Accessibility links

გიგა მაქარაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი


კვირა, 7 ოქტომბერი

ერთადერთი შვილი, 9 წლის მიხო მყავს გვერდით და ვცდილობ სამკვირიანი ჩახუტების დეფიციტი აღმოვფხვრა და, თან, რაც შეიძლება სწრაფად. ვეკითხები სკოლაზე, ფეხბურთზე, ინგლისურის მასწავლებელზე. პირველად ცხოვრებაში, ძალიან უემოციოდ და უინტერესოდ მიპასუხებს. ბოლოს კითხვა შემაწყვეტინა და, ფეხები ძალიან გტკივაო? - მკითხა. ჰო, მამი, ძალიან მტკივა-მეთქი, ვუპასუხე და გამახსენდა დღე, როცა მსვლელობას ვიწყებდი და არაფერი მტკიოდა. 14 სექტემბერი იყო, პარასკევი.

წესით, ამ დღეს ყველაზე მეტი უნდა მძინებოდა, ენერგიის რეზერვი უნდა შემექმნა საკუთარი თავისთვის, მაგრამ - ვერა, ვერ გავიღვიძე გვიან. საერთოდ არ მძინებია. არც დედას ეძინა, არც მამას. მთელი ღამე შუქი ენთო მათ ოთახში. ალბათ, მხოლოდ ჩემს დას ეძინა, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში უფრო ცივსისხლიანი ხდება.

2 კვირით კი არა, რამდენიმე თვითაც ვყოფილვარ წასული ქვეყნიდან, მაგრამ ახლა სხვა რამ ხდებოდა. არ მივდიოდი ქვეყნიდან. არც სხვა ქალაქში მივდიოდი, არც სხვა სახლში. ერთი კაცის თითქოს ამპარტავნული, პოპულისტური ახირება რამდენიმე ათასი ადამიანის ყურადღების ცენტრში ისე მოექცა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. რამდენიმე კომპანიამ საკუთარი სურვილით მოგზაურობისთვის საჭირო ატრიბუტიკაც კი მაჩუქა. თან სიტყვა ვთქვი. ის კი არა, წინასწარ შემითანხმდა რამდენიმე მეგობარი, მცირე დისტანციებზე ერთად ვიაროთო. ნანუკამ მთლიანი მსვლელობის გადაღება შემომთავაზა. ჩემმა აქტივისტმა ტომმა მზადება დაიწყო. მოკლედ, უკან გზა აღარაა. როგორც მინიმუმ, უნდა დავიძრა, დავიძრა და ვიარო მანამდე, სანამ მეყოფა ენერგია, მუხტი.

წინა დღით „ფაბრიკაში“ შევიყარეთ, იაფი ლუდის მიმდებარედ. გზა დამილოცეს ჩემებმა. მე ძალიან მკაცრად ვთქვი, რომ არ ვსვამ, მერე „პახმელიაზე“ გამიჭირდება ყველაფერი და არ მინდა დასაწყისშივე შეცდომებით ამოვიტენო. ჩემი დაბნეული სახის დანახვაზე ჩემი მარიამო ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა პირადი შემხსენებელი ყოფილიყო, თუმცა არც მანამდე დაზარებია დეტალების კონტროლში დახმარება.

ჩამოვწეროთ, ჩემო ბიჭო, თუ გინდა.. არა, მარიამო, მგონი ყველაფერი მზად მაქვს. ჩანთა სოფომ მათხოვა, კარავი - ანანომ. მაისურები დათამ დამიმზადა, ბევრი და ნაირნაირი. მაქვს ახალი ფეხსაცმელი, თასმებიც კი ახალი მაჩუქა ხერგიანმა, ელექტროსიგარეტი, დაზღვევა, გამძლე ტელეფონი, ყოველდღიურ საკვებზე არ მექნება საზრუნავი. რამე კვერცხობა არ უნდა ვქნა, სანამ ვივლი, მთავარი ეგაა. როცა გავჩერდები, გავჩერდები, რაა.

ნიკოლსონის გმირივით ვარ, გუგულის ბუდეში საგიჟეთიდან გაქცევას რომ ცდილობს.

ჩანთის ჩალაგებამ ცოტა გამახალისა. ვცდილობ მაქსიმალურად შევამსუბუქო. კბილის ჯაგრისიც კი პატარა ჩავდე. საკვები არ მიმაქვს, საერთოდ. გზად რასაც შევძლებ, იმას შევჭამ. წამლები არაა მძიმე, მაგრამ ყუთებშია და დიდ ადგილს იკავებს. გადავწყვიტე ყუთები გადავყარო, მაგრამ მერე ერთმანეთში მერევა. არ მინდა გაციებისას თვალის წვეთები დავლიო ან კუჭის შემკვრელი, ან, თუნდაც, - პირიქით. მოკლედ, წამლები ყუთებით უნდა წავიღო.

5 ცალი გარე დამტენი მიმაქვს. არავინ იცის, როდის შევძლებ ტელეფონის დატენას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად ვიყო ონლაინ. უკვე ვიცი, როგორი პოსტითაც დავიწყებ ამ ისტორიას. დავითა ამზადებს გრაფიკას, ამერიკიდან მეხმარება ჯიგარი.

სახლიდან წასვლამდე 1 საათია დარჩენილი. მე და დედა ვართ სახლში. ქეთო, ჩემი და, პირდაპირ მოლთან მოვა გასაცილებლად. მამას ქუთაისში მოუწია გაქცევა. არც პარლამენტში მუშაობაა ადვილი. ჩანთის ზურგზე მოკიდებას ვერიდები. მაინცდამაინც გასვლისას არ მინდა ეს ფრუსტრაცია მივიღო. დედა ამჩნევს და ცდილობს დამამშვიდოს. თან ისე დამამშვიდოს, რომ მე ვერ მივხვდე, მაგრამ აუცილებლად მჭირდება შეგულიანება. ვხვდები, რომ ძალიან ფრთხილობს და საჭირო სიტყვებს ეძებს. საბოლოოდ, მეუბნება, რომ თუნდაც ამ იდეისთვის უკვე კარგი ბიჭი ვარ და წამოწყებაც ერთ რამედ ღირს.

ვურეკავ თორნიკეს და გლდანიდან „თბილისი მოლამდე“ მიყვანას ვთხოვ. მეუბნება, რომ მალე იქნება და თან თავისებურად ხმაურიანი სიცილით მეკითხება, ზეთი თუ გამოვცვალე წასვლის წინ. გამეცინა ამ უკვე გადაცვეთილ ხუმრობაზე და ტელეფონი მაგიდაზე დავდე. ჩანთას მოვეჭიდე და ოპააა!.. 17 კილო კია, მაგრამ მარტო ჩანთის სიმძიმე არაა თურმე: მთელი ამ მოგზაურობის, დამხმარე ადამიანების, აფხაზეთიდან დევნილების, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების - ყველას, ყველას ინტერესი, გულშემატკივრობა და იმედია ამ ჩანთაში. ძალიან მძიმეა, ძალიან. ვცდილობ არ შემეტყოს, მაგრამ, ნუ, დედა მშიფრავს და ცდილობს დროშა დამიმაგროს ჩანთაზე.

აი, დროშის დამაგრების ამბავს ისტორიული წიაღებისკენ მივყავარ და წარმოვიდგინე, როგორ აცილებდა 9 ძმა ხერხეულიძეს დედა. აუცილებელი არაა ხმლით ან ავტომატით მიდიოდე ველზე საბრძოლველად, ესეც ხომ ბრძოლაა, თან არანაკლები მნიშვნელობის. ეს საკუთარი თავის გამხნევების მცდელობაა უკვე. მოკლედ, სასწრაფოდ უნდა გავიდე სახლიდან, თორემ შეიძლება მერე აღარც გავიდე. დედას ვეხუტები და გავდივარ. დროშა ნამეტანი მაღლაა დამაგრებული და ლიფტში ვერ ვეტევი. ფეხით ჩავდივარ მეშვიდე სართულიდან. თორნიკე მელოდება. იშვიათი შემთხვევაა, გზას უხმოდ გავდივართ. „მოლთან“ მეუბნება, რომ აუცილებლად ჩამოვა და ჩემს ჩანთას იღებს. სახეზე ეტყობა, რომ ჩანთა ემძიმა, ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ტრუსიკიდან ვიცნობ, ანუ, მართლა მძიმეა და მე არ მომჩვენებია.

20-მდე ადამიანი მელოდება - უნდა გამაცილონ. შინაური მედიასაშუალებებიც აქ არიან. ჩემი და - ქეთო, ბავშვობის ძმა - უჩა, ბაკო, შოშიტა, ანანო. ვეხუტები და ძალიან ვნერვიულობ, ძალიან. აშკარად ვერ ვარ მზად, მაგრამ ახლა ოთარა ძია მოვა და შემაჯანჯღარებს. ოთარა ძია ოთარ საბაშვილია, ჩემი ცოტათი უფროსი მეგობარი, რომელიც პირველი იყო, ვინც დამპირდა, გამოგყვები რამდენიმე დღეო. შენი ქვეყნის ნომერ პირველი მოაზროვნე რომ საკუთარი სურვილით მოგყვება შენს ახირებულ წამოწყებაზე, მერეღა ფიქრდები, რომ არც ისე ახირებული ყოფილა. მოკლედ, ოთარმა ჩემს მსვლელობას მეტი სერიოზულობა შეჰმატა. ინტერვიუები ჩავწერეთ. ყველას დავემშვიდობე და უცბად ნიკო ვერელი - ჩვენი მეგობარი, არსენიშვილის კაცი - ამბობს, მეც მოვდივარო. მცირე ზურგჩანთა აქვს მხოლოდ, მაგრამ მე და ოთარი ისეთი მომზადებულები და აღჭურვილები ვართ, რომ ნიკოს როგორმე შევიფარებთ. თან, ნიკო ძალიან გვიყვარს. მოკლედ, ვიძვრებით, დაახლოებით, 22 საათზე. ამ ღამით ბევრს, ალბათ, არ გავივლით. მხიარულად მივდივართ. ვლაპარაკობთ, ძირითადად მე და ოთარი. ნიკო გვეთანხმება და მოკრძალებულად იცინის. გამოჩნდა ჯვარი, 15 წუთში - სვეტიცხოველიც. ჩვენ კიდევ მივდივართ. ჯერ სავსე ენერგიით ვართ. სამივეს ტელეფონი ყოველ წამს ხმას გამოსცემს. ქალაქმა გაიგო, რომ დავიძარით. პირველი გაჩერება - წეროვნის დასახლება. ოთარმა უცბად გაშალა კარავი. თითო ჭიქა კონიაკით გზა დავილოცეთ და გარიჟრაჟამდე დავიძინეთ.

„გაიღვიძე, ლომო!“ - კარავში ნაცნობმა ხმამ შემოაღწია. წამოვხტი. მევლუდია, მელაძე, ევროპის ჩემპიონატიდან მოდის ჩაოსთან ერთად, თავისი ხელით აწყობილი მანქანა მოჰყავს. მოკლედ, ჩვეულ ფორმაშია. ცივი წყალი და ცხელი პური მოგვიტანა. ჯიბეში ფული ჩამიტენა, ზუსტად ნახევარი იმისი, რაც ჰქონდა. ბევრი ლაპარაკის გარეშე მითხრა, რომ კარგ საქმეზე მივდივარ და გაიქცა. სულ ეჩქარება.
წამოვხტით, ავლაგდით და ქანდის გზას გავუყევით. დავდარდიანდი. მევლუდს რომ არ გავეღვიძებინეთ, ალბათ, კიდევ მეძინებოდა. მარტო რომ დავრჩები, მერე რა მეშველება, ნეტა. თუმცა მერე ნახავთ როგორი ყოჩაღი ბიჭი აღმოვჩნდი. დილის 9 საათიდან თუ ასეთი ბუმი დაიწყებოდა, არ მეგონა. ყოველ 5 წუთში მანქანა ჩერდებოდა, პირველი დღე იყო და ძირითადად - შინაურები. გადმოხტებოდნენ, ჩაგვკოცნიდნენ, სურათს გადაიღებდნენ და გავარდებოდნენ. აი, პირველი მოშიება რომ ვიგრძენით, რძის პროდუქტების ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის მანქანა გაჩერდა. უზარმაზარი კარი გამოაღო და - „ბიჭებო, რამდენიც გინდათ და რაც გინდათ, აიღეთ, თქვენ გენაცვალეთო“. განა ვერ ვიშოვიდით საჭმელს, განა ვინმეს ვერ დავურეკავდით დასახმარებლად, მაგრამ ეს განსაკუთრებით გაგვიხარდა.

მზემ ძალიან დააჭირა. წყალი გვიდუღდება წუთებში, მაგრამ ისეთი ინტენსივობით მოგვდის ცივ-ცივი წყალი, თვითონაც ვერ ვიჯერებთ. ერთი ასეთი გაჩერება კი განსაკუთრებული იყო. ისევ დისტრიბუციის სატვირთო გაჩერდა. გადმოხტა იქიდან 50 წლამდე შავგვრემანი მამაკაცი, ხელით გვანიშნა, მოიწიეთო. ოთარი მივიდა. იმან კიდევ მაცივარი გამოაღო და, ალბათ, 20-ზე მეტი ნაყინი ჩაუყარა. გადავირიეთ. წარმოიდგინეთ, ზედმეტი გრამის წაღებასაც ვერ ვახერხებთ, ისეთი სიმძიმით მივდივართ და, მით უმეტეს, გამდნარი ნაყინი როგორი სატარებელია? თან ავტობანზე ნაგვის ურნები არ დგას და ნაგავი ათეულობით კილომეტრზე უნდა ვატაროთ. ბევრი ძალადობის შემდეგ, 6 ნაყინი დავიტოვეთ. ამ კაცმა ხმის ამოუღებლად ხელი ჩაიქნია, არაფერი უკითხავს, ჩაჯდა და წავიდა.

ახალგორის გადასახვევთან ჩემი მეგობარი მოგვადგა 9 წლის ბიჭთან ერთად. იუბილარი შვილი ეჯდა მანქანაში. განა გზად გამოგვიარეს, თბილისიდან ჩამოვიდნენ, რომ ჩვენთვის საკვები მოეტანათ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მამა 9 წლის იუბილარ შვილს რომ უყვება, 3 კაცი ფეხით მიდის და შენი დაბადების დღის რამდენიმე საათი იქ უნდა გავატაროთო. სუპერამბავი იყო. თენგოს მივულოცეთ იუბილე და მომენტალურად ოთხივე დავფიქრდით, რომ ზუსტად ამ ბიჭისთვის, მისი მომავლისთვის მივდიოდით. ბევრი არაფერი, მივდიოდით, მაგრამ, ხომ მივდიოდით! იმ ღამეს კარავი იგოეთთან დავეცით. ოთარის ახალგორელი მეგობრები მოვიდნენ, ნაირ-ნაირი საკვებით და ცოტა სასმელით მოგვადგნენ. ოდნავ უფრო ღამით კი ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი ჩამოვიდა, თორნიკე და უჩა. ჩემი და, ქეთო, ჩამოიყვანეს. ნიკოს დაბადების დღე დგებოდა და ქეთოს ტორტი ჰქონდა მომზადებული. გაიხარა ნიკომ. კაცი სადღაც, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარედ, კარავში შეხვდა იუბილეს. მერე მითხრა, ასეთი დაბადების დღე არ მქონიაო.

ორშაბათი, 8 ოქტომბერი

საშინლად აჩქარებულ ქალაქის ტემპს ვუბრუნდები შენელებული სამოქალაქო აქტივისტი. ისევ გზაში ვარ, ოღონდ ამჯერად ტრანსპორტით ვმოძრაობ და ვხვდები, რომ დაბრუნება მიჭირს. 2 კვირის წინ ემოციებით გადატენილი მივდიოდი ავტობანზე. ნიკო დილიდან თბილისისკენ წავიდა. მე და ოთარი იგოეთ-გორის მონაკვეთს შევუდექით. ჩანთები დაგვიმძიმდა, ნიკოსთან გადანახული ბარგიც გადავინაწილეთ. დღის პირველი სტუმარი დათო იმედაშვილი იყო, რომელმაც თავისი პატარა შვილი, პეტრე, მომიყვანა გასაცნობად. მერე სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც: არ ვიცი, რა უთხრეს გზაში მშობლებმა 4 წლის ბავშვს, მაგრამ სრულიად უცხო წვერებიან კაცს ისე ჩამეხუტა ეს ბიჭი, ზუსტად ვიცოდი, იმ დღეს ვერაფერი შემაჩერებდა.

ორ კაცს შორის კომუნიკაცია ოდნავ უფრო საინტერესო და ინტიმურია. ძნელია რამე საინტერესო უთხრა ასეთი კლასის მოაზროვნეს. მე ძირითადად ვხუმრობ, ოთარი ცდილობს ისეთი ამბები მიამბოს, თან სტიმული მომცეს, თან იცის, რომ მალე თბილისისკენ უნდა გაბრუნდეს და მარტო ვრჩები. მთელი სიმძიმით ვრჩები მარტო. 78 კილომეტრის ერთად გავლის შემდეგ, ჩვენი მეგობარი წამოგვეწია. ნიკოს გულმა ვერ გაუძლო და ისევ წამოსულა ჩვენკენ. მერეც, 13-ვე დღე, რეკავდა ნიკო და წუხდა, ჯანმრთელობის გამო რომ ვერ იყო ჩემთან. მოკლედ, ოთარიც წავიდა. მაგრად ჩამეხვია და მითხრა, რომ შემდეგ პარასკევს იქნებოდა ჩემთან. არ უნდა შემშინებოდა. წამით არ წამოსცდენია, მაგარ საქმეს აკეთებო, თუმცა მისი ჩემს გვერდში ყოფნა პირდაპირ ნიშნავდა ამას.

აი, პირველი კრიზისიც დაიწყო. დამძიმდა ჩანთა. გაიწელა გზა. პირველად შემეცოდა ჩემი თავი. პირველი სისუსტეები შემომეპარა. მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ იყო და სანდრო და თათი მოვარდნენ, ცოტა ვისკი დამალევინეს, თან მანქანაში ირაკლის „მე გადმოვცურავ ზღვას“ ჰქონდათ მთელ ხმაზე. კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან. მივხვდი, რომ მუსიკა ძალიან მაკლდა. აი, პირველი რამ, რაც გამომრჩა - მუსიკა. ისე, ნეტა, ირაკლი ჩარკვიანი რას იტყოდა, ახლა რომ დავენახე. სულ ზუსტ რჩევებს მაძლევდა. ჯანდაბა, რა, ირაკლიც მომენატრა!

გორის აღმართთან პირველად დავჯექი, თან ისე დავჯექი, რომ რამდენჯერმა წამოდგომა ვცადე და ვერ ავდექი. პირველად ვიგრძენი, როგორ დამცინოდა ბევრი ადამიანი, როგორ პოპულისტს მეძახდა, როგორი იმედგაცრუებული იყო ჩემი ოჯახი, როგორ ჩაიქნიეს ხელი აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებსაც შინ დაბრუნების ერთგვარი სიმულაცია შევთავაზე... მოკლედ, ყველაზე ცუდი ფიქრების შემოტევა მაქვს, გზის პირას ნაძვის ჩრდილში ვზივარ. ჩერდება ავტომობილი, იქიდან ჩემი 2 დეიდაშვილი გადმოდის, თავიანთი გოგოები წამოუყვანიათ, ისინიც ძალიან კარგები არიან. ცხელი ჩაი მომიტანეს, საკვები. მერე ცივ-ცივი ენერგეტიკულიც დავლიე. შემრცხვა მეთქვა, ვეღარ ვდგები-მეთქი. ავდექი და 4 კილომეტრი ერთად ვიარეთ. ღამე გორის „სმარტთან“ უნდა გავათენო. ის აღმართი არ დამავიწყდება. ბოლო კილომეტრს ლამის ფორთხვით ავდივარ. „სმარტთან“ უკვე მამაჩემი წამომეწია, ისევ ჩემმა მეგობრებმა წამოიყვანეს. ცხელი ღვეზელები გამოუტანებია დედას. კარავიც გამიშალეს. მკვდარივით დამეძინა.

17 სექტემბერს, დილიდან, აშკარად მხნედ ვარ. როგორც ჩანს, კარგად გამოძინებამ თავისი საქმე ქნა. თან ოთარმა ზარი წამომაწია: ღამე აგარაში გაჩერდი, განრიგითაც იქით გიწევს, კარვის გაშლაშიც მოგეხმარებიან და იქნებ წვნიანიც ჭამო რამე, ენერგიას მოგმატებსო. ჩქარი ნაბიჯებით ვიარე პირველი 15 კილომეტრი. გზად მეგობარი ფოტოგრაფი წამომეწია, თავს ვერ ვაპატიებდი, შენი ფოტოები რომ მე არ გადამეღოო. ერთად ვისადილეთ. ისევ მომიტანა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ რძის პროდუქტი. თან საღამოს სტუმრების დაპატიჟება გადავწყვიტე. ბაპტისტურ ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი რუსუდან გოცირიძე ჩამოვიდა ტკბილ ოჯახთან ერთად. მალევე ჩემი ოქრო მეგობრები - ცვატა და კობაც მოვიდნენ. კარგად შებინდებულზე თივის ზვინებში მოვიწყეთ ვირტუალური სტუდია და მთელი ნახევარი საათი ადამიანური ტერმინებით ვილაპარაკეთ აფხაზეთზე, ოკუპაციაზე, ხიდს მიღმა დარჩენილ ძმებზე. ღამე აგარაში გავჩერდი, ახლად შეძენილმა მეგობრებმა გემრიელად მიმასპინძლეს. 3 ჭიქა გემრიელი კონიაკიც დავლიეთ. საქართველოს სადღეგრძელო ვთქვით.

სამშაბათი, 9 ოქტომბერი

დილა იწყება გორის მერის განცხადებით. სალომე ზურაბიშვილს ელოდნენ ქალაქში და როცა გაიგეს საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ჩამოდისო, მოსახლეობასთან შესახვედრად ქალაქის მერი გავიდა. ბევრი არ ულაპარაკია, ერთი ძალიან ცუდი რამ კი თქვა. ომის დაწყება ისევ საქართველოს დაბრალდა. არადა, ფეხით როცა გავიარე გორის შესასვლელი, მაშინ ვფიქრობდი, რამდენი რამე გადაიტანა ამ ქალაქმა, რამდენის გაძლება მოუწიათ. მალევე გადავერთე მსვლელობაზე და დღის გეგმას გადავხედე, სადმე რიკოთის სიახლოვეს უნდა დავბანაკდე. 35 კილომეტრია გასავლელი, მარტო ვარ. ისეთი მზეა, ასფალტს ბუღი ასდის. „პირველი არხი“ წამომეწია გზად, გადაცემას აკეთებენ აფხაზეთზე. 1 საათი გავერთე მეც და შეუმჩნევლად გავიარე 5 კილომეტრი. გზად ისევ 20-მდე უცხო და ერთი ამდენი ნაცნობი შემხვდა. ხელცარიელი არავინ მოდის. შუახნის კაცი შემხვდა, მთელი გზაა გაფაციცებით გიყურებ, რომ არ გაგცდეო. ჩამკოცნა, ჯიბეში 20 ლარი ჩამიდო - წყალს იყიდი გზადო. მადლობის თქმასაც არ მაცდიან. ხაშურს ვუახლოვდები და უკვე მეგობრებისა და ნათესავების შემოტევა იწყება. სასმელს და საჭმელს ვეღარ ვიტოვებ. უკან ვატან. ძალიან მტკივა მხრები. ჩანთა უკვე 40 კილოს სიმძიმით მაწვება.

ქალაქში მამა-შვილი წამომეწია, შოშიტაშვილები. შვილმა დროშა გამომართვა, მამამ ჩანთა. ჩუმათელეთამდე მსუბუქად მივდივარ, მხრებმა ამოისუნთქა, მაგრამ ფეხები უკვე გათიშვის ზღვარზეა. ცოტაც და დავისვენებ. მანამდე კი ისევ ოკუპაციაზე მინდა ფეისბუკჩართვა გავაკეთო და ლაშას ნათესავებთან სოფელ ჩუმათელეთში ვჩერდები. ეს ოჯახი 2008-ში სამაჩაბლოდან იძულებით წამოვიდა. ძალიან მძიმე ისტორიას ვისმენ მეც და კიდევ ასეულობით ადამიანი ფეისბუკით. ჩემთვის გაშლილ სუფრასთან ვერ ვჯდები, კართან სანდრო შელია და ჩემი ყოფილი სამსახურის ხაშურის ფილიალი მელოდება. სიურპრიზი მოუმზადებიათ. გვირაბთან მწვადები აშიშხინდა. ცოტა არაყიც დავლიეთ. ყველაზე ცივი ღამეა წინ. იმ ღამით მე და სანდრომ ბევრი ვილაპარაკეთ აფხაზეთზე. მას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი, უფრო მეტად სტკივა. ისე ჩამეძინა, ვერ გავიგე.

ადრიანად დავიძარით უკვე ორნი. წინა დღიდან ასამდე ადამიანის რჩევა მივიღე, რიკოთი აირწინაღით გამევლო. საოცარი შეგრძნებაა, ამდენი ადამიანი რომ გქომაგობს. ახლა ვხვდები, რას განიცდიან სპორტსმენები.

კილომეტრი და 700 მეტრი 20 წუთში გავირბინეთ მე და სანდრომ. რომ მეგონა დასავლეთ საქართველო დაღმართებით გამახარებდა, შევცდი. უფრო დამღლელი ყოფილა დაღმართი. თუმცა მარტო არ ვარ და ხალისიც მეტია. სოფელ ხევთან გიორგი კაპანაძე წამომეწია.

ჩემი ჩანთა აიკიდა და იქ მივხვდი, რომ ის დღეც მოგებული მქონდა.

მივდივართ უკვე სამნი. იუვენტუსის თამაშია დღეს. ლიგას იწყებს ჩემი გუნდი. თან კრიშტიანოს დებიუტია. არა უშავს, „ფლეშსკორით“ ვნახავ. დიდი ამბავი.

სოფელ ბორითთან მთლიანად დავიცალე და ბიჭებს კარვის გაშლა ვთხოვე. მდინარის პირას ლამაზ ადგილას მივედით და ვინ გაცლის ძილს. ფანკლუბის ბიჭები მომადგნენ, 15 კაცი, თეთრ-შავ ფორმებში. ჩამოიტანეს ლეპტოპი, საკვები, ცეცხლიც დაანთეს. ის თამაში ყველამ ერთად მოვიგეთ. არასდროს დამავიწყდება.

ოთხშაბათი,10 ოქტომბერი

ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება. ვინმემ უნდა უთხრას მერს, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა. გორისკენ მივდივარ. გზად ჩემი მეგობრები, ლუკა და ანა მიერთდებიან. პაკეტში ხორბალი გვაქვს, გორის მერიასთან საქონლის ხმელ ფეკალიებს ვაგროვებთ და წინასწარ შეთანხმებულ აქციას მედიის თანდასწრებით ვიწყებთ გორის მუნიციპალიტეტთან.

დასაწყისშივე ვამბობ, რომ ეს აქცია მხოლოდ მერის მისამართითაა. მოვუწოდებთ მას, ბოდიში მოიხადოს გაკეთებული განცხადების გამო. კიბეებთან ვაწყობ ნეხვს და ვყრი საკენკს. ახსნა კი მარტივი მაქვს: მსგავსი საკენკის დაყრით, აღმოვჩნდებით ნეხვში. ზუსტად ნახევარ საათში ჩემივე ხელით ვიღებ ნაკელს, ვყრი ურნაში და მერიის დამლაგებლისგან ნათხოვარი ცოცხით ვიწყებ ხორბლის მოგვას. ბოლო მარცვლებია დარჩენილი, როცა უკნიდან ვგრძნობ ბიძგს და მთელი მოგროვილი ნაგავი მეყრება თავზე. ვიღაც კაცი ყვირის და შერბის შენობაში. გზას დაცვა მიღობავს. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ნერვებმა უმტყუნა და დაუსჯელად ვერ გაგვიშვა ქალაქიდან.
ადგილობრივი პოლიცია მომენტალურად იწყებს რეაგირებას და რამდენიმე საათი დაკითხვაზე ვარ.

ცოტა ხნით ადრე, როცა სოფელ ბორითიდან ზესტაფონისკენ მივდიოდი ფეხით, ვერ ვიფიქრებდი, თუ ადამიანის ასეთ დონეზე გაბრაზება შეეძლო სრულიად უწყინარ, მშვიდობიან და ძალიან მოკლევადიან პერფორმანსს. ჰო, ძნელია ამაზე იფიქრო, როცა გზად, სოფელ საქასრიასთან, მოხუცს სახლიდან თავისი ხელით გამომცხვარი პური და ვაშლი გამოაქვს. ცრემლებისა და ემოციების გარეშე ამბობს, რომ შვილი დაკარგა აფხაზეთის ომში და გრძნობ, შენთან ერთად მიდის ენგურისკენ მისი ფიქრები.

წინა დღეებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქად მივდივარ. 21 წლის სპორტული აღნაგობის ბიჭს მოაქვს ჩემი ჩანთა. მე მსუბუქი ზურგჩანთა და დროშა მაქვს მხოლოდ. გზად კი ისევ ვჩერდებით ყოველ 20 წუთში. უამრავი ადამიანი გაჩერდა იმ დღეს - ცნობილებიც, ნაკლებად ცნობილებიც, საერთოდ უცხოებიც და მეგობრებიც. მიზანი ზესტაფონამდე ჩასვლაა და, თან, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ მზემ სახე ძალიან დამიწვა, აფთიაქი კი ქალაქამდე არ არის.

ძალიან მძიმე ღამის შემდეგ, უკვე მარტო ვაგრძელებ გზას და, გეგმით, ქუთაისში უნდა ჩავიდე. თან პარასკევია და ვიცი, თბილისიდან მეგობრები აპირებენ ჩამოსვლას. ზოგი მეორე დღესვე გაბრუნდება უკან, ზოგიც უქმეებს ჩემთან ერთად ივლის. ოთარი ისევ ხელმძღვანელობს მხარდამჭერთა გუნდს.

ზესტაფონიდან ქუთაისამდე ისევ ავტობანით მივდივარ და გზად „ნანუკას შოუს“ ჯგუფი მეწევა. ერთი საათი ისევ მხიარულად გადის გადაღებებში. მერე კი რიგით მეორე კრიზისი მეწყება. თვალები ისე მეწვის, მგონია, ვბრმავდები. ფეხებიც აშკარად აღარ მემორჩილება. ხიდთან ჩრდილში ვჯდები და არც ვიცი, ადგომას თუ შევძლებ. ჩერდება მანქანა და ცივ წყალს მაწვდის. 10 წამში ვხედავ ბავშვობის მეგობარს, რომელიც ხვდება, რომ ცუდად ვარ. იმასაც ხვდება, რომ ჩემი ამბავი ძალიან აგორებულია და ახლა არაფრით არ შეიძლება ჩემი გაჩერება. ჟორჟოლიანია და იცის, როგორ უნდა შემომილაწუნოს. ვდგები და სიმონეთთან ნინო ქათამაძის ხმა მაჩერებს. 10 წუთი ისეთი ბედნიერი ვარ, არანაირი დაღლილობა აღარ მახსოვს. უკვე ვიცი, რომ ქუთაისამდე ჩასვლას შევძლებ. გასავლელი კიდევ 14 კილომეტრია. ჩემი მარიამო და კობა მხვდებიან, უკვე უმანქანოდ. ერთად ვაგრძელებთ. შესასვლელთან კი 10 ქუთათური მხვდება, ერთმანეთზე მაგარი ბიჭები. გულში მიკრავენ, მადლობას მეუბნებიან და ერთად ვაგრძელებთ გზას ქუთაისამდე. საღამოს 10 საათია და ქალაქის გარეუბანში ვჩერდებით, ცივ მდინარეში ვყოფ ფეხებს და გზას გავყურებ. მეგობრების ჩამოსვლას ველოდები. 20-მდე მეგობარი ვიყავით ერთად იმ საღამოს. სასმელიც ბევრი გვქონდა და საჭმელიც. ცუდი ის იყო, რომ აღარც ჭამა შემეძლო და, მით უმეტეს, დალევაზეც უარი ვთქვი.

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი

ვერ ვინელებ გორში მომხდარ ამბავს, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ველოდები სამართალდამცავების განცხადებას და ამ დროს გორის მერია აცხადებს, რომ იურიდიული სამსახურის უფროსი გამოძიების დასრულებამდე ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას. ძალიან ვბრაზდები. მირეკავს თითქმის ყველა მედია და ჩემს კომენტარს იწერს. საღამოს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვარ მთავარ სტუმრად. მიხარია, რომ მედია მაინც დგას მოწოდების სიმაღლეზე.
მსვლელობის დროს ცოტათი მწყინდა, რომ თითებზე ჩამოსათვლელი მედიასაშუალება მეხმიანებოდა. ძალიან ყოჩაღობდნენ რეგიონალური მედიის წარმომადგენლები. ქუთაისში საოცრებები დაატრიალეს. ფოტოგრაფ აპაჩიდან დაწყებული, კოლორიტ პიკასოთი დამთავრებული, ყველა ჩემს გვერდით იყო. ქალაქის გასასვლელთან კი უკვე აივნებიდან მეძახდა ხალხი. შეძახილი, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება, - „არ გაჩერდე, გიგა!“ - ახლაც ყურებში ჩამესმის. ფეისბუკითაც ყველა ასე წერდა, ჰაშთაგით, #არგაჩერდეგიგა.
კოპიტნარისკენ მიმავალ გზაზე დაღლილობა რომ პიკს აღწევს, ისევ ბიძაშვილები მოდიან, მანქანას აჩერებენ და ჩემი ბარგი ზურგით მიაქვთ. მეტიც, უკვე ცალ მხარეს ერთ-ერთს ვეყრდნობი. სიარული მიჭირს. იმ ღამით ყველა ერთად დავრჩით ხელოვნურად გაკეთებულ ტბასთან, სადაც ჩემმა დეიდაშვილმა გადაწყვიტა, რომ უკეთეს დროსა და ადგილს ვერ შეარჩევდა და შეყვარებულს ცოლობა სთხოვა. ის ღამე ძალიან მხიარული იყო. გოგომ თანხმობა თქვა.

მეორე დღის მიზანი სამტრედიამდე ჩასვლა იყო და, კაცმა რომ თქვას, არც გამჭირვებია. ისევ საბაშვილმა ივაჟკაცა და მკაცრად გამაფრთხილა, ამინდი მეკონტროლებინა - ძალიან ძლიერი წვიმა იყო მოსალოდნელი. ზუსტად სამტრედიასთან, როცა მარტო დავრჩი და ყველანი თბილისისკენ დაიძრნენ, ისეთი წვიმა წამოვიდა, მეგონა კარვიანად წამიღებდა. გვარიანად დავსველდი, მაგრამ დილიდან უკვე სამეგრელოში გადავდიოდი და ეს ძალიან დიდ მუხტს მაძლევდა.


პარასკევი, 12 ოქტომბერი

გორის მერის თემა გადაიფარა და ყველა უკვე რიგითი ჩინოვნიკის საქციელზე ლაპარაკობს. მე კიდევ უფრო გაბრაზებული ვარ. ჩემთან ერთად, ვგრძნობ, როგორ ბრაზდება გარშემო ყველა. ეს არ უნდა შერჩეს. გაკეთდა პეტიცია მერის გადაყენების მოთხოვნით. მწერენ სრულიად უცხო ადამიანები, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ჩემთან ერთად. სამეგრელოში გაცნობილი ახალგაზრდები იწერებიან, როცა იტყვი, მაშინ ჩამოვალთ, არაფერზე იდარდოო. აი, სამეგრელოში შესვლა კი ძალიან განსხვავებული იყო. ალბათ, მეც გადავიღალე და ყველაფერს ზედმეტად ემოციურად განვიცდიდი. გზად გიორგი მღებრიშვილი წამომეწია, ოქროს კაცი. პირველი მსვლელობისას კახეთიდან ჩამოვიდა და მაშინ გავიცანი. მხრებმა ისევ ამოისუნთქეს. უკეთ ვარ. სენაკს რომ გავცდი, ერთ ლამაზ სოფელში, თეკლათში, ისეთი ამბავი დამხვდა, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი. სოფლის სკოლა გზის პირას იყო გამოფენილი და ერთხმად „არ გაჩერდე, გიგა!“ ყვიროდა. აი, იქ პირველად გამეთიშა კუნთები და ბავშვებთან ჩავიმუხლე. მართლა ვერ ვხდები, ვინ გააკეთა ამ ყველაფრის ორგანიზება. ამდენი ანთებული ბავშვი ცხოვრებაში არ მინახავს. ძალიან მიჭირს იქიდან წამოსვლა. თან რაც უფრო ახლოვდება მიზანი, მით უფრო ვგრძნობ ნერვების შემოტევას. თავის კონტროლს ჯერ ვახერხებ. ბოლოს წინა ღამე სოფელ თორსის მიმდებარედ, გზის პირას გავათენე. ძალიან გამიჭირდა დაძინება, კარავიც კი ვერ გავშალე ბოლომდე. მოკლედ, ერთი დღეც უნდა გავძლო. დილით კი აქამდე უცნობი, მაგრამ ძალიან ყოჩაღი კაცი მხვდება კარავთან. ზუგდიდელი აქტივისტი, როსტო, -კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი მეგობარი იქნება. როსტო კარვის აკეცვაში მეხმარება. ცხელ ყავას მაწვდის, რაც ყველაზე მეტად მაკლდა დილაობით. ზუსტად მითვლის ზუგდიდამდე დარჩენილ კილომეტრებს და მეუბნება, რომ ზუგდიდი მელოდება. ვერც ვხვდები, როგორ გადმოვცე ემოცია, რომელიც ამ სიტყვების მერე მომაწვა. ქალაქი მელოდება. მე, ერთ ტიპს. გზად კიდევ ორ სოფელს გავდივარ და ორივე სოფელში მთელი სკოლა გარეთ მხვდება.
მიზანი უკვე იმდენად ახლოსაა, თავს უფლებას ვაძლევ დაღამებამდე გავშალო კარავი. 9 კილომეტრია ენგურის ხიდამდე.

შაბათი, 13 ოქტომბერი

რადიო თავისუფლება მახსენებს, რომ დღიურებს დავპირდი. კიდევ კარგი, ვწერდი. მივალ და მოვყვები ამ საზიზღარ სისტემაზე, რომელმაც ჩინოვნიკის მხარე დაიჭირა და უდანაშაულო აქტივისტს დასცინის. მერე მახსენდება, რომ მსვლელობაც ძალიან კარგი ამბავი იყო და ვცდილობ ეს ორი ამბავი ისე გავაერთიანო, რომ არც ნეგატივი დავთესო და ვარდისფერი სათვალეც შორს მქონდეს მოსროლილი. არადა, მართლა რა ლამაზად ჩანდა ყველაფერი. ოჯახისთვის ძალიან მძიმე დღეებში ჩემს გვერდით იდგნენ. არ მინდა ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მსვლელობისას მამის ძმა დამეღუპა და, ოჯახის საერთო გადაწყვეტილებით, ეს ამბავი მე არ გამაგებინეს. სახელმწიფოებრივად ასე ჯობდაო, მამამ. 100-მდე ადამიანთან ერთად ვიყავი ხიდთან. თბილისიდან მამა და და ჩამოვიდნენ. სოფლებიდან, ქალაქებიდან - დიდები, პატარები, ნაცნობები, უცნობები. გზად ყველა დროშა დაშვებული იყო - 27 სექტემბერი გლოვის დღეა. 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ადგილზეც მხოლოდ ჰიმნი იმღერა ჩემმა მეგობარმა სოფო ბათილაშვილმა. დროშები ავაფრიალეთ და, ჩვენივე პოლიციის თხოვნით, ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, მალევე გამოვბრუნდით. ათობით ათასი ახალი გამომწერი შევიძინე ამ მსვლელობით, უამრავი დალოცვა და შექება. და ზუსტად ამ ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრს ვიბრძოლებ, რომ ის ჩინოვნიკიც არ დარჩეს დაუსჯელი და არც არავის შერჩეს კანონდარღვევა. ამ ქვეყანაში ოდესმე კანონი უნდა გახდეს უზენაესი. ბოლოს კი გეტყვით, რომ ამდენი სიარულის შემდეგ, უკანონოდ გავლებულ საზღვარზე გაჩერება უფრო ძნელი ყოფილა. უფრო ძნელი, ვიდრე 364 კილომეტრის გავლა.

გიგა მაქარაშვილის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:24:53 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG