Accessibility links

თამარ მოსიაშვილი: ფორმაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ მიზანი უნდა იყოს სექტემბრიდან სკოლებში სწავლის განახლება


თამარ მოსიაშვილი, განათლების სპეციალისტი

მინდა აბიტურიენტებს განსაკუთრებულად ვუსურვო წარმატება, რადგან მათთვის განსხვავებული წელი იყო, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის განათლების სპეციალისტმა თამარ მოსიაშვილმა.

„შეიძლება დავუშვათ, რომ პანდემია რომ არ ყოფილიყო, ისინი უკეთეს განათლებას მიიღებდნენ. მაგრამ ერთიც აუცილებელია ითქვას, რომ ყველა აბიტურიენტი ერთ პირობებში და ჯობია რომ არ იდარდონ, არ ინერვიულონ და მთელი შესაძლებლობები მოახმარონ იმ ბარიერების გადალახვას, რასაც ჰქვია გამოცდების ჩაბარება. რასაკვირველია ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა განსხვავებულად დაასრულეს სკოლა“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აბიტურიენტების შედეგები წელს უფრო დაბალი იყოს, ვიდრე სწავლების ტრადიციული ფორმის დროს, რადგან ონლაინ სწავლებით ისინი პედაგოგებთან ერთად უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდნენ.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თამარ მოსიაშვილმა ზოგადადაც შეაფასა დისტანციური სწავლების შედეგები საქართველოში და კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სკოლებმა დროული ადაპტაცია და ონლაინ სწავლების ფორმაზე გადასვლა შეძლეს:

„მე თვითონ ვიცნობ ბევრ მასწავლებელს და სკოლის დირექტორს და მე ვიცი რომ ეს პროცესი მათი გათენებული ღამეების ფასია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ სწავლის პროცესი გაგრძელებულიყო. ამ პროცესს ჩვენ დისტანციურ სწავლებად ჩავთვლით, მაგრამ ეს პროცესი ძალიან შორსაა დისტანციური სწავლების თეორიული საფუძვლებისგან. რადგან დღეს პრაქტიკულად მასწავლებლებმა ტრადიციული სწავლების პროცესი გადაიტანეს ონლაინ სივრცეში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ჩვენი მასწავლებლები შეძლებენ პროფესიულ განვითარებას“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა. მისი შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დისტანციური სწავლების პროცესმა საქართველოში გამოავლინა, არის სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეები, რომლებსაც კომპიუტერები და ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. მისი თქმით, ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, რამდენია ასეთი ბავშვების რაოდენობა, რაც მისი აზრით, ასევე პრობლემაა:

„ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომელსაც გამოსცემს სახელმწიფო უწყება, თითქოს 28 000 ბავშვი დარჩა სწავლების პროცესის მიღმა. „ჩართე ჯი“ კი თვლის რომ 80 000-მდე ბავშვი დარჩა სწავლის მიღმა. ჩვენ შევისწავლეთ სამი სკოლის სიტუაცია, ერთი სკოლა ეს იყო დედაქალაქში, ქალაქში მდებარე სკოლა, მეორე ქალაქში მდებარე კერძო სკოლა და ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია სოფლის სკოლიდან სხვადასხვა საკითხებზე და აღმოჩნდა რომ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მოსწავლეთა დასწრება ონლაინ გაკვეთილებზე არ აღემატებოდა 68- 69%“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა. მისი შეფასებით, ტელესკოლამ ვერ შეძლო მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პრობლემის მოგვარება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ.

თამარ მოსიაშვილის აზრით, სკოლისაგან მოსწავლეების დისტანცირება მთლიანობაში შესაძლოა უფრო მავნე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე ვირუსით ინფიცირება. იგი იზიარებს გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ სკოლები უნდა მოექცნენ იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ორგანიზაცია, სკოლა ეს არის ადგილი, სადაც მიმდინარეობს მოსწავლეების აღზრდა, სადაც ბავშვები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სწავლობენ მეგობრობას, სწავლობენ კონფლიქტების გადაჭრას“, - აღნიშნავს თამარ მოსიაშვილი, რომლის თანახმად, როცა ბავშვები სკოლისგან დისტანცირებულები არიან, ნაკლებია ინფორმაციაც მათზე იმის შესახებ, დაცულია თუ არა მათი კეთილდღეობა, რა ვითარებაში იმყოფებიან ისინი, ხომ არ არიან ძალადობის მსხვერპლები, ბავშვთა შრომაში ჩაბმულები და ა.შ. იგი ფიქრობს, რომ ბავშვების სკოლის გარეთ დატოვებით კიდევ უფრო გაიზრდება უთანასწორობა მათ შორის და ამიტომ მიზანი სექტემბერში სწავლის განახლება უნდა იყოს:

„თუ კიდევ გაგრძელდა, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩვენს ბავშვებზეც და ჩვენს მომავალზეც. გაიზრდება ის ღიობი შესაძლებლობებს შორის, რაც არსებობს იმ ბავშვებს შორის, ვინც ამ პირობებშიც იღებენ კარგ განათლებას და იმ ბავშვებს შორის, ვინც ვერ იღებს განათლებას, არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩართულები არიან ბავშვთა შრომაში და ასე შემდეგ. შესაბამისად მე მგონია, რომ მთავარი სტრატეგია, სტრატეგიული ხაზი ვექტორი უნდა იყოს სექტემბერში სწავლის განახლება. ფორმაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ მიზანი უნდა იყოს სწავლის განახლება“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა „დილის საუბრებში“.

მან გადაცემაში ისაუბრა ასევე იმ პრობლემაზე, რომ სკოლების ნაწილს უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა გაუჭირდება თუნდაც იმ ელემენტარული პრობლემის გამო, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების პრობლემაა და ეს პრობლემა მოსაგვარებელია სკოლებშიც. მისი აზრით, განათლების სამინისტროს შესაბამისად, მუშაობა მოუწევს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგებაზე. თამარ მოსიაშვილმა ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა ასევე სკოლების ავტონომიურობის საკითხსა და მნიშვნელობაზე:

„ჩვენ ვიმყოფებით ორმაგი რეალობის პირობებში. ორმაგ რეალობაში ვგულისხმობ,რომ კანონი ზოგადი განათლების შესახებ ამბობს, რომ სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანუ დამოუკიდებელი ორგანიზაცია და შესაბამისად მას ძალიან ბევრი უფლებები აქვს, მაგრამ არსებობს ბრძანებები და რეგულაციები, რომელთაც კანონის ძალა არა აქვს იურიდიულად, მაგრამ ცხოვრებაში გაცილებით ძლიერია კანონზე და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე სკოლებს ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ამიტომ ყველა ინსტრუქციას ისინი ელიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან. და როდესაც დღეს ვფიქრობთ, რა უნდა მოხდეს სექტემბერში სკოლებში, ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოვიდგენთ რომ 2100 სკოლის ნაცვლად ფიქრობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, - აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა, რომლის დაკვირვებითაც პანდემიის პირობებში ტრადიციული ვერტიკალური კავშირები გაქრა და სკოლებს მცირე დროით, მაგრამ თავად მოუხდათ გადაწყვეტილებების მიღება, რასაც თავი კარგად გაართვეს:

„თვითონ რომ მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით მათ უმოკლეს ვადაში გააგრძელეს სასწავლო პროცესი. ადამიანებმა პირდაპირ ღამეები ათენეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ახლა როდესაც სექტემბრამდე ძალიან დიდი დროც არ არის, ორთვენახევარია, ამ შემთხვევაში ცხადია იდეალური ვარიანტია, რომ სკოლამ გადაწყვიტოს, როგორ უნდა ასწავლოს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ არის სოფლის სკოლა, სადაც სწავლობს 20 მოსწავლე, იქ ხომ განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე დედაქალაქის სკოლაში, სადაც სწავლობს 2000 მოსწავლე...ცხადია, რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა. იგი შესაძლებლად მიიჩნევს სკოლებში სწავლების შერეული ფორმატის დანერგვასაც:

„შეიძლება რომ სკოლებმა დანერგონ სწავლების ისეთი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანას, მაგრამ ამისთვის მათ უნდა ააგონ შესაბამისი კურსი, რასაც ჰქვია შერეული ფორმატის ონლაინ სწავლება, ეს არის შესაძლებელი და ამაზე ძალიან ბევრი მეთოდური მასალაც არსებობს, როგორ შეიძლება ასეთი კურსების აგება. მე ვფიქრობ, რომ თუ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების მაღალი რისკი შენარჩუნდა, სკოლაში სიარულზე უარის თქმის ნაცვლად, ჩემის აზრით, უფრო კარგი იქნება რამენაირად, შერეული ფორმატის ონლაინ სწავლების დანერგვა. სკოლების ნაწილში მაინც.“- განაცხადა თამარ მოსიაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG