Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაგადამხდელი ელექტორატი და პოლიტიკური პერსპექტივები


ავტორი: ტიციანო მიქიაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჯერ ერთი თვეც არ გასულა და მთავრობამ უკვე რამოდენიმე საგრძნობი და აფიშური გადაწყვეტიულებები დააანონსა. ჯერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად ორი პროექტი შეიმუშავა: ახალგაზრდა სოციალურად დაუცველების დახმარების ნამატის და დასაქმების შემთხვევაში სახელწიფო დახმარების შენარჩუნების შესახებ. დღეს კი, მამუკა ბახტაძემ ბევრად ხმაურიანი და მასშტაბური გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. სახელმწიფო პროექტის მიხედვით 600 000 ეგრედ წოდებულ „შავ სიაშ“ მყოფი მოქალაქეების ფინანსური პასუხისმგებლობას მთავრობა გადაიხდის. ამაში მათ ფონდი „ქართუ“ დაეხმარება და საერთო ფინანსური გრანტის სახით 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ცალკე დავის საკითხია რამდენად სწორი, გამრთლებული, სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ეფექტური ნაბიჯია აღნიშნული პრექტი. ეს დავა ზოგად პოლიტიკურ ხედვებზეც შეილება დავიდეს, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც უდავოა - მთავრობას ფული არ აქვს და არც არასდროს ქონია. სახელმწიფო ბიუჯეტი მთავრობის ფული არ არის, ის ხალხის, გადასახადების გადამხდელების ფულია. მთავრობა არის ორგანიზატორი, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ხალხის ფული. ის კრეფს გადასახადებს და ანაწილებს მას გარკვეული ლოგიკის და სისტემების მიხედვით. მართალია დღეს დაანონსებულ სახელმწიფო პროექტში ფიგურირებს ფონდი „ქართუ“ (რომლის წარმომავლობაც ყველასთვის ნათელია), მაგრამ სახელმწიფოს მოუწევს აღნიშნული ფულის ქართუსთვის დაბრუნება. მოუწევს ბიუჯეტით, ანუ ისევდაისევ, დასაქმებული, გადასახადების კეთილსინდისიერად გადამხდელი ხალხის ფულით. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროექტი რომ გავაშიშვლოთ, მივიღებთ ფორმულას, სადაც საზოგადოების დასაქმებული, გადასახადების გადამხდელი, ფინანსური პასუხისმგებლობის პატიოსნად შემსრულებელი, ეკონომიკურად აქტიური და თვითშემდგარი ნაწილი უხდის ვალს მათ, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არ/ვერ შეაქვს და ეკონომიკურად სხვაზე (ჯერ სახელმწიფოზე, ეხლა უკვე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობაზე) დამოკიდებულები არიან.

ცოტახნით რომ მოვშორდეთ კონკრეტული სახელმწიფო პროექტების შეფასებებს და მიმდინარე პოლიტიკურ რეალობას გლობალურ ჭრილში შევხედოთ, მივიღებთ სწორი პერსპექტივის მქონე პოლიტიკური სივრცის წარმონაქმნს - კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს ეფექტურობას. რომ არა მეორე ტური, ზემოთ ხსენებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი რომელიმე სახელმწიფო აქტიურობა შედგებოდა?! თუ ისინი მხოლოდ მეორე ტურის პროდუქტია?! თუ აღნიშნულ პროექტებს კლასიფიკაციურად შევაფასებთ, ყველა მათგანი სოციალური შინაარსისაა. ისინი ერთის მხრივ სოციალურად დაუცველების, ხოლო მეორეს მხრივ, „შავ სიაში“ მყოფი ჭარბვალიანი მოსახლეობის სასიკეთოთ არის ორიენტირებული. თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ყველა მათგანი გამიზნულად, მეორე ტურისთვის, დაანონსდა ხალხში პოლიტიკური სიმპათიების და მხარდაჭერის გასაზრდელად. ამ პროექტებით ის სამიზნე ჯგუფები ხეირობენ, რომლებიც უფრო აქტიურად დადიან არჩევნებზე და პოლიტიკურად აქტიურობენ.

დიახ, სწორედ ეს არის პოლიტიკური კონკურენციის არსებობის და ძალაუფლების დანაწილების სიკეთე. სხვა საკითხია ამ სიკეთის რა ფორმით დეტერმინაცია მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯობია ძალაუფლება ქონდეს 2-ს, 3-ს, მეტს - ვიდრე ერთს. რადგან, რაც არ უნდა ცუდები იყვნენ დაპირისპირებული კონკურენტები, პოლიტიკურ-სოციალური-ეკონომიკურ ველზე ეს პოლიტიკური ბალანსი მხოლოდ დადებითად იმუშავებს. ჯერ კიდევ „ერთს“ უჭირავს მთლი სახელისუფლებო ძალაუფლება და იმის შიშით, რომ არ დაკარგოს ამ ძაოაუფლების ყველაზე სუსტი ნაწილი (საპრეზიდენტო პოსტი), უკვე ახდენს საკმაოდ „უხეშ“ რეაგირებას, რათა კონკურენციას ებრძოლოს (სხვა საქმეა რამდენად სწორი გზებით და ინიციატივებით). თუ პრეზიდენტი ოპოზიციური კანდიდატი გახდება, არ აქვს მნიშვნელობა პიროვნულად მოგვწონს-არ მოგვწონს, ვეთანხმებით - არ ვეთანხმებით, „ნაცია“ – „ქოცია“, სწორია - მართალია, მოღალატეა - პატრიოტია, მართალია მცირედით, მაგრამ ძალაუფლება მაინც დაბალანსდება და პოლიტიკური კონკურენციით ელექტორატი ისარგებლებს, როგორც მაგალითად ეს 600 000 ადამიანი სარგებლობს (მიუხედავად იმისა, რომ ვალს სხვა მოქალაქეებმა გადაუხდიან). ჯანსაღ სოციალურ რეალობაში, პირველი სწორედ ეს 600 000 ადამიანი უნდა მიხვდეს, თუ რატომ მიიღეს ეს „ძღვენი“ და რა უნდა ქნან იმისთვის, რომ მათზე და სხვებზე ფიქრი კვლავ გაგრძელდეს. პირველი მათ უნდა აირჩიონ კონკურენცია, ხელისუფლებაზე მუდვივი წნეხი და სიფხიზლე. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ძალიან ნათელი და მარტივი ილუსტრირება იმისა, თუ რამდენად ინიციატივიანი და პროდუქტიულობაზე ორიენტირებულია მთვრობა, როცა ყავს კონკურენტი, როცა ეშინია, როცა ცდილობს არ შეცდეს და იყოს ყურადღებით. მაგრამ როგორც ისტორიულად, ისე ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ სირთულეს ქართული ელექტორატის პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური აზროვნების შესაძლებლობები ქმნის. რეალური გამოწვევა და საფრთხე სწორედ ნათელი/კრიტიკული/სწორი საერთო აზროვნების ნაკლებობაა.

თანამედროვე და ეფექტური პოლიტიკური მოწყობა გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას, დაბალანსებას, კონკურენციას. არა მოსახლეობის მოფერებას, დაშინებას, ან აჯანყებას. შესაბამისად არსებობს გამოწვევა, მივიღოთ ხელისუფლების გაშიფრული საკენკი და საქვეყნოდ ვკენკოთ, ვიღაცეებმა იხეორნ/ვახეიროთ, თუ ისტორიაში პირველად რეალურად განვავითაროთ თანამედროვე პოლიტიკური აღქმა და დავნერგოთ ძალაუფლების კონკურენტულად დანაწილების პრაქტიკა. მაგალითად ისე, როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, ან გერმანიის კოალიციური ბუნდესთაგში.

ყოველ შემთხვევაში, წლევანდელმა საპრეზიდენტოარჩევნებმა ერთი ოპტიმისტური პერსკექტივა ნამდვილად მოგვცა - მრავალპარტიული და დაბალანსებული პარლამენტი 2020-ში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG