Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდი“ დაიწყო - რისკის ფასად


„თბილისი პრაიდი“ დაიწყო. პირველი ღონისძიება, სოციალური სპექტაკლი, სახელწოდებით „კავკასიური მეტამორფოზა“, ახალგაზრდა გეი ბიჭსა და მის მშობლებს ეძღვნება. სპექტაკლს საფუძვლად უდევს ფრანც კაფკას ცნობილი მოთხრობა „მეტამორფოზა“, რომლის მთავარი გმირი გრეგორ ზამზა ერთ დილას აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ მწერად იქცა და ის შეიძულა ყველამ - დედამ, მამამ, დამ...

სოციალური სპექტაკლის მთავარი იდეაც სწორედ ესაა. როგორ იქცევიან მშობლები, როდესაც საყვარელი ვაჟი მათ გაუმხელს, რომ ის არის გეი...

ამ სპექტაკლის მთავარი გმირები არ თამაშობენ. ისინი სცენაზე საკუთარ ცხოვრებას ცხოვრობენ. ცხოვრებას, რომელიც მათი აღიარების შემდეგ, რადიკალურად იცვლება. როგორ იქცევიან მისი მშობლები, იღებენ მას თუ პირიქით, რიყავენ, როგორც სირცხვილს? - ამბობს ნინო ბოლქვაძე, „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 19 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მორიგი სხდომიდან გამოსული ჩავწერეთ.

ნინო ბოლქვაძეს ხშირად უწევს იმ ახალგაზრდების უფლებების სასამართლოში დაცვა, რომლებიც სწორედ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ძალადობა კი მრავალგვარია - ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური:

„ეს სპექტაკლი პირველ რიგში ეძღვნება მშობლებს, რომელთა შვილებიც არიან ჰომოსექსუალები, ბისექსუალები ან ტრანსგენდერები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ გულებს ველაპარაკოთ. ავუხსნათ და დავანახოთ ის რეალობა, რომლის წინაშეც გვიწევს დგომა. სოციალური თეატრის სიკეთეც ხომ ეს არის - ერთის მხრივ, დავანახოთ საზოგადოებას რა ხდება ლგბტქი ადამიანების გარშემო და მეორეს მხრივ, დავანახოთ მათ გამოსავალი. გამოსავალი კი ამ სიტუაციაში არის დიალოგი შვილთან. და ასევე, კითხვების გაჩენა - ეცადო, რომ შეცვალო მისი ცხოვრების წესი, გარიყო და გააძევო, თუ არსებობს სხვა გამოსავალიც“, - გვიხსნის ნინო ბოლქვაძე სპექტაკლის მნიშვნელობას.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებულია სოციალური სპექტაკლის ჩატარების დრო და ადგილი.

გასაიდუმლოებულია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მთავარი ღონისძიების, ღირსების მარშის გამართვის დრო და ადგილიც. ერთადერთი, რასაც ნინო ბოლქვაძე ამბობს, არის ის, რომ ღირსების მარში არ გაიმართება ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე.

განცხადება, რომ ღირსების მარში ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაიმართება, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 18 ივნისს გაავრცელეს. არადა, შსს-მ მათ ჯერ კიდევ 31 მაისს უთხრა, რომ ღონისძიების ჩატარება ღია სივრცეში, ადამიანების უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა.

17 ივნისს, პრაიდის ორგანიზატორებს, შსს სამინისტროს წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ უწყება ვერ იძლეოდა ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებს.

ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ დღესაც მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა იმისათვის, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა ჩაიაროს მშვიდად და უსაფრთხოდ და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი სამართალდამცავები და მათ შორის, მაღალჩინოსნები. ნინო ბოლქვაძე იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავთა მიერ გატარებული ღონისძიებები იქნება ეფექტური და მონაწილეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ რისკები ღირსების მარშის მონაწილეებისათვის რეალურია:

„თითოეულ ადამიანს, რომელიც დააპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არიან თუ არა მზად, რომ ამ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა“.

ღირსების მარშში მონაწილეობას გეგმავენ ლგბტქი თემის წევრები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები და სპეციალურად კვირეულის ფარგლებში ჩამოსული სტუმრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან:

„სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია. სავარაუდოდ, ჯამში 80-ამდე ადამიანი ჩამოვა თბილისში. მათ შორის, ჟურნალისტები, დოკუმენტალისტები, რეჟისორები. რაც შეეხება თბილისში მოქმედი დიპლომატების მონაწილეობას მარშში, მე არ მაქვს ინფორმაცია, რას გეგმავენ ისინი და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მარშში“.

საფრთხე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებისათვის თვალსაჩინო და ხელშესახებია

ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიურად განწყობილი დაჯგუფებები, პრაიდის მონაწილეებს ქამრებით გაკოჭვით, სამართალდამცავებს კი კომბლების დაშენითა და კორდონის გარღვევით ემუქრებიან.

მათი ლიდერი, რაინდად წოდებული ლევან ვასაძე, 16 ივნისიდან მოყოლებული, ყოველდღიურად მოუწოდებს „ნამდვილ მამაკაცებს“ მობილიზაციისკენ და „თბილისი პრაიდის“ გამართვის შესაძლებლობის აღკვეთისაკენ. არათანმიმდევრულია მისი გზავნილები. თუკი განცხადების დასაწყისში ის ამბობს, რომ „კომბლები სხვენში უნდა შეაწყონ“, განცხადების ბოლოს ის ხელისუფლებას აფრთხილებს: „თუ თქვენ შეცვლით თქვენ გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, ზოგჯერ მეცინება, რა გახდა ერთი ჩხუბი და ერთი დაპატიმრება. თუ თქვენ ამას ჩვენ გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ. მერე ვერც მე, ვერც ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი, პარლამენტს მოადგება ეს ხალხი, კანცელარიას თუ ბიძინას შუშის სახლს - მე მაგისგან ვიხსნი ყველანაირ პასუხისმგებლობას. ეს არის თქვენი სულ ბოლო შანსი", - ვიდეო-მიმართვა ამ შინაარსით, ლევან ვასაძემ 19 ივნისს გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც სამი დღის წინ, 16 ივნისს, ვერის პარკში ლევან ვასაძე რაზმეულების, ლეგიონების შექმნის მოწოდებით გამოვიდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიების ფარგლებში მესამე დღეა მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც უკანონო ფორმირებებში გაწევრიანების იდეით გამოდიან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ამ დრომდე ჯამში 20-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული.

დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე თავად იდეისა და მოწოდების ავტორს, ლევან ვასაძეს, შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG