთ – საკუთარი თავი!

5 ოქტომბერი

მართლა რა იცით თქვენ, ვინც მართლა არაფერი იცით, რა არის ქართული სოფელი?..

ეს არის დიდი, უდიდესი ფილოსოფია, ესთეტიკა, მისტიკა, ისტორია, ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვენი ნამდვილი სახე, ნატურა და ჩვენი ძალა თუ საყრდენი უხსოვარი დროიდან. მაგრამ უხსოვარ დროს ჯერჯერობით შევეშვათ და ახლანდელი გავიხსენოთ – ჩვენი დროის, ცოტა უფრო ადრინდელი – ჩვენი მშობლებისა და კიდევ უფრო ადრინდელი – ჩვენი ბებია-ბაბუის დროის სოფელი და სოფლელობა.

აბა, მითხარით, ვის გეცნობათ ასეთი რამეები:

ბებია-ბაბუის სახლის სუნი. სიძველე. გაჩერებული დრო საგნებსა და სახლის კედლებში. თუნუქის „ფეჩისგან“ გამურული ჭერი და კედელს ახეული, ძველისძველი, იაფფასიანი შპალერი. სარკიანი დივანი, აქეთ-იქით ციცქნა კარადებით, რომლის პაწაწინა კარებში ფიგურული შუშები იყო ჩასმული, ხე კი ჭიისგან წვრილ-წვრილად დასვრეტილი. სასტუმრო ოთახში, „ზალაში“, ძველი სერვანტი, შიგნით – ჩაის სერვიზი, კერამიკის ფიგურები და ბროლის საკანფეტე „ვაზები“, „ვაზებში“ - ბებია-ბაბუის საბუთები, ძველი, საპასპორტე ფოტოები, სადაც უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ფიცრის იატაკი - შეღებილი „პოლი“, ოთახში გავლისას ის სერვანტი რომ ზანზარებდა თავის შუშებიან-სერვიზებიანად. გაფუჭებული, უვარგისი, მაგრამ მაინც სათუთად შენახული შავ-თეთრი ტელევიზორი, წეროსავით ფეხებზე შემდგარი და ნაქსოვი გადასაფარებლის ქვეშ დადუმებული და განსვენებული, თავზე დადგმული ლარნაკითა და შიგნით ჩალაგებული პლასტმასის ტიტებით. ბებიას ქათქათა თეთრეული და ბაბუას ჭუჭყიანი, ღვინის, არყისა და ნავთის სუნით აქოთებული „ტელეგრეიკა“. ბებიას ლაპარაკი თავის თავთან, როცა ღამით ლოგინს გიმზადებს და შენი განცდა – რომ იმწამს ეს მისი გაუგებარი ჩურჩული ამქვეყანაზე სულ ყველაფერს გირჩევნია! მერე ისევ მისი საუბარი ცოტა ხნით გადმოსულ მეზობლის ქალთან რაღაც ამბავზე და ამ ამბავს მოყოლილი ბებიაშენის მიერ უწინ მომხდარი ამბის გახსენება, ძილის წინ ნაამბობი ზღაპარივით რომ ჩაგესმის. საოცრად მეტყველი თითოეული ნივთი შინ, გარეთ კი: ხეები, ბალახი და ბუჩქები, ყვავილები და ფოთლები ქარსა და წვიმაში, შუადღისას გაუნძრევლად, ღამით, ავდარში – მოშრიალე და დაფეთებული, სველი. იმ წვიმასა და გრუხუნში, სახლის მეორე სართულზე, „ზალაში“ დადგმული სერვანტის თავზე ბებია-ბაბუის მშობლებისა და რომელიღაც გარდაცვლილი ახლო ნათესავის ფოტოები - შავ-თეთრი სურათები, მდუმარედ მომზირალი იმ წვიმასა და ავდარში...

დიდი საიდუმლოებაა ქართული სოფელი, ეზო-კარი, ხე, მიწა, წყალი, საქონელი, გომური და საქათმე, თივისა და ნაკელის სუნი და ბებია-ბაბუის გამკრთალი ღიმილი, გვერდით რომ ჩაგივლიან...

დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მე რა უნდა ვთქვა იმდენი, რამდენიც უკვე ნათქვამი აქვთ გენიოსებს.

უფრო ძველებს თუ არ გადავწვდებით, ჯერ ილია და აკაკი, მერე ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და დავით კლდიაშვილი, მერე უკვე გიორგი ლეონიძისა და რეზო ინანიშვილის შედევრები, მერე ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, ნუგზარ შატაიძე, ზაირა არსენიშვილი, ნაირა გელაშვილი, ლეილა ბეროშვილი... ნამდვილი ქართული პასტორალი პროზაში, პოეზიასა და დრამატურგიაში.

და კიდევ რამდენია, ვინც ქართული სოფლის ჯადოსნურობას არის ნაზიარები და ნამდვილი მწერლის ენითა და თვალით, გულითა და გონებით აქვს ნანახი და ნაგრძნობი?..

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ თუ გიყვართ სოფელი და თუ გესმით, თუ იზიარებთ იმას, რაც დავწერე?.. გულწრფელად მიპასუხეთ.

6 ოქტომბერი

ყველაფერს თავისი დრო აქვსო, ნათქვამია, და მათ შორის შემოდგომასაც აქვს მოსვლის, შემოპარვის თუ უეცრად თავზე დადგომის დრო და ჟამი. თუ ასეა, რაიმეს დასაწყისს, მოსვლას ან წასვლასაც ხომ აქვს საკუთარი ნიშნები, გამოხატულება? შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შემოდგომის დადგომის რამდენიმე ნიშანს გაგანდობთ, რომელთაგან ზოგი აშკარად თვალშისაცემია, ზოგი გინახავთ, მაგრამ აქამდე ვერ წარმოიდგენდით, შემოდგომის ნიშანი თუ იყო, ზოგიც საერთოდ არც იცოდით, რომ შემოდგომის დადგომას ნიშნავდა.

მაგალითად, თუკი თქვენს გულებში უცნაურმა სიფაქიზემ და სევდამ დაისადგურა, თუკი მივიწყებული საყვარელი მელოდია, ნახატი ან წიგნი გაგახსენდათ და ერთის მოსმენის, მეორის ხელახლა ხილვის ან მესამის გადაკითხვის სურვილი გაგიჩნდათ, მაშასადამე შემოდგომა მოსულა და არ გცოდნიათ.

თუკი გარეთ ფოთოლცვენაა, ჰაერში უკვე სხვანაირი სუსხი ტრიალებს, თუკი ირგვლივ განსხვავებული სევდა და მოწყენილობა იგრძნობა, შემოდგომა კარს მოგვდგომია და ვერ გაგვიგია.

თუკი საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე, ან უფრო გვიანობამდე, თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე დიდი, გაუგონარი მანქანათმავლობაა და ისედაც დაბინძურებული, მოშხამული ჰაერი კიდევ უფრო იწამლება; თუკი ათასი ჯურისა და გაგების, ინტელექტის, სოციალური კუთვნილების, ზნეობისა და მავნე ჩვევების მძღოლს ხედავთ თქვენ ირგვლივ შემოკრებილს და ისტერიკული მდუმარებით მღოღავს სამსახურიდან შინისაკენ, ეს ნიშნავს, რომ შემოდგომა დამდგარა!

თუკი ყველა, ვისაც ენის ტლიკინი და ათიათასჯერ გადაღეჭილი რიტორიკის საქვეყნოდ ღაღადი არ ეზარება, ტელეეთერში ზის და მონოტონურად ლაქლაქებს, ტელევიზორის წინ კი მოხუცი პენსიონერი განელებულ ჩაის ნელი მოძრაობით სვამს, თან იმავე ჩაიში ჩამბალ რუსეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან „პეჩენიას“ შეექცევა, ეს მხოლოდ შემოდგომის დადგომას ნიშნავს.

თუ ქალაქის ქუჩებში, ტროტუარებზე ისევ დგას პატრონკეთილმოწყობილი მანქანები, თუ ზებრას გადასასვლელზე მწვანე შუქის დროს მაინც აუცილებლად უნდა გაიხედო მანქანებისკენ, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის ერთი ან მეტი მანქანა არ აჩერებს და დიდი სისწრაფით ცხვირწინ ჩაგიქროლებს, თუ საღამოობით თბილისისა და მისი შემოგარენის რესტორნებში ტევა არ არის, თუ ღამღამობით ჩვენი ქალაქის ცენტრალური ქუჩების გზისპირებზე ე.წ. სექსმუშაკები დგანან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შემოდგომა უეჭველად მოვიდა.

თუ უკვე ნათლად აცნობიერებ და ბოლომდე დარწმუნებული ხარ, რომ ამავე ტემპით და შესაძლებლობებით მოგიწევს კიდევ მინიმუმ რამდენიმე წელიწადი ცხოვრება, წვალება და ჯახირი, მხოლოდ იმაზე ოცნება, რომ შენ და შენი ოჯახის წევრები ოღონდაც ჯანმრთელად იყოთ და სხვა ყველაფერი ჯანდაბას, თუ აქაური მზის ქვეშ არაფერი შეცვლილა და კარგა ხანს არც შეიცვლება, რაღად უნდა ამას ბევრი მარჩიელობა – შემოდგომა დამდგარა!

თუ შენს უბანში ყოველ დილით, შუადღისას და საღამოს მოდიან ასაკოვანი ქალი, მოხუცი მამაკაცი და 25-30 წლის ბიჭი, მორცხვად ჩერდებიან შენი კორპუსის სანაგვე კონტეინერთან, შემდეგ ასეთივე სიმორცხვით იღებენ საგანგებოდ წამოღებულ გრძელ ჯოხს და იწყებენ კონტეინერში ქექვას, ხანდახან კი ის 25-30 წლის ბიჭი თავფეხიანადაც ჩაეყუდება ხოლმე, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – შემოდგომა გვეწვია.

თქვენ ფიქრობთ, რომ სხვანაირად უნდა დამესრულებინა ეს 7-დღიანი დღიური?..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG