Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისშიც დაფიქსირდა „ჰავანის სინდრომი“, რაც რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია - ჟურნალისტური გამოძიება


ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის ცოლი საუბრობს.
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის ცოლი საუბრობს.

ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“, - „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები“, რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, - რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია.

The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა, არაერთ შემთხვევას აღწერს, როდესაც ამერიკელმა დიპლომატებმა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯანმრთელობის აუხსნელი დაზიანებები მიიღეს.

ჟურნალისტური გამოძიება იწყება თბილისიდან და აღწერს, დაზარალებულის თქმით, 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში - სადაც „ამერიკული სოფელი“ მდებარეობს, - მომხდარ შემთხვევას.

ჟურნალისტებთან ამერიკელი დიპლომატის, - იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს - ცოლი ჰყვება, რომ თბილისში, დიღომში, სახლში ყოფნისას მოულოდნელად დაეწყო ყურისა და თავის გაუსაძლისი ტკივილი და გულისრევა [მისი სახელი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეცვლილია].

უსაფრთხოების ტრენინგის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც უცნაურად იგრძნო თავი, კამერა შეამოწმა; ნახა, რომ გარეთ შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი იდგა; გარეთ გავიდა და დაინახა, რომ იქვე იყო ქერა ახალგაზრდა კაცი.

როგორც კი ფოტოს გადასაღებად კამერა ასწია, ახალგაზრდა, მაღალი კაცი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.

რესპონდენტი ამბობს, რომ მოგვიანებით ეს პირი ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, GRU-ს, აგენტი.

ავერიანოვი, გამოძიების თანახმად, მუშაობს GRU-ს ელიტურ ქვედანაყოფში, რომელსაც „ქვედანაყოფი 29155“ ჰქვია. იგი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ოპერაციაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლასა და ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებაზე.

გამომძიებელი ჟურნალისტები - ხრისტო გროზევი, მაიკლ ვაისი და რომან დობროხოტოვი - წერენ, რომ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „ქვედანაყოფი 29155-ის“ ერთმა ოფიცერმა მიიღო სახელფასო ბონუსი „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობის“ შესახებ მუშაობის გამო.

მათი განმარტებით, ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერს „ულტრაბგერითი და რადიოტალღებზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობებს“.

გამოძიება ასევე აღწერს რამდენიმე შემთხვევას, რომ დაადგინეს, GRU-ს აგენტები იმ დროს იმყოფებოდნენ იმავე ქალაქებში, სადაც ამერიკელმა დიპლომატებმა „ჰავანის სინდრომის“ შესახებ განაცხადეს.

„ჰავანის სინდრომი“ დაუდგენელ დაავადებას ეწოდა იმის გამო, რომ პირველად კუბის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა - დიპლომატები და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები 2016-17 წლებში ავად ხდებოდნენ დაუდგენელი მიზეზებით.

გამოძიებაში წერია ისიც, რომ მსგავსი ინციდენტები გაცილებით ადრე, 2014 წელსაც დააფიქსირეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG