Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია შეიხის სუს-ში დაბარებაზე: გვყავს ხელისუფლება, რომელიც დისკრიმინაციულად ექცევა ყველას


რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია რადიო თავისუფლებასთან შეიხ მირტაგ ასაგოვის სუს-ში დაბარების ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ მუსლიმი სასულიერო პირის მხრიდან თანასწორობის მოთხოვნა იყო ტესტი ხელისუფლებისთვის, რომელსაც მან ვერ გაუძლო.

შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დაბარებული გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. მათ უფლებადამცველ ორგანიზაცია EMC-ში მიიჩნევენ, რომ სუს-ში დაბარება უკავშირდება შეიხის გაცხადებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც მან 15 აპრილს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გააკეთა და სადაც ამბობდა, რომ საქართველო არა თეოკრატიული, არამედ სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა ჩვენ-სხვები" სწორი არ არის.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ შეიხის დაბარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმის დასტურია, როგორ ინგრევა და იშლება სახელმწიფო ინსტიტუტები.

"აბსურდულ ვითარებაში ვართ, ვამბობთ, რომ ხელისუფლება არ გვყავს, და მეორეს მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დისკრიმინაციულად ეპყრობა ყველას.

ხელისუფლება არ გვყავს ძლიერებთან მიმართებაში, ის სრულიად უსუსურია ისეთ ინსტიტუციებთან მიმართებაში, როგორიც საპატრიარქოა და დისკრიმინაციულად ექცევა ყველა სხვას: პატიოსან მოქალაქეს, პატიოსან მრევლს, რომელიც სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელია. ხელისუფლება უკვე არა ყოველდღიურად, არამედ ყოველ საათში ჩაგრავს ხალხს და მუსლიმი სასულიერო პირების სუსში დაბარება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოითხოვეს თანასწორობა, ამის ნათელი დადასტურება" - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ.

შეიხი მირტაგ ასადოვი გამოკითხვაზე ჯერ არ ყოფილა. ის ელოდება ადვოკატს და თარჯიმანს, რომლების თბილისიდან მარნეულში შესასვლელად საშვებს საჭიროებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG