Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რაღაც სტრუქტურა უნდა მივცეთ ჩვენს ყოველდღიურობას. ახლა ვართ სამყაროში, სადაც ქაოსია, შფოთვაა და ადამიანს სჭირდება კონტროლის განცდა"


ნინო მახაშვილი და თათული გიგიტაშვილი
ნინო მახაშვილი და თათული გიგიტაშვილი

COVID-19-ის პანდემია უმეტესწილად იხილება, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკის ტვირთი. ჯერჯერობით ნაკლებად მსჯელობენ ეფექტზე, რომელსაც შექმნილი ვითარება ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე. ნინო მახაშვილი, ფსიქიატრი, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ხელმძღვანელი და „კლუბ სინერგიის“ დამფუძნებელი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს ეფექტი უკვე სახეზეა და ის ტვირთად დარჩება არა მხოლოდ ახლო მომავალში, არამედ წლების განმავლობაში.

ვითარებაში, როცა, ერთი მხრივ, ადამიანების ცხოვრება შეცვალა სხვადასხვა სახელმწიფოში დაწესებულმა შეზღუდვებმა, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულად არ არსებობს განსაზღვრული პასუხი არც ერთ საკვანძო საკითხზე, რომელიც ადამიანს COVID-19-თან გამკლავების შესაძლებლობას მისცემდა, ადამიანები კარგავენ კონტროლის განცდას. ნინო მახაშვილი ობიექტურად არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებითაც, ყველაზე მნიშვნელოვნად ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას თვლის:

„ინფორმაცია არის ძალა, ეს არის ჩვენთვის გამკლავების ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ზუსტად, რა ხდება, რადგან მაშინ ჩვენ ვიცით გარემო.

პრობლემის სათავე არის კონტროლის განცდის დაკარგვაში. კონტროლის განცდა არის ილუზორული, მაგრამ იმის გადაწყვეტით - რას ჩავიცვამ, რომელი პასტით გამოვიხეხავ კბილს და რა საჭმელს გავაკეთებ - ჩნდება მთლიანად ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლის განცდა. თუ ეს განცდა ასე მძიმედ გვეკარგება, როგორც ამ უცნაური, ძალიან სიურრეალისტური პანდემიის დროს გვემართება, მაშინ ჩვენ ვკარგავთ ბაზისური უსაფრთხოების განცდას, რაც არის ძალიან მაღალი სტრესი. სწორედ ამ სტრესის შემდეგ მოდის უამრავი პრობლემა: საყოფაცხოვრებო, ფსიქოლოგიური და სხვა.

ასე რომ, კონტროლის განცდის აღდგენა, თუნდაც მცირე დეტალებში, პროცესებში, მნიშვნელოვანია და ადამიანი მიელტვის ამას და, მაგალითად, შეთქმულების თეორიებზე აყოლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის - როცა ჩვენ „ვიცით“, რომ, ვთქვათ, ეს ყველაფერი ერთი მუჭა მილიარდერების ინტერესებს ემსახურება... ეს ყველაფერი კონტროლის განცდის დაბრუნების მცდელობაა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იყოს, არიან ძალოვანი ჯგუფები მსოფლიოში, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ვერაფერს მიაღწევს ამ თეორიით, იძენს განცდას, რომ წარმოდგენა აქვს, რა პროცესები მიდის მსოფლიოში და არ უნდა, ჰქონდეს უსუსურ პაიკად ყოფნის განცდა“.

სწორედ ასეთ ფონზე თვლის ნინო მახაშვილი ფაქტობრივი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას უმნიშვნელოვანესად. ამასთან, შექმნილი ვითარების გაანალიზების პროცესში ის ხაზს უსვამს ამ მდგომარეობის ხანგრძლივობის ფაქტორს:

„გახანგრძლივებული მრავალფეროვანი სტრესული სისტემა: ავად არ გავხდე, ახლობელი არ მომიკვდეს, სამსახური არ დავკარგო... ოჯახში სირთულეებია, რადგან, მოგეხსენებათ, სივიწროვე და ჩაკეტილობა აგრესიის გამზრდელია“.

ნინო მახაშვილი ამბობს, რომ ასეთ „სისტემურ კრიზისულ ქაოსში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. მისთვის სრულიად ცხადია მოსახლეობის დიდი ნაწილის უკიდურესი გაჭირვება, როგორც რეალობა:

„პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება ხალხს შეუმსუბუქებდა გაჭირვებას, რადგან დიდი ნაწილი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია. მაგალითად, ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი ვეღარც ბინის ქირას იხდის, რადგან სამუშაო დაკარგა, აღარ იცის სად წავიდეს, სწავლის ხალისიც აღარ აქვს და ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ხალხისა, ვისთანაც შეხებაში ვარ. სხვებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ. ეს სისტემური პრობლემაა“.

რაც შეეხება საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას:

„როცა ღრმა სტრესორია, ეს არის ერთი ხაზი. მეორე ხაზია, როცა ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ უმკლავდება. მესამე ხაზი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება აქეთ წავა: პოსტტრავმულ ზრდას ვეძახით: რაღაცნაირად იზრდება ხოლმე ადამიანი, ოჯახი თუ საზოგადოება გარკვეული ტრავმების ღირსეულად გადატანისას. საქმე ის არის, რა დგას შუაში ამ ღრმა სტრესორსა და ზრდას შორის. პირველ რიგში რასაც ვამბობთ ხოლმე, არის, რომ ადამიანებს აქვთ ძალა, უნარი, რესურსი, შესაძლებლობა, რომ დაუდგნენ განსაცდელს. ჩვენ ვართ ხაზის ბოლო, ჩვენი წინაპრების ხაზის ბოლო, რომლებიც უამრავ რამეს გადაურჩნენ.

ჩვენ შიგნით გვაქვს სიბრძნის წყაროც და გამკლავების გზებიც, რომელთაგან ორია ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის - რა საზრისს ვაძლევთ იმას, რასაც ვაკეთებთ. თუ ჩავთვლით, რომ რაც ხდება, არის არა მეხი, არამედ ბიოგრაფიის ნაწილი და მე თუ ამას გავუმკლავდები, კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ცხოვრება. აი, საკითხის მარტო ასე დაყენებამაც კი შეიძლება შეცვალოს სიკვდილიანობის ინდექსიც კი (თუ ვერ ვპოულობთ საზრისს, მნიშვნელობას, მაშინ უნდა დავურეკოთ ალბათ სპეციალისტს და გავაკეთებთ, რასაც „ჩარჩოს შეცვლას“ ვეძახით).

მეორე არის სოციალური მხარდაჭერა. ეს არის ისეთი ძლიერი რამე, რაც საქართველოს გამოცდილი აქვს. ჩვენ მხარში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს. მაგალითად, ჩვენ აქ, გზაჯვარედინზე გვაქვს მაცივარი და ვცდილობთ ყოველდღე რაღაც პროდუქტი დავტოვოთ ღარიბებისთვის, ან ვისაც ამ დღეებში უჭირს. ეს ერთი პატარა მაგალითია, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის გავაკეთოთ. ბევრი შეიძლება არც კი გვჭირდებოდეს. შეიძლება ჩუმად მიხვიდე და მეზობელს, რომელიც ავანსად რაღაცებს ყიდულობს, იმის ვალი დაფარო, ან უამრავი სხვადასხვა კეთილი საქმე კეთდება თუნდაც სოციალური ქსელების საშუალებით.

სოციალური მხარდაჭერა, ერთად ყოფნა, ერთმანეთის დანახვა-გათვალისწინება და მნიშვნელობის პოვნა არის ის მედიატორი ფაქტორები, რომლებიც გადაგვარჩენს“.

ნინო მახაშვილი გვირჩევს, არ დავიტოვოთ გულში და ამოვთქვათ ის, რაც გვაწუხებს და ჩვენს ტრავმატიზებას იწვევს:

„უამრავი სხვადასხვა რამეა, რასაც თითოეული ჩვენგანი ინტუიტიურად მივმართავთ, მაგალითად, ერთ-ერთი არის გამოხატვა, ვერბალიზაცია, არტიკულაცია - გინდა ვთქვათ, გინდა დავწეროთ, გინდა დავხატოთ, გინდა ვიმღეროთ - ამოვთქვათ! ნუ დავიტოვებთ გულში და შიგნით! რადგან ფაქტიურად ყველანი ერთ სივრცეში ვართ, მთელი მსოფლიო. ერთი და იგივე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ და ურთიერთგაზიარება არის იმ ქსოვილის აშენება, რომელიც როგორც ბადე გადაგვარჩენს“.

კოლეგას ეთანხმება თათული გიგიტაშვილი, „კლუბ სინერგიის“ ფსიქოტრავმატოლოგი და დაგროვებულ და ამოუთქმელ ემოციას ზვავისთვის მზადებას ადარებს:

„ემოციების შეკავება არ ნიშნავს მართვას, რადგან ის გროვდება და შეიძლება ზვავივით წალეკოს რაღაცები“.

თათული გიგიტაშვილი განმარტავს, რომ შფოთვას მხოლოდ უარყოფითად არ უნდა შევხედოთ. შექმნილ ვითარებაში შფოთვა ნორმალური რეაქციაა:

„შფოთვაა მთელ სამყაროში, არა მარტო ჩვენთან. კარგა ხანია გრძელდება ეს ვითარება და ადამიანებს უკვე უჭირთ მასთან გამკლავება. ჩვენს ცხელ ხაზზე იმატებს და იმატებს ზარები. ვცდილობთ, ავუხსნათ რა ხდება მათ თავს, რომ ეს შფოთვა ამ ეტაპზე ნორმალურია და ჩემი პირველი რეკომენდაცია ამ ეტაპზე იქნება: ნუ შევხედავთ შფოთვას მხოლოდ უარყოფითი კონტექსტით. შევეცადოთ დავინახოთ მისი დადებითიც მხარეც, რომ ის გვიცავს. შფოთვა რომ არ გვქონდეს, ვერ მოვახერხებდით ამ ეპიდემიის პირობებში აუცილებელი ნორმებისა და თავის დაცვას“.

„კლუბი სინერგია“ წელიწადზე მეტია ევროკავშირის პროექტზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ მუშაობს და ემსახურება 14-25 წლის ახალგაზრდებს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ეს ჯგუფიც, პროფესიონალთა სხვა არაერთი ჯგუფის მსგავსად, კრიზისულ რეჟიმზე გადაერთო და საჭიროების მქონე კონტინგენტის ზედა ასაკობრივი ზღვარი გააუქმა:

„კარგა ხანია დაკეტილ სივრცეში ვართ, გვიწევს წესების დაცვა - იმის, რაც არ მოგვწონს. აღარ გვინდა, დავიღალეთ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ემოციების მართვის სირთულეები, მოგვმართავენ და ვცდილობთ შევთავაზოთ ტექნიკები, სხვადასხვა მიდგომები. ისინი ახდენენ ჩვენთან, რასაც ვუწოდებთ, „ემოციურ ვენტილაციას“ (გამოხატავენ ემოციებს) და შემდეგ ერთად ვცდილობთ მართვის ტექნიკების შეთავაზებას“.

თათული გიგიტაშვილის ერთ-ერთი უნივერსალური რჩევაა ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება:

„მესმის, რომ ყველას არ შეუძლია პირვანდელი რუტინის შენარჩუნება, თუმცა, რაღაც სტრუქტურა უნდა მივცეთ ჩვენს დღეს. ახლა ვართ სამყაროში, სადაც ქაოსია, შფოთვაა და ადამიანს სჭირდება კონტროლის განცდა. ეს პატარა კონტროლის განცდა, რომ მე შემიძლია ჩემი დღე ვმართო, მოგვცემს ეფექტს“.

ფსიქოტრავმატოლოგი საჭიროდ თვლის იმ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, ვისაც დღეს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე უწევს მუშაობა.

„იმ ადამიანებს, ვინც წინა ხაზზეა, ნამდვილად სჭირდებათ, რომ მათ დაეხმარონ, მოისმინონ მათი აზრი, ჰკითხონ, რა აწუხებთ. მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურზე“.

როგორ მივხვდეთ, როდის გვჭირდება დახმარება? თათული გიგიტაშვილი გვიხსნის, რომ ამის ნიშანია მდგომარეობა, როცა შფოთვა თუ დეპრესიული სიმპტომი, უიმედობის განცდა ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ მოქმედებაში, სამუშაოს შესრულებაში, როცა ეს შემაწუხებელი ხდება და ფიზიკურ შეგრძნებებსაც კი იწვევს. ამასთან, „დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ მათთვის მიმართვა პრევენციისთვისაც შეიძლება და არ არის აუცილებელი ადამიანი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყოს.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG