Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა თოდაძეს არ ეშინია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის


თამთა თოდაძე, ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თბილისის მთავარ სამმართველოში ორი საათის განმავლობაში ეცნობოდა სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომელიც გამოძიებამ მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის გარშემო შეაგროვა.

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი, თამუნა ლუკავა, ამბობენ, რომ იმ მასალებით, რომლებსაც გაეცნენ, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, საკრებულოს დეპუტატის მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტი.


თამთა თოდაძე პროკურატურამ 8 დღიანი ლოდინის შემდეგ, 8 ოქტომბერს სცნო დაზარალებულად. 8 ოქტომბერსვე წარუდგინა ბრალი პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს, რომელიც უკვე მეხუთე დღეა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობს და ბრალს არ აღიარებს.

„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება“, - თქვა მთავარი სამმართველოდან გამოსულმა თამთა თოდაძემ. მისივე სიტყვებით, ის კმაყოფილია პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოთი, თუმცა, ისიც თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი სწორედ მას შემდეგ არის ჩატარებული, რაც ინფორმაცია სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ მედიაში გავრცელდა, ანუ 4 ოქტომბრის შემდეგ.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხარისხით კმაყოფილია თამთას ადვოკატი, თამუნა ლუკავაც. იმის გამო, რომ დაზარალებულმა მხარემ გაუთქმელობის შესახებ ოქმს მოაწერა ხელი, ადვოკატს საქმის მასალების დეტალებზე საუბრის საშუალება არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა სექსუალური ძალადობის ფაქტი: „საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული პროკურატურის მიერ. საკმაოდ ბევრი მტკიცებულებებია მოპოვებული“.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

თამთა თოდაძე ამბობს, რომ 30 სექტემბერს, მისმა უფროსმა, ილია ჯიშკარიანმა, წარმომადგენლობის ოფისში, ანუ, სამსახურში, მასზე იძალადა და ფიზიკურად გაუსწორდა.

თამთა თოდაძის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ფეისბუქის საშუალების ეხმაურება ქალთა უფლებების დამცველებს, თავად თამთა თოდაძეს კი მოძალადეს უწოდებს:

„რა მტკიცებულებებიცა და ფაქტებიც მიჭირავს ხელში მასზე, წარვადგენ სასამართლოში და არა სახალხო განსახილველად. მისი [თამთას] აფექტურობა, ნასვამ მდგომარეობაში მისი ქცევა - ასობით მოწმე დაადასტურებ, რომ ძალიან ნაცნობია. უამრავი ფაქტი, უნივერსიტეტშიც მისგან შანტაჟის და ა.შ. მე მინდა ვიყოთ სამართლიანობის მომხრე და არა მიკერძოებული. რადგან სუსტი სქესის წარმომადგენელია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი ვერ განახორციელებდა ამ გეგმას. მით უმეტეს შემჩნეულია არაერთ აფექტურ განცხადებებში და ეს მის ხასიათზე მიუთითებს. ძალიან კარგია, რომ სასამართლო პროცესი იქნება და იქნება გამჭვირვალე ყველაფერი, ვიდრე გაურკვევლობაში ვიყოთ მხარეები. ვნახოთ, თუ როგორ გვიპასუხებს კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად საპასუხოა. ეს ადამიანი ამ კაცს კლავს, მან განიზრახა ეს და მიაღწია. მე კი ვპირდები, რომ ყველას გავაგებინებ, რომ თავად არის ყველაზე დიდი მოძალადე და ცრუობს!“

თამთა თოდაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია რამდენიმე დღეა გრძელდება სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით აქტიურობენ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

ილია ჯიშკარიანის აქტიურ მხარდამჭერებს შორის არიან საადვოკატო სფეროს წარმომადგენლებიც. საკრებულოს დეპუტატს უჭერს მხარს ადვოკატი პაატა შავაძეც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორის შორის, ერთ-ერთი იყო. არაერთი შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა მან თამთა თოდაძეს, რომლებიც მოგვიანებით წაშალა:


თამთა თოდაძეს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. ილია ჯიშკარიანს შეეფარდოს პატიმრობა და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება:

"როდესაც ადამიანს აქვს ძალაუფლება, ძალიან დიდია გავლენა და ასევე ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ზემოქმედებას მოახდებს მოწმეებზე".

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ან შეუჩერდება, თუკი:

  • პირადად დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
  • სასამართლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს;
  • შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა;
  • არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში;
  • დაიკავებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
  • გარდაიცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG