Tanztheater Wuppertal Pina Bausch საქართველოს თბილისის ბალეტის ფესტივალის ფარგლებში ეწვია. ფესტივალი წელს მეშვიდედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გერმანულმა Tanztheater Wuppertal Pina Bausch-მა წარმოადგინა “MASURCA FOGO” - სპექტაკლი, რომელიც თავად პინა ბაუშმა 1998 წელს, პორტუგალიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა.
პინა ბაუშის შემოქმედების მკვლევრები “MASURCA FOGO-ს” მის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და ამავე დროს ყველაზე რთულ სპექტაკლად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ სათაურის პირველი ნაწილი პოლონურ ცეკვა მაზურკას უკავშირდება, ,,FOGO” პორტუგალიურად „ცეცხლს“ნიშნავს და სწორედ ეს სიტყვა ატარებს სპექტაკლის მთავარ ემოციურ დატვირთვას. „ცეცხლოვანი მაზურკა“ მთლიანად ეძღვნება ატლანტიკის ატმოსფეროს - მის სახეებს, ბუნებას, მუსიკას, ჟესტებს და... სურნელებასაც კი. აქ სევდიანი პორტუგალიური ფადო, რიტმული ბრაზილიური მოტივები და ჯაზური კომპოზიციები საოცარ ერთიანობაში ქმნის სივრცეს, სადაც სიხარული და სევდა ბუნებრივად თანაარსებობს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც პინა ბაუში ახალ ქვეყანაში ჩადიოდა, ის არ ეძებდა ღირსშესანიშნაობებს, ის ადამიანებს ეძებდა“, - წერდა ერთ-ერთი კრიტიკოსი და „MASURCA FOGO-შიც” ასეა: ადამიანები ჩხუბობენ და ერთობიან, ზღვაში ბანაობენ და სიყვარულით ტკბებიან, სცენაზე ნამდვილ საზამთროებს ხეთქენ, ცოცხალ ცხოველებს კვებავენ, ნამდვილ სიგარეტებს ეწევიან და გაუგებარი მიზეზით გასაბერ ბუშტებს იცვამენ, სცენაზე ზღვის ლომიც კი სეირნობს... ჰოდა, კიდევ რაღაა საჭირო იმისთვის, რომ სიცოცხლე იგრძნო?
პინა ბაუშის სპექტაკლებს არ აქვთ სიუჟეტური ხაზი. ეს დადგმები პანტომიმის, ცეკვის, მუსიკისა და სიტყვის ერთიანობაა. ასეა „MASURCA FOGO-შიც”. ამბობენ, რომ მისი შექმნისას ბაუში მსახიობებს სთხოვდა დაკვირვებას ლისაბონში სრულიად ყოველდღიურ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ დეტალებზე - როგორ ცხოვრობს და როგორი სუნი აქვს ბაზარს, როგორ დააქვთ ოფიციანტებს ლანგრები რესტორნებში, როგორ არის აივნებზე გაფენილი სარეცხი, როგორ ელოდებიან ადამიანები ავტობუსს, როგორ ისწორებენ ქალები თმას და როგორ უყურებენ მათ მამაკაცები. სწორედ ასეთი დაკვირვებებისგან იბადებოდა ნელ-ნელა სპექტაკლი.
და მაინც, მიუხედავად ამგვარი სიმარტივისა და ყოველდღიურობისა, ხშირად წერენ, რომ პინა ბაუშის სპექტაკლების სანახავად გარკვეული მომზადებაა საჭირო. თბილისში ეს მითი Tanztheater Wuppertal Pina Bausch-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ შტურმმა გააქარწყლა. იგი თეატრს 1999 წელს, სპექტაკლ „Wiesenland-ის” შექმნის დროს შეუერთდა, ხოლო 2000 წელს კი პინა ბაუშმა რობერტ შტურმი თავის სამხატვრო ასისტენტად და რეპეტიციების ხელმძღვანელად მიიწვია.
ჩვენს შეკითხვას, თუ რას ურჩევდა ქართველ მაყურებელს, რომელიც პირველად მიდის პინა ბაუშის სპექტაკლზე და, პირიქით, რის გაკეთებას არ ურჩევდა მას წარმოდგენის წინ, შტურმმა ასე უპასუხა:
„უპირველეს ყოვლისა, ნუ გექნებათ მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი იქნება გასაგები, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით… მე გირჩევდით, სრულიად გახსნილები იყოთ იმის მიმართ, რაც სცენიდან წამოვა, რადგან თავად ეს სპექტაკლი არის სრულიად ღია, როგორც შექმნის პროცესის მხრივ, ისე მისი აღქმის თვალსაზრისით. თითოეულმა მაყურებელმა თავად უნდა დაინახოს და იგრძნოს, თუ რას ნიშნავს ეს პირადად მისთვის და არ ელოდოს წინასწარ განსაზღვრულ სიუჟეტს ან რაიმე კონკრეტულ გზავნილებს. მხოლოდ ამგვარად იქნება შესაძლებელი სპექტაკლით ნამდვილი სიამოვნების მიღება“.
რატომ შეირჩა საქართველოში პირველი გასტროლებისთვის სწორედ „MASURCA FOGO"?
Tanztheater Wuppertal Pina Bausch-ის დირექტორ დანიელ ზიკჰაუსის თქმით, სპექტაკლი, რომელშიც თითქმის მთლიანად ახალი შემადგენლობა მონაწილეობს, თეატრმა მიმდინარე წლის იანვარში აღადგინა და სწორედ მაშინ გადაწყდა მისი საქართველოში ჩამოტანაც - ქვეყანაში, სადაც თეატრი თავისი არსებობის ორმოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ახლა ჩამოვიდა.
რობერტ შტურმმა კი აღიარა, რომ ეს სპექტაკლი მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მასში სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ: ყველაზე ახალგაზრდა 20 წლისაა, ყველაზე უფროსი - 60-ის. და უკვე ეს თავისთავად საინტერესოა - მათი ერთად ხილვა სცენაზე.
არსებობს პინა ბაუშის ერთი ცნობილი ფრაზა, რომელსაც ხშირად ციტირებენ:
„მე მაინტერესებს არა ის, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები, არამედ ის, რაც მათ ამოძრავებთ.“
შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს პინა ბაუშის შემოქმედებითი მეთოდის მთავარი პრინციპი, რობერტ შტურმი პასუხობს:
„ვფიქრობ, ამ ფრაზას ძალიან ხშირად არასწორად იგებენ.
ერთი მხრივ, ეს აბსოლუტურად სწორია, რადგან პინას მართლაც უპირველესად აინტერესებდა, რა ამოძრავებს ადამიანს, რატომ სჩადის ის ამა თუ იმ ქმედებას - საუბარია ცხოვრებაზე, თავად ჩვენზე, ადამიანურ ბუნებაზე.
მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებდა, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები. არა! სწორედ აქ ცდება ბევრი, როდესაც ჰგონიათ, რომ სცენაზე ყველაფრის გაკეთება შეიძლება. სინამდვილეში პინა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოძრაობის ხარისხს.
ის გულწრფელად იყო აღფრთოვანებული კლასიკური ბალეტით და თავადაც შესანიშნავი ბალერინა იყო.
თანაც ეს ცნობილი ფრაზა რამდენიმე ვარიანტის სახით არსებობს და მე ყველაზე მეტად ის ვერსია მომწონს, სადაც ნათქვამია: „მე იმდენად არ მაინტერესებს ის, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები, რამდენადაც ის, რაც მათ ამოძრავებთ.“
„ბაუშის შემოქმედება თითქმის ყოველთვის შინაგანი წინააღმდეგობიდან ან თავდაცვის მოთხოვნილებიდან იბადებოდა. სწორედ ამიტომ მისი სპექტაკლები მოულოდნელ კონტრასტებზე იყო აგებული. მათი ჟესტები და სცენური სახეები ხშირად იმდენად მკვეთრი და აგრესიული იყო, რომ მაყურებლის უარყოფით რეაქციას იწვევდა. მაგრამ ეს მას სრულიად არ აშინებდა. იგი არ უფრთხოდა აუდიტორიის ნაწილის დაკარგვას, თუკი სპექტაკლი შეძლებდა ადამიანებში აღშფოთების, პროტესტის ან ძლიერი ემოციური რეაქციის გამოწვევას“, - წერს მის შესახებ ნორბერტ სერვოსი, პინა ბაუშის შემოქმედების მთავარი გერმანელი მკვლევარი.
და მართლაც, სპექტაკლებში „Come, Dance With Me“, „Bluebeard“, „Palermo, Palermo“, „Café Müller“ და პინა ბაუშის კიდევ ბევრ სხვა ნამუშევარში სასოწარკვეთა, სევდა და მარტოობა სამყაროს სისასტიკისა და დაუნდობლობის შედეგია: კაცები ამცირებენ ქალებს, ადამიანები ისევ და ისევ იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომებს, სიყვარული კი თითქმის ყოველთვის მიუწვდომელი რჩება.
„MASURCA FOGO“ ამ მხრივ განსხვავებულია. მას ხშირად რეჟისორის ყველაზე ოპტიმისტურ სპექტაკლს უწოდებენ - აქ არის მზე, ზღვა, ყვავილები, თამაში და იუმორიც კი. ერთ-ერთმა ბრიტანელმა კრიტიკოსმა მას უწოდა „პინა ბაუში მზიან მხარეს“ და მართლაც, ამ სპექტაკლში ასეთი განცდა ნამდვილად არსებობს.
როგორ ახერხებდა იგი ერთ სპექტაკლში ამდენი განსხვავებული გრძნობის - მაგალითად, სიხარულისა და ტკივილის - გაერთიანებას?
რობერტ შტურმი პასუხობს:
„პინა არასოდეს აგებდა სპექტაკლს ერთი კონკრეტული ისტორიის ან დრამატული სიუჟეტის გარშემო. ამის ნაცვლად იგი მოცეკვავეებს სრულიად განსხვავებულ დავალებებს აძლევდა, კითხვებს უსვამდა, ისინი კი მას აწვდიდნენ სხვადასხვა მასალას - პატარა ისტორიებს, მოძრაობებს, მოგონებებს, ყველაფერს, რაც ხელთ ჰქონდათ, შემდეგ პინა ამ ყველაფერს ისე აერთიანებდა, რომ საბოლოოდ ყოველთვის გამოდიოდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან ჰგავდა თავად ცხოვრებას, თუმცა უკვე ხელოვნებად გარდაქმნილს. სწორედ ამიტომ არის მისი ნამუშევრები ასეთი გამორჩეული.“
რას ნიშნავს დღეს თეატრისთვის პინა ბაუშის, მისი მხატვრული სამყაროს ერთგულება?
რობერტ შტურმი პასუხობს:
„იყო ერთგული - განსაკუთრებით ახლა, ამდენი წლის შემდეგ?.. ჩვენ უკვე ჩვიდმეტი წელია, მის გარეშე ვმუშაობთ. ახალგაზრდა არტისტებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ იყვნენ ერთგულნი მისი შემოქმედების, მისი ქორეოგრაფიის და, ამავე დროს, დარჩნენ თავისუფალ პიროვნებებად. ეს თავად პინასთვის იყო წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ არის მის სპექტაკლებში ამდენი განსხვავებული ემოცია, რადგან მათში მრავალი განსხვავებული პიროვნება ცხოვრობს, ადამიანები, რომლებმაც ამ წარმოდგენებში საკუთარი ისტორიები მოიტანეს.
დღეს, კვლავ გააცოცხლო ის, რაც ორმოცი წლის წინ შეიქმნა, დარჩე ორიგინალის ერთგული და ამავე დროს საკუთარი ინდივიდუალობაც შეინარჩუნო - ეს სრულიად განსაკუთრებული ამოცანაა.“
პინა ბაუში რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, რა გრძნობებს გამოიწვევდა მასში საქართველო?
„არა მგონია შესაძლებელი იყოს ერთი რომელიმე კონკრეტული გრძნობის დასახელება. ვფიქრობ, მას ძალიან გაუხარდებოდა კვლავ გამგზავრება იმაში, რასაც ჩვენ „კვლევას“ ვეძახდით ხოლმე. ყოველი მომდევნო სპექტაკლის შექმნამდე პინა ახალ ქვეყანაში ორ-სამ კვირას ატარებდა - აგროვებდა შთაბეჭდილებებს, ეცნობოდა ადამიანებს, აკვირდებოდა ცხოვრებას.
მას საერთოდ არ აინტერესებდა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. მას სურდა დაჰკვირვებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებას და ენახა ის, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, შეემჩნია ამ ყოველდღიურობის განსაკუთრებული დეტალები.
და კიდევ, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეძებდა არა იმას, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს - ეროვნებას, პოლიტიკას თუ რელიგიას - არამედ იმას, რაც მათ აერთიანებს. ვფიქრობ, საქართველო მას ძალიან ააღელვებდა და გააბედნიერებდა“.
...პინა ბაუში მოულოდნელად გარდაიცვალა 2009 წელს - სულ ხუთი დღის შემდეგ, რაც თავისი დიაგნოზის შესახებ შეიტყო. ეს უდიდესი დარტყმა, რომელიც მისმა დასმა გადაიტანა, საბოლოოდ ერთ მტკიცე გადაწყვეტილებად იქცა - არ დაეშვათ, რომ მასთან ერთად მისი საქმეც მომკვდარიყო.
„1973 წლიდან, როდესაც პინა ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი გახდა, 2009 წლამდე, როდესაც ის გარდაიცვალა, მან სულ 47 სპექტაკლი შექმნა,“ - ამბობს დანიელ ზიკჰაუსი. - „ყოველ სეზონზე ვცდილობთ, მინიმუმ, მისი ათი სპექტაკლი მაინც შევინარჩუნოთ რეპერტუარში. ვდგამთ, როგორც მის ადრეულ ნამუშევრებს, რომლებიც 70-იან წლებში შეიქმნა, მაგალითად, „The Rite of Spring-ს“, ასევე 80-იანი წლების იმ სპექტაკლებს, როგორიცაა „Nelken“ და „Palermo, Palermo“. 90-იანი წლების რეპერტუარიდან კი არის სწორედ „MASURCA FOGO“, რომელიც ახლა თბილისში ჩამოვიტანეთ (ამ სპექტაკლში მონაწილეობს ის სამი მოცეკვავე, რომლებიც პრემიერის დროსაც ცეკვავდნენ) და, რა თქმა უნდა, ვდგამთ იმ სპექტაკლებსაც, რომლებიც პინამ სიცოცხლის ბოლო ათწლეულში შექმნა. მისი უკანასკნელი სპექტაკლის - „...Como el musguito en la piedra, ay sí, sí, sí…“ - პრემიერა მის გარდაცვალებამდე სულ სამი კვირით ადრე გაიმართა.“
...ნამდვილი აღიარება პინა ბაუშთან მაშინვე არ მოსულა. ვუპერტალში მისი პირველი სპექტაკლები მაყურებელმა ძალიან ცივად მიიღო, ზოგიერთი წარმოდგენის მსვლელობისას დარბაზსაც კი ტოვებდა, პრესაც ძალიან დაუნდობელი იყო. საკულტო ფიგურად იგი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქცა.
დღეს კი, პინა ბაუშის სპექტაკლების შემდეგ, ადამიანები ხშირად ამბობენ: „ვერ მოვახერხებ მოვყვე რა ვნახე, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემთან ძალიან დიდხანს დარჩება.“
თბილისში კი ამ დღეებში, თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ სამივე წარმოდგენის ბილეთები სულ რამდენიმე დღეში მთლიანად გაიყიდა, პინა ბაუშს ნამდვილი ანშლაგი ჰქონდა. ამიტომ არც ღირს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიიღო ეს სპექტაკლები თბილისის პურიტანული მორალის მქონე მაყურებელმა.
ისინი კი, რომლებიც უფრო თავისუფლები არიან, ლაღად უყურებენ ხელოვნებას და არ ეშინიათ ღია ემოციების, როგორც ჩანს, ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ შესაძლებლობა მიეცათ შეხებოდნენ პინა ბაუშის ამ საოცარ სამყაროს.
ფორუმი